ბლოგები >
მცირე გრანტები და დაცული ტერიტორიები
მარი ახსიაშვილი
04.04.16
თუშეთი, ომალო. 2015 წელს თუშეთის დაცული ტერიტორიები მოინახულა 9676-მა ვიზიტორმა, აქედან 4142 ქართველი, ხოლო 5534 უცხოელია.

24 წლის დათო მოყვარული ფოტოგრაფია. განსაკუთრებით ბიომრავალფეროვნება აინტერესებს, ამიტომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ხშირად სტუმრობს. თუშეთში რამდენჯერმეა ნამყოფი, თუმცა, ომალოში ნიამორებზე დაკვირვების სერვისით მხოლოდ ამ ზაფხულს ისარგებლა. ამბობს, რომ ნიამორებზე დაკვირვებაში ფული არ გადაუხდია და მხოლოდ ჭოგრიტი იქირავა.

„ნიამორების გარდა, ფრინველებზე დაკვირვებაც უფასოდ შეგვეძლო. კარგია, რომ ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია“ - ამბობს და ამატებს, რომ ღამისთევისთვის საძილე ტომარა იქირავა.

„საოჯახო სასტუმროები კი არის, მაგრამ გარეთ მირჩევნია ყოფნა“ - აღნიშნავს დათო.

კარვების, საძილე ტომრებისა და საოჯახო სასტუმროების გარდა, თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტებს უკვე ჰოსტელით სარგებლობაც შეუძლიათ. გარემოს დაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამით, სოფელ ომალოში ძველი საჯინიბო სასტუმროდ გადაკეთდა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას გადაეცა.

„საჯინიბოს შენობა უფუნქციოდ იყო. თუშეთში კი არ არსებობდა იაფი ღამის გასათევი. ახლა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას აქვს ჰოსტელი, რომელიც გარდა იმისა, რომ იაფი ღამის სათევია, ასევე ხელს უწყობს ეკოსისტემების საფრთხეების (დანაგვიანება, ხანძრები) შემცირებას და დამატებით შემოსავალს მოუტანს თუშეთის დ/ტ ადმინისტრაციას“ - ამბობს პროექტის კოორდინატორი ეკა თელაურიძე.

ახლადაშენებულ ჰოსტელში არის ხუთი ოთხადგილიანი ნომერი და მას ერთდროულად 20 ვიზიტორის მიღება შეუძლია. ღამისთევა ერთ ადამიანს 10 ლარი დაუჯდება. სველი წერტილების არქონის გამო, გასულ სეზონზე ვიზიტორებს ჰოსტელით არ უსარგებლიათ. ახლა კი, მისი სველი წერტილებით აღჭურვა იგეგმება, რაც გაზრდის ტურისტთა ინტერესს და შესაბამისად, ადმინისტრაციის შემოსავლებს.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსის ვახტანგ გიუნაიძის შეფასებით, მცირე გრანტების პროგრამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის. მისი თქმით, სწორედ GEF-ის დაფინანსებით მოეწყო ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი, ეკო-ბანაკები და ეკო-ტურები. დაიბეჭდა სარეკლამო ბროშურები და ბუკლეტები, რაც ხელს უწყობს საგანმანათლებლო საქმიანობას.

„მცირე გრანტების დახმარებით ვატარებთ ფესტივალებს, რაც ვიზიტორთა მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბუნებაზე ორიენტირებული ტურისტული სერვისები“ - ამბობს გიუნაიძე.

თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ მცირე გრანტების პროექტებით დაფინანსებული სხვადასხვა ტურისტული სერვისით. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრში კი, ტურისტს აძლევენ ამომწურავ ინფორმაციას თუშეთის უნიკალური ფასეულობების შესახებ. ასევე, ვიზიტორს შეუძლია იქირაოს მისთვის სასურველი საველე აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა: კარავი, საძილე ტომარა და სხვ.

„რაც შეეხება ნიამორების გადასახედს, რომელიც ასევე მცირე გრანტების პროგრამით მოეწყო, მისით სარგებლობა უფასოა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვიზიტორთა ცენტრში იქირაოს ჭოგრიტი ან თვითონ იქონიოს და დააკვირდეს ნიამორებს“ - ამბობს ვახტანგ გიუნაიძე და აღნიშნავს, რომ ნიამორებზე დასაკვირვებელი ინფრასტრუქტურით გამარტივდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი.

რაც შეეხება ვიზიტორებს, თუშეთის ვიზიტორთა ცენტრის სპეციალისტის გიორგი ბაკურაძის ინფორმაციით, 2015 წელს თუშეთის დაცული ტერიტორიები მოინახულა 9676-მა ვიზიტორმა, აქედან 4142 ქართველი, ხოლო 5534 უცხოელია. გასულ წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 1%-ით შემცირებულია, თუმცა, ამის მიზეზად ბაკურაძე წყალდიდობასა და მეწყერს ასახელებს, რომლის შედეგადაც 1 კვირის განმავლობაში თუშეთისკენ მანქანით გადაადგილება შეუძლებელი იყო. სწორედ ამ პერიოდში იყო დაგეგმილი ფესტივალი “თუშეთობა 2015“, რისი ჩატარებაც ვერ მოხერხდა. სტიქიურ მოვლენამდე კი, თუშეთში ვიზიტორთა 10-12%-ანი მატება იყო.

ომალოდან დაბრუნებისას თუ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის მონახულება დააპირეთ, მცირე გრანტების პროგრამით დანერგილი ტურისტული სერვისები იქაც დაგხვდებათ. კერძოდ, კოოპერატივი ნინოსხევი და სუვენირების დახლი, რომელიც თონესა და ფასიან წყლის წერტილსაც მოიცავს. იქ ადგილობრივები სოფლის პროდუქციასა და სუვენირებს ყიდიან. ტურისტულ სერვისებს 2015 წელს სამი ახალი საოჯახო ტიპის სასტუმროც დაემატა.

ლაგოდეხის კოოპერატივის წევრი ასმათ ლომიძე ტურისტულ სეზონზე პროდუქტს ყიდის, რაც მისი ოჯახის დამატებითი შემოსავალია.

„ვყიდით ჩვენს მოსავალს, რაც მოგვყავს - კიტრი, პომიდორი, ხილი, ასევე, ყველს. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ასეთი რამე გაკეთდა, ამოვისუნთქეთ ცოტა. თან წელს უფრო ბევრნი იყვნენ ჩამოსულები, მოიზიდა ახალმა სერვისებმა ტურისტები“ - ამბობს ასმათ ლომიძე და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ მცირე გრანტების პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არა მარტო ლაგოდეხის, არამედ სხვა დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების და სამართალდარღვევების მონიტორინგის, ასევე, ეკოტურიზმის განვითარების კუთხით. კერძოდ, პროექტის ფარგლებში შეძენილ და „გატესტილ“ ტექნიკურ საშუალებებს (ბინოკლები, ფოტომახეები, რაციები) და სახელმძღვანელო დოკუმენტებს სხვა დაცულ ტერიტორიებზეც იყენებენ. მისი ინფორმაციით, ბიომრავალფეროვნებისა და სამართალდარღვევების მონიტორინგის თანამედროვე სისტემა ლაგოდეხის მაგალითზე დაინერგა და ფუნქციონირებს ბორჯომ-ხარაგაულის, ალგეთისა და თბილისის ეროვნულ პარკებში, მაჭახელას, კოლხეთის ეროვნულ პარკში.

„მსგავსი პროექტები გვეხმარება, გამოვცადოთ ახალი ტექნოლოგიები მცირე დანახარჯებით“ - ამბობს სულამანიძე.

ლაგოდეხში, მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაინერგა თანამედროვე ტექნიკური საშუალებები ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისათვის. ფოტომახეებით შესაძლებელი გახდა დისტანციური და უწყვეტი მონიტორინგი. სწორედ მისი დახმარებით მოიპოვეს გარეული ცხოველების ფოტო-ვიდეო მასალები, მათ შორის, ფოცხვერისა და არჩვის პირველი კადრები. ასევე, შეიქმნა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის საინფორმაციო ბაზა და მოგროვდა ინფორმაცია ცხოველების სხვადასხვა ეკოლოგიური ასპექტის შესახებ - გავრცელების, დღე- ღამური და სეზონური აქტივობის, გამრავლების ადგილების, ბუნებრივი სალოკების.

გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო მნიშვნელოვანი საპატრულო მარშრუტი. ასევე, თანადაფინანსებით აშენდა კომბინირებული თავშესაფარი, რომელსაც რეინჯერები ცუდი ამინდში თავს აფარებენ. გარდა ამისა, თავშესაფარში ტურისტებსაც შუძლიათ ღამის გათევა, რაც დაცული ტერიტორიისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

„დამატებითი სერვისებისა და მომსახურების განვითარების შესაბამისად, გაზრდილია ვიზიტორები და დაცული ტერიტორიების საკუთარი შემოსავლები. ახალი ინფრასტრუქტურისა და ფოტომახეებით მონიტორინგის სისტემის დახმარებით, დავნერგეთ ცხოველებზე დაკვირვების სერვისი. 2015 წელს, ამ მიმართულებით რვა ჯგუფს ვუმასპინძლეთ. მომავალ წელს ესპანელებისა და იტალიელების ჯგუფებმა უკვე დაჯავშნეს ჯიხვების ორი ტური“ - ამბობს სულამანიძე და აღნიშნავს, რომ 2015 წელს დაცულ ტერიტორიებს 45 678 დამსვენებელი ეწვია, რაც 6 000 ტურისტით აღემატება წინა წლის, ხოლო 30 500-ით ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელს. ასევე, ყოველწლიურად იზრდება უცხოელ ტურისტთა რიცხვი.

შეჯამებისთვის შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მცირე გრანტების პროგრამა დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომერციული ბანკები ახალი ტიპის ბიზნესებს არ აფინანსებენ, მცირე გრანტების პროგრამა კი, დაცულ ტერიტორიებს ინოვაციების დანერგვის საშუალებას აძლევს. პროგრამა მნიშვნელოვანია როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ტურიზმის განვითარებისთვის, ასევე ადგილობრივების დასაქმებისთვის.

აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებთან. პროგრამის სტრატეგია საქართველოში ერთობლივად შეიმუშავეს დონორებმა, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა. აქამდე, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მიიღო 38-მა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციამ.

კვლევები ამ ბლოგის მომზადებისთვის ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით.

  

თეგები: 
თუშეთი
ომალო
დაცული ტერიტორიები
ლაგოდეხი
მცირე გრანტების პროგრამა
გარემოსდაცვა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია