ბლოგები >
ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელი ხარაგაულში
მარი ახსიაშვილი
04.04.16
ცნობილი ფაქტია, რომ პოლიეთილენის ბოთლები და ცელოფანი 200-300 წელი რჩება ბუნებაში და დაწვის გზით მისი მოშორებაც არაა უსაფრთხო.

რამდენიმე კვირის წინ, Facebook-ში ფოტოს წავაწყდი სახელწოდებით - „სტიქიამ ჩვენი თავი დაგვანახა“. ქართული სინამდვილისთვის განსაკუთრებული არაფერი - ფოტოზე ჩანს მდინარე სურამულა და მისი შემოგარენი, რომელიც სავსეა ფერად-ფერადი ბოთლებით, პოლიეთილენის პარკებითა და სხვა უხრწნელი ნაგვით.

ასეთი რამ პირველად არ მინახავს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მკითხველსაც არაერთხელ შეხვედრია ექსკურსიებსა თუ ტურებში ბოთლებითა და ცელოფნებით მორთული ცნობილი ტურისტული თუ არატურისტული ადგილები.

გარდა იმისა, რომ მაგალითად, ნარჩენებით სავსე ანანური თუ მარტვილის კანიონი არც ჩვენთვის არის სასიამოვნო სანახავი და არც უცხოელ ტურისტებზე ახდენს დადებით შთაბეჭდილებას, უმთავრესი ფაქტორი გარემოს დაბინძურება და ეკოლოგიაა. ცნობილი ფაქტია, რომ პოლიეთილენის ბოთლები და ცელოფანი 200-300 წელი რჩება ბუნებაში და დაწვის გზით მისი მოშორებაც არაა უსაფრთხო - ამ დროს, წარმოიშობა ტოქსიკური ორგანული ნაერთი დიოქსინ ფურანები, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებსა და მატერიალურ ფასეულობებზე. ამიტომ არის აუცილებელი პოლიეთილენის ისე გადამუშავება, რომ ეკოლოგიას და, შესაბამისად, ადამიანსაც ზიანი არ მიადგეს.

საქართველოში, ნარჩენების მართვის ერთ-ერთი წარმატებული მოდელი, ხარაგაულის მაგალითზე დაინერგა. კერძოდ, ბოთლები და ცელოფანი მუნიციპალიტეტში განთავსებულ ალტერნატიულ ურნებში (კონტეინერებში) გროვდება, რის შემდეგაც, უნივერსალური ჰიდრავლიკური პრესი მათ უსაფრთხოდ პრესავს.

ჯერჯერობით, პროექტი - „პოლიეთილენი-დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა“ მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედებს. ის 2014 წლის დასაწყისში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამით დაფინანსდა, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს. პროექტში ადგილობრივი თვითმმართველობაც არის ჩართული. ის სუბსიდიის სახით 5000 ლარს წლის განმავლობაში ურიცხავს ა.ი.პ. ხარაგაულდასუფთავებას, ალტერნატიული ბუნკერების მომსახურების ხარჯების დასაფარად.

როგორც პროექტის ორგანიზატორი ხათუნა მანჯავიძე ამბობს, პროექტი უნიკალურია იმით, რომ ხარაგაულში პირველად მოხდა ნარჩენების გაცალკევება და მასში ჩართული იყო საზოგადოების თითქმის ყველა სექტორი.

„არასამთავრობო ორგანიზაციამ პროექტი მოამზადა. საჯარო სექტორმა უზრუნველყო ალტერნატიული ბუნკერების მომსახურება. კერძო სექტორი შეგროვილ, დაპრესილ პოლიეთილენის ბოთლებს იღებს და ამაში ფულს იხდის. საჯარო სკოლების საგანმანათლებლო რესურსი კი, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით ჩაერთო“ - ამბობს მანჯავიძე.

პროექტის მთავარი არსი უნივერსალური ჰიდრავლიკური პრესია. აპარატი პლასტიკური ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკების დასაპრესად გამოიყენება. მისი მეშვეობით, ბოთლები და პარკები უსაფრთხოდ გადამუშავდება, დაწვის გარეშე, რაც გარემოში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევას გამორიცხავს.

ამის პარალელურად, ყველა ტერიტორიულ ერთეულში დადგეს ორგანყოფილებიანი კონტეინერები (ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისთვის). ჩატარდა საინფორმაციო კამპანია პოლიეთილენის წვის შედეგად გამოყოფილი დიოქსინების მავნებლობის შესახებ. შედეგად, მოსახლეობა დაგროვილ ბოთლებსა და ცელოფანს (რაც ნარჩენების 47%-ია), აღარ წვავს და მათ კონტეინერებში ყრის. ამით შემცირდა როგორც პოლიეთილენის ბოთლების დაწვით წარმოშობილი დიოქსინების გამოყოფა, ასევე, ნარჩენებით სოფლის მდინარეებისა და ხევების დაბინძურება. შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, პროექტის დაწყების შემდეგ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დიოქსინების გამოყოფა და მდინარეების დაბინძურება 50%-ით შემცირდა.

პროექტი დასაქმებაზეც არის ორიენტირებული. კერძოდ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გაუჩნდა დამატებითი შემოსავალი პოლიეთილენის ბოთლების შეგროვებისა და ჩაბარების გზით. ისინი სწორედ პოლიეთილენის შეგროვებისთვის იღებენ გარკვეულ საფასურს - წონისა და რაოდენობის მიხედვით.

პროექტში დასაქმებული პრესის მუშა თამაზ ტაბატაძე კი, ხელფასს დაპრესილი ბოთლების წონის მიხედვით იღებს. ის ერთ ტონაში 150 ლარს გამოიმუშავებს, რაც ერთი შეხედვით ბევრი არ არის, თუმცა, რეგიონის მოსახლეობისთვის ხშირად, ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

კონტეინერების დაცლასა და ტრანსპორტირებას ა.ი.პ. ხარაგაულდასუფთავება ემსახურება. კონტეინერებიდან შეგროვებულ პოლიეთილენის ბოთლებს ცლიან, აგროვებენ და პრესავენ. დაპრესილ მასას ასაწყობებენ და თბილისში მიაქვთ, რომელსაც შ.პ.ს LMY იღებს და დახარისხებული ფერების მიხედვით 1კგ-ში 40 თეთრს იხდის. ამით ორგანიზაცია პროექტში დასაქმებულებს ხელფასს უხდის.

ყველაფერთან ერთად, უმნიშვნელოვანესი და გრძელვადიან შედეგზე გათვლილი მაინც მოსახლეობის მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების ამაღლებაა. პროექტის ფარგლებში ტრეინინგი ჩაუტარდა ქიმიის მასწავლებლებს, ხოლო სპეციალური გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებს. სწორედ მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები პოლიეთილენით გარემოს დაბინძურებასა და დიოქსინების გამოყოფასთან დაკავშირებით. ასევე, მოეწყო არაერთი დასუფთავების აქცია. სწორედ სკოლის მოსწავლეების განათლება უყრის საფუძველს თაობას, რომელიც ყოველგვარი ფინანსური დაინტერესების გარეშეც დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით, საქართველოში პირველად მოხდა ნარჩენების სწორი მართვის პრეცედენტი, რომელიც შეიძლება, სამაგალითო გახდეს სხვა მუნიციპალიტეტებისთვის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის მქონე ათ მუნიციპალიტეტს შორის სწორედ ამ პროექტით დასახელდა. ის მთავრობამაც აღიარა და დააჯილდოვა კონფერენციაზე - „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015″. ათი საუკეთესო პრაქტიკის მქონე თვითმმართველობა სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.

პროექტის – „პოლიეთილენი-დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა“ ორგანიზატორის თქმით, მიიღო გამოხმაურებები მსგავსი პროექტის გაკეთების სურვილით. ამ ეტაპზე, ხარაგაული ითვლება ყველაზე ინოვაციურ მუნიციპალიტეტად ნარჩენების სწორად მართვის კუთხით.

ხათუნა მანჯავიძის თქმით, „ორგანიზაცია ქალების მომავლისთვის“ აპირებს, რომ პროექტი 2016 წლიდან გადასცეს ა.ი.პ. ხარაგაულდასუფთავებას. მისი შეფასებით, პროექტის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია ამ სამსახურის ეფექტურ მუშაობაზე.

ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად, ნარჩენების მართვის სტრატეგიის მიზანია, საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზება ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან. შესაბამისად, 2020 წლამდე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშაოს ნარჩენების მართვის ადგილობრივი გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირება სეპარაციის ხარჯზე. ეს პროექტი საშუალებას მისცემს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს სწორი და ეფექტური გეგმის შემუშავებაში.

„ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის დამკვიდრება ხანგრძლივ კომპლექსურ მუშაობას მოითხოვს, სადაც ჩართული უნდა იყოს სახელმწიფო და კერძო სექტორი, შემუშავდეს სპეციალური საგანმანათლებლო მასალა საჯარო სკოლის სახელმძღვანელოებისთვის, რათა სკოლებში გარემოსდაცვითი ცნობიერება ამაღლდეს“ - დასძენს ნარჩენების მართვის კუთხით, ჯერჯერობით უნიკალური პროექტის ორგანიზატორი.

იქამდე კი, სანამ ნარჩენების მართვის ზემოაღნიშნული მოდელი მთელ ქვეყანაში დაინერგება, ალბათ, კიდევ ხშირად შეგვაწუხებს Facebook-ში ამოგდებული ფოტოები თუ საკუთარი თვალით დანახული ფერად-ფერადი ბოთლებითა და პოლიეთილენის პარკებით სავსე მდინარეები და ხევები.

კვლევები ამ ბლოგის მომზადებისთვის ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით.

  

თეგები: 
პოლიეთილენი
ბოთლები
ცელოფანი
ბუნება
ანანური
მარტვილის კანიონი
პლასტიკური ბოთლები
გაერო
ნარჩენები
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია