ბლოგები >
ცნობიერების ნახვრეტები
 
ზაზა დობორჯგინიძე
Shutterstock
15.12.15
1948 წლის 18 სექტემბერს ფინეას გეიჯს უზარმაზარმა ძალაყინმა ზედა ყბა გაუგლიჯა და ტვინის ნახევარსფერო გაუხვრიტა. სამ წუთში დაშავებული წამოდგა და ექიმამდე თავისი ფეხით მივიდა. ფინეას გეიჯი მედიცინის ლეგენდად იქცა.
რედაქტორის მინაწერი
სიამოვნებით წარმოგიდგენთ National Geographic საქართველოს ბლოგების რუბრიკა "NatGeo სტუდენტების" კონტრიბუტორ ზაზა დობორჯგინიძეს. ზაზა 20 წლისაა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს. ახლა ის მეოთხე კურსზეა. ზაზა დაინტერესებულია ნეირობიოლოგიით, ნევროლოგიით, ფსიქიატრიით და ევოლუციური ბიოლოგიით.


უცებ, საზარელი ხმით რაღაც აფეთქდა. უზარმაზარმა მეტალის ძალაყინმა ვიღაც კაცს ზედა ყბა გაუგლიჯა და ტვინის ნახევარსფერო გაუხვრიტა. კოლოსალური ძალით გატყორცნილმა ძალაყინმა ქალა ამოამტვრია და სისხლითა და ტვინის ნაფლეთებით მოსვრილი, დაშავებულისგან 25 მეტრში დავარდა.

ეს ამბავი 1948 წლის 18 სექტემბერს კავენდიშის რკინიგზის მშენებლობაზე მოხდა. მშენებელი ფინეას გეიჯი კი ფსიქოლოგიის ლეგენდად იქცა. დეტონატორის დასამზადებლად ფინეასი ასაფეთქებელ ნივთიერებას უზარმაზარი რკინის ძალაყინით ხვრელში ტენიდა. პატარა ნაპერწკალმა აფეთქება გამოიწვია. შემთხვევიდან სამი წუთიც არ იყო გასული, ფინეასი ფეხზე წამოდგა და ექიმამდე თავისი ფეხით მიაღწია. ცოტა ხნის შემდეგ, ტრავმის თანმხლები ინფექციის გამო, მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ოჯახი უკვე დაკრძალვის ცერემონიისთვის ემზადებოდა, ფინეასი კი, ყველასთვის გასაოცრად გამოკეთდა. მალე ფიზიკურ ჯანმრთელობას აღარც უჩიოდა, მაგრამ პიროვნულად ის რადიკალურად შეიცვალა: კეთილი, მზრუნველი და შრომისმოყვარე გეიჯი უხეშ, უპასუხისმგებლო, აგრესიულ ინდივიდად იქცა. მისი ახლობლები ამბობდნენ, რომ ის სულ სხვა პიროვნება იყო.

ეს ისტორია ტვინისა და ცნობიერების კავშირის ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური დემონსტრაციაა. ფაქტია, რომ ის რაც ხდება ჩვენს ტვინში, ახდენს პირდაპირ გავლენას იმაზე, რაც ხდება ჩვენს „სულში“. თითქოსდა ისეთი „არაფიზიკური“ მოვლენები, როგორებიცაა „პიროვნული თვისებები“ „ღირსება“ „ინტელექტი“ „მსოფლმხედველობა“ და ა.შ პირდაპირ კორელაციაშია ჩვენს ნეირონებში მიმდინარე პროცესებთან.

ამის მიუხედავად, დღემდე არ გვაქვს სრულყოფილი პასუხი კითხვაზე - „რა არის ცნობიერება?“

მეცნიერული მეთოდის გამოყენებით, რომელიც დაკვირვებას, ფაქტების ანალიზსა და მათ თეორიულ მოდელებად ქცევას გულისხმობს, ჩვენ ვკურნავთ დაავადებებს, ვიკვლევთ შორეულ კოსმოსსა და სიცოცხლეს, ვქმნით საოცარ ტექნოლოგიებს. თუმცა, გარკვეული სირთულეები იჩენს თავს, როცა ამავე მეთოდებით, თავისი არსით სუბიექტური ფენომენის - ცნობიერების გააზრებას განვიზრახავთ.

ზოგადი განმარტებით, ცნობიერება გარეგანი სამყაროსა და შინაგანი პროცესების აღქმისა და შეგრძნების მდგომარეობაა. ის თანაბრად გულისხმობს, როგორც გარემოში არსებული ობიექტების, ასევე საკუთარი თავის არსებობის ცოდნას. ეს განმარტება უცნობი არავისთვისაა, მაგრამ არავის, მათ შორის წამყვან მეცნიერებს, წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა მექანიზმი დგას ამის უკან.

რა აქცევს ფიქრს შეყვარებულზე, შეყვარებულზე ფიქრად? შეიძლება ერთი სუბიექტის მეხსიერება, ასოციაციები და მის მიერ აღქმული სინამდვილე მხოლოდ ობიექტურ პროცესებს ეყრდნობოდეს?

რა აქცევს ფიქრს წვიმაზე, წვიმაზე ფიქრად? როგორ შეიძლება რაღაცა ამ სამყაროში იყოს სხვა რაღაცის შესახებ? შეიძლება ერთი სუბიექტის მეხსიერება, ასოციაციები და მის მიერ აღქმული სინამდვილე მხოლოდ ობიექტურ პროცესებს ეყრდნობოდეს? რატომ მეძლევა ჩემი ყველა გამოცდილება ერთიანად კონსტრუირებული გამოცდილების სახით?

ადამიანის შინაგანი სამყარო, ცოტათი განსხვავდება ფიზიკურისგან. ეს აჩენს ცდუნებას მივემხროთ დუალიზმის იდეას (თეზისი, რომლის თანახმადაც სხეული და ცნობიერება განსხვავებული ბუნების მქონე სუბსტანციებია და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ არსებობა) ან სხვა რომელიმე მოძველებულ ფილოსოფიურ მოძღვრებას.

წარსულის ფილოსოფიური თეორიების ანალიზი მე უსარგებლო შრომა მგონია. ფილოსოფოსები, როგორც წესი, არასოდეს ეყრდნობოდნენ მეცნიერული მეთოდით დადგენილ ფაქტებს, ამიტომ ვერასდროს ქმნიდნენ ღირებულ თეორიულ მოდელებს. თანამედროვე მეცნიერება, ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ყველაფერ ამას გაცილებით უფრო საინტერესოდ უყურებს.

ეს ყოველივე კი იმით დაიწყო, რომ სამყაროს დაბადებიდან დაახლოებით თერთმეტი მილიარდი წლის შემდეგ ერთ-ერთი უმნიშვნელო მზის სისტემის არაფრით გამორჩეულ პლანეტაზე, მატერია იმგვარად ორგანიზდა, რომ საკუთარის მსგავსის შექმნის (თვითრეპლიკაცია) უნარი შეიძინა.

ამ მოვლენიდან გაივლის კიდევ რამდენიმე მილიარდი წელი და ეს თვითრეპლიცირებადი მოლეკულები შექმნიან სიცოცხლის არნახულ მრავალფეროვნებას, რომელთა შორის ერთ-ერთს გაუჩნდება ამ სამყაროსთვის რაღაც აბსოლუტურად უცხო, ახალი და უჩვეულო - ცნობიერება!

ამით ყველაფერი შეიცვალა. დაიწყო ადამიანის კულტურული ევოლუცია. გაჩნდა იარაღი, სიყვარული, ომი, ლიტერატურა, მეცნიერება, პოლიტიკა და ფილოსოფია. რამდენიმე ათასი წელი და ადამიანს თითქმის არაფერი დარჩება იმის მსგავსი, რაც განვითარების ადრეულ ეტაპზე ჰქონდა. შეიცვალა როგორც წარმოდგენები სამყაროზე, ასევე მისი მატერიალური იერსახე. ძირითადი ვნებებისა და კითხვების გარდა, თითქმის აღარაფერია ისე, როგორც ძველად.

მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის დიდი ნაწილი ნეირობიოლოგიური მიმართულების ღრმა კვლევებით გამოირჩეოდა, ის მაინც „გენების ციებ-ცხელების“ ეპოქა იყო. ადამიანის გენომის პროექტმა ბევრი შედეგი მოგვცა, როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითაც. ციებ-ცხელებამ მგონი ჩაიარა. დღეს, ნეირომეცნიერება, ერთ-ერთი წამყვანი დისციპლინაა. ის სწავლობს როგორც ნერვული სისტემის აგებულებას, ფუნქციას და მასში მიმდინარე ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს, ასევე აზროვნებას, ემოციებს, ქცევასა თუ უმაღლეს ნერვულ მოქმედებას. სამყაროს ისტორიაში დადგა მომენტი, როცა ცნობიერება ახლოსაა საკუთარი თავის შემეცნებასთან. კლასიკური ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური კითხვები, ამჯერად საბუნებისმეტყველო მეცნიერების კვლევის საგანი გახდა.

კონკრეტული სუბიექტის აღქმა არ არის გარემოსა და ტვინში მიმდინარე ობიექტური პროცესების იგივეობრივი. ჩვენ სრულყოფილად ვიცით ორგანო თვალი, ასევე და ტვინის როლი მხედველობის აქტში, მაგრამ ეს არ არის იმის ტოლფასი, რომ ვიცოდეთ რას ნიშნავს ყვითელი ფონის აღქმა, მაგალითად, ჯონ ლენონის სურათზე.

ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ტვინის მეცნიერული შესწავლით აღმოაჩინეს, ნეიროპლასტიკურობაა - ტვინის თვისება შეიცვალოს ანატომიურად, როგორც გარემოდან მიღებული გამოცდილების ასევე შინაგანი პროცესების (ფიქრი, აზროვნება, ემოციები) გზით.

1972 წელს რამდენიმე მეცნიერი, ფსიქოლოგ მარკ როზენცვაიგის მეთაურობით, დაინტერესდა, შეიძლება თუ არა ტვინი გარემოში არსებული სტიმულებით შეიცვალოს, რადგან მანამდე არსებული სამეცნიერო კონსესუსის თანახმად, ტვინი მხოლოდ ბავშვობის გარკვეულ პერიოდში იცვლებოდა. ექსპერიმენტი ვირთაგვებზე ჩატარდა. დადგინდა, რომ იმ ზრდასრულ ცხოველებს, რომლებიც იზოლირებულ გალიებში იყვნენ მოთავსებულები სათამაშოებისა და სარბენი ბორბლების გარეშე, გაცილებით უფრო პატარა ტვინის ქერქი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც ზრდასრულობაში ეს პირობები შეუქმნეს. ამის შემდეგ უამრავი მსგავსი კვლევა ჩატარდა, როგორც ცხოველებზე ასევე ადამიანებზე. დღეს ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტვინი ფიზიკურად იცვლება როგორც გარეგანი სტიმულაციით, ასევე სწავლითა და აზროვნებით. ტვინში მიმდინარე ფიზიკური პროცესები და ცნობიერების ხდომილებები მყარ ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან.

რა გვაკავებს იმისგან, რომ გავაიგივოთ ეს ორი ფენომენი ერთმანეთთან? რატომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ ცნობიერება ეს არის ტვინის მიერ შესრულებული ოპერაციების ერთობლიობა და აქ დავსვათ წერტილი? არსებობს გამონათქვამი, რომ ტვინი ისევე ქმნის სულს, როგორც ღვიძლი წარმოქმნის ნაღველს. ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულება საკითხს ზედმეტად ამარტივებს.

ცნობიერებას გააჩნია რამდენიმე თვისება, რომელთა ნეირობიოლოგიური ანალიზი პრობლემურია. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ცნობიერების სუბიექტურობა, ინტენციონალობა და მთლიანობა.

სუბიექტურობა

ყოველ ჩვენგანს აქვს მე-კონცეფცია, ერთგვარი თვითცნობიერება, რომელიც ემპირიული გამოცდილებების ცენტრია. ჩვენ უშუალოდ განვიცდით ჩვენს პრივატულ იდეებს, შთაბეჭდილებებს, განწყობებს, მოგონებებს, მაშინ როცა სხვის მსგავს გამოცდილებებზე მხოლოდ გარედან დაკვირვება და მათზე ლოგიკური მსჯელობა შეგვიძლია.

კონკრეტული სუბიექტის აღქმა არ არის გარემოსა და ტვინში მიმდინარე ობიექტური პროცესების იგივეობრივი. ჩვენ შეგვიძლია სრულყოფილად შევისწავლოთ თვალის ანატომია და ფიზიოლოგია, ასევე ტვინის როლი მხედველობის აქტში, მაგრამ ეს არ იქნება იმის ტოლფასი, რომ ვიცოდეთ რას ნიშნავს მწვანე ფერის აღქმა.

ვუყურებ პირამიდების ფოტოს. ეს აღნიშნავს რეალურად არსებულ პირამიდებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი გარკვეული პიქსელების „გროვაა” და სხვა არაფერი. რა არის ობიექტზე ფიქრის შესახებ ისეთი, რაც ხდის მას ობიექტზე ფიქრად? არსებობს რაიმე მიზეზ-შედეგობრივი ან ფიზიკური ურთიერთქმედების ფორმა, ჩემს ცნობიერებასა და პირამიდებს შორის? ან პირამიდების ფოტოსა და ნამდვილ პირამიდებს შორის?

აზრობრივი ექსპერიმენტი: არის ადამიანი, რომელსაც აქვს სრულყოფილი მეცნიერული ცოდნა ამ საკითხის გარშემო, მაგრამ ცხოვრობს შავ-თეთრ სამყაროში. თუ ჩვენ მას ვაჩვენებთ მწვანე ვაშლს, ის გაიგებს ფერის ისეთ თვისებას, რომელიც არ არის მოცემული თავად სინათლის, როგორც ტალღის ფიზიკურ ბუნებაში და რომლის გაგებაც მან შეძლო მხოლოდ მწვანე ფერის დანახვით. ანუ, როგორ ქმნის ტვინი მოვლენის ან საგნის ისეთ თვისებას, რომელიც არ არის მოცემული თავად მათ ბუნებაში?

ინტენციონალობა

კიდევ ერთი თვისებაა, რომელიც ცნობიერების მეცნიერულ ანალიზს ართულებს. ინტენციონალობა გულისხმობს ცნობიერების თვისებას, იყოს რაღაცის შესახებ, ახდენდეს რაღაცის რეპრეზენტაციას ან მიმართული იყოს რაღაცისკენ. მაგალითად, თუ მე ვფიქრობ ზევსზე, ეს ინტენციონალური მდგომარეობაა. რადგან ჩემი ცნობიერება არის „ზევსის შესახებ“, როდესაც მე ვუყურებ ეიფელის კოშკის სურათს, ეს სურათი აღნიშნავს რეალურად არსებულ ეიფელის კოშკს, მიუხედავად იმისა, რომ სურათი თავისთავად მელნის შემადგენელი მოლეკულების გროვაა და სხვა არაფერი. რა არის ობიექტზე ფიქრის შესახებ ისეთი, რაც ხდის მას ობიექტზე ფიქრად? არსებობს რაიმე მიზეზ-შედეგობრივი ან ფიზიკური ურთიერთქმედების ფორმა, ჩემს ცნობიერებასა და ზევსს შორის? ან ეიფელის კოშკის სურათს და ნამდვილ ეიფელის კოშკს შორის?

მთლიანობა

ინტენციონალობისა და სუბიექტურობის პრობლემის გარდა, ერთ-ერთი ცენტრალური დაბრკოლება ცნობიერების მთლიანობაა. დროის ყოველ მოცემულ მომენტში ადამიანი იღებს სენსორული გამოცდილებების მთელ კასკადს, რომელსაც ცნობიერება აერთიანებს და ერთ გამოცდილებად აქცევს. მაგალითად, მოცემულ მომენტში მე ვხედავ ფერებს ლეპტოპის ეკრანზე, მესმის გინება, რომელიც უბნიდან ისმის და ვგრძნობ, რომ ვზივარ სავარძელში. ეს და სხვა უამრავი შეგრძნება მე მეძლევა როგორც ერთიანად კონსტრუირებული და გაერთიანებული გამოცდილება, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობათა ორგანოებით (თვალი, ყური და სხვა) მიღებულ ყოველ კონკრეტულ ინფორმაციას ანალიზს არ ვუკეთებ, ანუ, როგორ ახერხებს ცნობიერება იყოს არა ცალკე სმენითი, არა ცალკე მხედველობითი თუ კინესტეტიკური შეგრძნებების ცნობიერება, არამედ იყოს სამივე მათგანის ერთად.

დროის ყოველ მოცემულ მომენტში ადამიანი იღებს სენსორული გამოცდილებების მთელ კასკადს (მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი და ა.შ.), რომელსაც ცნობიერება აერთიანებს და ერთ გამოცდილებად აქცევს.

თანამედროვე ფილოსოფოსებისა და მეცნიერების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ცნობიერება მარადიულ საიდუმლოდ დარჩება და მეცნიერება მას ვერასოდეს ახსნის. მაგალითად, ბრიტანელი ფილოსოფოსი კოლინ მაკგინი ამბობს, რომ ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდულობის გამო, ჩვენ ვერ გავიგებთ ცნობიერების მუშაობას, ისევე როგორც მაიმუნი ვერ გაიგებს კვანტურ თეორიას.

მე კი იმ მეცნიერთა მოსაზრებას ვეთანხმები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ცნობიერების ბუნების ასახსნელად საბუნებისმეტყველო მეცნიერების მეთოდის ცვლილებაა საჭირო. ტრადიციულად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მოვლენათა ობიექტური თვისებების შესწავლითაა დაკავებული. ხომ არ ითხოვს ცნობიერების ბუნების გაგება ისეთ ცვლილებას, რომელიც სუბიექტურობის მეცნიერული შესწავლის შესაძლებლობას მოგვცემს? რა იქნება ეს მეთოდი?-ეს უკვე მომავლის კითხვაა, რომელზე პასუხიც პრობლემას - კრებსითი სახელით „ფინეას გეიჯი“ - ახდის ფარდას.

თეგები: 
ბლოგი
NatGeo სტუდენტები
ცნობიერება
ნეირომეცნიერება
ნეირობიოლოგია
ინტენციონალობა
ტვინი
ევოლუცია
სუბიექტურობა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია