ბლოგები >
ბიო-ბლიცი
ლიზა ყარალაშვილი
ლიზა ყარალაშვილი
07.09.18

გრძელი და დამღლელი გზის შემდეგ გრიგოლეთში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო კვლევით ბაზაზე ჩავედით. აქ უკვე მოეყარა თავი რამდენიმე გერმანელ მკვლევარს. მეცნიერთა დანარჩენ ნაწილს შემდეგ დღეს ველოდით. დაქანცულები მეორე დღის დაგეგმვას შევუდექით. დაახლოებითი გეგმის შედგენის შემდეგ დასაძინებლად დავწექით – დილით 7 საათზე უნდა გავსულიყავით ველზე.

დადგა დილაც. საუზმის შემდეგ მანქანებში ქაოტურად გავნაწილდით და კინტრიშის დაცული ტერიტორიისკენ მიმავალ დანგრეულ გზას გავუყევით. ადგილზე მისვლისას ჯგუფი მყისვე დაიქსაქსა – ზოგი მდინარესთან მივარდა, ზოგი ბუჩქნარში შეძვრა, ზოგიც - ტყეში. ყველა თავის საკვლევ ობიექტს მისდევდა. ქართველი სტუდენტები და პროფესორები, სპეციალობისა და ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა მკვლევარს ავედევნეთ.

„ნახეთ, რა ვიპოვე!“, იძახის თომას ვეზენერი და ძლივს დასანახ ორწყვილფეხიანს მოარბენინებს ფოთლით. „ამ რიგში მხოლოდ 7 სახეობაა აღწერილი! ძალიან საინტერესო ტიპები არიან! ცოცხალი ინდივიდი არასდროს მინახავს!“

„ლიზა, მოდი, ეს ქვა ამაწევინე, ქვეშ ობობა უნდა იჯდეს!“ – მიხმობს არაქნოლოგი ჰანს-იოაჰიმ კრამერი.

„ნახეთ, კავკასიური სალამანდრას ლარვა ვიპოვე!“ – იძახის სტუდენტი გიორგი ბაკურაძე და ნაშალ კლდეზე ჩამორბის.

„შეხედეთ, პაწაწინა სპილენძა!“ – დაიძახა გიორგი იანქოშვილმა.

„ეს ძალიან საინტერესო პეპელაა!“ – წამოიძახა ვიღაცამ.

ასეთი შეძახილებით აივსო კინტრიშის დაცული ტერიტორია.

მეცნიერების გარდა ჯგუფს ახლდნენ აჭარის ტელევიზიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჟურნალისტებიც. მე, ერთდროულად როგორც სტუდენტმა და ჟურნალისტმა, აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ხან ჟუნრალისტებთან ერთად მიწევდა აქეთ-იქით სირბილი, ხანაც – მეცნიერებთან. დრო ცოტა იყო, საქმე კი – ბევრი. ქართველი სტუდენტების ნაწილს თარჯიმნობაც დაგვევალა.

ბაზაზე ისეთი დაღლილები ჩავედით, არაფრის თავი აღარ გვქონდა, მაგრამ ვიცოდით, დაძინება ჯერ არ დაგვცალდებოდა. ჩვენივე ინტერესებში იყო გერმანელ მკვლევრებთან ურთიერთობა, რათა შემდგომში – მომდნევნო რამდენიმე დღის განმავლობაში და უფრო შორეულ მომავალშიც – მათთან თანამშრომლობა და მათგან სწავლა გაგვადვილებოდა.

ამ რამდენიმე დღის განმავლობაში იმდენი ხალხი გავიცანით, სახელები უკვე ერთმანეთში გვერეოდა – ორფრთიანების მკვლევრები შიმო მენგული, ბიორნ რულიკი,  ანდრე რაიმანი, ანკე შეფერი, იანა თორმანი და სხვები. არაქნოლოგები ნილს ჰაინი, ჰანს-იოაჰიმ კრამერი, შტეფან ოტო, იონას ასტრინი; ათასფეხების მკვლევარი თომას ვეზენერი და მრავალი სხვა მეცნიერი. ვიცოდით, მეორე დღესაც ძალიან ადრე ვიყავით ასადგომი და მალევე გავეშურეთ დასაწოლად, ზოგი კვლევით ბაზაზე არსებულ კოტეჯში, ზოგი – ახლოს მდებარე სასტუმროში და ზოგიც – კარავში.

შემდეგმა დღეებმაც ქაოტურად ჩაიარა – ალპურ ზონაში ასვლა ძლიერმა წვიმამ ჩაშალა, მანქანებშიც არასაკმარისი ადგილები იყო და ყველა ძველებურად დაბნეული დარბოდა აქეთ-იქით. თუმცა, პირველი დღისგან განსხვავებით, ახლა ერთმანეთს ყველა იცნობდა და თანამშრომლობაც უფრო აქტიურად მიდიოდა.

2018 წლის 19-22 ივლისს მთიან აჭარაში მდებარე კინტრიშის დაცულ ტერიტორიას გერმანელი და ქართველი ეკოლოგების გუნდი ესტუმრა. გაიმართა ე.წ. „ბიო-ბლიცი“ – ხანმოკლე, მრავალპროფილიანი აქტიური კვლევა. მეცნიერები ამ რამდენიმე დღის განმავლობაში კინტრიშის დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნებას იკვლევდნენ. მკვლევართა ჯგუფში სხვადასხვა სპეციალობის ეკოლოგი შედიოდა. ისინი იკვლევდნენ ორფრთიან მწერებს, ათასფეხებს, სიფრიფანაფრთიანებს, ხოჭოებს, ობობებს, პეპლებს, ნემსიყლაპიებს, ქვეწარმავლებს, ამფიბიებს და მცენარეებს. ამ პროექტის მიზანია,  დაარწმუნოს გერმანიის ფედერალური მთავრობა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევასა და დაცვას შეუწყოს ხელი, რაც ილიას უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრების თანამედროვე დონის გენეტიკური კვლევისთვის საჭირო ლაბორატორიის აღჭურვასაც გულისხმობს.

კანადაში, ჩინეთში, საფრანგეთში, ფინეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ხორციელდება „სიცოცხლის ბარკოდინგის“ პროექტი (Barcode of Life). პროექტის ოფიციალური დეფინიცია შემდეგნაირია: ცხოველების, მცენარეებისა და სოკოების ინვენტარიზაცია და გენეტიკური აღწერა. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ბარკოდინგის მთავარი არსია ცოცხალი ორგანიზმების (ცხოველების, მცენარეებისა და სოკოების) გენეტიკური კვლევა. გენების მოკლე მონაკვეთები (დნმ-ბარკოდები) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეიყვანება. ეს სისტემა ერთის მხრივ ბიომრავალფეროვნების აღწერაში გვეხმარება, ხოლო მეორე მხრივ ამარტივებს ნაპოვნი ორგანიზმის სახეობის დადგენას: საკმარისია მისი გენეტიკური ანალიზი გავაკეთოთ და შედეგი  ბაზაში არსებულ მონაცემებს შევადაროთ.

გენეტიკური ბარკოდინგის პროექტის განხორციელება საქართველოშიც იგეგმება. სწორედ ამ მიზნით ეწვივნენ მკვლევრები კინტრიშის დაცულ ტერიტორიას. ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების კუთხით, რადგან იგი რეფუგიალურ ზონას წარმოადგენს. დედამიწაზე გამყინვარებისა და ინტერგლაციალური პერიოდები მუდამ ენაცვლება ერთმანეთს. გამყინვარების პერიოდში, პირობების გაუარესების გამო, ცოცხალი ორგანიზმები ვერ გადარჩებიან, რეფუგიალურ ზონებში კი სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები გამყინვარების დროსაც კი ნარჩუნდება და, შესაბამისად, შენარჩუნდება ბიომრავალფეროვნებაც. ინტერგლაციალური პერიოდების განმავლობაში სწორედ ამ ადგილებიდან იწყება დედამიწის რეპოპულაცია.

უნდა ითქვას, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი პროექტისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვება მარტივი საქმე არაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამჟამად აქტიურად თანამშრომლობს ბონის კოენიგ ალექსანდერის კვლევით მუზეუმთან და საპილოტო კვლევასაც ატარებს. „ეს კვლევა პირველი ნაბიჯია უზარმაზარ პროექტში“, ამბობს დავით თარხნიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი.

„გერმანიაში ბუნებრივი ტყეები მეტწილად განადგურებულია. საქართველოს ბუნება ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია. შედარებით უკეთესად შენახულ ეკოსისტემებზე დაკვირვებით შეიძლება  მივხვდეთ, თუ რა არის ცხოველების, მცენარეებისა და სოკოების სახეობების გადაშენების მიზეზი იქ, სადაც ბუნებრივი ეკოსისტემები მეტადაა შეცვლილი“, ამბობს ბერნჰარდ მიზოფი, კოენიგ ალექსანდერის კვლევითი მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი და გერმანიის მთავრობის მრჩეველი ბიომრავალფეროვნების სფეროში.

მიმდინარე საპილოტო კვლევა, რომელიც ამ წლის გაზაფხულზე დაიწყო და რომელსაც მიესადაგა „ბიო-ბლიცი“, ძირითადად მწერებს ეხება, კერძოდ - უმდაბლეს ორფრთიანებს (კოღოები, ქინქლები და სხვა). პროექტი კოენიგ ალექსანდერის მუზეუმის დაფინანსებით მიმდინარეობს და მასში, გერმანელ და ქართველ მეცნიერებთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც აქტიურად ვართ ჩართულნი. ორ კვირაში ერთხელ, 4-4 დღით, ექსპედიციებში დავდივართ, რომელთა განმავლობაშიც ეწყობა საველე გასვლები - კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე დაყენებული  ე.წ. „მალაის“ ხაფანგების გასათავისუფლებლად. სინჯები გრიგოლეთის კვლევით ბაზაზე ჩამოგვაქვს, სადაც მათ რიგის და ოჯახის დონეზე ვარჩევთ და სქესის მიხედვით ვანაწილებთ. გარჩევა თბილისშიც აქტიურად გრძელდება. შემდგომ ეს სინჯები ბონში იგზავნება, სადაც მათი გვარისა და სახეობის დონეზე გარჩევა და გენეტიკური ანალიზი ხდება. „სამუშაო ბევრია და, ხშირად, ღამის 1-2 საათამდეც კი გვიწევს მუშაობა, თუმცა ვიცით, რამოდენა შედეგს გამოიღებს ჩვენი შრომა და ამიტომ არ გვეზარება“, ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თინათინ ჩხარტიშვილი.

ყველა სულმოუთქმელად ელის თუ როგორ განვითარდება პროექტი: გერმანელმა მკვლევრებმა ახალი „სამოთხე“ აღმოაჩინეს - წარმოუდგენლად მდიდარი ბიომრავალფეროვნების მქონე ადგილი, რომელიც თითქმის შეუსწავლელია, ქართველ სტუდენტებს და მეცნიერებს კი საშუალება მიეცემათ, გამოიკვლიონ მათთვის უკვე ცნობილი ადგილები უახლესი გენეტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

თეგები: 
გრიგოლეთი
მეცნიერი
ტყე
ბუჩქნარი
სტუდენტები
პროფესორები
სპეციალობა
ინტერესი
მკვლევარი
ინდივიდი
კლდე
კინტრიში
დაცული ტერიტორია
ალპური ზონა
წვიმა
აჭარა
ბიომრავალფეროვნება
ინვენტარიზაცია
რეფუგიალური ზონა
გამყინვარება
დედამიწა
პროექტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გენეტიკა
ტექნოლო
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია