ბლოგები >
გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდი
 
ლიზა ყარალაშვილი
ლიზა ყარალაშვილი
21.09.18

20-24 აგვისტოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდი“ ფარგლებში გაიმართა მერვე „გერმანულ-ქართული სკოლა და ვორქშოფი ფუნდამენტურ მეცნიერებებში“. პროექტში მონაწილე ქართველმა სტუდენტებმა თავიანთი მიმდინარე, უკვე დასრულებული და მომავალში დაგეგმილი კვლევები წარადგინეს. საგანგებოდ ჩამოსულმა გერმანელმა მეცნიერებმა მათ შორის ყველაზე პერსპექტიული სტუდენტები შეარჩიეს. ისინი პროექტის ფარგლებში იულიხის კვლევით ცენტრში სტაჟირებას გაივლიან.

ამ დღეების განმავლობაში მრავალი ღონისძიება გაიმართა. პირველ დღეს და მეორე დღის პირველ ნახევარში მოწვეულმა მეცნიერებმა პროექტის მონაწილე სტუდენტებს სხვადასხვა თემატიკაზე ლექციები წაუკითხეს. მეორე დღის მეორე ნახევარში ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა ე.წ. Smart-Lab-ებში გამართეს მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია. 22 აგვისტო სოციალიზაციას დაეთმო და მოეწყო ექსკურსია კახეთში. 23 აგვისტო კვლავ Smart-Lab-ებში პრეზენტაციებს დაეთმო. პროექტის ბოლო დღეს, 24 აგვისტოს, გაიმართა ქართველი სტუდენტების პრეზენტაციები და იულიხის კვლევით ცენტრში წასასვლელად შერჩეული სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონია.

ელენე იორდანიშვილმა ახლახანს დაამთავრა დოქტორანტურა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. „ამ პროექტმა საშუალება მომცა, იულიხის კვლევით ცენტრში წავსულიყავი. სადოქტორო ნაშრომის დიდ ნაწილზე სწორედ იქ ვიმუშავე“, ამბობს იგი. დღეს ელენე ამ პროექტში გერმანიის მხრიდან არის ჩართული როგორც იულიხის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომელი. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეცნიერები გერმანიაში განათლების მიღების შემდეგ კვლავ საქართველოში დაბრუნდნენ და ცოდნა ჩამოიტანონ. ვცდილობთ, საქართველოში მეცნიერების განვითარების დონე მსოფლიოს გავუთანაბროთ.“

„ყოველ მეორე წელს ვაწყობთ „ქართულ-გერმანულ სკოლას და ვორქშოფს ფუნდამენტურ მეცნიერებებში“. წელს ის უკვე მერვედ ტარდება“, ამბობს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკოსი ქეთი კოტეტიშვილი. ამ წლების განმავლობაში პროექტის ფარფლებში ბევრი ქართველი სტუდენტი იყო გერმანიაში სასწავლებლად წასული. „ჩემი ოთხი სტუდენტი ახლა იულიხში წერს სადოქტორო ნაშრომს“, ამბობს ქეთი. ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებსაც ეძლევათ იულიხში სტუმრობის საშუალება. ზოგი სტუდენტი წელიწადში 5-6 თვესაც კი ატარებს იქ.

იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჰანს შტრიოერმა 2004 წელს ქართველ კოლეგასთან, პროფესორ ანდრო კაჭარავასთან ერთად წამოიწყო პროექტი „გერმანულ-ქართულილ სამეცნიერო ხიდი“ (German-Georgian Science Bridge). პროექტი გერმანიის განათლების სამინისტროს, იულიხის კვლევითი ცენტრისა და საქართველოს მთავრობის (შოთა რუსთაველის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის სახით) მხარდაჭერით მიმდინარეობს. იულიხის კვლევითი ცენტრის გარდა პროექტში ჩართულია სამი გერმანული უნივერსიტეტი: კიოლნის, ბონისა და აახენის. საქართველოს მხრიდან ამ პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აგრარული უნივერსიტეტი მონაწილეობს.

„სამი ძირითადი მიზანი გვაქვს: კვლევა, განათლება და ცოდნის გადაცემა“, ამბობს ჰანსი. „დავაარსეთ ე.წ. Smart-Lab-ები“. Smart-Lab-ები პატარა კვლევითი ცენტრებია. თითოში 5-6 მეცნიერია ჩართული და მათ ახალგაზრდა ქართველი მეცნიერები ხელმძღვანელობენ, რომლებმაც განათლება ნაწილობრივ მაინც გერმანიაში მიიღეს. პირველი Smart-Lab-ი 2016 წელს გაიხსნა, მეორე - 2017 წელს. იგეგმება ყოველ წელს ახალი ლაბორატორიის ჩამოყალიბება. „ხიდი ორმხრივი რამაა - ცოდნის გადაცემა ორივე მიმართულებით უნდა ხდებოდეს. ამიტომ გვჭირდება ბევრი განათლებული მეცნიერი საქართველოში“, ამატებს ჰანსი.

„ჩვენთვის, ცხადია, მნიშვნელოვანია გერმანიაში ბევრი განათლებული ადამიანის არსებობა, მაგრამ ვთვლით, რომ აუცილებელია კავშირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებთან“, ამბობს პროფესორი ჯონ შაჰი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი. „არ გვინდა ხელი შევუწყოთ „ტვინის გაზიდვას“ (brain-drain). ამიტომ ვცდილობთ, უკან დაბრუნების სტიმული მივცეთ იმ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც იულიხში იღებენ განათლებას, რომ უკან დაბრუნდნენ და საქართველოში მეცნიერების განვითარებას შეუწყონ ხელი“. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში იულიხის კვლევითი ცენტრის მსგავსი სტრუქტურის შექმნა.

2009 წლიდან პროექტს ე.წ. „შემოდგომის ლექციებიც“ დაემატა, რომლებიც კენტ წლებში ტარდება. იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები ორ-ორი კვირის მანძილზე შერჩეულ სტუდენტებს ლექციებს უკითხავენ. „პროექტში ძირითადად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ჩართულნი, თუმცა მოდიან სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსტეტიდან და აგრარული უნივერსიტეტიდანაც. გვაყვდა სტუდენტები გერმანიიდან და იტალიიდანაც“, ამბობს ქეთი.

შემოდგომის ლექციებისთვის სტუდენტები ინგლისური ენის ცოდნის, სამეცნიერო ინტერესისა და მონდომების მიხედვით შეირჩევიან. „2017 წელს ფორმატი ცოტათი შევცვალეთ“, ამბობს ქეთი. „სტუდენტები უფრო მკაცრად შევარჩიეთ და ორი კვირით გერმანიაში წავიყვანეთ ლექციების მოსასმენად“. 2017 წელს სულ 22 სტუდენტი შეირჩა, თუმცა მონდომებული და მცოდნე სტუდენტების რაოდენობა ყოველ წელს მატულობს.

„აქამდე ძირითადი აქცენტი ფიზიკის მიმართულებებზე კეთდებოდა, თუმცა ნელ-ნელა ქიმიას, მათემატიკას, ატმოსფერულ კვლევებს, გარემოს დაცვით მეცნიერებებსა და ეკოლოგიას ვამატებთ“, ამბობს ჰანს შრტიოერი. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური დარგებია, ამიტომ გვინდა, მათ განვითარებასაც შევუწყოთ ხელი“. შტრიოერის თქმით, „გერმანულ-ქართული ხიდი“ ცოტა გადამეტებული სახელია, რადგან ცოდნის გადაცემა, ჯერ-ჯერობით, ძირითადად ცალმხრივად, გერმანიიდან საქართველოს მიმართულებით მიმდინარეობს, თანაც პროექტში მხოლოდ რამდენიმე ინსტიტუტი და უნივერსიტეტია ჩართული. „ვცდილობთ გავფართოვდეთ და ახალი დისციპლინებიც დავამატოთ“, ამბობს იგი. „ძალიან კარგი იქნება, თუ სამომავლოდ კავკასიის მთელ რეგიონს ჩავრთავთ პროექტში. აზერბაიჯანთან და სომხეთთან თანამშრომლობაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია“.

თეგები: 
კვლევა
განათლება
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სტუდენტები
მეცნიერი
სტაჟირება
ღონისძიება
ლექცია
კახეთი
პრეზენტაცია
მსოფლიო
პროფესორი
ფიზიკოსი
ბაკალავრიატი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტი
ლექცია
ეკოლოგია
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია