ბლოგები >
ახალი ბიზნესის გამოწვევები
ლევან ბუთხუზი
Shutterstock.com
03.05.15

მოვერიდოთ თუ არა ისეთი ბიზნესის დაწყებას, რომელსაც ჩვენი ბაზარი არ იცნობს? ეს კითხვა მილიონობით ადამიანს აწუხებს. ბაზარი მართლაც რომ ძალიან საინტერესო რამ არის და ხშირად უცნაურად რეაგირებს - ძველ, ნაცნობ და ჩვენთვის ერთი შეხედვით საჭირო პროდუქტსა და მომსახურებას უარს ეუბნება. მეორე მხრივ, ხანდახან ახალი პროდუქტი ან სერვისი იმდენად საინტერესოა, რომ მოთხოვნა სწრაფად ჩნდება. კითხვაზე - მოვერიდოთ თუ არა შემსყიდველისთვის უცნობი საქმის წამოწყებას, მაინც ინდივიდუალური რისკის ამბავია. თუმცა, თავის დროზე, ბილ გეიტსს, სტივ ჯობსს თუ მარკ ცუკერბერგს რომ არ გაერისკათ, ჩვენ დღეს მათი პროდუქტი და სერვისი არ გვეცოდინებოდა.

პროდუქტს, რომელსაც ამ ბლოგს ვუთმობ, ბევრ განვითარებად ქვეყანაში კარგად იცნობენ. საქართველოში - ნაკლებად. ბევრ ქვეყანაში ის წარმატებულია. ჩვენთან ჯერ ფიქრის სტადიაზე ვართ. არადა, საქმე არამარტო კეთილშობილია, არამედ მომგებიანიც. უბრალოდ, ცოტა კომპლექსურია და რადგან ჩვენთვის ახალია, ბუნებრვია, ბევრი მას სკეპტიკურად უყურებს. არადა, რესურსი ცდება. თან რა რესურსი!

საქმე საქართველოში ბიომასის პროდუქტების წარმოებისა და გაყიდვის პრობლემებსა თუ გამოწვევებს ეხება. თუ ამავე თემატიკის სხვა მასალებს არ გაცნობიხართ და პირდაპირ აქ შემოხვედით, მაგრამ თემით მაინც დაინტერესდით (იმედია, დაინტერესდით), მაშინ ჯობია ჯერ ამ ბლოგს გაეცნოთ, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას მოგცემთ, რა არის ბიომასა და რატომ შეიძლება იყოს მისი ნარჩენების გამოყენება ასეთი მიმზიდველი ყველასთვის. ვინც საკითხს იცნობს და შედარებით მეტი ინფორმაციის მიღება უნდა ამ თვალსაზრისით სამომავლო საქმიანობის გასაფართოებლად, ვფიქრობ, საინტერესო იქნება იცოდეს ის გამოწვევები, რაც ზოგადად ბიომასის ნარჩენების წარმოებას აქვს საქართველოში და როგორ უნდა იქნეს ის დაძლეული.

მე ბიომასის ენერგიის გამოყენება და მეტი მწვანე ბიზნესი უბრალოდ გამახარებდა და მეტი არაფერი, ანუ, ცხადია, პირადი ინტერესი არ მაქვს ამ ბიზნესისა და როგორც რიგითი მოქალაქე, მხოლოდ გარემოსდამცველის თვალით ვუყურებ საქმეს. მაგრამ ბლოგის წერისას სხვადასხვა ექსპერტთან დამჭირდა კონსულტაცია და ნელ-ნელა ჩემი თავი ბიომასის ენერგიის ბიზნესით დაინტერესებული ადამიანის ადგილზე დავაყენე. დავაყენე და პირველი, რაც თავში მომივიდა, იყო ის, რომ ასეთი ტიპის ახალი საქმიანობა ორჯერ უფრო გაძნელდება, თუ შესაფერისი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს, თუ სახელმწიფო არ არის დაინტერესებული და თუ ჩემმა პოტენციურმა კლიენტმა არ იცის ბიომასის ხიბლის შესახებ არაფერი.

მოდით, ზოგადად ჩამოვყაროთ რამდენიმე შესაძლო ძირითადი ბარიერი (ჩვენი ობიექტურად სუსტი მხარე) და შევაფასოთ, რა მხარდამჭერი რეალობაა ჩვენს გარშემო, რომელიც შეიძლება ჩვენს ძლიერ მხარედ ჩავთვალოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. ამ ორ საკითხს (სუსტი და ძლიერი მხარეების) შეპირისპირებით კი, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ საქმე კომპლექსურია (ან რომელი საქმე არ არის კომპლექსური), მაგრამ კარგი დაგეგმვით ძალიან პერსპექტიულია.

ჩვენი ერთ-ერთი ბლოგიდან [Link to Blog 3] ჩანს, რომ საქართველოში ბიომასის ენერგიის გამოყენების დიდი პოტენციალია. განახლებადი რესურსი საკმარისია საშუალო ან დიდი საწარმოების ასამუშავებლად. ამას ძლიერ მხარეს ვერ დავარქმევ. ეს, ფაქტობრივად, საქმის ფუნდამენტია.

პირველი: შეგვიძლია დავუშვათ, რომ, რადგან ბიომასის ენერგიის გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიებით საქართველოში არ ხდება, ალბათ, წამახალისებელი კანონმდებლობაც არ არის დახვეწილი.

მეორე: ასევე გასათვალისწინებელია სახელმწიფოს სიფრთხილე. ამიტომ, მისი მხრიდან უფრო ქმედითი ნაბიჯი, ეფექტური სამოდელო პრაქტიკის დანახვის შემდეგ, უფრო ლოგიკური იქნება.

მესამე: შემსყიდველი (იქნება ეს ნებისმიერი მუნიციპალური საწარმო, ინდმეწარმე, მცირე საწარმო, გლეხი თუ განვითარებული ფერმა) არ არის მზად, შეისყიდოს ჩვენ მიერ წარმოებული ბრიკეტი თუ პელეტი (ბიომასის მაღალენერგეტიკული პროდუქტი), რადგან, ჯერ ერთი, არ იცის მის შესახებ არაფერი, ვერ ხვდება, რამდენად მომგებიანი იქნება ეს მისთვის და, ასევე, გარკვეული კაპიტალდაბანდება უნდა გააკეთოს ან სპეციალურ ღუმელში, ან სპეციალურ ბოილერში, რომელიც ჯერ ბაზარზე დიდად არ არის გავრცელებული.

მეოთხე: თუ საწყისი კაპიტალი არ გვაქვს (და ეჭვი მაქვს, რომ ბევრ მკითხველს ჩემნაირად არ აქვს შესაბამისი კაპიტალი), მაგრამ საქმეში ჩართვა გვინდა, საეჭვოა არსებობდეს ინვესტორი, რომელიც ახალ წამოწყებაში დაგვეხმარება - მან ხომ არ იცის, ეს საქმე როგორ მუშაობს. საწყის კაპიტალში კი, ყველა სხვა ხარჯთან ერთად, კაპიტალური ხარჯებია გასათვალისწინებელი - პელეტის ან ბრიკეტის დამამზადებელი დანადგარი. აგრეთვე საბოლოო დანიშნულების (კლიენტის) გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ტრანსპორტირება. ცხადია, პელეტი და ბრიკეტი სწორედ იმიტომაც არის მომხიბვლელი, რომ ფორმაც და მოცულობაც ტრანსპორტირებას აიოლებს, მაგრამ ხარჯი მაინც ხარჯია.

მეხუთე: საკითხი ძალიან სპეციფიკურია და, მაგალითად, ბიზნესგეგმის შედგენისას ძვირდღირებული კონსულტანტი მხოლოდ ბოლო სტადიაზე შეიძლება დავიხმაროთ. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ კონსულტანტებს ამ საკითხში არაფერი გაეგებათ და მათი მომზადება დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

ბუნებრივია, კიდევ იქნება ობიექტური გამოწვევები (არ მინდა პრობლემა დავარქვა), მაგრამ ჩვენი სუსტი მხარეები, ჩემი აზრით, მაინც ეს ხუთია.

ახლა ვეცადოთ ის გარემო გავაანალიზოთ, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ.

გამოწვევა 1-3 (საკანონმდებლო ბაზა, სახელმწიფოს ინტერესი და შემსყიდველი)

შესაძლოა, არც იცოდით, რომ საქართველოში მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ დოლარს ხარჯავენ მუნიციპალური შენობების ენერგორესურსებით (მათ შორის ელ. ენერგიით) მომარაგებაზე. საშუალოდ, გათბობა ამ რესურსის 50%-ია, რომელიც ზამთარში 80%-მდეც კი იზრდება. თან მუნიციპალური შენობების დიდ ნაწილს (განსაკუთრებით რეგიონებში) არ გააჩნია ბოილერიანი გათბობის სისტემა და აქ უმეტესად გამოყენებულია ინდივიდუალური გაზის ან ელექტროგამათბობლები. გარდა იმისა, რომ ეს მუდამ მზარდი ფინანსური ტვირთია, წიაღისეული საწვავის მუდმივ გამოყენებას თან სდევს სათბურის გაზების მნიშვნელოვანი ემისია (როგორც CO2-ისა, ბუნებრივი გაზის წვის შედეგად, ასევე CH4-ისა, გაზსადენებიდან გაჟონვების გამო). გარემოს ამ მზარდი ზიანის გამო, ბათუმმა, ქუთაისმა თბილისმა, თელავმა და სხვა ქალაქებმა „მერების შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი და იკისრეს ვალდებულება - 2020 წლისათვის 20%-ით შეამცირონ CO2-ის ემისია 2005 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ანუ, რამდენიმე მუნიციპალიტეტი პოტენციურად მზად არის, ხელი შეუწყოს ბიომასის წარმოების გაფართოებას (თუნდაც დაბალპროცენტიანი კრედიტებით), რადგან, CO2-ის ემისიის შემცირებასთან ერთად, ძლიერაა დაინტერესებული მუნიციპალური შენობების ნაწილის ხარჯის შემცირებით. ეს მუდმივ პოტენციურ კლიენტს აჩენს - მუნიციპალური შენობები! მე თუ მკითხავთ, დიდი ფერმები თუ ინდივიდუალური ფერმერები, კერძო მცირე საწარმოები (მაგ. თონეები) ან შედარებით მსხვილი ობიექტები, რომლებსაც იაფი თბოენერგია სასიცოცხლოდ სჭირდება, მაინც მეორადი კლიენტია. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით (თუმცა შესაძლოა ვცდები), გაცილებით ეფექტურია დაინტერესებულ მუნიციპალიტეტებთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლა, რადგან სრულიად დასაშვებია, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობენ სამოდელო საწარმოების შექმნასა და/ან მხარდაჭერაზე. კანონმდებლობის დახვეწაზე თუა საუბარი, აქ მარტო ინდივიდი ან კომპანია ძალიან შეზღუდულია და სახელმწიფო სტრუქტურასთან თანამშრომლობა ყველაზე ეფექტური გზაა შესაბამისი კანონმდებლობის დასახვეწად. არ დაგვავიწყდეს, რომ „მერების შეთანხმების“ გარდა, ევროგაერთიანებასთან ასოცირების რატიფიცირების გამო, არსებობს საქართველოს ვალდებულებები ამ მიმართულებით და სახელმწიფო უბრალოდ ვალდებულია კანონმდებლობა დახვეწოს. პროცესში დაინტერესებული მხარის ჩართვა კი მხოლოდ უკეთესი შედეგის მომტანია.

გამოწვევა 4 - 5 (საწყისი კაპიტალი და საკითხის სპეციფიკურობა)

დამეთანხმებით, რომ საქართველო დღეს აღარ არის ის, რაც 90-იან წლებში იყო. სწორედ ამ კუთხით შევხედოთ საკითხს და ვნახოთ, რა ზოგადი საშუალებები არსებობს. ფაქტია, რომ დღეს უკვე ინვესტორიც მეტია, ბანკიც ბევრია, სახელმწიფოც გაცილებით მეტ ფულს ხარჯავს საქონლისა თუ სერვისის შესყიდვებზე, მუნიციპალიტეტებიც უფრო აქტიურად მოდიან რეგიონული განვითარების პროექტების ფარგლებში სათანამშრომლოდ, საინვესტიციო პროგრამა „აწარმოე საქართველოშიც“ მუშაობს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოების დამხმარე პროექტებიც გაცილებით ეფექტურნი გახდნენ. ასევე, სიამოვნებით უნდა ვაღიარო, რომ მოსახლეობამაც უფრო და უფრო მეტად დაიწყო გარკვევა ბიზნესის ფუნდამენტურ პრინციპებში. ეს კი ნიშნავს, რომ მეწარმე ადამიანი აღარ იხევს უკან გონივრული ხარჯის გაწევაზე, თუ ხედავს, რომ ამ დაბანდებას მისთვის პერსპექტივაში სარგებლის მოტანა შეუძლია.

ახლა, თანმიმდევრულად. ჩემი აზრით, ამ საქმეში ჩასართავად ადამიანმა კერძო ინვესტორების ძებნაში დრო არ უნდა ხარჯოს. ცხადია, თუ ვინმე მოგადგათ კარს და მოკაკუნების შემდეგ გითხრათ, სურვილი მაქვს ბიომასის ენერგიის გამოყენების შენს ბიზნეს-იდეაში ფული ჩავდოო, უარს ნუ ეტყვით, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ასე არ მოხდება. ინვესტორი შემდგომ ეტაპზე განსახილველი ამბავია, როცა ბიზნესი უკვე ამუშავებულია და მისი გაფართოების ნაკლებრისკიანი პოტენციალი სახეზეა. ჩემი აზრით, ისევ მუნიციპალიტეტებია პირველადი სამიზნე. ჯერ ერთი, ბიზნესის წამოწყება და ხალხის დასაქმება ადგილებზე ჯობია, რადგან რეგიონში ადამიანის დასაქმება ყველა კეთილშობილი ბიზნესის წარმატების საწინდარია და მეორეც - გახსოვთ, პელეტებისა და ბრიკეტების ტრანსპორტირების ხარჯი? რაც უფრო ახლოს იქნებით ნედლეულთან და მის მომხმარებელთან, მით უკეთესი. არ არის სათვალავიდან ამოსაგდები ის ფაქტიც, რომ თბილისის მერია თუ სხვა მუნიციპალიტეტები დაინტერესებულნი არიან განახლებადი ენერგიის გამოყენებით და აქ სერიოზულადაც განიხილება ახლო მომავლისთვის შეღავათიანი კრედიტების საკითხი. ეს თუ ამუშავდა, ტრადიციული ბანკი შეგიძლიათ მეორე ადგილზე ჩააჩოჩოთ ან იმდენად მცირე კრედიტი აიღოთ თანადაფინანსებისთვის, რომლის დაბრუნება უმტკივნეულოდ შეგეძლებათ.

ჩემი აზრით, ინიციატივა „აწარმოე საქართველოში“ ზედგამოჭრილია ბიომასის ენერგიის ბიზნესისთვის. მე რომ დაინტერესებული პირი ვიყო, პირველად აქ „მოვსინჯავდი ნიადაგს“.

დარჩა დამხმარე ექსპერტიზა, რომელიც საჭიროა ბიზნესგეგმის შესადგენად და რომელიც ძალიან ძვირი ღირს. არ მოიწყინოთ! გაიხსენეთ, რომ საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო განვითარების სააგენტოა - მაგალითად გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის საელჩოებთან ასოცირებული განვითარების პროგრამები. მე, თქვენს ადგილზე, სწორედ გაეროს პროგრამით დავიწყებდი. მათ ცოტა ხნის წინ დაიწყეს პროექტი: „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის მიზანია ყველა დაინტერესებულის საქმეში ჩართვა, მათი დახმარება, ბიზნესი იქნება ეს, მთავრობა, არასამთავრობო სექტორი თუ უბრალოდ საკითხით დაინტერესებული საზოგადოება. სწორედ ეს პროექტი შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტებთან დამაკავშირებელი ხიდი, თქვენი უფასო ბიზნეს კონსულტანტი და თქვენთვის კვალიფიციური ინფორმაციის მომცემი. რამდენადაც ვიცი, ამ პროექტის კარი ყველა დაინტერესებულისთვის ღიაა. უფრო მეტ ინფორმაციას ამ ბლოგზე მიიღებთ და შემდეგ, თუ დაინტერესდებით, თამამად დაუკავშირდით!

თეგები: 
ბლოგი
ბიომასა
ბიზნესი
© საავტორო უფლებები დაცულია; გამოცემულია საქართველოში. წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია