ბლოგები >
თურმე რატომ არის თუშეთის გზა ასე საშიში
გიორგი გოგუა
ნიკა მჭედლიძე, გიორგი გოგუა
13.05.19

ფოტო: National Geographic საქართველო/ნიკოლოზ მჭედლიძე

ორი წლის წინ, აგვისტოში, როდესაც თუშეთში პირველად წავედი, ვერ ვხვდებოდი, რატომ ითველბოდა ეს გზა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ, მაგრამ როდესაც წვიმაში ხრამის კიდეზე ხარ გაჭედილი, წინ მეწყერი უფრო და უფრო იზრდება, უკან თოვლიანი უღელტეხილია, ამ ყველაფერს კი შორიახლოს მოწყვეტილი ზვავის გრუხუნი ემატება, დამოკიდებულებები ძალიან სწრაფად გეცვლება. ეს არის ერთი მონაკვეთი ამბიდან თუშ მეცხვარეებზე, რომლებმაც მთაში, გაუკვალავ თოვლში შესვლა გარისკეს.

როდესაც 8 მაისის დილას ფერმერი გიორგი ქარსამაული შვილს ემშვიდობებოდა, ჯერ კიდევ ეგონა, რომ სამ დღეში ცხვარს თოვლიანი უღელტეხილის გავლით თუშეთში გადარეკავდა. ვერც ჩვენ, National Geographic საქართველოს 5-კაციანი ჯგუფი წარმოვიდგენდით, დათოვლილი მთის ფერდობზე შეფენილ ფარასთან ერთად გატარებული ზომიერად დამღლელი თავგადასავლის ნაცვლად წინ საკმაოდ სახიფათო მოგზაურობა რომ გველოდებოდა.

8 მაისის დილას ფერმერი გიორგი ქარსამაული შვილს ემშვიდობებოდა, ჯერ კიდევ ეგონა, რომ სამ დღეში ცხვარს თოვლიანი უღელტეხილის გავლით თუშეთში გადარეკავდა.
ფოტო: National Geographic საქართველო/გიორგი გოგუა

მეორე დღეს, საღამოს 9-ის ნახევრისთვის მეცხვარეებმა ფარა მთის ფერდობზე, ალპური ზონის დასაწყისში, პირდაპირ სამანქანო გზაზე დააბინავეს. გეგმის მიხედვით ცოტა უფრო მაღლა უნდა გაჩერებულიყვნენ, თუმცა ნაადრევად შემოაღამდათ. კარგი ამინდი იყო, ერთი შეხედვით ხელს არაფერი უშლიდათ, რომ ფარა გამთენიისას დაეძრათ და თოვლიან უღელტეხილს შესდგომოდნენ.

კარვები პირდაპირ გზაზე გავშალეთ, რადგან ირგვლივ ცალ მხარეს მთის ფერდობი გვქონდა, მეორე მხარეს - ხევი. 10 საათისთვის ქარი ამოვარდა, რაც კარგს არაფერს მოასწავებდა, თან რადგან გზაზე ვიდექით, კარვის დასამაგრებლად მხოლოდ ირგვლივ დახვავებული სიპი ქვების გამოყენება შეგვეძლო. ცოტა ხანში წვიმა  დაიწყო. წინასწარ ვიცოდით, 10 მაისისთვის უნდა გაწვიმებულიყო, თუმცა სერიოზულს არაფერს ველოდით. მეცხვარეები არც კი შეშფოთებულან, - "ეს დიდი არაფერია, ნახევარ საათში გადაიღებს, უარესებიც გვინახავსო" - ნაბდები მოისხეს და ცეცხლის გარშემო შეიკრიბნენ.

მეცხვარეები მსჯელობენ იმის შესახებ, ღირს თუ არა გზის გაგრძელება. 
ფოტო: National Geographic საქართველო/გიორგი გოგუა

წვიმა ნახევარ საათში მართლაც შენელდა, თუმცა რამდენიმე წუთში უკვე სეტყვაში გადაიზარდა. შუაღამისას უკვე გადაუღებლად წვიმდა. დილის სამი საათისთვის კარავი თავზე ჩამოგვენგრა - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. სხვა გზა არ იყო, წვიმაში გარეთ უნდა გავსულიყავი და კარვის სამაგრი ქვები გამესწორებინა.

საშინელი წვიმა იყო; ჩემი რამდენიმე საწვიმარი რამდენიმე წამში გაილუმპა. შუბლზე დამაგრებული ფარანი გარემოს ძლივს ანათებდა, თუმცა შევნიშნე, რომ ცხვრები აღარსად ჩანდნენ. ვიფიქრე, შეიძლება აქვე ახლოს წვიმას ეფარებიან-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს გავიგე, რომ ფარა არც წვიმას დაუშინებია და არც ჩვენი კარვის ჩამონგრევის მიზეზი იყო ქარი და წვიმა.

როგორც მწყემსებმა გვითხრეს, გამთენიისას ფარას დათვი დაესხა თავს და შეშინებული ფარა აღმართზე გაიქცა. ჩვენი კარავიც მათ დაანგრიეს როდესაც გარბოდნენ, ამ დროს კი ჩემი გარეთ გასვლა, როგორც აღმოჩნდა, არც ისე კარგი იდეა იყო, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ გვქონდა წარმოდგენა იმის შესხებ, თუ რა გველოდა წინ. გამთენიისას, როდესაც გიორგი ქარსამაულმა კარავში შემოიხედა და გვითხრა, სწრაფად აიბარგეთ, უკან ვბრუნდებითო, მივხვდით - საქმე იმაზე სერიზულად იყო, ვიდრე წარმოგვედგინა.

კარვების ირგვლივ დახოცილი ცხვრები ეყარა, ზოგი შუა გზაზე დაწოლილიყო და სულს ღაფავდა. მეცხვარეები გზადაგზა მიმოფანტულ მომაკვდავ ცხოველებს მანქანის საბარგულში ყრიდნენ. დაბლა კიდევ ბევრი დახოცილი და ცოცხალ-მკვდარი ცხვრის ნახვა გველოდა, თუმცა სანამ იქამდე ჩავიდოდით, გზა მეწყერმა ჩაგვიკეტა. 

სათუშო გზის დიდი ნაწილი განადგურებულია. აქ ვერც ტრანსპორტი გადაადგილდება და ვერც ცხენები. 
რუკა: კომპანია "გეოგრაფიკი"

არასოდეს მქონია იმაზე ცუდი განცდა, ვიდრე მაშინ, როდესაც ხევის პირას მანქანით ვიდექით და ვერც წინ მივდიოდით, ვერც უკან. წარმოდგენა არ გვქონდა, ეს გაურკვევლობა რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ამ ყველაფერთან ერთად კი არც ტელეფონი იჭერდა, რომ ოჯახებისთვის დაგვერეკა და აგვეხსნა, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით. შევნიშნე, რომ მანქანაში სიჩუმე ჩამოწვა და მივხვდი, სხვებიც იმავეს ფიქრობენ, რასაც მე, მხოლოდ ყველანი ვცდილობდით, შიში არ შეგვემჩნია და პანიკას არ ავყოლოდით.

დილის 8 საათისთვის გზა უკვე ისე დაიმეწყრა, რომ უსაფრთხო ადგილამდე ფეხით ჩასვლაზე დავფიქრდით, მაგრამ შუადღისთვის ჩვენამდე მეგზევეებმა ამოაღწიეს - მაღლა, თოვლის გასაწმენდად დატოვებული ტრაქტორისკენ მიდიოდნენ. დაახლოებით საათ-ნახევარში უკვე ამ ტრაქტორის კვალდაკვალ მივუყვებოდით გზას.

ქარსამაულმა ფარა ვერც 11 მაისს გადაიყვანა თუშეთში. ერთ ღამეში 20-ზე მეტი ცხვარი მოუკვდა და ეუბნებოდნენ, თუ დროზე უკან არ ჩარეკავ, ბევრად მეტი დაგეხოცებაო, თუმცა ესეც შეუძებელი აღმოჩნდა. უკანასკნელი შესაძლებლობა ალვანში ფეხით დაბრუნება იყო, რომ მეორე დღეს მთაში დარჩენილი მწყემსებისთვის ცხენით საკვები ამოეტანა.

გზის ერთ-ერთი მონაკვეთი სტიქიამდე
ფოტო: National Geographic საქართველო/ნიკოლოზ მჭედლიძე

გზის იგივე მონაკვეთი სტიქიის შემდეგ
ფოტო: National Geographic საქართველო/ნიკოლოზ მჭედლიძე

თუშეთიდან ბარში ფეხით რომ ვბრუნდებოდით, გვეგონა, გზის ყველაზე რთულად გადასალახი მონაკვეთი ჩამოწოლილი ზვავისგან გაჩენილი, სიმაღლეში დაახლოებით 2-2,5-მეტრიანი ნაპრალი იყო, რომლის გადასალახადაც მუხლებამდე მორევში უნდა შეგვეტოპა. ასე ეგონათ მეცხვარეებსაც, რომლებიც გზის დასასრულს ამბობდნენ, “ასეთი კატასტროფა წლების განმავლობაში არ გვინახავს და არც არავის ახსოვს სტიქიისგან გზის ასე განადგურებაო."

სათავგადასავლო კომპიუტერული თამაში თუ გითამაშიათ, გეცოდინებათ, რომ ყოველი ახალი ეტაპის გავლისას თამაში რთულდება. ზუსტად ასეთი შეგრძნება გვქონდა, როდესაც სათუშო გზას ბარისკენ მოვუყვებოდით. ჩახერგილი, ჩანგრეული, დატბორილი გზის მონაკვეთების გავლის შემდეგ, როდესაც გვეგონა, რომ სამშვიდობოს გავედით, რამდენიმე მეტრში აღმოვაჩენდით, რომ გზა, რომელიც ორი დღით ადრე მანქანით ამოვიარეთ, საერთოდ აღარ არსებობდა და მის ადგილას 20-30 მეტრიანი ფერდობი გაჩენილიყო. მაგალითად, კაკლიანი ჭალა, სადაც მწყემსებმა ამორეკვისას ცხვარი დაასვენეს, მდინარემ მთლიანად წალეკა და გაანადგურა გზაც, რომელიც ამ ჭალას მიუყვებოდა.

სტიქიამ ზოგან სრულიად შეცვალა ლანდშაფტი - გზების ადგილას ჩანჩქერები და მიწაყრილები გაჩნდა. ერთ ღამეში განადგურდა თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის დიდი ნაწილი.

ქარსამაული მეცხვარეებთან ვეღარ აბრუნდა, რადგან ამ გზის გავლა ცხენით შეუძლებელი იქნებოდა, მთაში დარჩენილ მეცხვარეებს კი ერთადერთი გამოსავალი დარჩათ - რაც შეიძლება მალე გადაიყვანონ ცხვარი უღელტეხილზე, რომლის იქითაც არცკი იციან, რამდენად შესაძლებელია გზის გაგრძელება.

 

თეგები: 
თუშეთი
მეწყერი
ცხვარი
გზა
საშიში
სახიფათო
ხრამი
კლდე
თოვლი
უღელტეხილი
გაუკვალავი
მთა
მეცხვარე
წვიმა
ნაბადი
ბარი
ზვავი
ცხენი
ღვარცოფი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია