ბლოგები >
წითელი ხაზი
 
არმაზ ახვლედიანი
12.01.16
ენდრიუ პასკუალე. Stela Line-ზე თავი შეიძლება ტიტანიკზე გეგონოთ.
რედაქტორის მინაწერი
სიამოვნებით წარმოგიდგენთ National Geographic საქართველოს ბლოგების რუბრიკა "NatGeo სტუდენტების" კონტრიბუტორ არმაზ ახვლედიანს. ის 24 წლისაა და თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს, მეოთხე კურსზე. დაინტერესებულია მოგზაურობით, ლიტერატურით, სპორტით, თეოლოგიითა და ფსიქოლოგიით.


მახსოვს დანიური პრესის ფურლებზე დაბეჭდილი რუკა და გავლებული წითელი ხაზი, საქართველოდან-დანიამდე. ჩვენ ვიყავით იმ ერთადერთი ქვეყნიდან, რომელიც საფეხბურთო ტურნირზე თვითმფრინავით არ ჩასულა.

პირველი გაჩერება თურქეთი იყო. საზღვარზე თითოეული მგზავრის ბარგის შემოწმება უნდოდათ, არადა 90-ნი მაინც ვიყავით -,,ვიტ ჯორჯიას“ სამი ასაკობრივი გუნდი: 1991, 92 და 93- წლიანები. ევროპის ჩემპიონატი ახალი დასრულებული იყო, თურქეთმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ნახევარფინალშიც გავიდა. არ ვიცი, რამდენად დაგვიჯერეს მეზობლობის გამო, თურქეთს ვქომაგობდით-თქო, მაგრამ... ინგლისურს მაგრად ამტვრევდნენ, რუსული საერთოდ არ იცოდნენ, თურქული კიდევ ჩვენ არ ვიცოდით...

გზა სტამბოლამდე, მაინც და მაინც საინტერესო არ ყოფილა. აქ კი ბევრი რამ იყო სანახავი, მაგრამ დრო გვქონდა ძალიან ცოტა. სასადილოდ შევჩერდით. გულმა მოედნისკენ გაგვიწია, ხელოვნურსაფარიანი იყო, ჩვენთან რომ არის ყველა უბანში. 6 თურქი იყო მოედანზე, ერთი ილდირაი ბასტურქის ფორმით, ჩვენ ვიცოდით ბასტურქი, მათ - არველაძეები, ეს კი საკმარისი აღმოჩნდა ბურთი რომ გაგორებულიყო. „ბასტურქი“ აგრესიული ბიჭი აღმოჩნდა და ჩემს თანაგუნდელს კინაღამ ფეხი მოამტვრია, ტრამვირებულმა დანიაში ტურნირზე ვეღარ ითამაშა.

საბერძნეთი ღამით გავიარეთ, ბევრი არაფერი ჩანდა. ისიც კი არ ვიცი ათენში მოგვიწია თუ არა გავლა. ვერც დავიძინე, ბალიში ჩანთაში ეგდო, ჩანთა კიდევ ავტობუსის საბარგულში. ბალიშის გარეშე კი ავტობუსში ძილი თითქმის შეუძლებელია. სპირალისებურად მივიწევდით მაღლა, ლამპიონების სინათლე კი არ იყო საკმარისი ბოლომდე აღმექვა პეიზაჟი. მეგონა, ოლიმპოს მთაზე ავდიოდით.

პორტში მივედით, ჩვენი გემი 4 საათში შემოვიდოდა, თენდებოდა. მხოლოდ ერთი კაფე იყო ღია, იქამდე მითხრეს ბერძნული სამზარეულო დიდად გამორჩეული არ არისო, მაგრამ რაც ვჭამე ძალიან მომეწონა, იმდენად რომ მეორედაც მოვითხოვე, რაღაც პიცის მაგვარი იყო, მაგრამ პიცა ნამდვილად არა.

მერე ქალაქს სიღრმისკენ გავუყევი. ძალიან ვიწრო ქუჩები იყო. ისეთი მანქანა ვერც კი გაივლის. ამავე ქუჩაზე სექსშოპი ვნახეთ, ოღონდ გარედან. ვერ შევედით, დაკეტილი იყო. უცხო ხილია სექსშოპი. იმაზე უცხო, ვიდრე ის პიცისმაგვარი რაღაც. ისე, გემრიელი კი იყო.

კინოში ხშირად მეძინება ხოლმე. ვერ დავიძინე, კარგი კინო გადიოდა - ჯარმუშის "Night on Earth".

ჩემი პირველი მგზავრობა იყო გემით. შესვლისთანავე სათამაშო აპარატების დიდი სივრცე დაგვხვდა. ჩემი გუნდელების უმრავლესობა აპარატებს მისცვივდა და რა თანხაც ჰქონდათ წამოღებული მთლიანად თუ არა, ნახევარი მაინც იქ დატოვეს. მე არ ვარ აზარტული. გემზე ავტოსადგომი, ბევრი მაღაზია, კაფე, ბარი, კაზინო, რესტორანი, საშხაპეები, მინი კინოთეატრი... ბევრი რამ იყო.

ძილი მომერია და ჩემი ბალიშიც დავითრიე. ჩვენი ბილეთით კაიუტებში ვერ შევიდოდით, მაგრამ არც საერთო სივრცე იყო ცუდი. ბილეთი ვიყიდე და პატარა კინოთეატრში შევედი, კინოში ხშირად მეძინება ხოლმე. ვერ დავიძინე, კარგი კინო გადიოდა - ჯარმუშის ,,Night on Earth”. ფილმის დასრულებისას ჩამთვლიმა, მაგრამ ეგრევე გამომაფხიზლეს და გარეთ გამიძახეს. ზღვას ვუყურებდი და გემთან ერთად ვირწეოდი. როცა ბორტზე პირველად გადიხარ და უკიდეგანო ზღვას გაჰყურებ, წამით მაინც გაგიელვებს ზღვაში ბორიალი ცხოვრების წესად აქციო.

იტალიის ქალაქ ბარის მივადექით - ვიწრო ქუჩებში გადმოკიდებული სარეცხი და პატარა მანქანები, რომლებიც მუდმივად გითმობენ გზას. როგორც მითხრეს, იქ ბევრი ქართველი ცხოვრობს, თუმცა ისინი არ მინახავს. სამაგიეროდ წავიკითხე - “ზურაბ წერეთელი, ავტორი წმინდა ნიკოლოზის ძეგლისა”, რომელიც მისივე სახელობის ტაძრის პირდაპირ დგას. ტაძრის ქვედა სართულზე, გისოსებს მიღმა წმინდა ნიკოლოზის საფლავია. როგორ მინდოდა მეგრძნო რაიმე ისეთი, რასაც წმინდანის საფლავზე მიახლებისას გრძნობენ ხოლმე, მაგრამ არაფერი მიგრძვნია.

ჩავაღწიეთ დანიამდე. ქალაქი იორინგი. აქ 1982 წლიდან ტარდება საერთაშორისო ასაკობრივი საფეხბურთო ტურნირი ,,Dana Cup”. ზაფხული იყო, მაგრამ საკმაოდ ციოდა. სკოლის შენობაში განგვათავსეს, სასტუმროზე ნაკლები არაფრით იყო. მომწონდა ეს შენობა მისი არქიტექტურა, დიდი ეზო.

რუსულ კლუბს მოვუგეთ 8-1. მარტო ამისთვის ღირდა იქ წასვლა, კარგი ბიჭები იყვნენ, მაგრამ ცოტა უცნაურები. საღამოს ყველა კლუბში ერთობოდა, რუსები კი გარეთ ისხდნენ და არაყს სვამდნენ. კლუბები არ მიზიდავს, არც არაყი. ამ დროს მოედანზე ვიყავი და ბურთს ვაგორებდი ხოლმე. მაშინ პირველად ვნახე მეხუთე თაობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი. როცა მინდოდა შევიდოდი და ვიყავი ღამემდე, იმ ბალახზე სირბილისას თავი უფრო მაგარი ფეხბურთელი მეგონა. ზუსტად ამ დროს ვნახე ის წითელხაზგავლებული ინგლისურენოვანი ჟურნალი, რომელშიც ჩასული გუნდების შესახებ ეწერა. ჩვენ იქ გმირები გვიწოდეს, ხანგრძლივი მგზავრობის გამო.

ტაძრის ქვედა სართულზე, გისოსებს მიღმა წმინდა ნიკოლოზის საფლავია. როგორ მინდოდა მეგრძნო რაიმე ისეთი, რასაც წმინდანის საფლავზე მიახლებისას გრძნობენ ხოლმე, მაგრამ არაფერი მიგრძვნია.

შემდეგი გაჩერება გიოტერბურგი იყო. გიოტერბურგის ტურნირი ,,Gothia Cup” მსოფლიოში გამორჩეული ასაკობრივი ჩემპიონატია, უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული და წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატების ასაკობრივი გუნდები იღებენ მონაწილეობას. დანიიდან შვედეთში ისევ კრუიზით, გემზე წარწერა - ,,Stena Line” - თავი „ტიტანიკზე“ მეგონა. კაპიტანსაც გავესაუბრეთ, მოვაცდინეთ იქამდე, სანამ ერთი ჩემი თანაგუნდელი სტეიკს შეუჭამდა. ისე, გემზე ყოფნისას მუდმივად მაწუხებდა ერთი კითხვა - რატომ არ გვყავს ჩვენს ზღვისპირა ქალაქებში სამოგზაურო გემები?! ,,Stena” - ზე დამრჩა ჩემი პატარა ბალიში, ჩემი კომფორტის გარანტი. ხშირად მიფიქრია ნეტავ რა ბედი ეწია, შეიძლება ახლაც გემზეა და სხადასხვა ეროვნების ტურისტების კომფორტზე ზრუნავს.

მიუხედავად იმისა რომ ზაფხული იყო, საკმაოდ ციოდა. სკოლის შენობაში განგვათავსეს რომელიც სასტუმროზე ნაკლები არაფრით იყო. მომწონდა ეს შენობა მისი არქიტექტურის, დიდი ეზოს გამო.

შვედეთში ჩვენს საქომაგოდ ჩამოვიდა დანიაში გაცნობილი რუსი იურა, ამით სასიამოვნოდ გაკვირვებულმა, საქართველოშიც კი დავპატიჟე.

ვერ გავიგე, ამხელა ფიზიკური დატვირთვების ფონზე, როგორ ჰყოფნიდათ სკანდინავიელებს ერთი ნაჭერი თხელი ყველი, თხელი ლორის ნაჭერი და ერთი ნაჭერი პური, ყავა ან ჩაი პატარა ჭიქით და ერთი ნატეხი შაქარი. კიდევ კარგი, რომ იქვე „მაკდონალდსი“ იყო, თორემ შიმშილით მოვკვდებოდი. სწორ კვებაზე გადასვლა უკვე გვიანი იყო.

პოლიცია თვალით არ მინახავს, არადა ჩვენთან სულ პატრულის მანქანებს ვხედავ. ეჭვიც კი გამიჩნდა, იქნებ საერთოდ არ ჰყავთ პოლიცია-მეთქი. მარტო ერთხელ ვნახე, როცა ჩვენი ძალიან ხმაურიანი მეგობარი მაკდონალდსის შენობის ბოძზე მივაბით და პირი ავუკარით. პოლიციამ აუშვა. პრობლემა არ ყოფილა. ჩანს ხუმრობას მიხვდნენ. ბოლოს ადგილობრივი ქართველებიც გავიცანით, მარიხუანას ბარიგები აღმოჩნდნენ.

შვედები ქერები, თეთრები, თითქმის ჭაღარები არიან. კლიმატის გამო, ადრე ბერდებიან, მზე არ ჰყოფნით თურმე. თეთრი ღამეები და სიცივე, მიუხედავად ზაფხულისა. აქაც კლუბია მთავარი გასართობი და უკვე სანახავადაც აღარ შევსულვარ, ქუჩებში დავბორიალობდი გვიანობამდე. გიოტერბურგის ქუჩები ჭავჭავაძის გამზირს ჰგავს, ოღონდ ტროტუარზე მანქანები არ დგას. არც მოძრაობენ, უფრო სუფთაა, განათებული, მოწესრიგებულიც. თურმე არც ისე ჰგავდა.

გიოტერბურგის ტურნირი "Gothia Cup" მსოფლიოში გამორჩეული ასაკობრივი ჩემპიონატია, უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული და წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატების ასაკობრივი გუნდები იღებენ მონაწილეობას.

დანიამდე გზამ იმაზე ფიქრში გასტანა, რომ ეს ტურნე მთავრდება. დამამახსოვრდა დანიელი ჟურნალისტების მიერ გავლებული წითელი ხაზი საქართველოდან - დანიამდე, მათთვის დამღლელი და მტანჯველი მგზავრობის გამომხატველი, ჩემთვის კი ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი.

საქართველოში დაბრუნებიდან, თითქმის 2 კვირაში ომი დაიწყო.

იურა არ ჩამოსულა...

თეგები: 
ბლოგი
NatGeo სტუდენტები
მოგზაურობა
Stena Line
Night on earth
წმ.ნიკოლოზის ბაზილიკა
Dana Cup
Gothia Cup
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია