ბლოგები >
მცირე გრანტები ბიომრავალფეროვნების დასაცავად
მარი ახსიაშვილი
11.04.16

"რთულია, დაიცვა ბიომრავალფეროვნება, თუ არ იცი, რა მდგომარეობა გაქვს ამ მიმართულებით", - ეს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის იოსებ ქარცივაძის სიტყვებია.

მართლაც, ვიცით, რამდენი ირემი, ხოხობი ან დათვია საქართველოში? მიუხედავად იმისა, რომ წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ნადირობა აკრძალულია, ირემიც და მურა დათვიც ხშირად ხდებიან ბრაკონიერების მსხვერპლი. რაც შეეხება კოლხურ ხოხობს, მისი რაოდენობაც შემცირებულია და ნაკრძალებისა და სანადირო მეურნეობების გარდა, იშვიათად გვხვდება. ამასთან, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, დათვი გაქრა წალის ტყიდან და აღარ ცხოვრობს ჯავახეთის ზეგანზე. 2012 წლის მონაცემებით, მთლიანად საქართველოში 1643 მურა დათვი ბინადრობს, თუმცა, არ იყო ცნობილი, რამდენი დათვია მაგალითად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ახლა კი, მცირე გრანტების პროგრამით ჩატარებული მონიტორინგის წყალობით, ამ დაცულ ტერიტორიაზე ირმებისა და დათვების რიცხოვნობა ცნობილია.

ზოგადად, ბოლო პერიოდში საქართველოს ბიომრავალფეროვნება მნიშვნელოვნად შემცირდა. პირველ რიგში, ეს გამოიწვია უკანონო ნადირობამ და უცხო სახეობების შემოსვლამ. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნებისკენ გადადგმულ ყველა ნაბიჯს. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანეს როლს დაცული ტერიტორიები ასრულებს. სწორედ დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობა, ასევე, მსოფლიო მასშტაბით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ფრინველთა 27 სახეობა.

დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული საქმიანობები მართლაც რომ "საშვილიშვილო" საქმეა ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებისთვის. ამ კუთხით, მცირე გრანტების პროგრამამ პროექტები ბორჯომ-ხარაგაულსა და ვაშლოვანში დააფინანსა, რაც ხოხბების გამრავლებას, ასევე, ირმისა და დათვის მონიტორინგს გულისხმობს.

უფრო კონკრეტულად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების თანამონაწილეობრივი მონიტორინგის სისტემა დაინერგა. სწორედ ამ სისტემით ჩატარდა ირმისა და დათვის კვლევა. დადგინდა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის არეალში 300-500 ირემი, ასევე, 40-50 დათვი ბინადრობს.

რა არის თანამონაწილეობრივი მონიტორინგი? თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, გეტყვით, რომ ეს კვლევაში ადგილობრივების ჩართვასა და მათთვის ბიომრავალფეროვნების გაცნობას გულისხმობს. ადგილობრივ სტუდენტებსა და მოხალისეებს წარმოდგენა ექმნებათ, რა სტილის სამუშაოა მონიტორინგი, რა მეთოდებს იყენებენ და საიდან უნდა გაარკვიონ ამა თუ იმ სახეობის რიცხოვნობა. მონიტორინგში ჩართვა ყველას შეუძლია, ვისაც სურვილი და შესაბამისი უნარ-ჩვევები აქვს.

პროექტის კოორდინატორის ბეჟან ლორთქიფანიძის თქმით, ირმის კვლევაში სტუდენტები არ მონაწილეობდნენ, რადგან რთულ რელიეფზე იყო სამუშაო.

"შევეცადეთ, რომ აქ გამოცდილი ხალხი გვყოლოდა", - ამბობს ბეჟანი და აღნიშნავს, რომ ექსკრემენტების ჯგუფების აღრიცხვის მეთოდი შრომატევადია, თუმცა, კარგ ინფორმაციას იძლევა ირმების გადანაწილებისა და რიცხოვნობის შესახებ.

რაც შეეხება დათვის კვლევას, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მურა დათვის რაოდენობა არაინვაზიური გენეტიკური მეთოდის გამოყენებით დაადგინეს. პროექტის ფარგლებში მოხალისეები იღებდნენ ნიმუშებს, გენეტიკური ანალიზი კი, ილიას უნივერსიტეტის ლაბორატორიამ ჩაატარა. სწორედ ეს ანალიზი აჩვენებს, რამდენი ინდივიდია აღებულ ნიმუშებს შორის. ამის შემდეგ, ინფორმაცია სპეციალური სტატისტიკური მეთოდით დაამუშავეს.

 "მასალის აღება მარტივია, თუმცა მოტივაციაც უნდა გქონდეს და მცირეოდენი ტრენინგიც. ხუთჯერ ჩატარდა საველე კვლევა, რომ მაქსიმალურად სწორად აგვეღო მასალა. 283 ნიმუში გავგზავნეთ ლაბორატორიაში. გენეტიკური ანალიზი ნიმუშების 70% -ს ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ სინჯები 37 დათვს ეკუთვნოდა. ტერიტორიაზე ბინადრობს 40-50 დათვი, რაც ას კვადრატულ კილომეტრზე 2.26 ინდივიდია", - ამბობს ლორთქიფანიძე და აღნიშნავს, რომ ეს არ არის მაღალი სიმჭიდროვე.

"ჩვენი საკვლევი ტერიტორია არ მოიცავდა მხოლოდ ბორჯომ-ხარაგაულის პარკის ფარგლებს და შეძლებისდაგვარად ასახავდა იმ ტერიტორიასაც, სადაც დათვის პოპულაცია შეიძლება ბინადრობდეს. მოგეხსენებათ, ცხოველები არ ცნობენ ფარგლებს, ხშირად გადიან და როგორც გენეტიკური კვლევით გავიგეთ, მონიტორინგის პერიოდში, დაახლოებით 50 კმ-ს ფარავდნენ. მაგალითად, აბასთუმანში ნანახი ექსკრემენტის პატრონი ხარაგაულში და ხარაგაულში ნანახი შეიძლება, საირმის მხარეს აღმოჩენილიყო ", - ამბობს ბეჟანი.

პროექტის კოორდინატორის განმარტებით, მონიტორინგის მიზანია, დაადგინოს, საკვანძო სახეობები რამდენად ეფექტურად არის დაცული.

"თუ ვხედავთ, რომ დაცული ტერიტორიების ესა თუ ის საკვანძო სახეობა, ამ შემთხვევაში დათვის პოპულაცია იზრდება, შეიძლება ითქვას, რომ დაცვის სტრატეგია სწორია. თუ იკლებს, ანუ რაღაც პრობლემაა და საჭიროა, რამე ღონისძიებების გატარება ან დაცვითი სისტემის გაძლიერება. მონიტორინგისთვის შევარჩიეთ ისეთი სახეობები, რომლებიც ბრაკონიერების პირდაპირი სამიზნე არიან და სწორედ მათი მონიტორინგი გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ, ესა თუ ის დაცული ტერიტორია რამდენად ეფექტურად მუშაობს", - ამბობს ბეჟან ლორთქიფანიძე.

დათვის კვლევაში NACRES- ის წარმომადგენლებთან და ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, ორი ადგილობრივი სტუდენტი შოთა გოლუბიანი და გიორგი ოგანესიანიც მონაწილეობდნენ. შოთა ამბობს, რომ ხუთ საველე გასვლაში მიიღო მონაწილეობა. ის დათვის ექსკრემენტებიდან სინჯებს იღებდა, აფიქსირებდა დათვის კვალს და GPS- ის საშუალებით კოორდინატებს ტოვებდა.

"პროექტი სპეციფიკურობიდან, კვლევის ახალი მეთოდოლოგიიდან და დასახული მიზნიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესო იყო. კვლევამ დიდი პრაქტიკული გამოცდილება მომცა. მოხარული ვარ, რომ ჩემი მცირე წვლილი შევიტანე იმ დიდ საქმეში, რასაც საქართველოს წითელ ნუსხაში შემავალი სახეობების ინდივიდების რაოდენობის დადგენა ჰქვია", - ამბობს შოთა, რომელმაც კვლევაში მონაწილეობა პროფესიული და სამოყვარულო საქმიანობიდან გამომდინარე ისურვა.

პროექტში ჩართვამდე, სტუდენტებს NACRES-ის წარმომადგენლებმა ტრენინგები ჩაუტარეს. მოხალისეებს ასწავლეს GPS-ის და ფოტოხაფანგის გამოყენებაც. გიორგი ოგანესიანი კვლევაში სწორედ ეკო ბანაკიდან მოხვდა, სადაც ბიომრავალფეროვნების შესახებ რვადღიანი თეორიულ-პრაქტიკული კურსი გაიარა.

"ბანაკის დასკვნითი ეტაპი მოხალისეობრივად ჩართვას გულისხმობდა დათვის აღრიცხვაში. ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი. ველზე ორჯერ გავედი. დათვის აღრიცხვას ექსკრემენტების საშუალებით ვახდენდით. ძალიან შრომატევადი, მაგრამ ამავდროულად აზარტული პროცესია, რადგან ექსტრემალურ სიტუაციაში, ხშირად მუხლამდე თოვლში გვიწევდა მუშაობა და ათობით კილომეტრის გავლა. მოპოვებულ ექსკრემენტებს სპეციალურ სინჯარებში ვინახავდით, რომელსაც შემდგომში ლაბორატორიული კვლევა უტარდებოდა DNM-ის დასადგენად", - ამბობს გიორგი და ამ გამოცდილებას ცხოვრებისეულ გამოწვევად აღიქვამს.

"დარწმუნებული ვარ, -10 გრადუსში ათობით კილომეტრის გავლა დათვის ექსკრემენტების საძებნად ბევრს ნამდვილად არ ძალუძს. ამის გაკეთება მხოლოდ ბუნებაზე შეყვარებულ ადამიანებს შეუძლიათ ".

მცირე გრანტების პროგრამით დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი ბუნებრივ ჰაბიტატებში კოლხური ხოხბების აღდგენას გულისხმობს. ჩატარებული სამუშაო ხოხბის კვერცხების ინკუბაციას, გამოჩეკილი ლაპების მოვლას და ხოხბების გამრავლებას ითვალისწინებდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების კოლხური ხოხბის საშენში 880-მდე კვერცხი და 372 ხოხობი მიიღეს. პროექტი მიზნად ივრის ზეგანზე ხოხბის აღდგენას ისახავს.

ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი იოსებ ქარცივაძე მცირე გრანტების პროგრამას მნიშვნელოვანს უწოდებს როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ისე ადგილობრივი ინიციატივების წახალისების თვალსაზრისით.

"მოგეხსენებათ, ხოხობს როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და მნიშვნელოვანია ამ სახეობის აღდგენა. ზოგადად, ბიომრავალფეროვნების სახეობათა აღდგენის ნებისმიერ პროგრამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სამინისტრო შეძლებისდაგვარად მხარს უჭერს. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინიციატივების გაძლიერება და წახალისება" - ამბობს ქარცივაძე თანამონაწილეობრივი მონიტორინგის შესახებ და აღნიშნავს, რომ რთულია, დაიცვა ბიომრავალფეროვნება თუ არ იცი, რა მდგომარეობა გაქვს ამ მხრივ.

„გვჭირდება კონკრეტული მონაცემები - როგორია გავრცელების არეალი, რიცხოვნობა, შემადგენლობა. მხოლოდ მათი ანალიზის შემდეგ შეგვეძლება, კონკრეტულად დავგეგმოთ სახეობების აღდგენის ესა თუ ის ღონისძიება. მნიშვნელოვანია, რომ კვლევა ადგილზე ხდება კვალიფიციური ექსპერტებისა და ადგილობრივების თანამონაწილეობით ", - დასძენს ქარცივაძე.

ვაშლოვანისა და ბორჯომ-ხარაგაულის ზემოაღნიშნული პროექტების გარდა, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამამ საქართველოში კიდევ 38 პროექტი დააფინანსა. პროგრამა მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიო-მრავალფეროვნების კონსერვაცია, კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო წყლები, მიწის დეგრადაცია, ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენების მართვა.

  

თეგები: 
მცირე გრანტები
ბიომრავალფეროვნება
წითელი ნუსხა
NACRES
ბორჯომ-ხარაგაული
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია