ბლოგები >
უსახელო გმირი
მაია ცეცაძე
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
26.11.15
დავით ლორთქიფანიძე და ამერიკელი პალეო-არტისტი ჯონ ანტონი გურჩი

საქართველო ადამიანის ევოლუციის კვლევისთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა და ამის დასტური, დმანისის მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშებია. სულ ახლახან მის სიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა შეემატა - მილიონ რვაასი ათასი წლის წინანდელი ქალა, რომელმაც ზეზვასა და მზიას გვერდით საპატიო ადგილი დაიკავა.

როგორ გამოიყურებოდა ადამიანის წინაპარი მილიონ რვაასი ათასი წლის წინ? ამ კითხვას პასუხი 14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, მეცნიერებისა და ინოვაციის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაეცა. ამერიკელი პალეო-არტისტის ჯონ ანტონი გურჩის ქანდაკება საუკეთესოდ შემონახული ქალის მიხედვითაა შექმნილი და ზუსტად ასახავს ზრდასრული ინდივიდის სახეს.

დმანისში აღმოჩენილმა მეხუთე ქალამ (რომელიც მსოფლიო პალეონტოლოგიურ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენათა ათეულში შევიდა) მნიშვნელოვანი სამეცნიერო გზა გაიარა. მისი ისტორია 2000 წლიდან იწყება. მიმდინარე კვლევებმა მეცნიერები აიძულა დამკვიდრებული მოსაზრებებისთვის – ადრეული პერიოდის ადამიანის რამდენიმე სახეობის არსებობის შესახებ - გადაეხედათ. დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი:“როდესაც ეს ქვედაყბა აღმოვაჩინეთ, მეცნიერებს ნამდვილი თავსატეხი გაგვიჩნდა. ის მილიონ რვაასი ათასი წლით დათარიღდა და ძალიან განსხვავდებოდა მანამდე აღმოჩენილი ნიმუშებისგან; იმდენად, რომ ერთმა ჩემმა ამერიკელმა კოლეგამ იხუმრა კიდეც - მოდი, უკან ჩაფალითო. მოგვიანებით, 2005 წელს ვიპოვეთ ქალა, რომელსაც ეს ქვედაყბა ეკუთვნოდა და აქ უკვე თვალები აგვეხილა. 2013 წელს, ეს ამბავი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამეცნიერო ჟურნალის Science-ის ყდაზე მოხვდა და იმ წლის დიდი მეცნიერული აღმოჩენების ნუსხაშიც შევიდა. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ეს არის ამ ეპოქის ყველაზე კარგად შემონახული ნიმუში. ძალიან პრიმიტიული გახლავთ მისი ანატომიური აგებულება, კერძოდ, თავის ტვინი 550 კუბურ სანტიმეტრზე ნაკლებია, რაც სენსაცია იყო, რადგან თანამედროვე ადამიანის თავის ტვინის დაახლოებით ერთი მესამედია. ამ ქალაში მეცნიერთა ჯგუფები ბევრ სახეობებს გამოყოფენ. ეს გახლავთ არსება ადამიანის ნიშნებით, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა. ამ ქალაში გაერთიანებულმა სახეობებმა აჩვენა, რომ ის ნიშნები, რომლებიც მეცნიერებს აქამდე მორფოლოგიური მიაჩნდათ, ინდივიდუალურია”.

მილიონ რვაასი ათასი წლის წინ მცხოვრები „გაცოცხლებული“ არსება, მკვლევრებმა უკვე შეაფასეს პალეო ანთროპოლოგიის კლასიკად.

შემდეგ ეტაპზე გაჩნდა სურვილი, რომ აღნიშნულ ქალას მხატვრული სახე მიეღო. ამის განხორციელება კომპანია სილქნეტმა ითავა, რომელიც დაარსების დღიდან აქტიურად უჭერს მხარს საგანმანათლებლო და შემეცნებით ინიციატივებს. დმანისში აღმოჩენილი მეხუთე ქალის ზუსტი მოდელის შექმნას ჯონ გურჩი უკვე საკუთარ სახელოსნოში შეუდგა. ქანდაკების გამზადება და მისი საქართველოში ტრანსპორტირება მთლიანად სილქნეტის მხარდაჭერით განხორციელდა. გურჩის ქანდაკებები მსოფლიოს მრავალ მუზეუმშია დაცული, მისი ნამუშევრები სამეცნიერო სიზუსტით გამოირჩევა და მიუხედავად ავტორის დიდი გამოცდილებისა, აღნიშნავს, რომ უძველესი ეპოქის ამგვარ სრულყოფილ ნამარხზე მას ჯერ არ უმუშავია. “ეს ძალიან მაღალი რანგის ნამუშევარია. მასში არა მარტო არტისტული ფანტაზიაა გამოყენებული. თვითონ ჯონ გურჩი პროფესიით ანთროპოლოგია და მან ძალიან კარგად იცის ანატომია. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი რეკონსტრუქციაა, რომელიც დღემდე არსებობს”, - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.

ახალ გმირს მალე სახელსაც შეურჩევენ. მილიონ რვაასი ათასი წლის წინ მცხოვრები "გაცოცხლებული" არსება, მკვლევრებმა უკვე შეაფასეს პალეოანთროპოლოგიის კლასიკად.

და ბოლოს. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება National Geographic საქართველოს მკითხველისთვის იმ ფაქტზე ყურადღების გამახვილება, რომ ჩვენი ჟურნალის ოქტომბრის ნომერში გასული სტატია "თითქმის ადამიანი", რომელიც სამხრეთ აფრიკის გამოქვაბულებში გაკეთებულ აღმოჩენებს შეეხება, სწორედ ჯონ გურჩის გამოძერწილი ქანდაკებებითაა ილუსტრირებული.

თეგები: 
ჯონ ანტონი გურჩი
დმანისი
პალეონტოლოგია
ეროვნული მუზეუმი
დავით ლორთქიფანიძე
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია