ბლოგები >
რატომ ხმებიან ხეები?
ლიზა ყარალაშვილი
გიორგი გაფრინდაშვილი
07.08.19

თბილისში ან  მის შემოგარენში რომ გაისეირნოთ, აუცილებლად შენიშნავთ ნახევრად, ან ზოგჯერ, მთლიანად გამხმარ წიწვოვან ხეებს. ეს ფიჭვებია, რომლებიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაირგო. დღეს მათი დიდი ნაწილი დაავადებულია. ეს პრობლემა ბოლო დროს საკმაოდ ფართო სადისკუსიო თემად იქცა. მაგრამ რატომ ხმებიან მაინც ხეები? რა იწვევს მათ სიკვდილს? ან საერთოდ, რატომ უნდა ვიზრუნოთ ქალაქში და მის შემოგარენში ტყის საფარის შენარჩუნებაზე?

ადრე შეშა და ხის ნახშირი თბილისის წვრილი მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენდა. ამიტომ ქალაქსა და მის შემოგარენში არსებული ბუნებრივი ტყეების უდიდესი ნაწილი გაიჩეხა. ამას უშედეგოდ არ ჩაუვლია - თბილისის გარშემო არსებულ დამრეც ფერდობებზე ტყე ბუნებრივად ვეღარ აღდგა და წვიმის დროს წყლის ნაკადებს ვეღარაფერი აკავებდა. სწორედ ამ ნაკადების შესაჩერებლად დარგეს თავის დროზე ეს ფიჭვები.

„ფიჭვს ზოგადად პიონერ ხეებს ეძახიან. ისინი საკმაოდ კარგად უძლებენ ძლიერ მზეს, თანაც საკმაოდ მარტივად ხარობენ რთულ პირობებში. ამიტომ დაიწყეს ტყის განახლება სწორედ ფიჭვებით. რატომ დარგეს კონკრეტულად შავი ფიჭვი. ამას ზუსტად ვერ გეტყვით“, ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და „მწვანე ალტერნატივის“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი. მაგრამ საქმე ისაა, რომ შავი ფიჭვი (Pinus nigra) ადგილობრივი სახეობა არაა - ის ბუნებრივად არ არის თბილისში გავრცელებული. დღესდღეობით უცხო სახეობის შემოტანა საფრთხილო საქმედ ითვლება და ზოგადად ცდილობენ, თავი აარიდონ ამას. თუმცა მაშინ, როდესაც ეს ხეები დარგეს, ეს ყველაფერი ამდენად ცნობილი არ იყო.

„ხეები თავიდან ძალიან მჭიდროდ დარგეს ერთმანეთთან. წესით დარგვის შემდეგ ეს ხეები უნდა გამოეხშირათ, რათა ბუნებრივი განახლებისთვის ხელი შეეწყოთ. სასურველია ფიჭვებს შორის დაშორება დაახლოებით 3-6 მეტრი იყოს. სამწუხაროდ ეს არ გაკეთდა“, ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

მოუვლელობას დაემატა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძლიერ წვიმიან გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარს გვალვა და მაღალი ტემპერატურა მოსდევს. ეს ხელს უწყობს ყლორტების მავნებელი სოკოს გავრცელებას, რაც ხეებს აავადებს და მათ ხმობას უწყობს ხელს. ამ სოკოსგან ხეების ნაწილი ხმება, დანარჩენი კი სუსტდება და სხვა მავნებლების მიმართ მოწყვლადი ხდება. ამ ხეებს შემდეგ ქერქიჭამია ხოჭო შეესია. ეს ხოჭო ხის ქერქს ანადგურებს და ხის სიკვდილს იწვევს. ამ ყველაფრის გამო დღეს თბილისში და მის შემოგარენში ძალიან ცოტა ჯანმრთელი ხე დარჩა.

„სასწრაფოდ თუ არ დავიწყებთ სანიტარულ ჭრას და მოჭრილ, დაავადებულ ხეებს ძალიან ფრთხილად არ გამოვიტანთ, რამდენიმე წელიწადში შეიძლება ყველა ფიჭვი გახმეს“, ამბობს ირაკლი. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხეები ტყეში არ დავტოვოთ. თანაც მათი დიდხანს გაჩერება არ შეიძლება - სასწრაფოდ უნდა გაიქერქოს და დაურიგდეს მოსახლეობას შეშად, ან გადამუშავდეს საწვავ ბრიკეტებად, ან დაუყოვნებლივ განადგურდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადებები გავრცელდება“, ამატებს ის. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია მოჭრილ ხეებს ქერქი მოსცილდეს და ის ქერქი მაინც დაიწვას.

ფიჭვების ხმობამ შეიძლება კატასტროფული შედეგები მოიტანოს. პირველ რიგში, გამხმარ ხეს ცეცხლი ძალიან მარტივად ეკიდება, ამიტომ შეიძლება ტყის ხანძრები გახშირდეს. თუ ტყის საფარი სრულიად განადგურდა, კვლავ წყლის ნაკადებთან ბრძოლა მოგვიწევს. ხელახლა უნდა გავაშენოთ ტყე, საამისოდ კი კვლავ ფიჭვების დარგვა მოგვიწევს. „წიწვოვანი ხეები ზოგადადაც უფრო მარტივად იწვის, ვიდრე ფოთლოვანი. ხანძრის გავრცელების პრევენციის მიზნით გავრცელებული პრაქტიკაა წიწვოვან კორომებში ფოთლოვანი ხეების ზოლების ხელოვნურად დარგვა“, ამბობს ირაკლი.

ფიჭვის ფოთლოვანი ხეებით ჩანაცვლებას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს. „ბევრს ჰგონია, რომ რადგან წიწვოვანი ხეები მარადმწვანეა, ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდასაქმნელად ისინი უფრო ‘გამოსადეგია’. ეს ასე არ არის. სინამდვილეში ფოთლოვან ხეებს ბევრად მეტი ნახშირორჟანგის შეთვისების უნარი აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში ჰაერის დაბინძურებასა და კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.

„ფოთლოვან ტყეში სხვა ცოცხალი ორგანიზმების სახეობრივი მრავალფეროვნებაც გაცილებით მაღალია, ვიდრე წიწვოვან ტყეებში. ეს აისახება როგორც ქვეტყეზე, ისე ცხოველთა სამეფოზე“, ამბობს ის.

ქალაქისთვის ხეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია ტემპერატურის რეგულაცია. „გაიარეთ ქუჩაში და შეადარეთ ტემპერატურა ისეთ ადგილზე, სადაც ხეები არ დგას და ისეთზე, სადაც ისინი ჩრდილს იძლევიან. მერწმუნეთ, საკმაოდ დიდ განსხვავებას იგრძნობთ“, ამბობს ირაკლი. 400000 ხის დარგვის შედეგად, კანბერას (ავსტრალია) ხელისუფლებამ მიიღო 20-67 მლნ აშშ დოლარის სარგებელი 2008-12 წლებში - მათ შორის საკმაოდ დიდი თანხა დაიზოგა კონდიცირებაზე, რადგან ხეები ძალიან კარგად იჭერენ მზის სიცხეს!

„დრო გადის და სულ უფრო და უფრო გვიანდება მოქმედება. მალე შეუძლებელი იქნება თბილისის ტყეების გადარჩენა!“, ამბობს ირაკლი.

თეგები: 
გახმობა
ხე
თბილისი
წიწვი
ფიჭვი
კომუნიზმი
დაავადება
სიკვდილი
ქალაქი
ტყე
შეშა
ნახშირი
მეწარმე
ბუნება
გაჩეხვა
ფერდობი
წვიმა
წყალი
ნაკადი
დარგვა
მზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესორი
ირაკლი მაჭარაშვილი
შავი ფიჭვი
განახლება
გაზაფხული
ზაფხული
გვალვა
სოკო
ხოჭო
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია