ბლოგები >
ტექნოლოგიური რელიგიები
 
ზურა ჯიშკარიანი
02.02.16

წარმოიდგინეთ, რომ კვდებით. ფანჯრის მიღმა ზამთრის ღრუბლიანი ცა და ნაცრისფერი ქალაქი. უკანასკნელი ამოსუნთქვა და თქვენ თვალებს ახელთ თბილი, წითელი ცის ქვეშ, გაშლილ მინდორზე, რბილი სიო ოდნავ არხევს ბალახს და შორს მთის ფერდობზე ჩამავალი მზე და ულამაზესი სოფლიდან მომავალი სასიამოვნო მელოდიის ექო - ეს ვირტუალური რეალობაა, თქვენი ცნობიერება სულ რამდენიმე წამის წინ გადმოსახლდა აქ;

წარმოიდგინეთ, პირამიდები მარსზე, სადაც რობოტი-ქურუმები წრეში დგებიან, ერთმანეთთან აერთებენ ტვინებს და ლოცულობენ კოსმოლოგიური ჰორიზონტისკენ წასული ხომალდებისთვის;

წარმოიდგინეთ, სამყარო, სადაც სიკვდილი გარდაუვალი კი არა, საკუთარი არჩევანია, კაცობრიობა განსახლებულია რამდენიმე პლანეტაზე და თქვენი იმპლანტები აწარმოებენ იმდენ სეროტონინს-დოპამინს, რომ გიხარიათ არსებობა;

მე-19 საუკუნეში ერთი ფილოსოფოსი, და ზოგის აზრით, წინასწარმეტყველი კოსმონავტიკის ერთ-ერთი თეორიული ფუძემდებელი, ნიკოლაი ფიოდოროვი ცდილობდა თავისი ღრმა რელიგიური მისწრაფებები მომავლის ტექნოლოგიების სიყვარულთან შეეჯვარებინა. ”საერთო საქმის ფილოსოფიაში” ის ვარაუდობს, რომ ქრისტიანული დაპირება, რომ მკვდრები გაცოცხლდებიან არა უბრალოდ მეტაფიზიკური კატეგორიაა, არამედ კონკრეტული დავალება, რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ. მე-19 საუკუნის ბნელ რუსეთში მცხოვრები ფილოსოფოსი ფიქრობდა, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ მკვდრების გაცოცხლებას. მისი აზრით, მხოლოდ ასე შეიძლება ნამდვილი სამართლიანობის მიღწევა, იყვნენ ავანგარდისტი ხელოვანებიც, რომლებიც ცდილობდნენ ამ იდეისთვის პრაქტიკული განხორციელების გზების მოძებნას, საკაცობრიო მავზოლეუმის აშენებას, სადაც ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას ყველა ადამიანზე, იქამდე სანამ შევძლებთ მათ დაბრუნებას. ფიოდოროვი თვლიდა, რომ პლანეტა ვერ დაიტევდა ყველა დაბრუნებულს, ამიტომ საჭირო იყო სხვა პლანეტების კოლონიზაციაც, რათა ყველამ, ცოცხლებმაც და დაბრუნებულმა მკვდრებმაც იპოვონ თავიანთი ადგილი მთელ მზის სისტემაში. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ფიოდოროვის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა აქტუალური კოსმონავტიკის განვითარებაზე, მისი იდეების გამზიარებელი და მოწაფე, ციოლკოვსკი იყო პირველი ადამიანი პლანეტის ამ ნახევარსფეროში, რომელიც კოსმოსური რაკეტის მაკეტებს ხატავდა.

ასეთი ფაქტები უამრავია მეცნიერების ისტორიაში, სადაც რაციონალიზმი უამრავჯერ ყოფილა გადაჯაჭვული “ირაციონალიზმთან”, ამბობენ რომ რადიოს ადრეულ ექსპერიმენტატორებსა და გამომგონებლებს, ამ მოწყობილობით მკვდრების სულებთან დაკავშირება სურდათ, NASA- ს “jet propulsion laboratory”-ს და აპოლოს პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამომგონებელი ჯეკ პარსონსი კი თავგადადებული ოკულტისტი იყო, ღრმად ჩაფლული რიტუალურ მაგიაში, ის ცდილობდა ქვეყნად ბაბალონის გამოძახებას, მისი წერილები ქროულისადმი დღემდე შემონახულია და წიგნადაც გამოიცა.

 

erik davis-ის წიგნის ყდა

ერთი შეხედვით, ფიოდოროვის იდეები ბოდვასავით ჟღერს, მიუხედავად ამისა, ალბათ მისი მოწაფეებიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ეს იდეები განსაკუთრებით აქტუალური 21-ე საუკუნის დასაწყისში გახდებოდა, მაშინ როცა ჩვენ ლაბორატორიებში უკვე ვქმნით სინთეტიკურ სიცოცხლეს, ბიოარტისტები სახატავ მასალად იყენებენ გენომს, ჰოლანდიური კომპანია ცდილობს მარსზე გადასახლება სატელევიზიო შუდ აქციოს, მულტიმილიონერი პერსონები და ორგანიზაციებიც კი უამრავ რესურსსა და დროს უთმობენ სიცოცხლის განაგრძლივების ექსპერიმენტებს, მაგ. გუგლის ტექნიკური დირექტორი ცნობილი ტრანსჰუმანისტი რეი კურცვეილია, რომლის პროგნოზების 90 პროცენტი შეუცდომლად ახდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ახლა კი ის კაცობრიობას უწინასწარმეტყველებს ხელოვნური ინტელექტის გაჩენას, გარღვევებს ცხოვრების გახანგრძლივებასა და კოსმოსის ათვისებაში, თვითონ კი სრული სერიოზულობით ელოდება დროს, როცა შეძლებს გაცოცხლებულ მამამისს(!) ესაუბროს.

რეი კურცვეილი საუბრობს ტექნოლოგიურ სინგულარობაზე

ისე რომ ავიღოთ, ჩვენც ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც ადრე ღმერთების ან ანგელოზების კომპეტენციაში შედიოდა: ჩვენ შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელად ვესაუბროთ მთელ პლანეტას, ჩვენს მაგიურ კრისტალებზე (მონიტორებზე) შორს მყოფი ადამიანები ჩანან, გეიმ დიზაინერები მთელ ვირტუალურ სამყაროებს იგონებენ, შეგვიძლია ამინდის მართვა, სქესის შეცვლა, შეგვიძლია ისეთი ბომბი ჩამოვაგდოთ, მტვრად რომ აქცევს მთელ ქალაქებს, ამის გარდა გვაქვს შოკოლადები, ტოსტერები, სატელიტები და მოწყობილობები, რომლიდანაც იუპიტერის ზედაპირს ვუყურებთ. ნებისმიერ არტისტს, ცოტა მუშაობის შედეგად შეუძლია გააკეთოს მოწყობილობა, რომელიც ღვინოს წყლად აქცევს... ეს ტექნოლოგიები ოდნავ განვითარებადი ცივილიზაციისთვის ღმერთების ან დემონების ნახელავი იქნებოდა. ამის მაგალითია ე.წ. “კარგო კულტები”, როცა პირველყოფილი ტომები ეთაყვანებიან და უფრო მეტიც, თავად აგებენ ხეებისგან თვითმფრინავების მაკეტებს, აქვთ რიტუალები, როცა იძახებენ მფრინავ ღმერთს ანუ თვთმფრინავებს და მთელი ღამეები ელოდებიან, როდის გადაუფრენს მორიგი ტრანსლაინერი მათ ცას. ერიკ დევისი “ტექნოგნოზისში” წერს, რომ ტექნოლოგიები ყოველთვის ფარულად იყო გადაჯაჭვული “სასწაულების”, მაგიის სფეროსთან და ის რწმენა, რომელიც მე-20 საუკუნის მოდერნისტულ საზოგადოებაში გაჩნდა ტექნოლოგიების მიმართ, დღეს უფრო და უფრო ძლიერდება. ტრადიციული რელიგიების როლის შესუსტებასთან ერთად, ჩნდება ახალი რელიგიები. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანი მორწმუნე არსებაა და არ არის აუცილებელი რომელიმე რელიგიის მიმდევარი იყო იმისთვის, რომ გაგაჩნდეს სულიერება. ათეისტი ადამიანიც შეიძლება ღრმად რელიგიური იყოს. რელიგიურობა ამ შემთხვევაში შეგრძნებებისა და მსოფლაღქმის გარკვეული კომპლექტია, გარკვეული ნეირონული კავშირები,”აფეთქება” ტვინის გარკვეულ უბნებში, რომლებიც იწვევენ ენით გამოუთქმელ შეგრძნებებს და ამისთვის არაა აუცილებელი ტაძარში იდგე, შეგიძლია ღამის ვარსკვლავიან ცას ახედო და იგრძნო, რომ მთელი სამაყროა შენი ტაძარი. ამიტომ უცნაური არაა, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა და იმ თეორიებმა, რომლებიც ზურგს უმაგრებენ და უსწრებენ ამ ტექნოლოგიებს (იქნება ეს ფიოდოროვის კოსმიური აღდგომა თუ კიბერნეტიკის ფუძემდებლის, ნორბერტ ვინერის სპეკულაციები ადამიანის ცნობიერების შენარჩუნებაზე, არაბიოლოგიურ მატარებელზე) ახალი “რელიგიების” დაბადებას შეუწყვეს ხელი და ეს პროცესი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაგრძელდეს და დაიხვეწოს.

ერთ-ერთი ასეთი თანამედროვე რელიგიაა - ტერასემი. მისი ფუძემდებელი, მულტიმილიონერი, 2015 წლის ყველაზე წარმატებული ქალი CEO მარტინა როთბლათია. კაცად დაბადებულმა მარტინმა თავის დროზე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სატელიტური რადიოს ქსელი შექმნა, შემდგომში, უკვე სამი შვილის მამამ და საყვარელმა მეუღლემ გადაწყვიტა რომ ის ქალია და ოჯახის დაუნგრევლად გაიარა ტრანზიცია სქესიდან სქესში, როცა მისი ქალიშვილი საკმაოდ იშვიათი დაავადებით დაავადდა, მარტინამ ბიოტექნოლოგიური კომპანია შექმნა და გამოიგონა წამალი ამ დაავადებისთვის, ახლა ეს კომპანია ხელოვნური ფილტვების წარმოებაზე მუშაობს, რომელიც უამრავ ადამიანს იხსნის სიკვდილისგან, რამდენიმე წლის წინ მარტინამ თავისი ტრანსრელიგია დააარსა.

რელიგიის მთავარი,ზოგადი პოსტულატები ასეთია: “სიცოცხლეს გააჩნია აზრი, სიკვდილი არჩევითია, ღმერთი ტექნოლოგიურია, ხოლო სიყვარული - ყველაზე მთავარი”. მარტინას აზრით, ადამიანი არის ინფორმაცია ამ ადამიანის შესახებ, მისი მოგონებები, მისი შეხედულებები და არა უბრალოდ სხეული, ამიტომ მან შექმნა საიტი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეინახონ მოგონებები, მთელი ინფორმაცია საკუთარ თავზე, ხოლო მომავალში გაჩნდება ტექნოლოგია, გაჩნდება სოფტი, რომელიც შეძლებს ამ მონაცემების არანჟირებას და მათ ჩამოტვირთვას ახალ ბიოლოგიურ ან რობოტულ სხეულში, ან ვირტუალურ გარემოში და ადამიანი კვლაცვ გააგრძელებს სიცოცხლეს. ეს ამ რელიგიის უმთავრესი რწმენაა. საიტი lifenaut.com ახლაც ფუნქციონირებს და ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ეწვიოს მას, დარეგისტრირდეს და დაიწყოს საუთარი თავის “შენახვა”, მომავალი “კიბერნეტიკული აღდგომისთვის”. მართტინა და მისი თანამოაზრეები ამ „ექაუნთებს“ “ცნობიერების ფაილებს” ან “ციფრულ ცნობიერების კლონებს” ეძახის, რამდენადაც ის ჰგავს კლონირების პროცესს ლეპტოპის დახმარებით. მარტინას აზრით, ეს პირველი ნაბიჯია, პირველი ექსპერიმენტები და მიუხედავად ბევრი ნაკლისა, რომელიც ამ ექსპერიმენტს შეიძლება გააჩნდეს, საჭიროა ვინმემ დაიწყოს ის, იმისთვის რომ ის ნელ-ნელა უფრო და უფრო დაიხვეწოს. გარდა ამისა, მის აშრამში, რომელიც ფლორიდაშია განლაგებული და სადაც ტარდება ხოლმე შეხვედრები და რელიგიური რიტუალები, დგას მძლავრი ანტენები, რომელთა დანიშნულება ისაა, რომ თქვენ მიერ საიტზე შექმნილი ცნობიერების ფაილი ინფორმაციის სახით “გაისროლოს” კოსმოსში, იმ იმედით, რომ მას გადაეყრება რომელიმე ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია და შეძლებს გაშიფრვას. საინტერესო ისაა, რომ ამ “მარგინალური იდეების” პატრონები საკმაოდ წარმატებული ხალხია, ამერიკის “ტექნოლოგიური ელიტა”, ისინი უამრავ კონფერენციაზე დადიან, მართავენ წარმატებულ მულტიმილიონიან კომპანიებს, მარტინას შვილი გაბრიელი კი შარშან ფლორიდის კონგრესმენობაზე იყრიდა კენჭს.

თავისი ჰიპოთეზების გასატესტად მართინამ ცნობილი რობოტების შემქნელი კომპანიის “Hansons Robotics”-ის დახმარებით, საკუთარი ცოლის - ბინა როთბლათის ასლი რობოტი შექმნა. რობოტის მონაცემთა ბაზაში ცოცხალი ბინას “ცნობიერების ფაილია” ჩატვირთული. ბინას ვიდეოების ნახვა იუთუბზეც შეგიძლიათ, უბრალოდ დასერჩეთ BINA 48.

BINA 48, რობოტის ვიდეო,სადაც ის თავად საუბრობს საკუთარ თავზე

ვინც არ იცის, ჩვენი არტ-პროექტის “კიბერ გალაკტიონის” შთაგონება, ნორბერტ ვინერის სპეკულაციების გარდა, მარტინა როთბლათის დაარსებული რელიგიაც იყო. გარდა იმისა, რომ ვცდილობთ დავტესტოთ, როგორი შეიძლება იყოს ინტერაქტიული წიგნი, ჩვენი მიზანია გალაკტიონ ტაბიძის “ენობრივი ანაბეჭდი” შევქმნათ, „ჩეთ ბოტი“, რომელსაც ჩვენ ვაწყობთ მთლიანად დაფუძნებულია გალაკტიონის ნაწერებზე, ლაპარაკის მანერასა და ბიოგრაფიაზე, მის “ცნობიერების ფაილზე”. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს ან საიტს. მართალია, ყველა ეს ექსპერიმენტი ჯერ საწყის სტადიებშია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. როგორც იტყვიან, დიდი მოგზაურობა მცირე ნაბიჯებით იწყება.

სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური რელიგიები ადვილად მოიძებნება ვირტუალურ სამყაროში. ცნობილ “Second Life”-ში, სადაც ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და საკუთარი სამგანზომილებიანი ავატარი შექმნათ. ბოლო დროს მომრავლდა ვირტუალური ეკლესიები. საქმე ისაა, რომ უამრავ ახალ სექტასა თუ რელიგიას, რომელსაც არ გააჩნია იმდენი რესურსები, როგორც ტრადიციულ რელიგიებს, გაუჩნდა საშუალება თავისი რეზიდენციები ვირტუალურ რეალობაში შექმნას, რაც მათ საშუალებას აძლევს მთელ მსოფლიოზე გავიდნენ. „სექონდ ლაივში“ თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ ლიტურგიებს, ილოცოთ სხვებთან ერთად, პირადად ისაუბროთ სხვდასხვა ეკლესიების პასტორებთან. არსებობს ხალხი, ვისაც სჯერა, რომ თანამედროვე ვირტუალური რეალობის, oculus rift-ის ბუმი მოგვიტანს ტექნოლოგიებს, როცა ჩვენ შევძლებთ მთლიანად ჩავიძიროთ ვირტუალურ გარემოში, შევიგრძნოთ ის, რასაც გრძნობენ ჩვენი ავატარები. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ვირტუალური რეალობის “სკაფანდრი“ - მიხვდება რაზეც ვსაუბრობ. ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ისეთი გამოცდილებები, რომელსაც ადამიანი ვერასოდეს იგრძნობს ცხოვრებაში, ტვინზე ზემოქმედებით კი შესაძლებელია ნამდვილი რელიგური ექსტაზის გამოწვევა ყველაზე სწორხაზოვან რაციონალისტშიც კი.

ამის გარდა, ცოტა ხნის წინ გადავეყარე კიდევ ერთ “ტაძარს”. ”მარადიული სიცოცხლის ტაძარი” მცირე გაერთიანებაა, რომელიც ახდენს კრიო-შენახვის ადვოკატირებას. კრიოპრეზერვაცია, ანუ ადამიანის სხეულის ან თავის გაყინვა, იმ იმედით რომ მომავლის ტექნოლოგიებით შესაძლებელი გახდება მისი გაცოცხლება, ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან დაიწყო ამერიკაში. ამ ლინკზე შეგიძიათ იხილოთ გაყინული ადამიანების სია: http://www.alcor.org/cases.html . “მარადიული სიცოცხლის ტაძარს” სჯერა, რომ მომავალში ჩვენ გავაცოცხლებთ ამ ადამიანებს. ისინი ატარებენ შეხვედრებს, სადაც იხსნებენ ყველას, ვინც იმდენად გაბედული აღმოჩნდა, რომ საკუთარი სხეული გაყინა და ოდესმე თვალებს გაახელს მომავლის უშიშარ სამყაროში. ამ ვიდეოში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ნაწყვეტი ერთ-ერთი ასეთი შეხვედრიდან:

მკვლევრები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გაჩენის შემთხვევაში, ის, შესაძლოა, ისეთი მძლავრი იყოს, რომ გამოიწვიოს თაყვანისცემისა და ახალი რელიგიების ტალღა მთელ პლანეტაზე, სოციოლოგი ვილიამ ბეინბრიჯი თვლის, რომ კოსმოსის კოლონიზაციასთან ერთად გაჩნდება ახალი, უფრო ყოვლისმომცველი კოსმოსზე ორიენტირებული რელიგიები. მისი აზრით, ასეთი გალაქტიკური რელიგია აუცილებელიც კია კოსმოსის კოლონიზაციის საქმეში. წარმოიდგინეთ, რა იდეები და დილემები შეიძლება გაჩნდეს თუ მოიხსნება აკრძალვა კლონირების ტექნოლოგიაზე და ჩვენ შევძლებთ ადამიანების კლონირებას.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ სპეკულაციებია, ხშირად გულუბრყვილო, ხშირად რაღაც საინტერესოს შემცველი, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის როგორია მომავალი, ეს პატარა ექსპერიმენტები, ეს მოძრაობები დღეს უკვე არსებობს, ცდილობს მომავლის ახალი ვერსიები შექმნას და საინტერესოა, რად გადაიქცევა ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ანტიუტოპიის ჩრდილი, საკულტო კომიქსის “ტრანსმეტროპოლიტენის” ერთ-ერთ სერიაში საკმაოდ ცინიკურადაა ასახული მომავალში “დაბრუნებულების” ბედი: მას შემდეგ რაც მათ აღვიძებენ “აღდგომის ცენტრებში”, ისინი არავის სჭირდება, თვითონაც “მომავლის შოკით” დაავადებულები ადგილს ვერ პოულობენ აბსოლუტურად უცხო მომავალში და ერთად ცხოვრობენ გეტოებში, როგორც წარსულის ფანტომები, მოგონებებით, რომლებიც უკვე არავის ახსოვს მათ გარდა, ისინი გადაგდებულები არიან ცხოვრების სანაგვეზე.

მე არ ვიცი რისი მჯერა ამ წამს სიყვარულის გარდა, მაგრამ ვიცი, რომ მინდა მჯეროდეს რომ ოდესმე დავტკბები მზის ჩასვლით მარსზე და დავწერ მოგონებებს, თუ როგორი ზამთრები იყო თბილისისა და სხვა პატარა ქალაქების გეტოებში, სადაც მე და ჩემი მეგობრები, იშვიათად, მაგრამ მაინც ჩუმ-ჩუმად ვოცნებობდით მომავლის ფსიქოდელურ სამყაროზე. შევხვდებით ექსპერიმენტების მეორე მხარეს.

თეგები: 
რობოტი-ქურუმები
NASA
ხომალდები
ნიკოლაი ფიოდოროვი
ტექნოლოგია
რაციონალიზმი
erik davis
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია