ბლოგები >
თბილისელი რეპტილიები
ლიზა ყარალაშვილი
ლიზა ყარალაშვილი
10.08.18

საქართველოში დაახლოებით 26 სახეობის გველი, 27 სახეობის ხვლიკი და 3 სახეობის კუა გავრცელებული. სახეობების რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა, ხშირად, ძალიან რთულია. ხშირია შემთხვევები, როდესაც მეცნიერი გადააწყდება ინდივიდს, რომელიც ცოტათი განსხვავდება ცნობილი სახეობისაგან და ამ ინდივიდს ახალი სახეობის წარმომადგენლად აღწერს. სამწუხაროდ, არ არსებობს სახეობების გამოყოფის უნივერსალური წესი. ამიტომ სახეობის აღიარება, როგორც წესი, მეცნიერების ერთმანეთში შეთანხმებით ხდება, მეცნიერთა მოსაზრებები კი ყოველთვის როდი ემთხვევა ერთმანეთს! ზოგი მეცნიერი თვლის, რომ საქართველოში 26-ზე ნაკლები სახეობის გველი ბინადრობს. ისეთი მეცნიერერბიც არსებობენ, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოში 26-ზე გაცილებით მეტი სახეობის გველია გავრცელებული. ამიტომ ზემოთ მოყვანილია სახეობების საშუალო რაოდენობა.

ხალხი საკმაოდ ხშირად ვარდება პანიკაში გველის ან ხვლიკის დანახვისას. ხშირად ამის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. თბილისში ყველაზე ხშირად ისეთი სახეობის ქვეწარმავლები გვხვდებიან, რომლებიც ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ესენია ძირითადად: ჩვეულებრივი და წყლის ანკარები (natrix natrix და natrix tessellata), გველხოკერა (ophisaurus apodus), ბოხმეჭა (angius fragilis), ან სხვადასხვა სახეობის ხვლიკები. ბევრმა არ იცის, რომ გველხოკერა და ბოხმეჭა სინამდვილეში ხვლიკები არიან და არა გველები, საქართველოში კი საერთოდ არ გვყავს შხამიანი ხვლიკები. ისინი სრულიად უვნებელნი არიან ადამიანისათვის. ანკარები ნამდვილი გველები არიან, თუმცა შხამი არც მათ აქვთ და მათი ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი უსიამოვნო სუნის მქონე სითხის გამოყოფა და თავის მომკვდარუნებაა.

ცხადია, გვხვდება შხამიანი გველებიც, თუმცა თბილისის სიახოლვეში ისინი ბევრად უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი სახეობები. ქალაქებთან გვხვდება რამდენიმე სახეობის გველი, რომელსაც უკანა შხამიანი კბილი აქვს. ესენია: კატისთვალა გველი (telescopus fallax), სპილენძა (coronella austriaca) და სხვები. მათი შხამი დაახლოებით  კრაზანის შხამის სიმძლავრისაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ალერგიულ ადამიანებს გარკვეული გართულებებიც შეიძლება ჰქონდეთ.

რეპტილიები თითქმის ყველგან გვხვდება. ზაფხულში ისინი მიწიდან ამოდიან და საკმაოდ ხშირად გვხვდებიან როგორც ველურ ბუნებაში, ისე თბილისთან საკმაოდ ახლოს მდებარე სარეკრეაციო ზონებშიც. ხალხის ძალიან დიდი ნაწილისთვის ისინი „საზიზღრები“ და „საშინელები“ არიან. არ ჩავუღრმავდები იმას, თუ რა იწვევს ქვეწარმავლების მიმართ ასეთ სიძულვილსა და აგრესიას, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ქვეწარმავლები (მწერებს თუ არ ჩავთვლით), ალბათ, ყველაზე საძულველი ცხოველები არიან მათთვის.

GIZ და თბილისის მერია ერთობლივად ხელმძღვანელობენ პროექტს „ბიომრავალფეროვანი თბილისი“, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად ეწყობა ექსკურსიები დედაქალაქთან არსებულ სარეკრეაციო ზონებში. ამ ექსკურსიებზე ექსპერტები ხალხთან ერთად ეძებენ ამა თუ იმ კლასის წამომადგენელ ცხოველებს ან მცენარეებს და მოკლე ინფორმაციას აწვდიან ხალხს მათ შესახებ. წელს, სხვა ექსკურსიებს შორის, ჩატარდა გასვლები ლისის ტბასთან და ბოტანიკურ ბაღში, რომელთა თემატიკაც სწორედ რეპტილიებს და ამფიბიებს შეეხებოდა.

„ძალიან საინტერესოა მსგავს გასვლებში მონაწილეობის მიღება“, ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ირინა წერეთელი. „სწავლობ გარშემო ყურებას და ამჩნევ, რომ შენ ირგვლივ ძალიან ბევრი არსება ბინადრობს, რომლებსაც ყოველდღიურად ვერც ამჩნევ. თვალიც ნელ-ნელა ეჩვევა გარემოს ყურადღებით თვალიერებას და ნელ-ნელა შენ გარშემო სრულიად ახალ სამყაროს აღმოაჩენ!“

ჩემთვის, როგორც მომავალი ეკოლოგისთვის, ეს არსებები ძალიან საინტერესონი არიან. თავს არ შეგაწყენთ იმაზე წერით, თუ როგორი განსხვავებული ქერცლები ან თავის ფორმა აქვს სხვადასხვა სახეობის გველსა თუ ხვლიკს, რადგან ვიცი, ეს, ალბათ, მხოლოდ ეკოლოგს ან ბიოლოგს თუ დააინტერესებს. შევჩერდები ერთ ძალიან საინტერესო ფაქტზე, რომელიც ძალიან ცოტამ იცის: გველებსა და ხვლიკებს ორი ფალოსი აქვთ. დიახ, არ მოგესმათ - მათ ორი პენისი აქვთ. მათ მეცნიერულ ენაზე ჰემი-პენისები ეწოდებათ. თითო ჰემი-პენისი თითო სათესლეზეა მიბმული.

საინტერესოა: რაში სჭირდებათ მათ ორ-ორი ფალოსი? იმისათვის, რომ მსგავსი რამ ასე მასიურად ჩამოყალიბდეს, ევოლუციას მიზეზები სჭირდება. ისევე, როგორც ძალიან ბევრ სხვა ნიშან-თვისების, ორი პენისის ჩამოყალიბებაც რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. მკითხველს ვურჩევ, ამ ადგილას ცოტა ხნით შეწყვიტოს კითხვა და თავად დაფიქრდეს - რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ორ პენისს? (გაითვალისწინეთ, რომ ისინი ორივე ფალოსს ერთდროულად ვერ იყენებენ).

პიველად ეს შეკითხვა ჩემმა ჰერპენტოლოგმა მეგობარმა დამისვა და ძალიან დიდხანს მაწვალა, სანამ სწორ პასუხს მეტყოდა. ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ ერთ-ერთი მიზეზი გამოვიცანი: სპერმის აღდგენას გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომ, ერთი ფალოსით მდედრთან შეჯვარების შემდეგ, მეორედ შეწყვილებისას ისინი მეორე ჰემი-პენისს იყენებენ. ამასობაში პირველ სათესლეში სპერმა აღდგება და ა.შ. არსებობს რამდენიმე მსგავსი „წვრილ-წვრილი“ მიზეზი, თუმცა უმთავრესი და ყველაზე საინტერესო შემდეგია:

ქვეწარმავლები სხვადასხვა სათესლეში სხვადასხვა გენების მატარებელ სპერმას გამოიმუშავებენ. ერთ მდედრს ინდივიდი ერთი პენისით უწყვილდება, მეორეს კი - მეორეთი და, შესაბამისად, შთამომავლობას განსხვავებულ გენეტიკურ მასალას გადასცემს. ამით ისინი პოპულაციაში ახლო ნათესაური კავშირის ალბათობას ამცირებენ.

ასევე ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მდედრ გველს სპერმის შენახვა დაახლოებით 5 წლის განმავლობაში შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც მდედრი 5 წლის განმავლობაში არ შეუწყვილდა მამრს, მას მაინც შეუძლია განაყოფიერებული კვერცხების დადება და წიწილების გამოჩეკვა!

ასევე საინტერესოა თავად ამ ჰემი-პენისების აგებულებაც. ძუძუმწოვრებში (მათ შორის ადამიანებშიც) პენისს თესლსადენი არხი შუაში აქვს მოთავსებული, გველებში კი იგი გარედან არსებული ერთგვარი ღარის სახითაა წარმოდგენილი. მსგავსი ღარი აქვს მდედრს საშოში და შეწყვილებისას ეს ორი ღარი ისე ემთხვევა ერთმანეთს, რომ ერთი არხი წარმოიქმნება!

მამრი ქვეწარმავლების ჰემიპენისები ეკლებითა და კაუჭებითაა დაფარული, რომლებიც სხვადასხვა სახეობაში განსხვავებულია. ეს მოვლენა არაა კარგად გამოკვლეული. სავარაუდოდ, ეს სახეობათშორის შეჯვარებას ზღუდავს და ე.წ. „გასაღებისა და კლიტის“ მექანიზმით მუშაობს.

2015 წელს ჟურნალში „Journal  of Herpentology” დაიბეჭდა ს. ვალდეკანტოს და ფ. ლობოს სტატია მდედრ ხვლიკებში არსებულ ჰემი-კლიტორების შესახებ. ავტორებმა კვლევა სამხრეთ ამერიკულ ლეოაემიდ ხვლიკებზე ჩაატარეს. ჰემი-კლიტორი საკმაოდ ახალი ცნებაა და უფრო სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს.

როგორც ხედავთ, რეპტილიები ძალიან კომპლექსური და საინტერესო არსებები არიან. საქართველოში გავრცელებული რეპტილიების უდიდესი ნაწილი კი ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და, შესაბამისად, მათი მოკვლა, უმეტეს შემთხვევაში, სრულიად ზედმეტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მარტივად შეიძლება მათი გვერდის ავლა ან, უკიდურეს შემთხვევაში, ჯოხით ან რამე მსგავსი საგნით მათი განზე გასმა.

 

თეგები: 
რეპტილია
გველი
ხვლიკი
კუ
ქვეწარმავლები
გველხოკერა
ანკარა
შხამი
კატისთვალა გველი
სპილენძა
კრაზანა
ამფიბია
ლისის ტბა
ბოტანიკური ბაღი
ძუძუმწოვრები
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია