ბლოგები >
დელფინების კვალდაკვალ
ლიზა ყარალაშვილი
14.06.19

თეთრგვერდა დელფინი
ფოტო: ლევან ნინუა

გრიგოლეთში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო კვლევის ბაზის საერთო ოთახში, დილიდან ირეოდა ხალხი. ყველა ცდილობდა, სწრაფად დაემთავრებინა საუზმე და მომზადებულიყო. საუზმის შემდეგ სწრაფად ჩავსხედით მანქანებში და ფოთის პორტისკენ მიმავალ გზას გავუყევით. გარეთ ციოდა. ცაც მოღრუბლული იყო. პორტის შესასვლელთან შემოწმების გავლის შემდეგ, როგორც იქნა, მივადექით ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის კვლევით გემს - St. Ilia-ს. მანქანებიდან საჭირო ეკიპირება გადმოვტვირთეთ და გემბანზე ავედით. პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნათია კოპალიანმა, სწრაფად გაანაწილა დავალებები და ყველა ჩვენ-ჩვენ ადგილას დავდექით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტიზის წევრები
ფოტო: ლევან ლეკიაშვილი

პორტიდან რომ გავაღწიეთ, ოდნავ დათბა და ღრუბელიც აიწია. ზღვა საკმაოდ წყნარი იყო და მივხვდით, წინ დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო დღე გველოდა. იმ დღეს დელფინების დაახლოებით 110 ჯგუფი დავინახეთ გემიდან.

მკვლევართა ჯგუფი სამ ნაწილად დაიყო: ნაწილი გემის ცხვირთან იდგა, ნაწილი - გემის შუაში ამაღლებულ ადგილზე, ხოლო დანარჩენები - გემის უკანა მხარეს, უმაღლეს წერტილზე. რაციებით, დურბინდებითა და ჯიპიესებით აღჭურვილნი ჩვეულ კურსს გავუყევით.

„მარცხენა მხარეს, 30 გრადუსზე, 3 თეთრგვერდა დელფინი. ნადირობენ!“ - გაისმა რაციაში.

„ახალი კლასტერი! მარჯვენა მხარეს, 13 გრადუსი! 5 ზღვის ღორი! გემის მიმართულებით გადაადგილდებიან“. ჯგუფის ნაწილი ზღვას გაჰყურებდა, რათა დელფინების ჯგუფი არ გამორჩენოდათ, რამდენიმე წევრი კი კალამმომარჯვებული, გამწარებული იწერდა მონაცემებს.

„ნახეთ! 3 თეთრგვერდაა გემის ცხვირთან, ერთი ნაშიერიც ჰყავთ!“ ყველამ სასწრაფოდ გადავიხედეთ. თეთრგვერდა დელფინთა ჯგუფი, მართლაც, გემის ცხვირთან ახლოს მოცურავდა და მოხტუნავდა.  

„გემთან ასე ახლოს ცურვით და გემის მიერ გაჭრილ ტალღებზე ხტუნვით გადაადგილებისას ენერგიას ზოგავენ. თუმცა, მგონი, უბრალოდ დროის გასატარებლადაც დახტუნავენ. ძალიან ჭკვიანები არიან!“, - ამბობს პროფესორი ნათია კოპალიანი. „ჯგუფები საკმაოდ მრავალრიცხვოვანია, ამიტომ, ცხადია, შეუძლებელია ყველა წევრი დაეტიოს პატარა გემის ცხვირთან. საინტერესოა, ნეტავ როგორ ინაწილებენ ადგილებს? ნეტავ როგორ წყვეტენ, ვინ იმსახურებს გემის გაჭრილ ტალღებში ხტუნვას და ვის უწევს უკან გამოდევნება?“ სავარაუდოდ, გემის ცხვირთან მაღალი რანგის ინდივიდები მიდიან, ძირითადად ასაკოვანი მდედრები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტიზის წევრები
ფოტო: ლევან ლეკიაშვილი

ვეშაპისნაირები, კერძოდ კი დელფინები, ძალიან ჭკვიან ცხოველებად ითვლებიან. როგორც კვებითი პირამიდის წვერზე მყოფი მტაცებლები, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წყლის ეკოსისტემაში. შავ ზღვაში ვეშაპისნაირების  სამი სახეობა გვხვდება - აფალინა (Tursiops truncantus ponticus), ჩვეულებრივი თეთრგვერდა დელფინი (Delphinus delphis ponticus) და ზღვის ღორი ( Phocoena phocoena relicta), ამ სამი სახეობიდან ყველაზე იშვიათი აფალინაა. საინტერესოა, რომ დელფინები საქართველოს წყლებში იზამთრებენ. საქმე ისაა, რომ როდესაც შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებთან ტემპერატურა ეცემა, ქაფშია - შავი ზღვის ვეშაპისნაირების  ძირითადი საკვები - თბილი ადგილების საძებნელად მიემართება. საქართველოს ტერიტორია კი, რომელსაც კავკასიონი სიცივისაგან იცავს, მათთვის იდეალურ გამოსაზამთრებელ გარემოს წარმოადგენს. ვეშაპისებრებიც სწორედ მათ მოჰყვებიან.

აფალინები
ფოტო: ვიქტორ ლიაგუშკინი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი, კერძოდ კი მსხვილ ძუძუმწოვართა ეკოლოგიის და კონსერვაციის  პროგრამა 2014 წლიდან ატარებს შავი ზღვის ძუძუმწოვრების მონიტორინგს. ეს პროექტი დაიწყო კოლხეთის დაცული ტერიტორიენბის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, 2019 წელს კი გაგრძელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით  და ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის ეკოსისტემის შესწავლისთვის.

პროექტის ფარგლებში მკვლევართა ჯგუფი ყოველ სეზონზე ახორციელებს შავი ზღვის ვეშაპისნაირების აღრიცხვას. ისინი გემით, ზიგ-ზაგის ფორმის ტრაექტორიას მიუყვებიან და საქართველოს სანაპირო ზოლზე ვეშაპისნაირთა სახეობებს, მათი ჯგუფების სიდიდეს, ნაშიერთა  რაოდენობას აღრიცხავენ  და ქცევას აკვირდებიან.

საათების განმავლობაში შესვენების გარეშე ვიდექით გემბანზე და დელფინებს ვაკვირდებოდით. გადაღლილებს ყოველი პაწაწინა ტალღაც კი დელფინის ფარფლად გვეჩვენებოდა და ყველაფერს დურბინდებით ვამოწმებდით. საბოლოოდ თურქეთის საზღვარს მივაღწიეთ და შემობრუნების დროც მოვიდა. სანამ უკან, ფოთისკენ დავიძრებოდით, პლანქტონის სინჯიც ავიღეთ წყლიდან და შემდეგ ყველანი  კაიუტკომპანიაში შევცვივდით საჭმელად და გასათბობად.

აფალინები
ფოტო: ვიქტორ ლიაგუშკინი

„ძალიან შემცირდა დელფინების რაოდენობა“, - ჩაილაპარაკა ნათია კოპალიანმა. - „აფალინები საერთოდ არ გვინახავს დღეს და დანარჩენებიც აშკარად ნაკლები იყო, ვიდრე წინა წლებში“. უკანასკნელ ხანს საქართველოს ტერიტორიაზე დელფინების რაოდენობის შემცირება, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში წყლის ტემპერატურა  დიდად არ განსხვავდებოდა ჩვენი სანაპირო ზოლის წყლის ტემპერატურისგან, ამიტომ  ქაფშიას ნაწილი დარჩა ჩრდილოეთით, ჩვენკენ კი მხოლოდ ნაწილი წამოვიდა. აღარ უწევს ისეთ ექსტრემალურ პირობებთან ბრძოლა და სამხრეთისკენ, საქართველოში თავის შეფარება. ცხადია, შესაბამისად, ვეშაპისნაირების ნაწილიც ჩრდილოეში დარჩა.   

„როგორც იქნა! ფოთი გამოჩნდა!“, - დაიძახა ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა. ყველანი გავმხიარულდით. დაღლა თითქმის გადაგვავიწყდა. პორტში რომ შევედით, უკვე ბნელოდა. სასწრაფოდ გადმოვიტანეთ გემიდან ინვენტარის პატარა ნაწილი (რაციები და ჯიპიესი / გლობალური პოზიციონირების სისტემები  დასატენად და ა.შ.) და მანქანებში ჩავსხედით.

სადილის შემდეგ კიდევ დიდხანს ვისხედით საერთო ოთახში მაგიდებთან და ამბებს ვყვებოდით. კვლევითი ჯგუფის წევრი პროფესორები საინტერესო ამბებს ყვებოდნენ წარსული ექსპედიციებიდან. სტუდენტებიც აქა-იქ ჩავერთვებოდით ხოლმე საუბარში და ჩვენს - შედარებით მცირე - გამოცდილებასაც ვუზიარებდით მეცნიერებს.

აფალინები
ფოტო: ვიქტორ ლიაგუშკინი

მეორე დღეს სანაპიროს საპირისპირო მიმართულებით - ანაკლიისკენ გავუყევით. ეს მარშრუტი ბევრად უფრო მოკლე იყო, ვიდრე თურქეთის მხარეს, ამიტომ იმედი გვქონდა, რომ ნაკლებად დავიღლებოდით. ამჯერად ზღვა წინანდელივით წყნარი არ დაგვხვდა. პატარა ტალღებს ღელვას ნამდვილად ვერ დაარქმევდით, მაგრამ გემი საგრძნობლად ირწეოდა. საბედნიეროდ, ზღვის ავადმყოფობა არავის დამართნია, მაგრამ ყველა ძალიან დაიღალა. პორტში შესვლა ისე გაგვეხარდა, სულ რამდენიმე წუთში მოვახერხეთ გემიდან ეკიპირების ჩამოცლა და კვლავ მანქანებში განაწილება. იმ დღეს ბევრად ნაკლები დელფინი ვნახეთ, ვიდრე პირველ ჯერზე, მაგრამ, სამაგიეროდ, თეთრგვერდა დელფინების ერთი გუნდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოსდევდა გემს და ჩვენც, გემიდან ნახევრად გადაყუდებულები, სანახაობით ვტკბებოდით.

მესამე დღეს სანაპიროს მონიტორინგის დრო მოვიდა. მთელი შავი ზღვის სანაპირო უნდა დაგვევლო და გამორიყული დელფინები გვეძებნა. მნიშვნელოვანია დელფინების სიკვდილის მიზეზების გამოკვლევა - არის თუ არა შავი ზღვის ვეშაპისნაირთა პოპულაციაში გავრცელებული ე.წ.  „მორბილი ვირუსი“. ამ საკითხზე ჩვენი ჯგუფის მკვლევრები უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ, მაგრამ დადებითი სინჯი ჯერ არ აუღიათ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამჯერად მხოლოდ ერთ გამორიყულ დელფინს გადავაწყდით შეკვეთილთან. დელფინის გვამი ნახევრად ძაღლებს შეეჭამათ, ამიტომ მის გაკვეთას დიდი აზრი არ ჰქონდა. ქსოვილის სინჯი გენეტიკური ანალიზისთვის მაინც ავიღეთ და გზა განვაგრძეთ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტიზის წევრები
ფოტო: ლევან ლეკიაშვილი

კვლევითი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი თევზის ზომასა და ოთოლიტების (თევზის „ყურში“ მოთავსებული კრისტალური წარმონაქმნი) ზომას შორის კავშირს იკვლევს. მკვდარი დელფინის გაკვეთისას კუჭში ხშირად პოულობენ ხოლმე ოთოლიტებს, მათ ზომასა და თევზის ზომას შორის კავშირის კვლევა კი მკვლევრებს იმის დადგენაში ეხმარება, თუ რა სახეობისა და ზომის თევზით იკვებებოდა დელფინი სიკვდილამდე.

სწორედ ამიტომ ვაქციეთ ერთ-ერთ საღამოს დიდი სასადილო მაგიდა პატარა ლაბორატორიად. დავყარეთ ზედ რამდენიმე კილოგრამი პატარა თევზი და მათ გაზომვას შევუდექით. ოთოლიტი საკმაოდ პატარა წარმონაქმნია და მათ გასაზომად მიკროსკოპია საჭირო. ამიტომ სამუშაო თბილისში უნდა დაგვესრულებინა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტიზის წევრები
ფოტო: ლევან ლეკიაშვილი

მეხუთე დღეს ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, პროფესორ ზურა ჯავახიშვილს თოლიების დასაჭერად გავყევით. იგი ფრინველის გრიპის გავრცელებას იკვლევს და სინჯის აღება სჭირდებოდა. ხანგრძლივი სამუშაოს შემდეგ ხაფანგი მზად იყო. ბადეზე თევზი დავყარეთ, მანქანებში ჩავსხედით და ჩუმად ველოდით, თუ როდის გაებმებოდნენ თოლიები მახეში.

ნაშუადღევს ინვენტარი და ჩანთები კვლავ მანქანებში ჩავალაგეთ, დაღლილ-დაქანცულები და ემოციებით დატვირთული კვლავ მანქანებში გავნაწილდით და თბილისისკენ მიმავალ გზას დავადექით.

თეგები: 
დელფინი
გრიგოლეთი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კვლევა
ბაზა
ფოთი
პორტი
ცა
ნათია კოპალიანი
ღრუბელი
ზღვა
მკვლევარი
გემი
ტალღა
ვეშაპი
აფალინა
თეთრგვერდა
ზღვის ღორი
ეკოლოგია
გემბანი
ანაკლია
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია