ბლოგები >
თუშეთის ახალი სიცოცხლე
ნიკა ლებანიძე
10.05.19

„თუშეთის რეგიონი შორეული და თვალწარმტაცია. მთელი გუნდი თანხმდება, რომ ამ კუთხის უნიკალურობას განაპირობებს სამანქანო გზებისა და მანქანების ნაკლებობა, რაც წარმოუდგენლად ფასობს, როდესაც საქმე გარემოსადმი მეგობრულ, არააგრესიულ ტურიზმს ეხება“, – იკითხება დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და „ბაკურიანი 2023“-ის პროექტის მენეჯერი პატრიკ ლანგი  და ყოფილი ალპინისტი და მოთხილამურე, ოლიმპიელი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სკი-კროსის შეჯიბრების ყოფილი ხელმძღვანელი, მედიალიზაციის ექსპერტი და ფოტოგრაფი მარტინ ფიალა. 

თუშეთში სკი-ტურინგის განვითარების იდეა უკვე რამდენიმე წელია არსებობს და თუშეთის განვითარების გეგმის ერთ-ერთ მიმართულებად მოიაზრება. თუშეთში სკი-ტურინგის განვითარების ინიციატივა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის“ დამფუძნებელ გიორგი რამიშვილს ეკუთვნის. სწორედ გიორგი რამიშვილის ინციატივითა და მხარდაჭერით მარტის მიწურულს თუშეთს საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი ესტუმრა, რათა რეგიონში ზამთრის ტურიზმის, კერძოდ კი, ე.წ. სკი-ტურინგის (ski touring) განვითრების პოტენციალი შეესწავლა. პატრიკ ლანგისა და მარტინ ფიალას გარდა, გუნდის შემადგენლობაში იყვნენ გიორგი გოცირიძე (გეოგრაფი, რეგიონალური და მთის მგეგმარებელი, კომპანია „გეოგრაფიკის“ დამფუძნებელი), აქსელ ნაგლიჩი (არქიტექტორი და მთამსვლელი), მარკუს ფილცერი და მარვინ კარლი (სამთო კურორტების სერტიფიცირებული გიდები და სკი-ტურის ოპერატორები ალპებში), ირაკლი კაპანაძე (სამთო გამყოლი) და ნიკა ლებანიძე (ფოტო- და ვიდეოგრაფი).

სკი-ტურინგი ზამთრის სპორტული ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად იქცა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში და გულისხმობს გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ აქტივობებს. ის თავგადასავლების უამრავ მოყვარულს იზიდავს ექსკლუზიურ ტურებზე მსოფლიოს ისეთი მოწყვეტილი ადგილების სანახავად, როგორებიცაა, მაგალითად, ალასკა თუ სვალბარდი (ნორვეგია). სკი-ტურინგის მოყვარულები მშვიდ, ნაკლებად ინდუსტრიალიზებულ და შორეულ კუთხეებს ეძებენ და რაც მთავარია, ისინი მზად არიან, საკმაო თანხა გადაიხადონ კომფორტულ საცხოვრებელში, ექსკლუზიურ ტურებსა და განსხვავებულ თავგადასავლებში.

ცალსახაა, რომ თუშეთის რეგიონს ყველა ის მახასიათებელი გააჩნია, რამაც ზემოთ ხსენებული ტიპის ტურისტები შეიძლება მოიზიდოს და, რაც მთავარია გააჩნია პოტენციალი, რომ სწორად განვითარებისა და გეგმარების შემთხვევაში მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზოს სტუმრებს. თუკი ეს მოხერხდა, საშუალება ჩნდება, რომ შეიქმნას მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ექსკლუზიური სისტემა რომლისგანაც ძირითადი სარგებელი, სწორედ ადგილობრივ მოსახლეობაზე მოვა და თანაც ზამთრის სეზონზე.  

 

ფოტო: ბადრი ვადაჩკორია

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მან, ვისაც თუშეთზე გული შესტკივა, კარგად იცის, რომ მკაცრი კლიმატური პირობების, გზის უქონლობისა თუ სხვა ყოფითი პრობლემების გამო ეს მხარე მთელი ზამთრის განმავლობაში პრაქტიკულად დაცლილია. იმისათვის, რომ თუშეთში ზამთრის ტურების დაგეგმვა გახდეს შესაძლებელი, პირველ რიგში, ამ რეგიონის მთელი წლის – 365 დღის განმავლობაში მიღწევადობა უნდა გახდეს შესაძლებელი.

ეს კი არც თუ ადვილი ამოცანაა და სკი-ტურინგის სექტორის დაგეგმვით ვერ შემოიფარგლება. ის მხოლოდ ნაწილი შეიძლება იყოს იმ აუცილებელ აქტივობათა რიგისა, რომელიც, ზოგადად, თუშეთის რეგიონის განვითარებას გულისხმობს მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების და თანამედროვე საზოგადოების საჭიროებების მხედველობაში მიღებით.

თუშეთის მრავალმხრივი განვითარების მიზნით 2017-2018 წლებში „სტუდია 21-ის“ მიერ განხორციელდა პროეტი „ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შედგენა“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრავალკომპონენტიანი კვლევა, მათ შორის: გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურული მემკვიდრეობის, სატრანსპორტო ქსელის, საინჟინრო ინფრასტრუქტურის, ნარჩენების მართვის, ზამთრის შესაძლებლობების და სხვ. მიმართულებით. კვლევებზე დაყრდნობით დადგინდა სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, მათზე დაფუძნებით კი შემუშავდა სივრცითი განვითარების გეგმა.

პროექტის ფარგლებში განისაზღვრა სტრატეგიული მიზნები: უნიკალური ბუნებრივი და ეთნოკულტურული გარემოს დაცვა; მდგრადი და დივერსიფიცირებული მკაფიო ადგილობრივი ეკონომიკის შექმნა; ინტეგრირებულად მართული ძლიერი მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბება; მუნიციპალიტეტში გეოპოლიტიკურად მდგრადი და დაცული სახელმწიფო საზღვრის შექმნა და მუნიციპალიტეტის რთულად მიღწევადი ტერიტორიების ეროვნულ ქსოვილში სრულად ინტეგრირება.

რთულად მიღწევადი ტერიტორიების ეროვნულ ქსოვილში ინტეგრირება ერთ-ერთი რთული და მნიშვნელოვანი საკითხია: „თუშეთს ძალიან დიდი რესურსი აქვს ტურისტული თვალსაზრისით. მაგრამ, როდესაც ტურისტების ნაკადი გაიზრდება, ის გზა, რომელიც ახლა არსებობს, საკმარისი აღარ იქნება. დღეს ვერტმფრენის ორი-სამი რეისი საკმარისია ხალხის გადმოსაყვანად, თუკი არამდგრადი ამინდის გამო გზა ჩაიკეტა, ტურისტების გაზრდილი რაოდენობის შემთხვევაში, ეს პრობლემად იქცევა“, – მეუბნება პროექტის ხელმძღვანელი, არქიტექტორი გია აბულაძე და კომპანია „გეოგრაფიკთან“ ერთად შექმნილ რუკებზე მიჩვენებს თუშეთის რეგიონს, სადაც ცისფერი წრეებით დაცლილი სოფლებია აღნიშული, წითელი წრეებით კი ის სოფლები, სადაც მოსახლეობა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია და ასე თუ ისე ტურისტებსაც იღებს ზაფხულის თვეებში.

მიღწევადობის უზრუნველსაყოფად თუშეთი სამ ზონად დაიყო: პირველ კატეგორიაში გაერთიანდა სოფელი ომალო და მისგან რადიალურად განაწილებული სოფლები, სადაც უსაფრთხოდ მიღწევის საშუალება 365 დღის განმავლობაში უნდა იყოს შესაძლებელი; მეორე კატეგორიაში გაერთიანდა ის დასახლებები, რომელთა ფუნქციონირება უზრუნველყოფს მუნიციპალურად „ნეკროზული“ ტერიტორიების რეგენერირებას ეთნოკულტურული აუზების განვითარებისა და სოციალური თავდაცვითი ფუნქციების აღსრულების გზით, ხოლო მესამე კატეგორიაში ერთიანდება ის დასახლებები, რომლებიც თოვლიან სეზონებზე ორიენტირებულია საჰაერო და სპეციალურ ტრანსპორტზე და სპეციალიზდება ტურიზმის ექსტრემალურ და ეგზოტიკურ პროდუქტებზე.

 

ფოტო: ბადრი ვადაჩკორია

სწორედ ეს სოფლები – საბუე, ჭერო, ილიურთა, ბუხურთა, ვესტომთა, ჭონთიო და ა.შ. უნდა გახდნენ სკი-ტურისტების მასპინძლები და შესაბამისად, როგორც პატრიკისა და მარტინის დასკვნაში წერია, მაქსიმალურად მოხერხდეს მათი პირვანდელი იერ-სახისა და ტრადიციული ყოფის შენარჩუნება.

ამიტომაც, პირველ ეტაპზე, ომალოში მთის სასტუმროს, ხოლო თუშეთის დანარჩენ სოფლებში კეთილმოწყობილი სახლების მშენებლობა დაიწყება, რომელიც თუშური ტრადიციული არქიტექტურის პრინციპებს დაეფუძნება და ბუნებრივად ჩაიწერება ლანდშაფტში. რეგიონი კარგად დაუკავშირდება წინანდლის კულტურულ ცენტრს, საიდანაც რეგულარულ რეისებს განახორციელებს ვერტმფრენი ომალოსკენ.

თეგები: 
თუშეთი
რეგიონი
უნიკალური
გზა
სანაპირო
გარემო
ტურიზმი
სათხილამურო
ბაკურიანი
ალპინისტი
მოთხილამურე
ოლიმპიელი
ფოტოგრაფი
საქართველო
ზამთარი
ტურისტი
პროექტი
გეოპოლიტიკური
მუნიციპალიტეტი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია