ბლოგები >
ფულს სუნი არ ასდის!
ლევან ბუთხუზი
Shutterstock.com
03.05.15

დღეს ბევრი საუბარია ბიომასაზე, მის მომგებიანობასა და გარემოსდაცვით სარგებელზე. ბევრს გაუგია, რომ, მაგალითად, ბრაზილიაში, მანქანის გამონაბოლქვი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საგრძნობლად მცირეა, რადგან ბრაზილია ბიომასისგან მიღებული ნედლეულით აწარმოებს მანქანის საწვავს. ვიცით, რომ ორივე მხარე მოგებულია - მწარმოებლების „ბატალიონიც“ და მომხმარებელთა „არმიაც“. უკვე ათწლეულებია ეს ასეა. მაგრამ, ბიომასის ნედლეული მხოლოდ ფორთოხლისა თუ სხვა მცენარეების პლანტაციიდან მიღებული საწვავი არ არის. ბიომასა, როგორც ამ ბლოგში ნახავთ, გაცილებით ფართო პოტენციალის რესურსია, რომელსაც არამარტო თხვევადი და მანქანებისთვის გამოსადეგი შედარებით იაფი, მაგრამ მაღალხარისხიანი საწვავის მოცემა შეუძლია, არამედ ყველა ფერმერის, აგრეთვე ყველა მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესის და, ასე განსაჯეთ, სოფლებისა და ქალაქების დიდი ნაწილის „გამოკვების“ თავიც კი აქვს ენერგიით. ფასი კი, ტრადიციულად, კლიენტისთვისაც მისაღებია და მწარმოებლისთვისაც, რადგან მას ის გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე ნავთობის ჭაბურღილების თხრა ან ქვანახშირის მოპოვება (დამატებით კი გარემოს მოწამვლა). ბიომასისა და მისი ბიზნეს თუ გარემოსდაცვითი ხიბლის ზოგადი მიმოხილვა ზემოხსენებულ ბლოგში დავტოვოთ, აქ კი საქართველოს პოტენციალზე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა.

ბრაზილია ვახსენეთ ხატოვან მაგალითად და წინასწარ ვიცი, რომ მკითხველი ჩაფიქრდება - იქ სივრცეებია, იქ პლანტაციებია, იქ იმდენი მცენარის მოყვანა შეიძლება, რომ თავისუფლად აწარმოებენ ბიომასისგან საწვავს და ყველა კმაყოფილია. „ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!“ ძნელია, არ დაეთანხმო მკითხველს. უფრო მეტიც, არამარტო უნდა დავეთანხმო, არამედ ვუთხრა კიდეც, რომ ჩვენ, საქართველოში, ბრაზილიის მაგალითი თავისი თხევადი ბიოსაწვავით სულაც არ გამოგვადგება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც. არადა, მე სწორედ ამ ეტაპზე, დღევანდელ მოცემულობაზე და შედარებით მოკლევადიან ბიზნესპერსპექტივაზე მაქვს საუბარი (მაინც სულწრაფები ვართ ქართველები!) და არა იმაზე, თუ როგორი იქნება მსოფლიო და საქართველო ბიომასის გამოყენების მაჩვენებლებით მომავალი 50 ან 60 წლის განმავლობაში.

მახსოვს, ამ ბლოგში შევთანხმდით, რომ ბიომასა არის ყველაფერი ის, რაც ცოცხალია ან ის, რაც ცოცხალი იყო ცოტა ხნის წინ და არა გეოლოგიურ წარსულში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ტრადიციულად ცნობილი ენერგომატარებლები (ქვანახშირი, ნავთობი და ბუნებრივი საწვავი აირი) ოდესღაც ცოცხალმა ორგანიზმებმა წარმოქმნეს, არ ითვლება ბიომასად, რადგან მათი გარდაქმნა მრავალი მილიონი წლის წინ მოხდა და, დღეს, მაინც არაცოცხალ სამყაროს ეკუთვნიან.

ბიომასას ენერგიის სამი ძირითადი წყარო შეუძლია მოგვცეს: სატრანსპორტო საწვავი (მათ შორის თხევადი და აიროვანი, ე.წ. ბიოგაზი), ელექტრობა და თბური ენერგია, რომელიც მიიღება გადამუშავებული ბიომასის საწვავი პროდუქტების პირდაპირი წვით სპეციალურ, მაგრამ მარტივ ღუმელში.

ბიომასიდან მიღებულ სატრანსპორტო საწვავზე, ბრაზილიის მაგალითში მოყვანილი დასაბუთების გამო, არ გვექნება საუბარი. იმავე ლოგიკით და მთელი რიგი სირთულეების გათვალისწინებით (რაც მკითხველმა, შეიძლება, უჩემოდაც მარტივად წარმოიდგინოს), ამ ეტაპზე ნუ შევეხებით ბიომასიდან ელექტროენერგიის წარმოების პროცესს. მგონია, რომ საინტერესო იქნება ჩვენთვის ყველაზე მისაღებ მესამე წყაროზე - თბური ენერგიის მიღების პოტენციალზე ვისაუბროთ.

მასალის მომზადებისას დამაინტერესა, რა ტიპის ბიომასა გვაქვს საქართველოში უხვად, რომელსაც, სამწუხაროდ, არ ვიყენებთ და რომელიც დღესვე გამოდგება  ბიზნესის წარმოებისთვის? აღმოჩნდა, რომ ყველაზე პერსპექტიული და გამოსადეგი ხე-ტყისა და სოფლის მეურნეობის ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების ნარჩენებია.

„პროდუქტიულობის პოტენციალის თვალსაზრისით, გაეროს განვითარების პროგრამის სპეციალური კვლევებით, პირველ ადგილზე ვენახებში მოპოვებული წალმის მოპოვება გავიდა. წალამი საკმაოდ დიდი რაოდენობით კახეთშია. მეორე ადგილზე იმერეთია. ამოღებული წალმის წლიური რაოდენობა 108,000 ტონაა. ეს კი 2 PJ (პეტაჯოული) ენერგიას შეესაბამება. შედარებისთვის, საქართველოს ენერგიის წლიური მოხმარება 150 PJ-ია. უნდა ითქვას, სხვა რესურსიც რომ არ მივამატოთ, მაინც უკვე ძალიან შთამბეჭდავი ციფრია. 150-დან 2 და ისიც მხოლოდ წალმის პოტენციალი, არც თუ ურიგო შეფარდებაა“, - ამბობს ენერგეტიკის საკითხების ანალიტიკოსი გიორგი მუხიგულაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“.

იმავე კვლევებით, მეორე ადგილზეა ხეხილის პლანტაციები და ბაღები (უპირატესად ვაშლის, ატმის, მსხლის). აქვე ვერ დავფარე აღფრთოვანება, როდესაც უზარმაზარი პოტენციალის მატარებელი აღმოჩნდა, ერთი შეხედვით, სრულიად უმნიშვნელო დაფნის ნასხლავი და, არც მეტი, არც ნაკლები - თხილის ნაჭუჭი! ხილის პლანტაციებისა და ბაღების ფართობი ბოლო წლებში, სამწუხაროდ, 60% შემცირდა და დღეს 40 000 ჰექტარს არ აღემატება. მიუხედავად ამისა, აქ წელიწადში 81,000 ტონა ნასხლავი აიღება, რაც 1,5 PJ ენერგიის შესაბამისია. უნდა ითქვას, რომ ესეც შთამბეჭდავი რიცხვია! არ დაგავიწყდეთ თხილის ნაჭუჭი - საქართველოს რიგით მესამე მნიშვნელობის ბიომასის რესურსი, რომლის წლიური ენერგეტიკული ეკვივალენტი 1,3 PJ-ის შესაბამისია. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს განძი საქართველოს ყველა ძირითად რაიონშია გადანაწილებული. ხეხილი მთელ აღმოსავლეთში, ვენახი ძირითადად კახეთში, შემდეგ იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, აგრეთვე, ქვემო ქართლის რეგიონებშია გავრცელებული. თხილი უფრო აჭარაში, გურიასა და სამეგრელოშია განაწილებული. საინტერესოა ის, რომ ცალკე აღებული სამეგრელო-ზემოსვანეთი ბიომასის სხვადასხვა რესურსით საქართველოს წამყვანი რეგიონია - იქ არსებული ნარჩენის წლიური ენერგეტიკული პოტენციალი 1,4 PJ-ის შესაბამისია. ყველაფერთან ერთად, ეს რეგიონი დაფნის ფოთლის ძირითადი მწარმოებელი და ექსპორტიორი აღმოჩნდა. ნასხლავი კი, წლიურად 7500 ტონას შეადგენს, რაც 0.1 PJ-ის ენერგიის ტოლფასია.

ნაწილს ამ რესურსისას, მოსახლეობა, ცხადია, „ხელის მოსანაცვლებელ“ საწვავად იყენებს დაბრეცილ ღუმელში (დაფნას თუ არ ჩავთვლით, რომელსაც, როგორც ჩანს, უბრალოდ ყრიან). ბიომასის მეორე ნაწილი იყრება და ლპება. ისიც კი, რასაც ფერმერები წვავენ, სწორად რომ იყოს დამწვარი, მიღებული სითბო რამდენჯერმე უფრო ეფექტური იქნება - სახლსა თუ ფერმას ნაკლები რაოდენობის იმავე რესურსით, გაცილებით უკეთ და ხანგრძლივად გაათბობდა. შესაბამისად, მომხმარებელს ხარჯის დიდი დაზოგვა გამოუვიდოდა. ეკონომიკურად წარმატებულ ოჯახსა თუ ფერმაში კი, უკეთ მოგეხსენებათ, თითოეული თეთრი ითვლება! არადა, ცოტამ თუ იცის, რა სიმდიდრე იფლანგება არასწორი წვითა და უბრალოდ თავიდან მოშორებით.

უკვე შეგნებულად აღარ ვწერ დეტალებში ტყის რესურსის უზარმაზარ პოტენციალზე. ხე-ტყის ბიომასის ნარჩენი ძირითადად ნახერხია, რომელიც გადამამუშავებელ საამქროებს, სხვადასხვა საწარმოსა და ფერმას რჩება. აღარაფერს ვამბობ დაცული ტერიტორიების გარეთ არსებული საქართველოს ტყეების ბიომასის შესახებ (ჩამოცვენილი ტოტები, ტყის სანიტარული ჭრები, გამოხშირვები და ურბანული გადაბელვები). თავს ვიკავებ ჯოულებითა და ტონებით მკითხველის გადატვირთვისგან. უბრალოდ გეტყვით, რომ საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 35-40% ტყეს უკავია. აქედან დაცულ ტერიტორიებს თუ ამოვიღებთ (სადაც ნებისმიერი ჩარევა სასტიკად აკრძალულია), მაინც იმდენი ეფექტურად გამოსაყენებელი რესურსი დარჩება, რომ   ათეულობით საშუალო ბიზნესს დააკმაყოფილებს, ადგილზე ასეულობით ადამიანს დაასაქმებს და ათასობით ადამიანს (კომლსა თუ ფერმას) ხარჯს შეუმცირებს. არ დაგვავიწყდეს! ეს ყველაფერი, სწორი მენეჯმენტის პირობებში, სრულიად უსაფრთხოა და არც სიმსივნის გამომწვევი გამონაბოლქვი აქვს და არც თავად გარემოსთვისაა საფრთხის შემცველი.

ვიცი, სიტყვა გამიგრძელდა და, ალბათ, ბევრს თავიც შეგაწყინეთ, მაგრამ მარცვლეული? თივა? ნამჯა? ამას ხომ ვერ გამოვტოვებდი! გახსენდებათ კახეთის მზესუმზირის თვალუწვდენელი პლანტაციები და მზესუმზირის სრულიად გამოუყენებელი ნარჩენები? ან უბრალოდ ყანები და მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი ნამჯა? ხომ არ დაგავიწყდათ, რა რაოდენობის სიმინდს ვფლობთ დასავლეთ საქართველოში, რომლის ტარო და „ფუჩეჩი“, თუ განსაკუთრებული გვალვა არ არის, პრაქტიკულად გამოუყენებლად იყრება და საქონელს არ მიეცემა?

ხუმრობისგან თავს ვერ ვიკავებ და ნახევრდ სერიოზულად მინდა ვიკითხო - რაღად გვინდა ბრაზილიის მაგალითი და მათი ბიოსაწვავი, როდესაც ჩვენვე ამდენი განახლებადი რესურსი გვაქვს აუთვისებელი? როდესაც ამდენი სითბო იკარგება და ამდენი პოტენციური ფული მიედინება ფუჭად?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვეხება, მაინც საინტერესოდ მეჩვენება National Geographic საქართველოს 2014 წლის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებული ეს ინფოგრაფიკა [Link: ზაზა, მექსიკის ინფოგრაფიკა], რომელიც მექსიკაში ბიოსაწვავის საკვებიდან მიღებაზე იძლევა საინტერესო ინფორმაციას.

ზემოთ „ფუჭად გადინება“ ვახსენე, ცხადია, დიდი თუ მცირე ფერმების ნარჩენები (ცხოველქმედების პროდუქტებს ვგულისხმობ) მახსენდება. ბიომასის ეს უძვირფასესი რესურსიც დიდი რაოდენობით გვაქვს საქართველოში, ქალაქებში წარმოუდგენელი რაოდენობის ორგანული ნაგავი და მათი კანალიზაციაც რომ არ მივათვალო (თუმცა რატომ არ უნდა მივათვალო, კაცმა რომ თქვას?!). ისე, ამ ტიპის ორგანული ნარჩენით გარემოსათვის გაკეთებული სიკეთე, ბიზნესის განვითარება, ადამიანთა დასაქმება და იაფი სითბო რომ წარმოვიდგინე, უკვე უდავოდ არაცინიკურად, შეიძლება ითქვას, ძალიან გამართულ-ზნეობრივად მომეჩვენა ვესპასიანეს ფრთოსანი ფრაზა - ფულს სუნი არ უდის!

როდესაც საქართველოს პოტენციალზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვნად მეჩვენება არამარტო რესურსის პოტენციალი, არამედ ინსტიტუციური მხარეც - ვის მორჩება ხოლმე ნარჩენი თავისი კონკრეტული საქმიანობის შემდეგ, ვინ არის დაინტერესებული მისი შეგროვების მენეჯმენტის გამართვით, ვინ გარდაქმნის ბიომასის ამ კმარ რაოდენობას ენერგოეფექტურ საწვავ პროდუქტად (სპეციალურ ბრიკეტებად და ე.წ. პელეტებად) და ვინ შეისყიდის მას რეგულარულად? ბუნებრივია, მკითხველსაც გაუჩნდებოდა ეს აზრი, რადგან ბიომასის პოტენციალი ერთია, ხოლო მისი გადამუშავებისა და წარმოების პოტენციალი - მეორე.

გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ გარდა ფერმერებისა, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, საქართველოს რეგიონებში, მათ შორის თბილისშიც მოქმედებს ასობით მცირე და საშუალო საამქრო, რომელიც ხე-ტყეს გადაამუშავებს და ნარჩენი (ძირითადად ნახერხის სახით) მინიმუმ 1500 ტონაა წელიწადში. ასევე წარმატებით მუშაობს თხილის ბიზნესზე ორიენტირებული ბევრი მცირე და საშუალო საწარმო, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მინიმალურ ფასად ყიდის დიდი რაოდენობით ნაჭუჭს საზღვარგარეთ. ბოლოს და ბოლოს, ან ეს საწარმოები შეიძლება თავად დაინტერესდნენ ბიომასის ამ ნედლეულის გადამუშავებით და ამ ბიზნესში შემოსულ ახალ პარტნიორებს მიყიდონ ორმხრივად ოპტიმალურ ფასად. რაც შეეხება ბიზნესპოტენციალს, ანუ ვინ შეიძლება დაინტერესდეს გადამუშავებითა და გაყიდვით - ეს შედარებით ბუნდოვანი თემაა და ძირითადი გამოწვევა სწორედ აქ არის. ცხადია, არსებობენ ადამიანები და ჯგუფები, რომლებსაც ამ ბიზნესის ამუშავება სურთ, მაგრამ სახელმწიფოსა და განვითარების სააგენტოების მიერ უნდა მოხდეს ამ საკითხის წინ წამოწევა და ბიზნესის მეტად დაინტერესება. ერთია, როდესაც ვამბობთ „უნდა მოხდეს“, მეორეა რეალობა. დაინტერესებულია კი სახელმწიფო ამით? იმედია, დაინტერესდება.

საილუსტრაციოდ მუნიციპალიტეტები გამოდგება. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტი, რომელიც დაახლოებით 2 მილიონ დოლარს ხარჯავს ყოველწლიურად ენერგორესურსებისთვის 196 მუნიციპალური შენობისათვის. გათბობა ამ რესურსის 50%-ია, რომელიც ზამთარში 80%-მდეც კი იზრდება. თან მუნიციპალური შენობების უმეტესობას (ძირითადად, 150-მდე საბავშვო ბაღი) არ გააჩნია ბოილერიანი გათბობის სისტემა და აქ უმეტესად გამოყენებულია ინდივიდუალური გაზის ან ელექტროგამათბობლები. გარდა იმისა, რომ ეს მუდმივად მზარდი ფინანსური ტვირთია, წიაღისეული საწვავის მუდმივ გამოყენებას ხომ თან სდევს სათბურის გაზების მნიშვნელოვანი ემისია (როგორც CO2–ისა, ბუნებრივი გაზის წვის შედეგად, ასევე CH4-ისა, გაზსადენებიდან გაჟონვების გამო). გარემოს ამ მზარდი ზიანის გამო, თბილისმა „მერების შეთანხმებას“ მოაწერა ხელი და იკისრა ვალდებულება - 2020 წლისათვის 20%-ით შეამციროს  CO2-ის კვალი 2005 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. როგორც აღმოჩნდა, ყოველივე ამის გამო, თბილისის მერია (ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტები, მაგ. ზუგდიდის) მზადაა, ყველანაირად ხელი შეუწყოს ბიომასის წარმოების გაფართოებას (თუნდაც დაბალპროცენტიანი კრედიტებით), რადგან ძლიერაა დაინტერესებული მუნიციპალური შენობების ნაწილის ხარჯის შემცირებით. და აი, მუდმივი პოტენციური კლიენტებიც შეიძლება გამოჩნდნენ - მუნიციპალური შენობების საკმარისი ოდენობა. თუ ფერმერებისა და ფერმების (როგორც ბიომასის საბოლოო საწვავი პროდუქტის შემსყიდველების) დათანხმებაზე და მომგებიან-სადემონსტრაციო საპილოტო პროექტებზე ბიზნესს მუშაობა დასჭირდება, მუნიციპალიტეტი უკვე მზადაა, სერიოზულად განიხილოს ტრადიციული საწვავის ბიომასით ჩანაცვლების საკითხი.

მოკლედ, რესურსის პოტენციალის გარდა, ბიზნესპოტენციალიც არსებობს. ოღონდ, არ მინდა წარმოიდგინოთ, რომ „ზეციური საქართველოს“ სურათს ვხატავ და ეს ყველაფერი წინააღმდეგობის გარეშე „რბილად დაიძრება“. როგორც ყველა ახალ წამოწყებას, ამასაც აქვს თავისი გამოწვევები. მაგრამ არის კი საქმე, რომელსაც გამოწვევა არ აქვს? და მაინც, ამდენ პოტენციურს რომ გადახედავ, მტკივნეული ხდება განცდა, რომ სხვა განვითარებად ქვეყნებში ბიომასის საწვავად ქცევის ყველასთვის მომგებიანი და დაძრული პროცესი ჯერ საქართველოს არ შეხებია. ძირითადი პრობლემა, ცხადია, ინფორმაციის ნაკლებობაა, თუმცა სხვა ხელისშემშლელი პირობებიცაა, მაგრამ ღრმად მწამს - სხვა ჩვენნაირი ქვეყნების კარგი მაგალითი გადამდები იქნება! რაც მეტი ინფორმაცია და ტექნიკური დახმარება გვექნება სახელმწიფოსა თუ განვითარების სააგენტოებისგან, მით სწრაფად დაინტერესდება ბიზნესი და ჩვენც, მოსახლეობა თუ მისი გარემოს დამცველი ნაწილი კმაყოფილი ვიქნებით.

ამ ბლოგის დასასრულსაც, მინდა ტრადიციული წინადადება გავიმეორო - გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოში, ცოტა ხნის წინ დაიწყო პროექტი: „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის მიზანია ყველა დაინტერესებულის საქმეში ჩართვა მათი დახმარება, ბიზნესი იქნება ეს, მთავრობა, არასამთავრობო სექტორი თუ უბრალოდ საკითხით დაინტერესებული საზოგადოება. პროექტის კარი ღიაა, თამამად დაუკავშირდით!

თეგები: 
ბლოგი
ბიომასა
გარემოს დაცვა
ელექტრობა
თბური ენერგია
საწვავი
© საავტორო უფლებები დაცულია; გამოცემულია საქართველოში. წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია