ბლოგები >
გზაში დაწერილი წიგნიდან
 
დათო ტურაშვილი
AVRO
09.10.15
რასაკვირველია, სუზი კვატროს წინ ვიდექი ხოლმე, რომელიც უგონოდ და გულწრფელად მიყვარდა – სრულიად მიუწვდომელი ქალი, ტყავის შავი შარვლითა და მხარზე გადაკიდებული გიტარით.

სუზი კვატრო (ორმოცი წლის შემდეგ)

სად უნდა შეხვდე შენი ბავშვობის მეგობარს, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, თუ არა პიკადილი სირკუსზე, რომელიც პირველად, იმ საერთო საბჭოთა ბავშვობაში, ტელეეკრანზე ნახე და სამუდამოდ დაგამახსოვრდა - ეს იყო ფილმი “ორერას” შესახებ, რომელსაც ხშირად აჩვენებდა ხოლმე ორიდან ერთი ქართული ტელეარხი და ჩვენთვის, საბჭოთა მაყურებლებისთვის, ნამდვილ საოცრებას ჰგავდა. კადრში ჩანდა ლონდონის ცენტრი, სადაც გიტარით ხელში იჯდა რობერტ ბარძიმაშვილი და ყელმოღერებული მღეროდა.

მაშინ, იმ ჩვენს შორეულ საბჭოთა ბავშვობაში, როცა აკა მორჩილაძეს გიო ახვლედიანი ერქვა და ჩვენი ინგლისურის მასწავლებელი, ლონდონის ფოტოსლაიდებს გვიჩვენებდა თეთრ ეკრანზე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით რომ საბჭოთა კავშირი მალე დაიშლებოდა (სულ რაღაც ათ წელიწადში) და მერე ჩვენც აღმოვჩნდებოდით იმ საოცნებო ქალაქში, რომელიც მანამდე, მხოლოდ რობერტ ბარძიმაშვილის თვალებით გვქონდა ნანახი. მართალია, ჩარლზ დიკენსის წიგნებიც უკვე წაკითხული გვქონდა (ჯერ კიდევ მაშინ, ბავშვობაში და ამიტომაც ლონდონში პირველად ჩასვლისთანავე მომეჩვენა რომ იქ ნამყოფი ვიყავი), მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, მაინც იმაზე შევთანხმდით, რომ თუ საბჭოთა კავშირიდან ერთად არა, ცალ-ცალკე მაინც გავაღწევდით, ზუსტად იქ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, სადაც რობერტ ბარძიმაშვილი მღეროდა. ბავშვობას ვერსად გაექცევი და ამიტომაც, ახლაც, ორმოცი წლის შემდეგ (იმ საყმაწვილო შეთანხმებიდან), ისევ იქ შევხვდით ერთმანეთს, სადაც ოცი წლის წინ, როცა პირველად აღმოვჩნდით ლონდონში და როგორც მაშინ, ბავშვობაში მოვილაპარაკეთ. პიკადილი სირკუსის კიბეებზეც სიმბოლურად ჩამოვსხედით. არადა, რამდენი რამეა სანახავი ლონდონში და მითუმეტეს მაშინ, როცა მხოლოდ ერთი დღით ხარ ამ ქალაქში და პიტერ აკროიდივით ყველაფერი თუ არა, რაღაც მაინც ვიცით ლონდონზე. სანამ იმის შესახებ ვბჭობდით, საით უნდა წავსულიყავით, კიდევ ერთი საყმაწვილო დარდი გაგვახსენდა. იქვე, ჩვენს სკოლასთან ახლოს (ბავშვობის საბჭოურ წლებში), იმ მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც გაკვეთილების შემდეგ ჩავდიოდით ხოლმე, ფოტომაღაზიის ვიტრინაზე, სუზი კვატროს დიდი პლაკატი იყო გაკრული და აბსოლუტურად დარწმუნებელი ვიყავი რომ მასზე ლამაზი და მშვენიერი, სამყაროში არავინ და არაფერი არსებობდა. რადგან ის პლაკატი, ათი მანეთი ღირდა (რაც იმდროინდელი სკოლის მოწაფისთვის, საკმაოდ დიდი ფული იყო და მშობლებიც ასე თვლიდნენ), იძულებული ვიყავი ეს სიამოვნება (სუზი კვატროს ცქერა), მიწისქვეშა გადასასვლელშივე მიმეღო. იქვე, მის გვერდით ეკიდა ბრუს ლისა და პოლ მაკარტნის გადიდებული ფოტოებიც (და სინამდვილეში ეს იყო ფოტოები და არა პლაკატები), მაგრამ მე, რასაკვირველია, სუზი კვატროს წინ ვიდექი ხოლმე, რომელიც უგონოდ და გულწრფელად მიყვარდა – სრულიად მიუწვდომელი ქალი, ტყავის შავი შარვლითა და მხარზე გადაკიდებული გიტარით. ალბათ, ამ მიუწვდომლობის გამო, გავეხუმრე კიდეც გიო ახვლედიანს მაშინ, იმ ჩვენს ბავშვობაში (როცა ლონდონში შეხვედრის ადგილზე შევთანხმდით), თუ ინგლისამდე მართლა ჩავაღწევდით, სუზი კვატროც აუცილებლად უნდა მენახა. ორმოცი წლის შემდეგ, პიკადილი სირკუსზე, ეს შეთანხმებაც გაგვახსენდა. რა თქმა უნდა, გაგვეღიმა და აღარ მიცდია იმ ქალის მოძებნა, რომელიც ორმოცი წლის წინ, თავდავიწყებით მიყვარდა, მაგრამ ლონდონში, სხვა ადამიანებისა და სხვა ადგილების ნახვაც ძალიან მინდოდა (როგორც ყოველთვის) და მაგალითად, კიდევ ერთხელ, მართლა სიამოვნებით ჩავივლიდი დაუნინგ სტრიტზე.

უცებ იმაზე დავფიქრდი თუ რატომ ავირჩიეთ მაინცადამაინც მწვანე პარკი იმ ქალაქში, სადაც ათას ერთზე მეტი არჩევანია და პასუხსაც უცებ მივაგენი - ლონდონში ავირჩიეთ ჟანგბადი, ის, რაც თბილისში ყველაზე მეტად გვაკლია.

მინდოდა გამევლო იმ ქუჩაზე (კიდევ ერთხელ), სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაა (ათ ნომერში) და საკუთარი თვალით (ისევ) მენახა ის ერთადერთი პოლიციელი, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურს იცავს და იმ სახლის წინ გავლას, არავის არასოდეს უკრძალავენ. მეტიც, როცა ბრიტანეთის პრემიერს სტუმარი ჰყავს, პრემიერი თვითონ აღებს რეზიდენციის კარს და შინ ეპატიჟება ყველას, ვისაც მასთან ერთად ჩაის დალევა არ ეზარება და იმ ერთადერთ პოლიციელს, რომელიც იქვე დგას, აზრადაც არ მოსდის რომ (ამ დროს მაინც) ქუჩა ან თუნდაც მიმდებარე ტროტუარი გადაკეტოს.

ლონდონში, არანაკლები სიამოვნებით (და კიდევ ერთხელ), ბრიტანეთის მუზეუმს მივადგებოდი და ერთხელაც ვნახავდი ყველაფერს, რის გამოც მაშინ (პირველად აქ ყოფნისას), პირი დავაღე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დავით აღმაშენებლის უნიკალურ მონეტასაც (აქ რომ ინახება), სიამოვნებით დავხედავდი. დავხედავდი მიკ ჯაგერსაც:) და გავიგებდი როგორ არის, მაგრამ დრო ძალიან ცოტა გვქონდა (არჩევანი კი - ძალიან დიდი) და იქვე, პიკადილი სირკუსთან (პირველივე პოლიკლინიკაში), წნევა რომ გავიზომეთ (მაინც, ყოველი შემთხვევისათვის), მერე იქვე, ტრაფალგართან, პირველივე შემხვედრ პარკში განვლაგდით და ამ გამწვანებულ გარემოში გადავეცი კიდეც გიოს, მისთვის თბილისიდან წამოღებული ჯადოსნური ჩურჩხელები. საღამომდე, იქ დავრჩით კიდეც და ბავშვობაც იქვე გამოვიტირეთ და მერე უკან, გილფორდისკენ მიმავალ მატარებელში რომ ჩავჯექი, უცებ იმაზე დავფიქრდი, რატომ ავირჩიეთ მაინცადამაინც მწვანე პარკი იმ ქალაქში, სადაც ათას ერთზე მეტი არჩევანია და პასუხსაც უცებ მივაგენი – ლონდონში ავირჩიეთ ჟანგბადი, ის, რაც თბილისში ყველაზე მეტად გვაკლია და მგონი მართლა ველურებივით ვცხოვრობთ, რადგან საკუთარი ხელით ვანადგურებთ სწორედ იმას, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება.

პ.ს. ინგლისში წასვლამდე (სხვათა შორის), სუზი კვატრო დავგუგლე (მაინც, ყოველი შემთხვევისთვის) და ვერაფრით დავიჯერე, რომ ამ ქალზე იმ გაკვეთილის მსვლელობისას ვოცნებობდი, რომელიც მართლა მაინტერესებდა.

როგორც ჩანს, ბავშვობაზე ტკბილი, მართლა არაფერი რჩება ...

თეგები: 
ბლოგი
დათო ტურაშვილი
ლონდონი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია