ბლოგები >
გარემოს დაცვითი ბიზნესის ენთუზიასტები
ლევან ბუთხუზი
Shutterstock.com
03.05.15

„გამარჯობა, ლევან ბუთხუზი გაწუხებთ National Geographic-იდან. თქვენთან გასაუბრება მინდოდა თქვენი ბიზნესიდეის შესახებ. დიახ, დიახ, აი... ბიომასის წარმოებას რომ ეხება“. შეხვედრაზე ვთანხმდებით. მეორე დღეს, დათქმულ დროს კარი იღება და რედაქციაში ორი ახალგაზრდა კაცი შემოდის. „მე გიორგი ზურაბიშვილი ვარ, მანავიდან. მე მესაუბრეთ. კომპანია „გრინერჯის“ წარმოვადგენ, ეს კი ჩემი პარტნიორი თეიმურაზ მათიაშვილია“, - იწყებს ერთ- ერთი. ვსხდებით და საუბარს ვიწყებთ. მაინტერესებს, საიდან გაუჩნდათ საქართველოში ბიომასის პროდუქტების ბიზნესის იდეა, რა პროდუქტების წარმოებაზე ფიქრობენ, რამდენად პერსპექტიულად მიაჩნიათ ეს, აქვთ თუ არა ბიზნესგეგმა, იციან თუ არა საკითხი, შეისწავლეს თუ არა ბაზარი, დაინტერესდება თუ არა ვინმე პროდუქტის შესყიდვით და ბოლოს, რატომ აინტერესებთ ეს? გულში ვფიქრობ, უფრო მარტივი არ არის, მანავში თონე გააკეთო? რატომ აიტკიეს თავი?

გიორგი რიხიანად იწყებს მოყოლას. ზუსტად ისე მიხსნის, როგორც საქმეში ჩაუხედავ ადამიანს აუხსნიდა. თავიდან, დინჯად, მეთოდურად და ლოგიკურად. მიყვება, რომ ბიომასა არის ყველაფერი ის, რაც ცოცხალია ან ის, რაც ცოცხალი იყო ცოტა ხნის წინ; რომ ტყე ბიომასაა, რომ ჩამოცვენილი ტოტებიც, ფოთლებიც, კუნძებიც ბიომასაა, რომ დიდსა თუ პატარა ფერმებში ყველა შინაური ცხოველიც და მათი ცხოველქმედების პროდუქტიც ბიომასაა, საოჯახო ნაგავიც, საკვები პროდუქტების ნაგავიც ბიომასაა და თუ ყველა ამ ჩამონათვლის ნარჩენების შეგროვების მენეჯმენტს გავმართავთ, ხალხს დავასაქმებთ, აუჩქარებლად დავიწყებთ ჯერ ჩვენს რეგიონში და ზრდის შემდეგ, ბიზნესს სხვა რეგიონებში გავიტანთ. ეს ყველაფერი ძალიან პერსპექტიულია. უბრალოდ, ნარჩენს სწორად გადამუშავება უნდა, რათა ენერგოეფექტური საწვავი მასალა მივიღოთ. იაფსა და მაღალენერგეტიკულ ულევ რესურსს კი ბევრი შეისყიდის. ეს ბაზარი არ გამოილევა. პერიოდულად თემურიც ერთვება, მაგალითებს აშველებს პარტნიორს. ხანდახან სიტყვას იღებს და ვრცლად, გატაცებით საუბრობს გეგმებზე. ორივეს თვალები უელავთ და სულ უფრო „იხსნებიან“, სულ უფრო მეტი ენთუზიაზმით „მანათლებენ“. ვუსმენ ამ დალაგებულ, ძალიან სასიამოვნო და ოდნავ შესამჩნევი კახური აქცენტით მოსაუბრე ადამიანებს და ერთი ფიქრი არ მშორდება.

გავრცელებული აზრით, ქართული ბიზნესი ერთი ცუდი თვისებით გამოირჩევა. ხშირად გაიგონებთ, რომ ქართველს უნდა მოგება ახლა და ამ წუთას, რომ ქართველს არ აქვს მომავლის ხედვა და რომ ის, გრძელვადიანი ბიზნეს პროექტების მიმართ გულგრილია. მე თუ მკითხავთ, ეს მოსაზრება უკიდეგანოდ ბრიყვული მგონია, რადგან, ყველგან და ყოველთვის, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, ბიზნესზე ორიენტირებულ ადამიანს, მოგვწონს ეს თუ არა, მოგება უნდა „ახლა და ამ წუთას“. აქ, ქართველები ორიგინალურნი ნამდვილად არ ვართ. და მეორეც - ჩემ გარშემო ყველა ადამიანმა, რომელთაც ბიზნესი წამოიწყეს და წარმატებას მიაღწიეს (იქნებოდა ეს ჩემს სადარბაზოში პატარა მაღაზია, სუპერმარკეტების ქსელი, დიდი სადისტრიბუციო კომპანია, გამართული უსაფრთხოების ტექნიკის კომპანია, თუ მეგა-ტელესაკომუნიკაციო კორპორაცია), თავიდანვე კარგად დაგეგმეს, მომავალს გრძელვადიან პრიზმაში გახედეს და უშიშრად, რისკიანად დაიწყეს. ასე რომ, „ქართველი არ გეგმავს“ არაფერ შუაშია და აზრს მოკლებულია. ბევრმა ქართველმა, რომელსაც კონკრეტული საქმე აინტერესებდა დღე და ღამე იფიქრა ამაზე და თითქმის უფასოდ გააბა საჭირო კონტაქტები, ესაუბრა ინვესტორებს, ბანკებს, ნაცნობ ბიზნეს-გეგმის შემქმნელ კონსულტანტებს ზოგადი რჩევების მისაღებად (ცხადია, თუ მაღაზიის კი არა, დიდი ბიზნესის დაწყება უნდოდა), მეგობარ იურისტებს, ასევე მოიძია ინფორმაცია ინტერნეტში. ეს დაგეგმვა არ არის? აქ რამე ხარჯია? არა და არა! შემდეგ ეს ქართველი დაჯდა, ყველა ძლიერი და სუსტი მხარე აწონა და გადაწყვიტა - მიღირს დაწყება ამ კონკრეტული საქმის, რომელმაც შეიძლება მოგება მხოლოდ 3-4 წელში მომიტანოს და ამ შუალედში კი ისევ ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც ახლა? თუ მიხვდა, რომ საკითხიც აინტერესებს და საქმეს მომავალიც აქვს, დაბრკოლებებს რქებში ჩაავლო ხელი და ნელ-ნელა კისრის მოგრეხა დაუწყო.

გეთანხმებით, ეს მაინც გამარტივებული სქემაა და არ მითქვამს მძიმე პრობლემებზე, რომლებიც, შესაძლოა, თქვენი ბიზნესის განვითარებას ხელს უშლიდეს. ეს შეიძლება საკანონმდებლო ხარვეზები იყოს, რომელსაც მხოლოდ თქვენ ვერ დაძლევთ. ეს, შესაძლოა, თავად იდეის სიახლე იყოს, რომელსაც თქვენი პოტენციური კლიენტი ეჭვის თვალით უყურებს. ეს, შესაძლოა, განუვითარებელი ინფრასტრუქტურაც იყოს, რომელიც ხარჯს იმდენად გიმატებთ, რომ ბიზნესი უაზრო ხდება. ეს შეიძლება იყოს მთავრობის ბიუროკრატია, რომელსაც არ აინტერესებს მხარდაჭერა და თვლის, რომ ამ ბიზნესის განვითარებისთვის თავი არ უნდა აიტკიოს.

მაგრამ, თუ თქვენ საკითხი გაინტერესებთ და პოტენციალს ხედავთ, მაშინ თქვენთვის ცა იქნება საზღვარი.

საქართველოში ბიომასის წარმოება სწორედ იმ ტიპის საქმიანობას განეკუთვნება, რომელსაც არამარტო გარკვეული კაპიტალდაბანდება სჭირდება, არამედ გრძელ ვადაზეა გათვლილი, რომელსაც ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს თქვენი მომავალი კმაყოფილი კლიენტი, რომელსაც კანონმდებლობის ოპტიმიზირებაც სჭირდება და მთავრობის მხარდაჭერაც. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გქონდეთ ინფორმაცია, რა არის ეს ბიომასა და რატომაა ის არამარტო ასეთი პერსპექტიული მთელ მსოფლიოში (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში), არამედ რატომ არის უკვე წარმატებული ბევრ ქვეყანაში და რა რესურსებს ფლობს საქართველო, რომლის გამოყენებაც თქვენ შეგიძლიათ ისე, რომ ენერგომატარებლები აწარმოოთ შედარებით იაფად და პოტენციური მომხმარებელი (რომელიც არც ისე ცოტაა) იმდენად დააინტერესოს, რომ თქვენი მუდმივი კლიენტი გახდეს.

ფიქრი გამიგრძელდა და რომ გამოვერკვიე, მივხვდი - ჩემ წინ, საუკეთესო გაგებით, ორი შეპყრობილი ადამიანი იჯდა, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა, რა უნდათ და როგორ აპირებენ საქმის დაწყებას.

„კარგი, გავიგე, რომ საჭიროა შეისყიდოთ და ჩამოიტანოთ ბიომასის დანადგარი, რომელიც მაღალეფექტურ საწვავ მასალას ქნის, - ვეუბნები მე, - ასევე გინდათ ააწყოთ ბიომასის შეგროვების გამართული მენეჯმენტი, დაასაქმოთ ხალხი, მაგრამ რა რესურსს უმიზნებთ?“ - ვეკითხები და ვგრძნობ, რომ ჩემს ეჭვს ნელ-ნელა იმედი ანაცვლებს. მიხსნიან, რომ საქართველოში ბევრი რესურსია და ქვეყანას ბიომასის პოტენციალი საკმარისზე მეტი აქვს. იმდენად მეტი, რომ მრავალი საშუალო ბიზნესის ამოქმედება შეიძლება. შემდეგ გაფართოება და იქ უკვე ჯანსაღი კონკურენცია დააბალანსებს, ვინ დარჩება საშუალოდ და ვინ გახდება მეგა. ვინ მოამარაგებს იაფი ენერგიით ფერმებს და ვინ დაიწყებს მთელი სოფლებისთვის, დაბებისთვის ან თუნდაც ქალაქის დიდი ნაწილებისთვის ელექტროენერგიის წარმოებასაც კი. მექსიკაშიც ასე იწყებდნენ, მალაიზიაშიც, ინდოეთშიც და ტაილანდშიც. თავიდან ყველას რთულად ეჩვენება, მაგრამ ადვილი რა არის ამ ქვეყნად?! ამ ეტაპზე ორივეს ტყის რესურსი (უფრო ნახერხი) და სოფლის მეურნეობის ნარჩენი პროდუქტები მიაჩნიათ პერსპექტიულად. მომხმარებელი უკვე მზადაა. ბევრი ფერმერი უკვე გაფართოებაზე ფიქრობს. მათთვის ბიომასის ნარჩენისგან წარმოებული პროდუქტი ფასდაუდებელია, რადგან ხარჯს უმცირებს. „გარდა ამისა, არ დაგავიწყდეს სოფლად არსებული მცირე საწარმოები და ინდმეწარმეები, რომლებმაც უკვე მოაწესრიგეს თავიანთი ბიზნესი და გადახდის უნარი აქვთ ხარჯის შესამცირებლად“, - მეუბნება გიორგი და ღიმილით არ მიმხელს, რა ტიპის მეწარმეებზე უჭირავს თვალი. არც ვეძიები. მჯერა, რომ ასეთი ფერმერები და მეწარმეები ბევრნი არიან საქართველოში და ბაზარი ნელ-ნელა უკვე მზადაა ახალი, ინოვაციური და საინტერესო იდეების მისაღებად.

ცხადია, ენთუზიაზმს ვიზიარებ, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ საწყის ეტაპზე მთავარი, ალბათ, მაინც სახელმწიფოა, რადგან ასეთი ინოვაციური პროექტები, რომლებიც ნებისმიერი ქვეყნის ძირითად რესურსს - ენერგიას ეხება, არ გამოვა სახელმწიფოს ჩართვის გარეშე. ამ თვალსაზრისით, მხარდაჭერისა და მოხმარების პოტენციალი კი საქართველოში უკვე არის. მაგალითად, მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ დოლარს ხარჯავენ მუნიციპალური შენობების ენერგორესურსებით (მათ შორის ელ. ენერგიით) მომარაგებაზე. საშუალოდ, გათბობა ამ რესურსის 50%-ია, რომელიც ზამთარში 80%-მდეც კი იზრდება. თან მუნიციპალური შენობების დიდ ნაწილს (განსაკუთრებით რეგიონებში) არ გააჩნია ბოილერიანი გათბობის სისტემა და აქ უმეტესად გამოყენებულია ინდივიდუალური გაზის ან ელექტროგამათბობლები. გარდა იმისა, რომ ეს მუდმივად მზარდი ფინანსური ტვირთია, წიაღისეული საწვავის მუდმივ გამოყენებას ხომ თან სდევს სათბურის გაზების მნიშვნელოვანი ემისია (როგორც CO2–ისა, ბუნებრივი გაზის წვის შედეგად, ასევე CH4-ისა, გაზსადენებიდან გაჟონვების გამო).

გარემოს ამ მზარდი ზიანის გამო ბათუმმა, ქუთაისმა თბილისმა, თელავმა და სხვა ქალაქებმა „მერების შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი და იკისრეს ვალდებულება - 2020 წლისათვის 20%-ით შეამცირონ CO2-ის ემისია 2005 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ანუ, რამდენიმე მუნიციპალიტეტი პოტენციურად მზადაა, ხელი შეუწყოს ბიომასის წარმოების გაფართოებას (თუნდაც დაბალპროცენტიანი კრედიტებით), რადგან ძლიერაა დაინტერესებული მუნიციპალური შენობების ხარჯის შემცირებით. და აი, მუდმივი პოტენციური კლიენტიც შეიძლება გამოჩნდეს - მუნიციპალური შენობების საკმარისი ოდენობა. თუ ფერმერებისა და ფერმების (როგორც ბიომასის საბოლოო საწვავი პროდუქტის შემსყიდველების) დათანხმებაზე და მომგებიან-სადემონსტრაციო საპილოტე პროექტებზე ბიზნესს მუშაობა დასჭირდება, მუნიციპალიტეტი უკვე მზადაა, სერიოზულად განიხილოს ტრადიციული საწვავის ბიომასით ჩანაცვლების საკითხი. ალბათ, საჭირო იქნება ამ ენთუზიასტებისთვის თანამშრომლობის ამ სეგმენტის გათვალისწინებაც, რადგან, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, პროექტი ისეთი ეფექტური ვერ იქნება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

„ტყეში ჩამოცვენილ ტოტებს ან გამოხშირვას რატომ უგულებელვყოფთ?“ - შევაპარე ეშმაკურად ვერაგი კითხვა. პასუხი ნამდვილად გამჭრიახი დამწყები ბიზნესმენის იყო - დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს. კარგად უნდა დაგეგმო და გაითვალისწინო, რომ საქართველო მთა-გორიანია, ტყეების დიდი ნაწილი სწორედ მთებზეა შეფენილი. იქიდან ბიომასის ნარჩენის გამოტანა ძვირ ტექნოლოგიებს უკავშირდება, თუმცა ძალიან ბევრია. მაინც სჯობს, რაც ადვილად მოსაპოვებელია, იმაზე შეჩერდნენ. ესეც ძალიან მომგებიანი ჩანს და რომ გაფართოვდებიან, მერე გამოჩნდება სხვა გზებიც.

ბევრი დამწყები და გაკოტრებული მინახავს, იდეებს რომ ახვავებდა და ლოგიკურად მსჯელობდა, არადა, თავიდანვე მარტივ კითხვებში „იჭედებოდა“ ხოლმე და მერე, ისევე სწრაფად ასრულებდა „ბიზნესს“, როგორც იწყებდა. ეს მოურიდებლად განვუცხადე ორივეს. გაეცინათ. „უკვე ბევრი წელია ამ საქმეს ვსწავლობთ. რამდენიმე მცირე პროექტი წამოვიწყეთ, მაგრამ მაშინ ენერგოეფექტური ბრიკეტის შესყიდვა კი არა, გადარჩენა უფრო აწუხებდა ხალხს. არასამთავრობო ორგანიზაციაც კი დავაარსეთ, მაგრამ დღემდე ენთუზიაზმზე მუშაობს, გრანტი ვერ მოვიძიეთ. მთავარია, რომ მაინც მუშაობს, ცოტ-ცოტა. ასე რომ, გუშინ არ გავნათლებულვართ“, - ამბობს თემური.

რატომ მაინცდამაინც ეს ბიზნესი? მაღაზიათა ქსელი ან დისტრიბუცია უფრო მარტივი არ არის? აღმოჩნდა, რომ - ნურას უკაცრავად! ორივეს მხოლოდ იმ ბიზნესის კეთება უნდა, რომელიც გარემოს არამარტო არ ავნებს, არამედ  სარგებელსაც მოუტანს. „ჩვენ სულით და ღრმა მრწამსით გარემოს დამცველები ვართ! - ამბობს გიორგი, – ეს საქმე საინტერესოა და ამ საქმეს, ზოგადად, დიდი მომავალი აქვს“, - ამატებს თემური.

ერთია ინფორმაციის ფლობა, კონტაქტების სწორი შერჩევა და ფულის მოძიება, მაგრამ და მეორეა ობიექტური პრობლემები. სასტარტო კაპიტალი და ობიექტური რისკები – „ამაზე არ გიფიქრიათ?“ - არ ვეშვები. ჩემდა გასაოცრად, ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა არ იციან და სად უნდა შეივსონ ეს დანაკლისი. მიყვებიან, რომ გაეროს დაწყებული აქვს ბიომასის წარმოების დაწყების ხელშემწყობი პროექტი, რომ უკვე მიიღეს ინფორმაცია, რომ შეხვდნენ გაეროს პროექტის წარმომადგენლებს და იმედი აქვთ, რომ მაღალკვალიფიციური რჩევებითა და ტექნიკური დახმარებით იმას შეივსებენ, რაც აკლიათ - რისკების სწორი ანალიზი. რაც შეეხება ფულს, ცოტა თავისიც აქვთ, ცოტა კი საბანკო კრედიტის და ძირითადად მაინც საინვესტიციო ფონდის „აწარმოე საქართველოში“ იმედი აქვთ.

„არ ფიქრობთ, რომ კონკურენტები გეყოლებათ?“ - ბოლოს მაინც მაინტერესებს რამდენიმე წვრილმანი. ძალიან გულღია და ჯანსაღი პოზიცია აქვთ. იციან, რომ კონკურენტი არ დაელევათ, მაგრამ უფრო სამომავლოდ, როდესაც თავად დაანახებენ მთელ საქართველოს, რომ ამ საქმეში წარმატებული ბიზნესის აწყობა შეიძლება. მათ ამის მტკიცედ სჯერათ!

ასეთი ადამიანებისა და ასეთი ბიზნესის მეც მჯერა!

ამ ბლოგის დასასრულსაც, მინდა ტრადიციული წინადადება გავიმეორო - გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოში, ცოტა ხნის წინ დაიწყო პროექტი: „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის მიზანია ყველა დაინტერესებულის საქმეში ჩართვა, მათი დახმარება, ბიზნესი იქნება ეს, მთავრობა, არასამთავრობო სექტორი თუ უბრალოდ საკითხით დაინტერესებული საზოგადოება. პროექტის კარი ღიაა, თამამად დაუკავშირდით!

თეგები: 
ბლოგი
ბიომასა
ბიზნეს პროექტი
გარემოს დაცვა
© საავტორო უფლებები დაცულია; გამოცემულია საქართველოში. წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია