ბლოგები >
ეს თამაში განმეორდება in infinitum
 
ზურა ჯიშკარიანი
11.01.16
ურობოროსი - გველი რომელიც საკუთარ კუდს ჭამს, უსასრულობის და წრის უძველესი სიმბოლო.

მითხრეს, რომ ეს კვერთხი ადრე უკვე მეჭირა სხვა საუკუნეებში - რაღაც მსგავსი წამოსცდა ანტონენ არტოს ჰელიოგაბალში. სადღაც ამოვიკითხე რომ არტო სამხრეთ ამერიკაში აიავასკასა და სოკოებს ჭამდა წინა სუკუნის 30-იან წლებში და ჩემთვის ეს ფრაზა ძალიან ახლობელი გახდა. იცით, როცა სწორი „სეთინგით“ და სწორ გარემოში იღებ კარგად გამოზრდილებს, რასაც ინდიელები “ღმერთების საკვებს” ეძახდნენ - სადღაც აუცილებლად არის მომენტი, როცა გრძნობ დროსა და “უსასრულობას”, გრძნობ რომ ეს მომენტი ახლა კი არ დაიწყო და მთავრდება - ეს მომენტი თითქოს სულ იყო და არის. ცხოვრება შეიძლება დამთავრდეს, მაგრამ რომელიღაც პარალელზე ეს წარმოუდგენელი მაგიით სავსე მომენტი მუდმივად მიმდინარეობს... ეს იმდენად ყოვლისმომცველი შეგრძნებაა, რომელსაც ვერც ერთი ენის ვერც ერთი ლექსიკონის კომბინაციებით გადმოსცემ, ამიტომ ან სიტყვაზე უნდა მენდოთ, ან უკეთესი - თავად გასინჯოთ ღმერთების საკვები. შოპენჰაუერის არაფერი წამიკითხავს გარდა ერთი ფრაზისა და ეს ჩემთვის სრულიად საკმარისია. დაახლოებით ასეთ რამეს წერს, ეს კატა, რომელიც ჩემს ეზოში მზეს ეფიცხება, ზუსტად ის კატაა, რომელიც იმავეს აკეთებდა 300 წლის წინო. არ ვიცი, თვითონ რა აზრს დებდა ამ ფრაზაში, ეს წინადადება უკვე იძლევა იმდენ აუხსნელ შეგრძნებას, რომ შეგიძლია მხოლოდ დატკბე და მისცე გონებას თავისუფლება თავად იმოგზაუროს ასოციაციების ლაბირინთებში.

ერთხელ, გაშლილ მდელოზე, ღამით, თითის ბალიშებით დიდხანს ვეთამაშებოდი და ფრთხილად ვეხებოდი ბალახის თავებზე სიოსავით მოძრავ რადიოტალღებს, ავხედე ირმის ნახტომს და ფიზიკურად ვიგრძენი, როგორ მოძრაობენ ეს მზეები და პლანეტები, როგორ მოძრაობს დედამიწა. როგორც უზარმაზარი კოსმოსური მასშტაბების გემი - სიცარიელის ტალღებზე.

ნაწყვეტი ოიუსტ ბლანკის წიგნიდან "მარადისობისკენ ვარკსკვლავების გავლით".

- მე არ ვარ აქედან, მაგრამ მე აქ უკვე ვიყავი - თქვა რაღაც ხმამ, უფრო სწორად, ეს “ჩემი” ხმა იყო, მაგრამ იმდენად უცხო, რომ სხვად აღვიქვი. მერე ბედ თრიფმა წამიღო ეგოისტურ წიაღსვლებში, უკმაყოფილო საკუთარი ცხოვრებით კოშმარულ დასკნებამდე მივედი.

- რამდენჯერ მივხვდი რომ რაღაც უნდა შემეცვალა, მაგრამ ყოველი ცვლილების მერე იმავე წრეს ვაგრძელებ - ვკიცხავდი საკუთარ თავს - შეიძლება არსებობს მოგზაურობები უსასრულო ვარიაციებით და სიახლეებით, მაგრამ იქნებ ასევე არსებობს ცხოვრება, როგორც წრეზე სიარული. ცხოვრება როგორც ვიდეოჩანაწერი, რომელიც „ფლეის“ ღილაკის მერე ისევ თავიდან იწყება და მასში არაფერი იცვლება. ცხოვრება, როგორც Gif ფაილი. მოქმედება უსასრულოდ მეორდება, მეორდება, მეორდება. აქ არ არის ადგილი მოულოდნელობისთვის, „გიფი“, რომელიც სამყაროს დასასრულამდე იტრიალებს - არ შეიცვლება, არ განვითარდება. ციკლი. სიზიფეს გიფი - აიტანა ქვა მთაზე, ჩამოგორდა ქვა, ჩამოვიდა სიზიფე, აიტანა მთა ქვაზე, ჩამოგორდა ქვა, ჩამოვიდა, აიტანა ქვა... იქნებ, ჩვენც „გიფები“ ვართ?

ბელადმა მითხრა, რომ არ ღირს ამდენი ფიქრი, ჯობია რამე პრაქტიკული გავაკეთო.

- მაგალითად? - ვკითხე მე ეჭვის თვალით

- მაგალითად, არ ვიცი აიღე რამე რის გაკეთებასაც აპირებ და გააკეთე ზედმეტი ფიქრის გარეშე. მე მაგალითად ორმო მაქვს ამოსათხრელი ამ შემოდგომაზე და აი, სანამ აცივდება ამოვთხრი კიდეც. იცი რა? ხვალ გამოვიძინებ და ზეგ დავიწყებ თხრას.

- მერე?

- რა მერე?

- ორმოს ამოთხრი და რა?

- არც არაფერი, ამოთხრილი ორმო მექნება, მერე კიდევ რამეს მოვიფიქრებ.

იმ დროს ბელადის რჩევამ ჩემი დაუკმაყოფილებელი ტვინი ვერ დააკმაყოფილა, მესამე დღეს უკვე სახლში ვიყავი და გადავწყვიტე მომეძებნა ხალხი წარსულში თუ მომავალში ვინც ასეთ ბედ თრიფს შეუწუხებია, ასე მივაგენი მე-18 საუკუნის ჩემთვის აქამდე უცნობ ფრანგ მწერალს.

ნაწყვეტი ნიცშეს წიგნიდან სადაც ის საუბრობს მარადიულ კვლავდაბრუნებაზე.

ეს ფრანგი, “რევოლუციის ალქიმიკოსი”, რომელმაც ცხოვრების 37 წელი ციხეებში გაატარა, ამუშავებდა “მენტალური უმცირესობის” შეთქმულებისა და მოულოდნელი შეიარაღებით რევოლუციის მოწყობის იდეებს, იყო აქტიურად ჩართული სოციალურ ცხოვრებაში, პარიზის კომუნის დაცემის შემდეგ, მორიგ ციხეში გამომწყვდეული წერს საკმაოდ უცნაურ ტრაქტატს სახელწოდებით - “მარადისობისკენ ვარსკვლავების გავლით” (“ვარსკვლავური მარადისობა”).

1872 წელს დაწერილი ტექსტის დასაწყისში ის “ხსნის” რომ ვარსკვლავური სისტემების შესაქმნელად სამყაროს გააჩნია სასრული რაოდენობის “მარტივი სხეულები”, მიუხედავად იმისა თუ რა რაოდენობის კომბინაციები შეიძლება აწარმოო რამდენიმე “სხეულით” - ამ კომბინაციების რიცხვიც - სასრულია. და, ადრე თუ გვიან სამყაროში აუცილებლად გამეორდება ისეთი კომბინაციები, რომლებიც აქამდეც ყოფილა - მაგ. მზის სისტემის განადგურების შემდეგ, დიდი დიდი ხნის შემდეგ, სამყაროში აუცილებლად დალაგდება კომბინაცია, რომელიც იმავე მზის სისტემად ჩამოყალიბდება.

სწორედ აქ იწყება ოგიუსტ ბლანკის უცნაური „თრიფი“, მისი ვარსკვლავური ჯოჯოხეთის აღწერა:

“შესაბამისად, ყოველი ვარსკვლავი დროსა და სივრცეში უსასრულოდ არსებობს, არა რომელიმე მისი ასპექტით, არამედ მთელი თავისი არსით, ყოველი მისი წამით დაბადებიდან სიკვდილამდე, ასევე უამრავჯერ არსებობენ ის სულიერი თუ უსულო, დიდი თუ პატარა არსებებიც, რომლებიც ცხოვრობენ ამ ციურ სხეულზე”, ბლანკი აგრძელებს, რომ ყველა ადამიანის არსებობის ყოველი წამი მარადიულია,”ის რასაც მე ამ წამს ვწერ ციხის ოთახში მე უკვე ვწერდი და კიდევ დავწერ ისევ და ისევ, მარადიულად, იმავე გარემოებებში, ამ მაგიდასთან, ამ კალმით, ამ ტანსაცმლით. და ასე გამეორდება სულ ყველაფერი”.

“ეს მარადისობად გადაქცეული აწმყოა”.

ნაწყვეტი ანდრეი ლინდეს პრეზენტაციიდან ლექციისთვის "მრავალსახოვანი სამყარო".

ბლანკი საუბრობს იმაზე, რომ სამყაროში ადრე თუ გვიან აუცილებლად ლაგდება იგივე კომბინაცია, რომელმაც გამოიწვია ჩვენი დაბადება, მისი აზრით, დროსა და სივრცეში ეს კომბინაციები მეორდება და მეორდება, ჩვენ ისევ ვიბადებით და ისევ და ისევ გავდივართ იმავე ცხოვრებას, იმავე ტკივილებითა და იმავე სიხარულით, ყოველი მომენტი უკვე მოხდა და მოხდება.

ბლანკის სამყარო კოსმოსურ ციხეს ჰგავს, “გიფ”-ს რომელიც არ მთავრდება.

“უკეთესი კაცობრიობის შვილები,რომლებიც მოვიდნენ ჩვენ შემდეგ მომაკვდავ დედამიწებზე, უკვე გვწყევლიან ჩვენ. ცოცხალი დედამიწებიდან, სადაც ჩვენ გავქრით. ისინი ასევე გვწყევლიან ჩვენ და იმ დედამიწებიდან, რომლებიც ჯერ არ დაბადებულა, ისინი მარადიულად დაგვსდევენ აღჭურვილები ზიზღით ჩვენ მიმართ”; “სადღაც სიღრმეში ვარსკვლავური მარადისობა - მელანქოლიაა” - წერს ის და ამატებს: “ყოველთვის და ყველგან იგივე დრამა, იგივე დეკორაცია”.

მსგავს საშინელ მოსაზრებას ავითარებს მოგვიანებით ნიცშეც. ამბობენ, როცა მან მარადიული კვლავდაბრუნების იდეა მოიფიქრა, ეს იმდენად შემზარავი და ყოვლისმომცველი ეჩვენა, რომ მასზე საუბრისას (ლუ სალომეს მოგონება), ნიცშე არარაციონალურად შეშინებული ჩურჩულით ლაპარაკობდა, თავის დღიურებში ის წერს, რომ ეს იდეა შეცვლის აბსოლუტურად ყველაფერს, ამოატრიალებს ყველა წარმოდგენას.

“უსასრულო დროის განმავლობაში ყველა შესაძლო კომბინაციები უკვე უნდა მომხდარიყო, უფრო მეტიც, ყოველი ამ კომბინაციათაგანი უსასრულო რაოდენობით უნდა მეორდებოდეს... ადგილი აქვს აბსოლუტურად იდენტური შედეგების კვლავდაბრუნებას. მსოფლიო ციკლმა უკვე უსასრულო რაოდენობით გაიმეორა საკუთარი თავი, და ეს თამაში გაგრძელდება ad infinitum”.

ანდრეი ლინდე კითხულობს ლექციას "მრავალსახოვანი სამყარო".

“წარმოიდგინე, რომ ერთხელ დღისით ან ღამით, განმარტოებისას შენ გესტუმრება ბოროტი სული და ის გეტყვის: “შენ მოგიწევს რომ ეს ცხოვრება, რომელსაც ეხლა ცხოვრობ და რომლითაც ცხოვრობდი, კიდევ ერთხელ გაიარო, ხოლო შემდეგ კიდევ და კიდევ ერთხელ და ასე უსასრულო რაოდენობით; და მასში არ იქნება არაფერი ახალი, მაგრამ ყველა ტანჯვა, და ყველა სიამოვნება, ყველა აზრი და ყველა ამოსუნთქვა, და ყველა დეტალი და შენი ცხოვრების ყველა გამოუთქმელი სიდიადე - ეს ყველაფერი განუმეორებლად დაბრუნდება ხოლმე, ზუსტად ამ თანმიმდევრობით. არსებობის ქვიშის საათი, რომელიც მარადისობას ითვლის, თავიდან და თავიდან ამოყირავდება და შენც მასთან ერთად როგორც ქვიშის მარცვალი, რომელიც თითქმის არ განსხვავდება სხვებისგან! ნუთუ შენ არ დაეცემოდი ამ სიტყვების სიმძიმით? ნუთუ არ დაწყევლიდი ბოროტ სულს? ან იქნებ შენ უკვე ერთხელ განიცადე ის მაგიური წამი, როდესაც ძალებმოკრებილმა შეძელი გეპასუხა მისთვის: “შენ ღმერთი ხარ, და მე არასოდეს მსმენია აქამდე ამაზე უფრო ღვთაებრივი რამ!”

ზარატუსტრაში ეს იდეა ასე ჩნდება: “განა ყოველს, ვისაც ვლა ძალუძს, არ უნდა განევლო ერთხელ ეს გზა? განა ყოველი, რაც ჯერ არს ყოფად, არ უნდა ყოფილიყო, ქმნილიყო, განვლილიყო? და უკეთუ ყოველი იქმნა, რასაც ფიქრობ ჯუჯა ამ წუთისათვის? ეს ჭიშკარიც განა ერთხელ აქ არ უნდა ყოფილიყო?

და ეს ნელი ობობა, რომელიც მთვარის შუქზე მიცოცავს, და თვით ეს მთვარის შუქი, და მე და შენ ჭიშკართან მოჩურჩულენი, მოჩურჩულენი მარადიულ ნივთებზე - განა ყველანი აქ არ უნდა ვყოფილიყავით? და განა კვლავ არ უნდა დავბრუნდეთ და სხვა გზით წარვიდეთ, წინ ამ გრძელი, საშინელი გზით - განა მარად უკან არ უნდა ვბრუნდებოდეთ?

ასე ვიტყოდი მე და უფრო და უფრო წყნარად, რადგან მეშინოდა ჩემი საკუთარი აზრებისა”.

ნიცშე ისევე როგორ ბლანკი ვარაუდობს, რომ ეს არ არის ერთადერთი და უნიკალური არსებობა, რომ ჩვენ უსასრულო რაოდენობით გვიცხოვრია და კიდევ მილიონჯერ ვიცხოვრებთ. გარდა იმ კოშმარებისა, რაც მოაქვს ასეთ თრიფს - წარმოიდგინეთ სასოწარკვეთა, რომელიც ელოდება ყველას, ვინც ცხოვრობს ცუდად, ვინც კვდება, შიმშილობს, ვისაც კლავდნენ და აუპატიურებდნენ - ეს აზრი ეუბნება, რომ ეს განმეორდება ისევ და ისევ. მე ისევ ვიხილავ ზღვაში მოტივტივე გვამებს და გატეხილ ბინაში შევეცდები ფანჯარა ამოვქოლო „სკოჩებითა“ და ტანსაცმლით, მუშტი რომელიც მწარედ მომხვდა, კიდევ ათასჯერ მომხვდება ყველა, ვინც ძალადობრივად მოკლეს, მოკვდება კიდევ ათიათასჯერ და უსამართლობა კიდევ უამრავჯერ იზეიმებს... მაგრამ ამ თრიფის მეორე მხარე ასევე სთავაზობს ყველას, რომ ყველა სასიამოვნო მომენტი ასევე განმეორდება, შეყვარებული რომელიც წავიდა ან მოკვდა, ისევ იწვება შენ გვერდით, ცოცხალი და სიყვარულით სავსე, წამები როცა შენ სამყაროს სახურავზე იყავი არ დაკარგულა, ისინი მარადიულად არსებობენ და მეორდებიან კოსმოსის ისტორიაში... თუმცა ბლანკისგან განსხვავებით, ნიცშეს სხვა იდეაც შემოაქვს - მისი აზრით, ამ კოშმარის ატანა მხოლოდ ერთი გზით შეიძლება - არა შიშით, არა გაქცევით ან უარყოფით, არამედ ამის მიღებით და ეს მიღება სიხარულით უნდა ხდებოდეს - დიახ, მე მიხარია სიცოცხლე და მე მიხარია რომ კიდევ მომიწევს მისი გავლა, როგორიც არ უნდა იყოს ის და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოვკვდები და კიდევ დავიბადები და თუ ეს წამი განწირულია იმისთვის რომ მარადიულად მეორდებოდეს როგორც გიფი, მაშინ ვცდი რომ ის კარგი წამი იყოს - დახლოებით ასეთი პათოსით ხვდება ის ამ კოშმარულ “აღმოჩენას”.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მსგავსი იდეა, ფილოსოფოსებისა და რევოლუციონერებისგან სავსებით დამოუკიდებლად არსებობს თანამედროვე კოსმოლოგიაშიც. ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო მომენტი იყო ცნობილი თანამედროვე კოსმოლოგის, ანდრეი ლინდეს ფრაზა მისი ლექციიდან “მრავალსახოვანი სამყარო”. ფილოსოფიისგან შორს მყოფი მეცნიერი საკუთარ თეორიებზე დაყრდნობით, ლექციის ბოლოს აკეთებს თითქმის იდენტურ დაშვებას, ის თითქოს რაღაც ჯადოს ძალით იმეორებს ამ აზრებს - სამყაროში ქიმიური ელემენტებისა და მათი კომბინაციების რიცხვი წარმოუდგენლად დიდია, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს რიცხვი სასრულია და ადრე თუ გვიან მსგავსი კომბინაცია, რომელმაც ჩვენი გაჩენა გამოიწვია აუცილებლად გამეორდება სამყაროების უსასრულობაში. ”შესაძლოა, სადმე (პარალელურ სამყაროში, ”წარსულში”,”მომავალში”) მე ასევე ვკითხულობ ამ ლექციას და თქვენ სხედხართ და მისმენთ”, - ამბობს ლინდე ღიმილით.

მარადიული დაბრუნების იდეა სერიალში "True Detectives"

მე არ ვიცი რა შედეგები უნდა გამოვიტანო ამ თრიფიდან, ეს არაა ამ წამს ჩემი საქმე, მე უფრო განსხვავებული წერტილების დაკავშირება მსიამოვნებს, როცა ეს კონცეპტები უცებ რაღაც უცნაურ ფორმას იძენენ - იძლევიან შეგრძნებებს, რომლებსაც ვერ გადმოსცემ. ჩემს გეტოში ახლა ღამეა, რამდენიმე მანქანა თუ ჩაივლის ტრასაზე ფანჯრებს იქით და ტოვებს ექოს, რომელიც ზღვის ხმაურს მაგონებს, უკვე ახალი წელია და ვფიქრობ, იმ შემთხვევაში თუ 2016 წელი უკვე ბევრჯერ მოხდა სხვა “წარსულში” - იქნებ ხვალ რომ გავიღვიძებ - გამახსენდეს მომავალი.

რაც შეეხება იმ კოშმარულ თრიფს, რომელიც მდელოზე გადავიტანე და ბელადის რჩევას... თვეების მერე ვკითხე ბელადს, ამოთხარა თუ არა ის ორმო, რომლის ამოთხრასაც აპირებდა.

- კი ამოვთხარე, მაგრამ წვიმები დაიწყო და გაზაფხულზე უკეთესად ამოვთხრი.

გადავწყვიტე გაზაფხულზე ჩავიდე, ნიჩაბი ვიყიდო და დავეხმარო თხრაში. რატომაც არა, როგორც ჩემი მეგობარი ამბობს ნივთების შეძენას - ყოველთვის ჯობია გამოცდილებების (experience) შეძენა.

თეგები: 
ურობოროსი
ბლანკი
ნიცშე
უსასრულობა
in infinitum
ლინდე
ფილოსოფია
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია