ბლოგები >
ჯადოსნური სიტყვა - თანამშრომლობა
ლევან ბუთხუზი
Shutterstock.com
03.05.15

მკითხველს, რომელიც ან ზოგადად ბიზნესითაა დაინტერესებული, ან გარემოს დაცვით (ან ორივეთი ერთდროულად) და თვალს ადევნებს უცხოურ ვებ-პორტალებს, აუცილებლად მოხვდებოდა თვალში მოჭარბებული ინფორმაცია ბიომასის ენერგიის როგორც განახლებადი (პრაქტიკულად ულევი) სათბობი რესურსის გამოყენების შესახებ. ვებსივრცე დატვირთულია წარმატებული მუნიციპალური თუ ბიზნესმაგალითებით. თან ეს მაგალითები, ბოლო წლებია, სულ უფრო და უფრო მეტად ჩნდება საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყნებში. ანუ, ადამიანი თუ დაფიქრდება, მათი ამუშავება ჩვენთანაც შეიძლება. ცხადია, სამწუხაროა, როდესაც ქვეყანა ამხელა პოტენციალს ფლობს (დეტალებისთვის შეგიძლიათ ამ ბლოგს ჩახედოთ) და დღემდე ხელშესახები წარმატებული მაგალითი არ გვაქვს.

ეს ცალმხრივი ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. ალბათ, ბევრს ხელგვეწიფება ამ საქმეში ასე თუ ისე ჩართვა, მაგრამ ბევრი არ ვიცით თავად საინტერესო ტექნოლოგიური პროცესის შესახებ.

საქართველოში ბიომასის ენერგიის ეფექტურად გამოყენების გზაზე არსებობს რამდენიმე ობიექტური გამოწევევა, რომელიც, თუ კარგად იქნა გააზრებული, სრულიად დაძლევადია.

როგორც ხედავთ, საკითხი კომპლექსურია, მაგრამ აუცილებლად დასაწყები, არამარტო იმიტომ, რომ უფრო და უფრო საჭირო ხდება იაფი ენერგია, არამედ იმიტომაც, რომ ეს ქვეყნის განვითარებას წაადგება და, რაც მთავარია, ყველასთვის სასარგებლოა, მათ შორის გარემოსთვისაც. ბიომასის საწვავი (თუ სწორად არის წარმოებელი) ხომ პრაქტიკულად უვნებელია და ტრადიციულ საწვავზე იაფი შეიძლება იყოს, რაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს (უმთავრესად მუნიციპალიტეტების) ფინანსური ტვირთის შემამცირებელია, მეორე მხრივ, ბიზნესისთვისაა მომგებიანი და მესამეც - მომხმარებლისთვისაა მნიშვნელოვანი. საქმის დაწყება კი ჭირს, რადგან საქართველოში საკმარისი ექსპერტიზა არ არის და, როგორც ყველაფერ ახალს, ადგილობრივი ბიზნესიც იჭვნეულად უყურებს. თუმცა, ბიზნესი მაინც მეორე რიგის პრობლემაა. გამართული სქემა რომ არსებობდეს, სადაც ნათლად ჩანს სახელმწიფოს მხარდამჭერი როლი, მისი ინსტიტუციების ამ კუთხით გაძლიერების პერსპექტივა, მოსახლეობის ამაღლებული ცნობიერება, საწყისი კაპიტალის მზაობა და კვალიფიციური გათვლები ან მთლად უკეთესი - მოქმედი წარმატებული საპილოტე პროექტი, მაშინ ბიზნესიც არ დაახანებს. თუმცა, ეს კლასიკური მოდელია და თუ ვინმეს სერიოზულად სურს ბიზნესის წამოწყება, სულ არ არის საჭირო, ელოდოს საპილოტე პროექტებს. ნებისმიერი საშუალო ბიზნესი, შესაბამისი გამოცდილებითა და ენთუზიაზმით, შესაძლოა, თავად გახდეს ამ საქმის პიონერი და საჩვენებელი წარმატებული მაგალითი.

ყველა ამ საკითხის წინ წამოწევისა და საქართველოში ბიომასის ნარჩენებისგან წარმოებული ენერგიის გამოყენებისთვის ბიძგის მისაცემად, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), ცოტა ხნის წინ დაიწყო პროექტი: „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“.

პროექტს მრავალ ფრონტზე აქვს სამუშაო. მთავრობა საჭიროებს დახმარებას ბიომასასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოების შესამუშავებლად. ამ პოლიტიკის გარეშე ენერგომომარაგების მიზნით ამჟამად უყურადღებოდ დარჩენილი ბიომასის ნარჩენების რესურსების ეფექტური გამოყენება ფერხდება. პარალელურად შემოსაღებია სათანადოდ დამუშავებული ბიომასის საწვავისა და ბიომასის გათბობის სისტემების ხარისხის სტანდარტები, რათა მთელმა სისტემამ ეფექტურად იმუშაოს გამონაბოლქვის დაბალი დონითა და საწვავის შეუფერხებელი მიწოდებით. საჭიროა ბაზრის ნდობის ფაქტორის ზრდა რამდენიმე პილოტ-პროექტის დაწყებით, იდეალურ შემთხვევაში, პროექტს სურს, რომ ბიომასის სათანადოდ დამუშავების რამდენიმე საწარმო თბილისში შევიდეს ექსპლოატაციაში და გამართულად ფუნქციონირებდეს. ასევე, შესაქმნელია სათანადოდ დამუშავებული ბიომასის საწვავზე ადგილობრივი  მოთხოვნა-მიწოდება, ასამუშავებელია საინვესტიციო გრანტების მიმართულება; ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა და ცოდნის ამაღლება, რომ მუნიციპალიტეტებთან ერთად დაწყებული საქმე განმეორებადი და სამოდელო იყოს სხვებისთვის, იქნება ეს უკვე მოქმედი თუ ამ სფეროში დამწყები კომპანია.

„პროექტი საკმარისად კომპლექსურია და ამბიციური, მაგრამ ეს საქმე დასაწყებია და იმედი მაქვს, რომ, თუ ყველაფერი გეგმით წავა, რამდენიმე წელიწადში საქართველოც იამაყებს ბიომასის წარმატებული პილოტ-პროექტებით“ - ამბობს პროექტის კოორდინატორი ვახტანგ ბერიშვილი.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ პროექტში ნელ-ნელა თავს იყრის ყველაზე მთავარი - საჭირო უფასო ინფორმაცია და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტიზა. გაეროს ბიომასის პროექტი საუკეთესო ბერკეტია კონტაქტებზე გასასვლელად, გამართული ბიზნესგეგმის შესადგენად, თანხების მოძიებაში დასახმარებლად და, ზოგადად, პროცესში მუდმივად ჩასართავად.

„ჩვენი კარი ყველა დაინტერესებული მხარისთვის ღიაა“, - ამბობს ვახტანგ ბერიშვილი. პროცესი ნელ-ნელა დაიძრა, ცოტა ხნის წინ. მოცემულ მომენტში თუ პროექტი უცებ ვერ შესთავაზებს ყველა დაინტერესებულ ჯგუფს სპეციფიკურ დახმარებას, ინტერესის არსებობას მაინც ჩაინიშნავს და განიხილავს, როგორც პოტენციურ ბენეფიციარს. შემდეგ, აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ამ ინტერესთა ჯგუფებს დაეხმარება ინფორმაციით, რჩევით, კონტაქტებით და, ვინ იცის, შესაძლოა, ფინანსური თანამონაწილეობითაც. დაუკავშირდით!

წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.

თეგები: 
ბლოგი
ბიომასის ენერგია
ბიზნესი
ბიომასა
© საავტორო უფლებები დაცულია; გამოცემულია საქართველოში. წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია