ბლოგები >
ბიომრავალფეროვანი მეზობლები
თამარ ბაღაშვილი
ტბელ აბუსერიძე
24.08.18

სერიიდანსოფლის შენებას რა უნდა...”

განთიადის ნისლი დაქცეული რძესავით მოეფინა ტყეს. სიცხე, მაღალი ტენიანობა და მომაბეზრებელი მწერების სიუხვე აუტანელია - პირველ სამუშაო შეხვერდას დიზაინის, ურბანული დაგეგმარებისა და ხელოვნების სტუდენტები, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებიან. საქართველოდან მორიდებულ სამკაციან, უფრო სწორად კი, სამქალიანი ჯგუფს ეკოლოგიის და ტურიზმის ინტერესების დაცვა გვევალებოდა. სიამინის აეროპორტიდან მატარებლით 4 საათის და ავტობუსით 2 საათის დაშორებაზე, იანქშის პროვინციის ცინლიანშანის ეროვნულ პარკში, ყველა ერთი მიზნისათვის შეიკრიბა - მიტოვებული სოფლების ურბანული განვითარება. შეხვედრა პრიორიტეტების დასახვით დაიწყო - “ავთენტურობა, ეკოლოგიურად უდასფრთხო ინდუსტრალიზაცია, ბიომრავალფეროვნება...” ღიმილიანი სახე წიგნაკში ჩავრგე და ჩემთვის ჩანიშვნა დავიწყე... დედამიწის სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა კულტურის, ეკონომიკურ-სოციალური განვითარების ხალხმა ერთსა და იმავეზე ფიქრი დაიწყო, ან, უბრალოდ, დიდი ხნის მივიწყებული აზრები ხელახლა გააგრძელა. თბილისში, ჩინელი ექსპერტების პარალელურად, გერმანელი და ქართველი კოლეგები იმავე საკითხს უკვე 2 წელია უკირკიტებენ...

პროექტი „ბიომრავალფეროვანი თბილისი“ ქალაქის მცხოვრებლებს შორის ურბანული ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უძღვება, საფეხმავლო ტურები მოეწყო თბილისსა და მის შემოგარენში. ე.წ. „ბიომრავალფეროვნების ჯგუფები“ სხვადასხვა თემაზეა ფოკუსირებული - მცენარეები, ფრინველები, მწერები. ჯგუფის წევრები მოხალისე და დაინტერესებული მოქალაქეები არიან, საველე გასვლებს კი ექსპერტი ხელმძღვანელობს. მიზანი ცალსახა და პრაქტიკულია - ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ეკოლოგიის და გარემოს დაცვის განხრით საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა. პროექტის მხარდასაჭერად National Geographic - საქართველოც ჩაერთო და თემატური ფოტოკონკურსი გამართა. მიზანი ურბანულ გარემოში ბიომრავალფეროვნების აღმოჩენის წახალისება იყო. მონაწილეთა აქტიურობამაც არ დააყოვნა; ფოტოები სხვადასხვა ასაკისა და ფოტოგრაფიაში გამოცდილების მქონე ათეულობით ქალაქის მკვიდრმა გამოაგზავნა. გამოფენა 22 მაისს გაიმართა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ზრდასთან ერთად სიცოცხლისუნარიანი ბიოლოგიური მრავალფეროვნება ნადგურდება ან ნაწევრდება მცირე ნაწილებად, რომელიც არასაკმარისი სიდიდისაა გამართული ეკოსისტემების ხელშესაწყობად, დედაქალაქსა და მის შემოგარენში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს იტევს, ჯერ კიდევ არსებობს ველური ბუნება. მისი დაცვა და მოფრთხილება თითოეული მოქალაქის ინტერესებშია. გარდა იმისა, რომ თითოეული სახეობა თავისთავად მნიშვნელოვანია, ისინი სხვადასხვა ეკოსისტემების - ტყე, ზღვა, უდაბნო, ტბა და ა.შ. - გამართულ ფუნქციონირებას განაპირობებენ. თავის მხრივ, სწორედ ამ ეკოსისტემებისაგან ვიღებთ ფასდაუდებელ და შეუცვლელ სერვისებს; მათ ვერც იმპორტით შემოიტან და მათზე ვერც ბაზარში დააკლებინებ ფასს - ჰაერი, წყალი, ხარისხიანი ნიადაგი.

სერიიდანრა სარგებლობა მოაქვს მამალს?”

ამ შემთხვევაში კი გველებს, კოღოებს, ნემსიყლაპიებს...

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ქვების, ბუჩქების და მდინარის ნაპირის ქექვის პარალელურად ექსპერტი გიორგი იანქოშვილი ჯგუფს ქვეწარმავლების მნიშვნელობაზე ელაპარაკებოდა. ეს “ბიომრავალფეროვანი თბილისის” ერთ-ერთი საველე გასვლაა. მონაწილეთაგან ყველამ ზემდიწევნით იცოდა, რომ ყველა ქვეწარმავალს სარგებელი მოაქვს და მიზეზი აქვს საარსებოდ. ექსპედიციის ყველაზე ნორჩი წევრი 13 წლის სანდრო იყო: “ქვეწარმავლები ყოველთვის მაინტერესებდა და არც მათი შიში მაქვს. ზოოპარკში საგანმანათლებლო ცენტრში დავდივარ და ბევრ რაღაცას ვიგებ, ან ასეთ გასვლებს ვესწრები. სკოლაში მსგავსს არაფერს გვასწავლიან.” სამწუხაროდ, ყველა მოქალაქე ასეთი ბუნების ენთუზიასტი არ არის, შესაბამისად, ქალაქის მკვიდრთა უმრავლესობისთვის უცნობია, რა სასარგებლოები არიან  ქვეწარმავლები, მწერები და ფრინველები.

“გველი კვებითი ჯაჭვის ბევრ საფეხურზეა განაწილებული და საჭირო. მაგალითად, გველი ჭამს იმ ბაყაყს, რომელიც თავის მხრივ ჭამს ნემსიყლაპიას, რომელმაც ინადირა მწერზე, რომელიც ჭამს მცენარეებს,” გვიხსნის ექსპერტი გიორგი. “ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობისა, ისევე როგორც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, მწერების და გველების პროპორციის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საყურადღებოა გველების და ფრინველების ურთიერთდამოკიდებულება. გველიჭამია არწივი მხოლოდ გველით იკვებება. თუ მისი საკვები გაწყდება ან შემცირდება, არწივის ამ სახეობის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.”

საქართველოში დარევსკის გვარის 15 სახობის ხვლიკი ბინადრობს. ასეთი მრავალფეროვნება არ არის დამახასიათებელი არც ჩვენს მეზობელ და არც ევროპის ქვეყნებში. კავკასიური გველგესლა კი ექსკლუზიურად კავკასიის ენდემური ცხოველია. მის სანახავად მსოფლიო მასშტაბით ჩამოდიან ჰერპეტოლოგები (ამფიბიების და რეპტილიების მკვლევრები). თუკი ეკოლოგიის მნიშვნელობის ციფრებში გამოსახვა გვსურს, ბიომრავალფეროვნება ტურიზმის და, შესაბამისად, ეკონომიკური შემოსავლის დიდი პოტენციური წყაროც არის. 

“ნემსიყლაპია და სალამანდრა სუფთა მდინარის და წყლის ინდიკატორები არიან. თუ მათი პოპულაციის ზრდა შეწყდა ან შეფერხდა, ამან უპირველეს ყოვლისა ადამიანი უნდა დააფიქროს საკუთარ კეთილდღეობაზე. ერთ სახეობაზე დაკვირვებით და დაცვით ფაქტიურად ვზრუნავთ ზოგად ეკოლოგიურ ფონზე და ჰაბიტატზე. ასევე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რა ცვლილებებს მოუტანს ეს ადამიანებს,” გვიხსნის გიორგი. 

თბილისის შემოგარენი გველების სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გველებს პოულობენ პეკინის გამზირზე, ვაკის პარკში, მე-11 სართულის ლიფტში… ყველა სახეობას სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატი და გარემო პირობები სჭირდება. თბლისი, სადაც თავმოყრილია ტენიანი და მშრალი ადგილებიც, ტბებიც და ტყეებიც, იდეალური ეკოტონია სხვადასხვა სახეობების განვითარებისათვის. ამგვარ პირობებში ველური ბუნება შეუფერხებლად ყვაოდა. ერთადერთი მოგვიანებით შემოსწრებული სტუმარი აქ ადამიანია. ქვეწარმავლები ურბანიზაციასთან გარკვეულწილად ადაპტირდებიან, თუმცა ბუნების ნორმალურ ციკლში უხეშმა ჩარევამ შეიძლება სახეობების არაჯანსაღი და გადაგვარებული პოპულაციების გამრავლება გამოიწვიოს. ბუნება შემთხვევითობას არ ენდობა, მისი მუშაობის პრინციპი კარგად გათვლილი მექანიზმია, სადაც სხვადასხვა სახეობები მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვში არიან ჩაბმულები. ერთი სახეობის სახეცვლილება, შემცირება ან გაწყვეტა დომინოს ეფექტით იწვევს რღვევას და ცვლილებას. რა სახის იქნება ეს ცვლილება, მეტწილად ადამიანის ქმედებაზეა დამოკიდებული.

სერიიდან “ბიომრავალფეროვნება ვჭამო?”

პასუხი ცალსახა და მოულოდნელია - დიახ!..

“ნემსიყლაპია მტაცებელი მწერია და არეგულირებს სხვა მავნე მწერების რაოდენობას, რომლებმაც შეიძლება, მაგალითად, მოსავალიც გაანადგურონ. მის რაციონში ყველასათვის საძულველი კოღოც შედის, თუმცა მავნებელი და არამავნებელი მხოლოდ ადამიანის წარმოდგენაში არსებობს. დაავადებების გადამტან მწერებსაც კი მოაქვთ სარგებლობა. ისინი არეგულირებენ ძუძუმწოვრების რიცხვს და ბუნებაში ბალანსს იცავენ”. მწერების საველე ჯგუფს ექსპერტი გიორგი მამადაშვილი უძღვებოდა. მწერებით ბავშვობიდან იყო გატაცებული. 2 წელი ეკონომიკის ფაკულტეტზე ისწავლა და ბოლოს მაინც ბიოლოგიას და შემდგომ, კონკრეტულად ენტომოლოგას გაჰყვა. “ბევრი ბიოლოგი, სამწუხაროდ, ბანკში ან სხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე სამუშაოდ წავიდა. ფაკულტეტზე 40 კაციდან მეცნიერებას 4 კაცი შემოვრჩით…” სხვა ქვეყნების ფონზე, საქართველოს და თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნება ჯერაც გამოუკვლეველია. შესწავლილი მასალა უკვე საკმაოდ მოძველდა, რადგან ლანდშაფტი და ეკოლოგია მკვეთრად შეიცვალა. ადამიანის ჩარევამ შეცვალა მდინარის კალაპოტი, მოიჭრა მთის მასივები და გაიჩეხა ტყე, შესაბამისად, შეიცვალა ბიოლოგიური მრავალფეროვნება. დღევანდელ ჩვენს ურბანულ ველურ სამეზობლოს ფაქტიურად არ ვიცნობთ. დღის წესრიგში არსებულ სხვა რიგ საკითხებთან შედარებით, შესაძლოა, გარკვეულ მოქალაქეებს მწერები, ხვლიკები და, ზოგადად, ბიომრავალფეროვნებაც ნაკლებ აქტუალურ საკითხად მოეჩვენოთ, თუმცა 13 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა და დედაქალაქის შუაგულში მოსეირნე ჰოპოპოტამმა თვალნათლივ მიგვანიშნა - მწერებიც და ეკოლოგიაც ისეთივე სოციალურ-პოლიტიკურად მწვავე საკითხებია, როგორც გადასახადები, ასფალტის დაგება და ნარკო-კონტროლი. 

ცინლიანშანის ტროპიკულ ტყეებს და ბრინჯის მინდვრებს ისევ მცხუნვარე დილა დაათენდა. ველური ფუტკრები და ადამიანები საქმიანად აზუზუნდნენ. აქ ლუსიტოპია - ახალი ტიპის ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოპროდუქციის წარმოებაზე და კულტურაზე ორიენტირებული დასახლება უნდა აყვავდეს. მწერები და ქვეწარმავლები არც თბილისის შემოგარენში ისვენებენ, მაგრამ იმედია მათ ქმედებებს და სახეცვლილებას უკვე სხვა დაინტერესებულ და გამოფხიზლებულ მოქალაქეთა ჯგუფი დააკვირდება და გააანალიზებს. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და მწვანე საფარზე ზრუნვა ფუფუნების საგანი არ არის, ეს საჭიროებაა. ასე თუ ისე, ბუნება ჩვენ გარეშეც გააგრძელებს ევოლუციას. გავაგრძელებთ კი ჩვენ?

 

თეგები: 
განთიადი
ნისლი
ტყე
სიცხე
ტენიანობა
მწერი
ურბანული
დაგეგმარება
ბიომრავალფეროვნება
საქართველო
ეკოლოგია
ტურიზმი
პარკი
სოფელი
კულტურა
პროექტი
მცენარე
ფრინველი
ეკოსისტემა
ზღვა
უდაბნო
ტბა
ჰაერი
გველი
კოღო
ზოოპარკი
ქვეწარმავლები
სასოფლო-სამეურნეო
მდინარე
ძუძუმწოვრები
ხვლიკი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია