ბლოგები >
აბრეშუმის გზა 2.0
ლიზა მეფარიშვილი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
23.02.16
გალერეა მაგის აბრეშუმის შარფების ექსპოზიცია (ეროვნულ გალერეა)

აბრეშუმი, აბრეშუმის ჭია, აბრეშუმის ძაფი... ამ სიტყვების გაგონებისას, ყოველთვის წარჩინებულ მდიდარ ქალბატონზე ვფიქრობ, ჩინეთში, თუთის ხის ჩრდილში რომ ზის და ჩაის მიირთმევს - უეცრად ჭიქაში აბრეშუმის ჭიის პარკი ვარდება, ჭიქიდან ამოღებისას კი ძაფისებურად იშლება. არ ვიცი, მართალია თუ არა აბრეშუმის ძაფის წარმოშობასთან დაკავშირებული ეს ლეგენდა, თუმცა ფაქტია, რომ იმ დროიდან (ძვ.წ. III ათასწლეული) იწყება აბრეშუმის წარმოება და გზის გაჭრა ჩინეთიდან საფრანგეთამდე. მოგვიანებით, მას აბრეშუმის გზას დაარქმევენ.

თუკი აბრეშუმი ჩინეთიდან ჯერ საქართველოში შემოდიოდა და შემდეგ ვრცელდებოდა ევროპაში, ცოტა ხნის წინ აბრეშუმის გზის უკიდურესი პუნქტიდან, საფრანგეთიდან ჩამოვიდა: საქართველოს ეროვნული მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ პარიზის გალერეა მაგის აბრეშუმის შარფების უნიკალურ კოლექციას უმასპინძლა. მაგების ოჯახი, რომელმაც მაგების ფონდი და გალერეა მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმის წარმოსაჩენად დაარსა (1936-1964), ქანდაკების, ფერწერისა და გრაფიკის უმნიშვნელოვანეს ექსპონატებთან ერთად, აბრეშუმის შარფების კოლექციას ფლობს. კოლექცია 50 წლის განმავლობაში იქმნებოდა ცნობილი მხატვრების ესკიზების მიხედვით და დღესაც იქმნება. პირველი შარფის ესკიზი - მტრედები - ჟორჟ ბრაკმა, ემე მაგის მეგობარმა საგანგებოდ მაგებისთვის შექმნა. 50 წლის შემდეგ კი, ამ კოლექციას ქართველი მხატვრის გელა წულაძის ესკიზის მიხედვით შექმნილი შარფი შეემატა. ემე და მარგარეტ მაგების ფონდი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, თანამედროვე ხელოვნების კოლექციას მოიცავს: ჟორჟ ბრაკი, მარკ შაგალი, ხუან მირო, ალბერტო ჯაკომეტი, ფერნან ლეჟე, ერიკ დიეტმანი, ანტონი ტაპიესი... ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელია, რომ მათ ქართველი მხატვარიც შეუერთდა.

90-იან წლებში, ემე და მარგარეტ მაგების შვილიშვილმა, ბენუა ფერომ გელა წულაძის ნამუშევარი შეიძინა და ამით საფუძველი ჩაუყარა იმ ურთიერთობის აღდგენას, რომელიც ოდესღაც საქართველოსა და საფრანგეთს შორის მეაბრეშუმეობის კუთხით არსებობდა. ცნობილია, რომ ნიკოლაი შავროვი, რომელმაც თბილისში მეაბრეშუმეობის სადგური და მუზეუმი დაარსა, ევროპაში ყოფნისას ლიონის აბრეშუმის ფაბრიკითა და ლაბორატორიით მოიხიბლა. მოგვიანებით, მან მსგავსი მოდელის სადგური და მუზეუმი შექმნა თბილისში. ასევე, ლიონიდან წამოიღო მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელიც დღესაც ინახება სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ, აბრეშუმის მუზეუმში. ნიშანდობლივია, რომ სპეციალურად მაგების ფონდისთვის შექმნილი ესკიზები, სწორედ ლიონის ფაბრიკაში გადადის აბრეშუმის შარფებზე.

მხატვარ გელა წულაძის აბრეშუმის შარფი, დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციის ნაწილია (გელა წულაძე და მიხეილ წერეთელი, ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე)

საფრანგეთის მხრიდან საქართველოთი დაინტერესება იმედს გვაძლევს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება. საინტერესოა, რომ აბრეშუმის შარფების კოლექცია პირველად ლიონის აბრეშუმის მუზეუმში (1984 წ.), შემდეგ ტოკიოში (1990 წ.), მესამედ ბათუმში (2015), წელს კი თბილისში გამოიფინა. ლიონის ფაბრიკის დირექტორი სედრიკ ბროშიე აღნიშნავს, რომ ლიონსა და თბილისს შორის ერთ დროს დაწყებული ურთიერთობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და რომ ეს გამოფენა სწორედ ამ ურთიერთობის დასაწყისია.

ვფიქრობ, ეს გამოფენა ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ისტორიული ტრადიციის აღსადგენად; საქმის, რომელიც ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის ეპოქაში დაიწყო. XIII საუკუნის ვენეციელი მოგზაური, მარკო პოლო წერს: ,,თბილისში ბევრია აბრეშუმი. აქ ამზადებენ აბრეშუმსა და ოქროს ქსოვილებს. ასეთ ლამაზს ვერსად ნახავ“. ვიმედოვნებთ, რომ ლიონის აბრეშუმის მუზეუმისა და მაგების ფონდის დახმარებით, კვლავ აღდგება ქართული აბრეშუმის წარმოება და საფუძველი ჩაეყრება ახალ აბრეშუმის გზას.

თუმცა, მანამდე გეტყვით, რომ მაგის შარფების გამოფენამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. უნიკალურმა კოლექციამ, რომელიც XX და XXI საუკუნის ძალიან ცნობილი მხატვრების ესკიზებითაა შექმნილი და აბრეშუმის ქსოვილზე გადატანილი, ამ პერიოდის ხელოვნების ავანგარდულ ტენდენციებს დამაახლოვა.

თითოეულ შარფს საკუთარი ისტორია აქვს. თუმცა, ტრადიციულად, ყველა ხალისიანი და ფერადია, რაც მათი პირველადი დანიშნულებითაა განპირობებული - კოლექციის შექმნის საწყის ეტაპზე, ამ შარფებს მაგები საახალწლო საჩუქრებად არიგებდნენ. გამოფენამ მხიარულ, ოდნავ მისტიკურ სამყაროში მამოგზაურა, რაღაც მომენტში დროისა და სივრცის შეგრძნებაც დავკარგე. ზოგი შარფის დანახვაზე გამეღიმა, გამეცინა და უეცრად კომიკურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდი. ჩემი ყურადღება სიყვარულისგან თავდაყირა მდგომმა ბიჭმა მიიპყრო და მაშინვე ბათუმი გამახსენდა. ალბათ, მიხვდით - სწორედ ისაა ქართველი მხატვრის ესკიზით შექმნილი (ავტორის გადაწყვეტილებით, შარფი დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების ნაწილს წარმოადგენს). ზოგიერთმა შარფმა ჩემთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელი მხატვრის ნამუშევარი მომაგონა, ბევრი სხვადასხვა პარალელი ამოტივტივდა და ასე, უსასრულოდ... თითოეულ შარფთან სხვადასხვა შეგრძნება თუ ასოციაცია გაჩნდა, ისევ გამახსენდა აბრეშუმის ჭია, აბრეშუმის ძაფი, აბრეშუმის გზა…

თეგები: 
აბრეშუმის გზა
შარფები
გალერეა
აბრეშუმის ჭია
გელა წულაძე
აბრეშუმის ძაფი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია