ბლოგები >
ურბანული ბიომრავალფეროვნება
ლიზა ყარალაშვილი
YourShot საქართველო
02.08.19

ფოტო: დავით თაბაგარი

ჩვენს გარშემო ყოველთვის ბევრად მეტი ცოცხალი ორგანიზმია, ვიდრე ჩვენ ამას ვაცნობიერებთ. ურბანულ გარემოშიც კი უამრავი მწერი, ობობა და სხვა უხერხემლო ცხოველია. პარკებსა და სარეკრეაციო ზონებში ქვეწარმავლებს და ამფიბიებსაც წააწყდებით. ხეებში და ბუჩქებში კი ფრინველები ცხოვრობენ. როგორც წესი, საკუთარ რუტინაში გართულები, ყურადღებას არ ვაქცევთ მათ და ხშირად ვერც კი ვამჩნევთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ და დაცვას არ საჭიროებენ.

„სახეობების  მხრივ, არ არსებობს რაიმე კონკრეტული განმასხვავებელი ფაქტორი ურბანულ და არაურბანულ ბიომრავალფებას შორის“, ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის მკვლევარი ზურაბ ჯავახიშვილი. „არის ისეთი სახეობები, რომელიც ზოგან მხოლოდ ურბანულ გარემოში ცხოვრობენ, ზოგან კი - მხოლოდ ველურ გარემოში. ეს უბრალოდ იმაზეა დამოკიდებული, როგორ გარემოს შეეგუება კონკრეტული პოპულაცია.“

ფოტო კონკურსიდან "აღმოაჩინე სიცოცხლე შენ გარშემო": YourShot საქართველო/დავით ლენს "წითელი არსებები"

არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ველური ცხოველები ძალიან კარგად ეგუებიან და იყენებენ ადამიანის მიერ შექმნილ, ხელოვნურ „ჰაბიტატს“. მაგალითად, ჯავახეთში, სოფელ ნინოწმინდაში რომ გაიაროთ, უამრავი ყანჩას ბუდეს ნახავთ ბოძებზე. ბუნებრივ ადგილებში აშენებული ბუდეები კი ძალიან იშვიათია ამ მიდამოებში.

სახეობრივი მრავალფეროვნება როგორც წესი, ველურ ბუნებაში ბევრად მაღალია, ვიდრე ქალაქში. ამას, ცხადია თავისი მიზეზებიც აქვს. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ურბანულ გარემოში ცოცხალი ორგანიზმების სიმწირეზე მოქმედი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჰაბიტატის (საცხოვრებელი გარემოს) განადგურებაა. ქალაქებში ხომ თითქმის არაა ბუნებრივი ჰაბიტატები - ყველგან გზები გაგვყავს, კორპუსებს ვაშენებთ და ვავიწროვებთ ცოცხალ ბუნებას. რა თქმა უნდა, ამ ქალაქებშიც არის მეტ-ნაკლებად ბუნებრივი ზონები - პარკები და სარეკრეაციო ზონები. მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ცოცხალმა ორგანიზმებმა თავისუფლად იცხოვრონ.

ფოტო კონკურსიდან "აღმოაჩინე სიცოცხლე შენ გარშემო": YourShot საქართველო/ნინო კვირიკაშვილი "ურბანული წარღვნა"

„განაშენიანების გარდა, მნიშვნელოვანია შეწუხების ფაქტორიც“, ამბობს ზურა. „პარკებში გამუდმებით ხალხია. ისინი ხმაურობენ და აფრთხობენ იქ არსებულ ცხოველებს.“ არსებობს კვლევები, რომლის თანახმადაც ბიომრავალფეროვნება ნაკლებია პარკების იმ ნაწილებში, სადაც ძაღლებს ასეირნებენ.

„გავრცელებული მეთოდია  ე.წ. ‘ველური ბუნების კუნძულების’ შექმნა. ესაა ისეთი გამწვანებული ადგილები, სადაც არა მხოლოდ მშენებლობაა აკრძალული, არამედ ხალხის შესვლაც შეზღუდულია. დასაშვებია მხოლოდ სამეცნიერო ან საგანმანათლებლო მიზნებით ჯგუფების შეშვება“, ამბობს ზურა. ასეთ ადგილებში შეწუხების ფაქტორი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უბრალო პარკებში.

ფოტო კონკურსიდან "აღმოაჩინე სიცოცხლე შენ გარშემო": YourShot საქართველო/სანდრო სულაბერიძე "კუსტბელი ბაყაყის პორტრეტი".

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბუნებრივი ჰაბიტატის ზომაც. „რომ აიღოთ რამდენიმე კვადრატული მეტრი ტყე, და იგივე ფართობის მქონე ნარგაობა, რომელიც იზოლირებულია სხვა ბუნებრივი ჰაბიტატებისაგან, ტყეში ამ ფართობზე ბევრად მეტ სახეობას ნახავთ“.

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შუაგულ ქალაქში დარგული ხეები, როგორც წესი, მხოლოდ ხეზე მცხოვრები ორგანიზმებისთვისაა გამოსადეგი საცხოვრებელი. ხეების ქვეშ მდებარე ფართობი, როგორც წესი, ადამიანზეა მორგებული, და არა ცხოველებზე.

ფოტო კონკურსიდან "აღმოაჩინე სიცოცხლე შენ გარშემო": YourShot საქართველო/კოტე ბერიძე "მწვანე ფარდა"

ასევე ძალიან საჭიროა ბიომრავალფეროვნებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობის მქონე ადგილების იდენტიფიკაცია. ერთ-ერთ ასეთ ადგილს მიაკვლიეს ცოტა ხნის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომლებიც უკვე თითქმის ერთი წელია იკვლევენ თბილისში ურბანულ ბიომრავალფეროვნებას. ამ კუნძულზე ჭალის ტყის თითქმის ხელუხლებელი კორომია შენარჩუნებული და მას ბევრი სახეობის ცხოველი იყენებს მთელი წლის განმავლობაში. „მათ შორის ყველაზე საინტერესოა წავების (Lutra lutra) არსებობა, რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაში „მოწყვლადის“ (VU) სტატუსითაა შეტანილი. მათი პოპულაციის შემცირება ჰაბიტატის განადგურებითაა გამოწვეული“, ამბობს ზურა. ისინი მთელი მტკვრის გაყოლებაზე გვხვდებიან, თუმცა ეს კუნძული დიდი ალბათობით სწორედ ის ადგილია, სადაც ისინი გასამრავლებლად მოდიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება.  ასეთი მნიშვნელოვანი წერტილი ქალაქის მასშტაბით ბევრია. საჭიროა მათი იდენტიფიკაცია, რათა უკეთ შევძლოთ მათი დაცვა.

ფოტო კონკურსიდან "აღმოაჩინე სიცოცხლე შენ გარშემო": YourShot საქართველო/არმენ სეროპიანი

საკმაოდ მნიშვნელოვანია ხალხის ცნობიერების ამაღლებაც ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ლისის ტბის შემოგარენში მრავლადაა ქვეწარმავლები: ჩვეულებრივი და წლის ანკარები, გველხოკერა და სხვადასხვა სახეობის ხვლიკები. არც ერთი მადგანი არ წარმოადგენს ადამიანისთვის საფრთხეს, თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ლისის გარშემო მოსეირნე ხალხი გველს გადააწყდება და იწყება პანიკა, რომელიც ხშირად ამ სრულიად უწყინარი გველების დახოცვით მთავრდება.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სარეკრეაციო და გამწვანებული ზონების შექმნა, გამოკვლევა და მენეჯმენტი, ისე ინფორმაციის უფრო ეფექტურად მიწოდება ხალხისთვის, რათა შევინარჩუნოთ არსებული ცხოველები და გავზარდოთ ბიომრავალფეროვნება ურბანულ გარემოში.

თეგები: 
ურბანიზაცია
ბიომრავალფეროვნება
სიცოცხლე
ორგანიზმი
მწერი
ობობა
ცხოველი
პარკი
სარეკრეაციო ზონა
ქვეწარმავალი
ამფიბია
ხე
ბუჩქი
ფრონველი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზურაბ ჯავახიშვილი
სახეობა
პოპულაცია
ველური გარემო
ჯავახეთი
სოფელი
ნონიწმინდა
ყანჩა
ბუდე
ქალაქი
ჰაბიტატი
გზა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია