ბლოგები >
ერასტო ქომეთიანის მეტეორიტი
 
ზურა ჯიშკარიანი
shutterstock
25.09.15

არ ვიცი როგორ დავიწყო ეს ბლოგი, National Geographic- ის სპეციფიკიდან გამომდინარე, ალბათ უადგილო იქნება წერა ატომურ განთიადებზე ან „ატხადნიაკების“ გემრიელ სევდაზე, როცა უცხო სახლში გეღვიძება და ათასნაირი მეთოდით (ისე რომ თავი არ დაიწვა) ბინის უჟმური პატრონისგან ცდილობ გაიგო საკუთარი ვინაობა, ასევე უადგილო იქნება ალბათ წერა კონტრაბანდებზე, სექსუალურ ფეტიშებზე, გარეუბნელ ლამაზმანებზე უცხოპლანეტური მაკიაჟით ან ფანტაზიებზე თუ როგორ იხარშებიან საზიზღარი პოლიციელები დანტეს ჯოჯოხეთში, როგორც კარგი რესტორნის სამზარეულოში უდანაშაულო პუტკუნა კიბორჩხალები - მოკლედ, ყველაფერ იმაზე, რაც რიგით თავმოყვარე პატიოსან მოქალაქეს უყვარს და გულს უჩქარებს მის ყოველდღიურობაში - წერა არ გამოვა, უფრო სწორად უადგილო იქნება ამ სივრცეში. თავიდან გავბრაზდი - ვფიქრობდი, რომ არაფერს დავწერდი, მაგრამ მერე მივხვდი - სამაგიეროდ შემიძლია წერა ისეთ თემებზე, რომლებიც არანაკლებ მაინტერესებს, მაგრამ ვერ ვიპოვე სხვა მოსაუბრე ვისაც იგივე ინტერესები ექნებოდა. რატომაც არა? სადღაც ვიღაცა წერდა, რომ მწერლები იმიტომ წერენ, რომ კომუნიკაციის სქილსები არ აქვთო.

ისტორია, რომლითაც დავიწყებ ერთი შეხედვით თითქოს არავითარ კავშირშია მეტეორიტებთან. ჩემს სახლში ბავშვობიდან ყოველთვის მესმოდა ათასგვარი სათავგადასავლო ისტორიები ახლო ნათესავებზე, მთელ ჩემს, ასე ვთქვათ, გენეალოგიურ შტოში - მთელი ამ ბანდიტი და ხეპრე ქომეთიანების, კოპალიანების, ჯიშკარიანების და ა.შ. - იანების ისტორიებში, ყოველთვის ყველასგან გამორჩეული იყო ერთი ძალიან უცნაური, ერთი შეხედვით ფანტასტიკური და ჩემი აზრით ცოტა ბიბლიური ისტორია, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება ერთადერთ ნათელ წერტილს ამ ხალხს შორის, ჩემს დიდ ბაბუას - ერასტო ქომეთიანს. ერასტოზე ბევრი არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ საკუთარი შრომით შოულობდა პურს, ულვაშს ატარებდა, ხანშიშესულ ასაკამდე მეფაიტონედ მუშაობდა წინა საუკუნის სოხუმში და ერასტო ერქვა, რაც ძველბერძნულად “კრასავჩიკს” ნიშნავს. დავგუგლე.

მოკლედ, ერთხელ, როგორც ოჯახური გადმოცემა იუწყება, ერასტოს ცხოვრებაში ამოუხსნელი მოვლენა მოხდა.

მეტეორიტი

მე ასე ვხედავ ხოლმე ამ სცენას:

1940-იანების დასასრული. დაახლოებით 50 წლის ერასტო ქომეთიანი - გვიან ღამით ბრუნდება ქალაქ სოხუმში. იქ სადაც ახლა მშვიდობის გამზირზე ჩამწკრივებული ბეტონის კორპუსებია, მაშინ ერასტოს 2-სართულიანი მოვლილი სახლი იდგა. მე წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ერასტო ოდნავ დაღლილია, ფიქრობს სახლზე, სადაც მის ქალიშვილებს, რომელთაგან ერთ-ერთი შემდეგ ბებიაჩემი გახდება და ამ ისტორიას მოყვება, უკვე ძინავთ, ერასტოს მეუღლე კი ოდნავ ღელავს - ქმარს აგვიანდება. ეს ის დროა, როცა ნებისმიერ გამვლელს შეუძლია შენი დაყაჩაღება, უბნის ინსპექტორები კი ღამით “სვისტოკებით” უვლიან ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებს და ასე აფრთხობენ პოტენციურ კრიმინალებს. ცა გადაჭედილია ვარსკვლავებით, რბილ ღამის ნიავს ზღვის სურნელი მოაქვს, ცხენები თავისთვის ფრუტუნებენ, დაღლილი ერასტო კი ალბათ გემრიელ საკვებსა და კარგ გამოძინებაზე ფიქრობს, რომელიც მყუდრო სახლში ელოდება. ამ დროს ხდება ის, რამაც თვეების განმავლობაში დაუკარგა მოსვენება მას და მის ოჯახს. არ ვიცი შეამჩნია თუ არა ერასტომ რაიმე ნათება, მაგრამ უეცრად, გაშლილ ველზე, სწორ გზაზე, მას ესმის საშინელი ხმა, ურემი ყირავდება, ცხენი პანიკაში ორ ფეხზე დგება და ერასტო რამდენიმე წამით გრძნობს რომ ჰაერშია, სანამ ოდნავ მოშორებით მიწას დაენარცხება და იდაყვებს დაიზიანებს. შეშინებული ამ მოულოდნელი გაურკვევლობით ერასტო იქვე ამოზრდილი ბუჩქის უკან იმალება და ფაეტონისკენ იყურება. გარშემო რამდენიმე კილომეტრის მანძილზე არც ადამიანი ჩანს, არც ზარბაზანი, არც რაიმე სინათლე. მხოლოდ ის, პანიკაში ჩავარდნილი ცხენი და გატეხილი ფაეტონი. ახლოს მისული ერასტო ხედავს რომ ჭერში ხვრელია, ბორბალი მთლიანად დანაკუწებულია, ხოლო მიწაში ოდნავ თბილი ქვა არის ჩარჭობილი.

დილით აღელვებულ მეუღლეს კარებთან დახვდა ოდნავ სისხლიანი, სახეგამურული და შეშინებული ქმარი, ნაჭერში გახვეული ქვით, რომელიც როგორც მან თქვა - “პირდაპირ ციდან ჩამოვარდა”.

ალბათ, ეს ამბავი სასაცილოდ არ ეყოფოდა ნაცნობების დიდ ნაწილს, ამიტომ მას არ დაუწყია ყოველი გამვლელისთვის ღამით მომხდარი “სასწაულის” მოყოლა, ქვა კი სარდაფში შეინახა. ბავშვებს აეკრძალათ მასთან მიახლოება, ცოლ-ქმარი კი მთელი დღე-ღამე ფიქრობდა - რას ნიშნავდა ეს, რა უნდა ექნათ ქვისთვის. გარდა იმისა, რომ ფაეტონიც გასაკეთებელი იყო. უფრო სწორედ, იქამდე მას რამდენიმესაათიანი მტკიცება დასჭირდა, რომ ქვა მართლა ციდან ჩამოვარდა და ფაეტონის გატეხვას რამე სხვა მიზეზი არ ჰქონია - ის არ გაუძარცვავთ, თავს არავინ დაესხა, მთვრალიც არასდროს ყოფილა და არც იმ ყაყაჩოებს ეტანებოდა, რომლებიც უხვად იზრდება აფხაზეთის მადლიან მიწებზე და შესაძლოა ალოგიკური ხილვებიც გამოიწვიოს.

ქვა სახლში დარჩა. მესამე დღეს ერასტომ ფაეტონის შეკეთება დაიწყო და საქმეებს მიხედა, მაგრამ ღამღამობით სამსახურიდან დაბრუნებული აკითხავდა ხოლმე ქვას და დიდხანს ათვალიერებდა. ვერაფრით გაეგო ცის ქვა ღმერთის საჩუქარია თუ წყევლა, ოჯახის სხვა წევრებს კი ეშინოდათ ქვის. რამდენიმე კვირის შემდეგ, საბოლოოდ გადაწყდა, ქვა უნდა მოეშორებინათ. როგორც ბებია ამბობდა, ერთ ღამეს ერასტომ შავ ნაჭერში გაახვია მძიმე ქვა, შემოაჯდა ცხენს და “ძველი მაიაკის მიმართულებით წავიდა”, რომ ზღვაში გადაეგდო, მაგრამ რატომღაც გზაში გადაიფიქრა, იპოვა რაღაც ადგილი და დამარხა, გადამალა ქვა, დაახლოებით ისე როგორც მეკობრეები მარხავდნენ განძს.

ეს ისტორია ყოველთვის გაუგებარი ზღაპარივით იყო ჩემთვის, ალბათ ყველასთვის ვისაც ეს ისტორია მოსმენილი ჰქონდა და არც მახსოვდა იმ მომენტამდე, სანამ არ მივხვდი, რომ ქვა, რომელმაც ერასტოს ფაეტონი დაამტვრია და ბიზნესი გაუფუჭა - მეტეორიტი იყო.

არავინ იცის ზუსტად რას ფიქრობდა მაგ დროებში დაბნეული მეფაიტონე, მაგრამ ალბათ ვერასოდეს წარმოედგინა, რომ ეს, მის სარდაფში გადანახული უცნაური ობიექტი, ოდესღაც, პროტოპლანეტარული ღრუბლისგან წარმოიქმნა და სინათლის წელიწადები გაიარა სანამ მის ფაეტონს დაეტაკებოდა - გზასაცდენილი ციური სხეულები სამყაროს დასაბამიდან დაფრინავენ კოსმოსის სიცარიელეში, სანამ რომელიმე პლანეტა არ გახდება მათი სამარე, მილიონწლიანი მოგზაურობის დასასრული.

ყოველწლიურად დედამიწაზე რამდენიმე ტონა მეტეორიტი ეცემა. მეტეორიტები ყველანაირი ზომისაა. ზოგი იმდენად მცირეა, რომ ვერც აღწევს მიწამდე და ატმოსფეროშივე იწვება, დანარჩენი ნაწილი კი ყოველდღიურად ეცემა ხან ოკეანეებში, ხან უდაბნოებში, ზოგჯერ კი დიდ თუ მცირე ქალაქებშიც. იმის ალბათობაც კი დიდია, რომ ქვა რომელიც შეიძლება ეზოში იპოვოთ - კოსმოსიდან ჩამოვარდნილი მეტეორიტი აღმოჩნდეს.

ცნობები მეტეორიტების, “ციდან ჩამოვარდნილი ქვების” შესახებ, უძველეს ისტორიაშიც უამრავია. მათ ხან უბედურების მომასწავებელ ნიშნებად თვლიდნენ, ხან ღმერთების მესიჯებად. არის შემთხვევები, როცა მეტეორიტებს მონეტებზეც გამოსახავდნენ, რომის იმპერიის ყველაზე გარყვნილმა და ლამაზმა იმპერატორმა ჰელიოგაბალმა კი, მაგალითად, სირიიდან რომში უძველეს აღმოსავლურ ჰედონიზმსა და რიტუალურ გარყვნილებასთან ერთად - ფალოსის ფორმის შავი მეტეორიტი - მისი კულტის მთავარი ღვთაება ჩამოიტანა. მეტეორთაყვანისმცემლობის ნიშნები ხშირად ხვდებათ ისტორიკოსებს.

ყოფილა კომიკური შემთხვევებიც, როცა მაგალითად, საფრანგეთში მე-18 საუკუნეში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა აჟიოტაჟი და ცრურწმენების ტალღა გამოიწვია, შეიქმნა სპეციალური შემსწავლელი კომისია, რომელმაც მცირე თუ დიდი ფიქრის შემდეგ დაადგინა: ციდან ქვები არ ცვივა, იმიტომ რომ ცაში ქვები არ არის.

ჩვენს დროში მეტეორიტებზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. ყოველდღიურად ათასობით, მეტალოდეტექტორებითა და სხვა “იარაღებით” აღჭურვილი ადამიანი მთელ პლანეტაზე ეძებს “მოწყვეტილ ვარსკვლავებს”. აი, ასე, ჯდები დილით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შეწუხებული რომ ცივი ყავის ყიდვა ვერ მოასწარი, გვერდით გიზის 40 წლამდე მამაკაცი ზოლებიანი პერანგით, რომელსაც სახეზე ეტყობა როგორ არ მოსწონს ქვეყნის განვითარების კურსი, წინ თინეიჯერი დიდი ყურსასმენებით უსმენს დაბს, შემდეგ გაჩერებაზე კი ამოდის - არც მეტი,არც ნაკლები: მეტეორებზე მონადირე.

არსებობენ მეტეორების დილერი კომპანიები, უფრო მეტიც, მეტეორიტების შავი ბაზარიც, რამდენადაც არსებობენ ქვეყნები, რომელთა კანონი იუწყება რომ ციური სხეული ეკუთვნის იმ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც ის ჩამოვარდა, რაც ჩემი აზრით, სრული უპატივცემულობაა სამყაროს მიმართ.

მეტეორიტი

მეტეორებზე მონადირეებს აქვთ საკუთარი რუკები და ნადირობის ტაქტიკები, ისინი ითვლიან სავარაუდო კოორდინატებს სადაც შეიძლება მეტეორიტების მოძიება და რაც მთავარია პოულობენ კიდეც. ბევრისთვის ეს ჰობია, ზოგისთვის - პროფესიაც. ზოგი მეტეორიტის ნამსხვრევი შეიძლება დოლარიც არ ღირდეს, მაგრამ არის მეტეორიტები, რომლებიც საკმაოდ სოლიდურ თანხად შეიძლება “გაასუხარო”. მაგალითად მეტეორიტი, რომელსაც მარსთან ან მთვარესთან ჰქონია “შეხება” უფასო საჩუქარია მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის - ამ შემთხვევაში არ გჭირდება პლანეტაზე რობოტის გაგზავნა, საკვლევი მასალა თავად მოდის შენთან, “საქართველოს ფოსტის” ამანათივით. 2012 წელს, ნიუ-იორკში, აუქციონზე მთვარის მეტეორიტი თითქმის ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდა.

მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ რამდენიმე კოსმიური ქვა, რომელთა ასაკი ხშირად უფრო დიდია ვიდრე ჩვენი პლანეტის ან მზის სისტემის, შეიძლება კახეთის მოსაწყენ უდაბნოებშიც განისვენებს, როგორც მარგალიტი, რომელიც არ ბრწყინავს, მაგრამ თავის თავში სამყაროს უშორეს და მიუწვდომელ ადგილებზე ინახავს მოგონებებს. ალბათ, სამოყვარულო ექსპედიციაც არ იქნებოდა ურიგო.

ზოგ ადამიანს მემკვიდრეობით სახლი რჩება, ზოგს თანხა ანგარიშზე, ძველი ხმალი ზედ შემშრალი მტრების სისხლით ან ბებიას ნაქონი ბეჭდები, მე და ჩემს დას კი, როგორც ვხვდები, გაურკვეველი კოორდინატებიდან მოსული მეტეორიტი დაგვრჩა, რომელიც 1940-იანების ბოლოს მეფაიტონე ერასტო ქომეთიანმა საიმედოდ შეინახა აფხაზეთის სუბტროპიკებში.

თეგები: 
ბლოგი
სოხუმი
მეტეორიტი
კოსმოსი
აფხაზეთი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია