ბლოგები >
ბიოპირატი - ჯო დევისი
ზურა ჯიშკარიანი
Nasa, Arne Nordmann, ESCO
04.11.15
NASA. კაცისა და ქალის გამოსახულება - სალამი არადედამიწურ ცივილიზაციებს “ნასასგან”.

“მომავალში, არტისტების ახალი თაობა ისევე თავისუფლად დაწერს გენომს,
როგორც ბაირონი და ბლეიკი წერდნენ ლექსებს” ფრიმენ დაისონი

მე-15 საუკუნეში ერთ-ერთი იტალიელი ჰუმანისტი და არქიტექტორი არტისტს განიხილავდა როგორც Secundus Deus, “მეორე ღმერთს”, რომელმაც ახალი სიცოცხლე უნდა შექმნას. ძველი ბერძნები მოხიბლულები იყვნენ “ცოცხალი” ქანდაკებების იდეით, არსებობს ლეგენდა ჩინელ გამომგონებელზე, რომელმაც მექანიკური ფრინველი დააპროექტა, წინა საუკუნის ფუტურისტები, ოცნებობდნენ სამყაროს გადაკეთებაზე. მათი აზრით, არტისტები მივიდნენ იმ ზღვრამდე, სადაც მათ მეტაფორები და სიმბოლოები კი არა - ცოცხალი ორგანიზმები უნდა აწარმოონ, მალევიჩი თავისი “დამატებითი ელემენტის თეორიაში” - ბაქტერიულ ინფექციას განიხილავდა არტისტული მუშაობის მოდელად. დიდი ხნის განმავლობაში ეს იდეები არტისტების გამოხტომებად ან მორიგ მეტაფორებად განიხილებოდა. მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ადამიანური იდეებიც ბიოლოგიური ორგანიზმებივით და პარაზიტებივით ცოცხლობენ, გადიან ევოლუციის გზას და არ კვდებიან. ყველა ამ იდეამ წინა საუკუნის 70-იან წლებში შეისხა ხორცი ერთი საინტერესო ადამიანის - ჯო დევისის, ერთი შეხედვით ხულიგნურ და ანარქისტულ ქმედებებში.

მაშინდელი MIT-ის ბიოლოგიურ ლაბორატორიის მკვლევარი ჯო დევისი - გარეგნობითაც ოდნავ პირატს ჰგავს. მარჯვენა ფეხის ნაცვლად მას მეტალის საყრდენი აქვს, მისი კაბინეტი სავსეა მცენარეებით, კოლბებით, კედელზე გაკრული დიაგრამებითა და კოდებით, ხოლო როცა ის ლაპარაკობს - გგონია, რომ გელაპარაკება პოეტი ან ძველი ფილოსოფოსი და არა ჩვეულებრივი მეცნიერი.

ჯო დევისის “მიკროვენუსი”, სიმბოლო რომელიც მან ბიოინფორმაციად აქცია.

ალბათ, ჩვენთან ყველამ იცის, რომ ქართული “ჩაკრულო” “ამერიკელებმა”, უამრავ სხვა ინფორმაციასთან ერთად დედამიწის შესახებ - კოსმოსში გაგზავნეს. ეს ის პერიოდია, როცა ნასა აღტაცებული იყო არადედამიწურ ცივილიზაციებთან კონტაქტის დამყარების იდეებით. ცნობილმა მეცნიერმა (და სხვათაშორის მარიხუანის ასევე ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მომხმარებელმა), კარლ სეგანმა თავის დროზე დაიჟინა, რომ კაცობრიობას რადიოსიგნალის სახით უნდა გაეგზავნა ინფორმაცია შორეული ვარსკვლავური სისტემებისკენ, ჰიპოთეტური უცხო ცივილიზაციისთვის. სეგანმა ნასას თანხმობით, CETI-სთან ერთად (არადედამიწურ არსებებთან კომუნიკაციის “დეპარტამენტი”) შეძლო იდეის განხორციელება: 1974 წელს პუერტო რიკოში განლაგებული არესიბოს ტელესკოპიდან სეგანმა და მისმა გუნდმა 3 წუთის განმავლობაში აგზავნეს სიგნალი კოსმოსის სიცარიელეში. სიგნალი შეიცავდა მინიმალურ ინფორმაციებს: რიცხვებს 1-იდან 10მდე, ადამიანისა და მზის სისტემის გრაფიკულ გამოსახულებას და ა.შ. ამას მოჰყვა 1977 წელს გაგზავნილი კოსმოსური აპარატი “ვოიაჟერი”, რომელმაც თან წაიღო ინფორმაცია დედამიწის შესახებ: ცხოველების ხმები, მისალმება თითქმის ყველა ენაზე (მათ შორის ისეთ მკვდარ ენებზეც, როგორიცაა მაგ. შუმერული), ინფორმაცია ჩვენი ადგილმდებარეობის შესახებ და ა.შ. შეტყობინება შეიცავდა ქალისა და კაცის გამოსახულებას. რაც ყველაზე საინტერესოა, და რაც კარგად მეტყველებს ჩვენზე-ცივილიზაციაზე - კაცისა და ქალის გამოსახულებებში თითქმის არ ჩანდა გენიტალიები. რატომღაც ნასამ ეს “უზრდელობად” ჩათვალა.

დაახლოებით ამ დროს გამოდის სცენაზე ჯო დევისი, რომელიც იმ პერიოდში არადედამიწურ ცივილიზაციებთან კომუნიკაციების თემის შესწავლითა და კვლევებით იყო გატაცებული. დევისის აზრით, ის რომ ცივილიზაციის მესიჯში გენიტალიებს ცენზურა ედოთ - უვიცობა და უპატიებელი შეცდომაა. ამის გამოსასწორებლად დევისმა პირატული გუნდი შეკრიბა და მისთვის იმ მომენტში ხელმისწვდომი MIT-ის რადარით ოთხი სხვადასხვა თანავარსკვლავედის მიმართულებით რადიოსიგნალის სახით მოხალისე ბალერინების ვაგინალური სპაზმები გაგზავნა. სიგნალი 20 წუთის განმავლობაში იგზავნებოდა, იქამდე სანამ ის აშშ-ს საჰაერო ძალებმა შენიშნეს და შეაწყვეტინეს. თუმცა ეს დრო საკმარისზე მეტი იყო, ის 17 წუთით მეტი გამოვიდა ვიდრე ნასას ადრინდელი მესიჯი და “სამართლიანობაც აღსდგა” - დევისმა კოსმოსს ვაგინის არსებობის შესახებ “შეატყობინა”.

არნე ნორდმანი. მესიჯი არესიბო - დაშიფრული სიგნალი უცხო ცივილიზაციებისთვის

თუმცა, ყველაზე საინტერესო შემდეგ დაიწყო. დევისმა, რომელიც ვარსკვალვთშორისი მესიჯებისთვის უკეთეს საკომუნიკაციო ენას ეძებდა - ბიოლოგია აღმოაჩინა. პირველ რიგში, მისთვის ცხადი გახდა, რომ “გენეტიკური ენა”, რომლითაც ცოცხალი ორგანიმზმები ფუნქციონირებენ - მორიგი “უცხო” ენაა. ის შედგება “ასოებისგან” და “წინადადებისგან” და თუკი ის შეძლებდა ამ ენის შესწავლას, შესაბამისად შეძლებდა ინფორმაციის თარგმნას ჩვენი ენიდან “ბიოლოგიურ ენაზე”. ექსტრაბიოლოგიური ინფორმაცია, მაგალითად ინგლისური ენა, მათემატიკური ფორმულები, საქართველოს კონსტიტუცია - ეს ყველაფერი თავისუფლად შეიძლება გადათარგმნო “გენეტიკურ ფორმაში”. თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის ბაქტერიებზე ჩაწერა ალბათ არ ღირს, რას იფიქრებენ მომავალში..

დევისი უცებ მიხვდა, რომ ბიოლოგიური არსების დნმ შესაძლოა იყოს ინფორმაციის ყველაზე კარგი და საიმედო მატარებელი/გადამტანი. მედიუმი, რომელიც იდეალურად შეიძლება გამოიყენო ინტერსტელარული მესიჯებისთვის. ბაქტერიას კოსმოსური ფრენის სირთულეების გადატანაც შეუძლია და, შესაძლოა, პლანეტარული კატასტროფისაც კი. ეს ნიშნავს რომ მასში ჩაწერილი ინფორმაცია - სამუდამოდ შეინახება.

მიუხედავად იმისა, რომ დევისის დროს ექსტრაბიოლოგიური ინფორმაციის “ჩაწერა” ცოცხალ ორგანიზმში არც ისე ადვილი იყო - მან მაინც იპოვა გზა; შეიქმნა პროექტი “მიკროვენუსი”, რომელსაც დევისი “ცოცხალ არტ ფორმას” ეძახის. ეს ისტორიაში პირველი „არტვორკია“, რომელიც მოლეკულარული ბიოლოგიის ტექნოლოგიებით შეიქმნა. დევისმა ბაქტერიის დნმ-ში შეძლო გრაფიკული სიმბოლოს “ჩაწერა”. გრაფიკული სიმბოლო შედგებოდა ასოების “Y”-ისა და “I”-ის შეერთებით, რომელიც ქმნის ძველ გერმანულ რუნას, რაც აღნიშნავდა სიცოცხლეს და დედამიწას როგორც ფემინურ სიმბოლოს.

დევისმა ამ აქტით გემო გაუგო ექსპერიმენტს, რომელიც აქამდე ისტორიაში არცერთ ხელოვანს არ გაუკეთებია. შესაბამისად, დევისი ვერ გაჩერდა ერთი გრაფიკული სიმბოლოს ჩაწერით ბაქტერიაში. როგორც თვითონ ამბობს, ერთხელ მან წაიკითხა ზღაპარი განებივრებულ ბავშვზე, რომელსაც არაფერი არ გვრიდა სიამოვნებას და არ აღუძრავდა ინტერესს სამყაროში იქამდე, სანამ არ გაიცნო თაგვი, რომელსაც ყურში სამყაროს რუკა ჰქონდა შენახული. დევისის შემდეგი პროექტი, სახელად “ირმის ნახტომის დნმ” გულისხმობდა ჩვენი გალაქტიკის ციფრული რუკის “დასეივებას” ცოცხალი ორგანიზმის სხეულში.

დევისმა ნასას მიერ გადაღებული ჩვენი გალაქტიკის უზარმაზარი ფოტო დნმ-ის ენაზე “გადათარგმნა”. საკმარისია ესეთი დნმ თაგვის ყურში შეუშვა და ის ჩვენი გალაქტიკის რუკას თაობიდან თაობას გადასცემს. რაც ყველზე საინტერესოა, ამისთვის კოდინგის საკუთარი სტრატეგია შეიმუშავა. მთავარი პრობლემა აქ ის იყო, რომ უსარგებლო გენებს ორგანიზმი სავარაუდოდ ნელ-ნელა მოიშორებდა, ასე რომ საჭირო იყო ინფორმაციის ისე ჩაწერა, რომ ორგანიზმს ის საკუთარ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილად აღექვა და შესაბამისად, ყველა სხვა ინფორმაციასთან ერთად დაუზიანებლად გადაეცა შემდეგი თაობისთვის. ამისთვის დევისმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელსაც “მდუმარე კოდი” დაარქვა. „მდუმარე კოდი“ მისი მატარებელი ორგანიზმის განუყოფელ ნაწილად იქცევა და ასობით თაობის განმავლობაში შეძლებს ჩაწერილი ინფორმაციის გადაცემას შთამომავლებისთვის. დევისი “მდუამრე კოდს” დამოუკიდებელ არტ ფორმად განიხილავს. “მდუმარე კოდი“ გაცილებით აღმატებული არტფორმაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა, რომელიც მას წინ უძღოდა”, - ამბობს დევისი.

ESCO. ირმის ნახტომის გალაქტიკა, რომლის “შენახვა” დევისმა თაგვის ყურში გადაწყვიტა.

ასეთი “არამეცნიერული” დამოკიდებულებისა და ექსტრავაგანტული იდეების გამო, დეივისს ხშირად არც აღიქვამდნენ სერიოზულად. მას უფრო ტრიკსტერად და საინტერესო მასხარად ხედავდნენ, რომელსაც “გასული” იდეები და მხიარულება შემოაქვს ლაბორატორიების რუტინულ რეჟიმში. თუმცა მოგვიანებით დეივისის მეთოდები და დნმ-ის როგორც ინფორმაციის შემნახველი სისტემების იდეა, სხვა ლაბორატორიებშიც დაიტესტა და დადასტურდა, რამაც საბოლოოდ შეცვალა დამოკიდებულება მის მიმართ.

ერთი მხრივ, როგორც აღმოჩნდა დნმ-ს აქვს ინფორმაციის შენახვის წარმოუდგენელი პერსპექტივები, აქედან უფრო და უფრო პოპულარული ხდება “ბიოლოგიური” და “დნმ კომპიუტერების” იდეაც. ჩვენი დღევანდელი ციფრული კომპიუტერები ადრე თუ გვიან მიაღწევენ ზღვარს, სადაც უკვე შეუძლებელი იქნება კიდევ უფრო მცირე ტრანზისტორების შექმნა. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაციის შენახვის სფეროში არსებობს ზღვარი, რომელსაც ფიზიკურად ვერ გავცდებით და სწორედ აქ, შესაძლოა, საჭირო გახდეს ბიოლოგიის დახმარება, რამდენადაც ინფორმაციის შენახვის თვალსაზრისით ის თითქმის უსასრულო ტერაბაიტებს გვთავაზობს. გარდა ამისა, ორგანიზმის დნმ-ში ჩაწერილი ინფორმაცია საუკუნეებს გაუძლებს - წარმოიდგინეთ ვიკიპედია, რომელსაც თქვენ გენეტიკურად შვილებს გადასცემთ ან კაცობრიობის ისტორია, ლიტერატურა და ხელოვნების ნიმუშები, რომლებსაც ბაქტერიები ინახავენ და რომელიც ოდესმე შესაძლოა სხვა ცივილიზაციამ წაიკითხოს, როცა ჩვენ უკვე აღარ ვიქნებით.

მეორე მხრივ კი დევისმა ბიძგი მისცა “მკვლევარი არტისტების” ახალ თაობებს, რომლებზეც კიდევ ვილაპარაკებთ და რომლებიც თავიანთ ხილვებს არა მხოლოდ ინსტალაციების, პერფორმანსებისა და ვიზუალების მეტაფორულ ენაზე გადმოსცემენ, არამედ დივერსანტებივით შედიან ოდესღაც საკრალურ, აკრძალულ ტერიტორიებზე და ქმნიან ახალ ორგანიზმებს, ე.წ. “ბიოფაქტებს” (ბიოლოგიური არტეფაქტი), სწავლობენ სამყაროს ფუნდამენტურ ენას და ერთობიან აქტებით, რომლებიც აქამდე მხოლოდ ღმერთების პრეროგატივა იყო. ალბათ, დასასრულისთვის უნდა ითქვას, რომ ტექნოლოგიები, რომლებიც დეივისის დროს ძვირი და შეზღუდული იყო, ახლა გაცილებით იაფია, არსებობს უამრავი ბიო-არტ ქომიუნითი და მსგავსი ექსპერიმენტების დაწყება ნებისმიერ დაინტერესებულ ტრიკსტერს უკვე საკუთარ ფარეხში ან სამზარეულოში შეუძლია.

თეგები: 
Nasa
კოსმოსი
ჯო დევისი
ბიოლოგია
დნმ
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია