ბლოგები >
შავი ზღვა
 
ირინა წერეთელი
14.11.18

შავ ზღვას ძალიან დიდი გავლენა აქვს საქართველოს ეკოსისტემებზე. ამოდენა რეზერვუარში მცირე ცვლილებამაც კი, ხშირად, კატასტროფული შედეგები შეიძლება იქონიოს. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ფარგლებში შემავალი შავი ზღვის ნაწილის დეტალური კვლევა - წყლის ხარისხის, ეკოლოგიის, სანაპირო ზოლზე მიმდინარე პროცესებისა და სხვა.

ცნობილი ფაქტია, რომ შავ ზღვაში გოგირდწყალბადია გავრცელებული. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ნახსენები ნივთიერების გავრცელებაც შეისწავლეს. ბატონი რობერტის თქმით, შავ ზღვაში გოგირდწყალბადის არსებობის ზუსტი მიზეზი დღემდე არ არის დადგენილი, „არსებობს მხოლოდ ჰიპოტეზები და, ვფიქრობ, აუცილებელია ახლო მომავალში დაიწყოს კვლევები ამ საკითხის ირგვლივ,“ გვეუბნება ბატონი რობერტი. არსებობობს ორი მოსაზრება: პირველის თანახმად, ზღვაში გოგირდწყალბადის გავრცელება მკვდარი სხეულების გახრწნის დროს მიმდინარე ქიმიური პროცესებითაა განპირობებული, ხოლო მეორე მოსაზრების თანახმად კი შავი ზღვის ფსკერზე არსებული ნაპრალებიდან გამოიყოფა გაზი. ბატონი რობერტი უფრო მეორე მოსაზრებას ემხრობა. იგი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოცემული საკითხის კვლევას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება,  კითხვაზე - რა არის მიზეზი შავ ზღვაში გოგირდწყალბადის გავრცელებისა, ცოდნის გაღრმავება და ზუსტი პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია.

ბატონი რობერტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ჩატარდეს შავი ზღვის ფსკერის ბურღვითი სამუშაოები, რათა დადასტურდეს ან გაბათილდეს ჰიპოთეზა ნაპრალებიდან გაზის გამოყოფის შესახებ. ჰიპთეზის დადასტურების შემთხვევაში მეცნიერი მიიჩნევს, რომ შეგვეძლება გოგირდწყალადის მრეწველობაში გამოყენებაზე მუშაობის დაწყებაც.

ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტისუტი 9 წლის განმავლობაში შეისწავლიდა შავი ზღვის ეკოლოგიურ სისტემას. კვლევის საფუძველზე შეფასდა შავი ზღვის წყალი და სანაპიროზე მიმდინარე პროცესები.

წყლის ხარისხის შესასწავლად რობერტ დიაკონიძემ და მასთან ეთად მომუშავე ჯგუფმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პოპულარული საზღვაო კურორტებიდან, როგორიცაა ბათუმი, ქობულეთი, ურეკი და ა.შ. დაახლოვებით 150 მეტრის დაშორებით არსებული წერტილები შეარჩია.

მიღებული შედეგები მეცნიერებმა არა მარტო საქართველოში არსებულ ნორმატივებს, არამედ ევროპაში მიღებულ ნორმებსაც შეადარეს. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ფარგლებში შემავალი წყლები დაბინძურებულია თუთიით, ნიკელით, ტყვიით და სხვა მძიმე მეტალებით. ზმოთ ჩაოთვლილი მეტალების საშუალო რაოდენობა შავ ზღვაში დასაშვებ ზღვარს დაახლოვებით 1,5-ჯერ აღემატება. ზოგი მეტალის რაოდენობა კი 2,5-ჯერაც კი აჭარბებს ზღვარს. „კვლევის ხანგრძლივობა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მიღებული შედეგის გაუმჯობესება ან გაუარესება თვალსაჩინო გამხდარიყო“, ამბობს ბატონი რობერტი.

მკვლევართა ჯგუფის თქმით, სიტუაცია არაა საგანგაშო, რადგან წყლის ასეთი დაბინძურება კურორტზე ჩასული დამსვენებლის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. სამაგიეროდ, კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა წყლის ანალიზმა აჩვენა, რომ ზღვაში ჩამდინარე წყლები საგრძნობლადაა დაბინძურებული ბაქტერიებით, რაც მწვავე პრობლემას წარმოადგენს და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე საზიანოდ მოქმედბეს. „ეს გაცილებით მწვავე პრობლემაა. ის სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს“, ამბობს ბატონი რობერტი.

ბატონი რობერტი და მისი ჯგუფი წყლის ხარისხთან ერთად სანაპირო ზოლზე მიმდინარე ისეთ პროცესებსაც იკვლევს, როგორიცაა, მაგალითად, აბრაზია. აბრაზია დიდი წყალსატევებიდან (ზღვები და ოკეანეები) ტალღების ზემოქმედებით სანაპიროს ნგრევას, გარეცხვას გულისხმობს. აბრაზია ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ამ პროცესს მდინარეების მიერ ჩატანილი ნაშალი აბალანსებს. მოკლედ რომ ვთქვათ, წონასწორობაა დამყარებული მდინარის მიერ ჩატანილ ნატანსა და ზღვის მიერ გარეცხილ სანაპიროებს შორის, საქართველოში კი აბრაზიული პროცესები ბოლო წლებში საგრძნობლად მზარდი გახდა, რადგან მდინარეებზე არა ერთი ჰესი შენდება, სადაც წყალი იფილტრება, მდინარის კალაპოტი მცირდება და აქედან გამომდინარე მას  ძალიან ცოტა ნაშალი ჩააქვს ზღვაში, რის გამოც ბუნებრივი ბალანსი ირღვევა და დიდი სისწრაფით ვითარდება აბრაზიული პროცესები შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე.

ადრე საქართველოს ტერიტორიიდან ჩატანილი მყარი ნატანის ნახევარზე მეტი ზღვაში მდინარე ჭოროხს ჩაჰქონდა. ეს მაჩვენებელი დღეს 9-ჯერაა შემცირებული. მსგავსი მდგომარეობაა კიდევ ერთ დიდ მდინარეზე - ენგურზე. შედარებით სტაბილურობას მდინარე რიონი ინარჩუნებს, რომელიც ადრე სულაც არ ითვლებოდა მყარი ნატანის მნიშვნელოავნ წყაროდ. ახლა კი, როდესაც ორი მთავარი მდინარე ასე შემცირდა ჰესების მშენებლობის გამო, რიონმა მყარი ნატანის რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

„გარდა მდინარის ნატანის შემცირებისა, აბრაზიის პროცესებს ასევე ხელს უწყობს პორტების მშენებლობა და საკურორტო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება“, აღნიშნავს ბატონი რობერტი. ამ პრობლემებს მეცნიერთა ჯგუფი ორ სოფელში - ანაკლიასა და ადლისში წააწყდა.

აღმოჩნდა, რომ შავ ზღვაში მყარი ნატანის წლიური დანაკლისი 15-16 მილიონ ტონას შეადგენს. ჯგუფი აგრძელებს მუშაობას იმის გამოსათვლელად, თუ ზუსტად რამდენი ნატანია საჭირო საქართველოს სანაპირო ზოლში გარეცხვისა და დალექვის ბალანსის აღსადგენად.

რობერტ დიაკონიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს მდინარეებზე მშენებლობა. მისი აზრით, მდნიარეები ყველაზე სანდო საშუალებაა აბრაზიული ბალანსის დასარეგულირებლად. „ცხადია, ქვეყნისთვის აუცილებელია ენერგეტიკული მარაგის ქონა, მაგრამ ეს ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, მშენებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ რჩევები და რეკომენდაციები, რომლებსაც კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ვაქვეყნებთ. გარდა ამისა, უნდა გატარდეს ღონისძიებები მყარი ნატანის დეფიციტის შესავსებად“, ამბობს იგი.

შავ ზღვაზე აბრაზიული პროცესების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება: უნდა აიკრძალოს მდინარეთა კალაპოტებიდან მყარი მასალის მოპოვება მეცნიერული დასაბუთების გარეშე; ჰესების მშენებლობის შემთხვევაში მშენებელს, მწარმოებელს ან ინვესტორს უნდა დაევალოს ნატანის დეფიციტის ხელოვნურად შესავსებად დამატებითი ხარჯების გათვალისწინება; ამასთანავე, მნიშვნელოვანია სანაპირო ზოლზე თანამედროვე ნაპირდამცავი ნაგებობების არსებობაც.

აბრაზიული პროცესები მოსახლეობისთვის არც თუ ისე თვალსაჩინოა, მაგრამ სინამდვილეში ეს დიდი პრობლემაა. ვფიქრობ, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვის დაწყება გადაუდებელი საქმეა; ის სასიკეთოა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი შავიზღვისპირეთისთვის.

 

თეგები: 
შავი ზღვა
საქართველო
ეკოსისტემა
რეზერვუარი
კვლევა
წყალი
ეკოლოგია
სანაპირო ზოლი
გოგირდწყალბადი
მეცნიერები
ნივთიერება
ზღვა
სხეულები
ქიმიური პროცესები
ფსკერი
ნაპრალები
ჰიპოთეზა
კურორტი
ბათუმი
ქობულეთი
ურეკი
ევროპა
თუთია
ნიკელი
ტყვია
მეტალები
დაბინძურება
კვლევა
ბაქტერია
აბრა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია