ბლოგები >
პატარა წარმატების დიდი შედეგები
მათე ბროძელი
Shutterstock
21.09.15

თბილისის ზაფხულის ხვატს ბოლო არ უჩანდა. მეგონა, წვიმა აღარასოდეს მოვიდოდა და მოხდა სასწაული! საღამოს თქეში წამოვიდა. ცხადია, მზად არ ვიყავი; გამახსენდა, რომ ოფისში ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის მიერ ნაჩუქარი ქოლგა ეგდო. დავავლე ხელი და გარეთ გავედი. ქოლგა არც მეტი, არც ნაკლები, ნახვრეტებიანი აღმოჩნდა. ძალიან სიმბოლურად ჩავთვალე ეს. მეორე დილით ხომ ამ ბლოგის დაწერას ვგეგმავდი. ბლოგის, რომელიც ოზონის შრესა და მის ჩემი ქოლგასავით “გახვრეტას” ეხებოდა.

თავად ოზონის შრეზე, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლეს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ისევე იცავს, როგორც ჩვენ ქოლგა წვიმისგან (თუმცა წვიმა გამოსხივებისგან განსხვავებით, ტრადიციულად, არ გვხოცავს), აგრეთვე მისი გათხელების საგანგაშო პრობლემაზე ერთ-ერთ ბლოგში ნახავთ; რა გვემართება ადამიანებს და, ზოგადად, სიცოცხლეს ოზონის (ჩვენი ამ სიმბოლური ქოლგის) დაზიანებით სხვა ბლოგში დავწერე. არ მინდა ერთი და იგივე ვიმეორო, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ბლოგის ძირითად საკითხზე გადასასვლელად მაინც მჭირდება პატარა ექსკურსი. ხომ შეიძლება სხვა ბლოგები არ გქონდეთ წაკითხული?

მოკლედ გეტყვით. ამაზე განგაში 1974 წელს ატყდა, როდესაც Nature Magazine-ში პირველად გამოქვეყნდა სტატია ატმოსფერული ოზონის შრის გათხელების შესახებ და ეს მოვლენა სამეცნიერო კვლევებით დაუკავშირდა ონკოლოგების მოპოვებულ შემაშფოთებელ მონაცემებს- კანის სიმსივნეების რაოდენობამ, რომელიც მანამდე ჩვეულებრივ, სტანდარტულ სტატისტიკაში ჯდებოდა, მთელ მსოფლიოში სწრაფად დაიწყო ზრდა. საქმე ის გახლავთ, რომ ტექნოლოგიების განვითარებას გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოჰყვა მაცივრებისა და აეროზოლების წარმოების მსოფლიო „ბუმი“. ამ დანადგარებს სპეციალური ნივთიერებები - ქლორ-ფტორ-ნახშირწყალბადები (ე. წ. ქფნ) სჭირდებოდათ. 30-იანი წლებიდან წარმოებული დანადგარებისა და მათთვის საჭირო ქფნ-ების რაოდენობა წარმოუდგენელი ციფრია! ქფნ-ებს აღმოაჩნდათ ოზონის სწრაფი დაშლის უნარი. ამიტომ, ქფნ-ებს, ასევე ოზონის დამშლელ ქიმიურ ნივთიერებებსაც (Ozone Depleting Substances, ODSs) უწოდებენ. ამ დიდი რაოდენობის ODS-ებმა კი 30-იანი წლებიდან დაიწყეს სტრატოსფეროში ოზონის დაშლა და დედამიწა კინაღამ კატასტროფამდე მივიდა.

მეცნიერებს, მედიას და არასამთავრობო სექტორს მთელი 13 წელი დასჭირდათ პოლიტიკოსების დასარწმუნებლად და ბოლოს, 1987 წლის 16 სექტემბერს, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მთავრობამ ხელი მოაწერა „მონრეალის ოქმს“ - შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ხელმომწერი ქვეყნები თავიანთ ტერიტორიაზე კრძალავდნენ ან ძლიერ ამცირებდნენ ოზონის ფენის დამშლელი ნივთიერებების წარმოებას.

მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან წარმოებული დანადგარებისთვის საჭირო ოზონდამშლელების კოლოსალურმა რაოდენობამ, რომელიც ათეულობით წლის მანძილზე გაიფრქვა ატმოსფეროში, დედამიწა კინაღამ კატასტროფამდე მიიყვანეს.

გამეფებულია აზრი, რომ საქართველო ყოველთვის მოიკოჭლებს საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტურად დანერგვის კუთხით. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ ქვეყანა პრაქტიკულად არ მონაწილეობს მსოფლიო პროცესებში და თავისი წვლილი არ შეაქვს გლობალური პრობლემების მოგვარებაში. ცხადია, გარკვეულწილად, ეს სიმართლეცაა. სხვა სფეროების არ ვიცი, მაგრამ ბევრ გარემოს დაცვით საერთაშორისო კონვენციას (რომელსაც საქართველო მიერთებულია) და მათ მიერ განსაზღვრული საქმიანობების საქართველოში შესრულებას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ვალდებულებებში ჩვენი ჩამორჩენა, ხშირად, სამწუხარო ფაქტია.

საბედნიეროდ, ეს არ ეხება „მონრეალის ოქმს”, რომელსაც საქართველო 1996 წელს შეუერთდა. მართალია, ჩვენ ოზონდამშლელი ნივთიერებების მწარმოებლები არ ვართ, მაგრამ მათ მოვიხმარდით და ახლაც კი მოვიხმართ (ცოტას, მაგრამ მაინც). მიერთების გარდა, პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა მონრეალის ოქმის ყველა ცვლილებას, რომ ქვეყანა მიმდინარე დინამიკურ პროცესებს არ ჩამორჩენოდა.

ცხადია, ძალიან სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ შენი ქვეყანაც გლობალური ინიციატივის თანასწორი პარტნიორია და პლანეტის გადარჩენაში სიტყვა ეთქმის, მაგრამ მე, როგორც ბუნებით სკეპტიკოსს, არ მასვენებს ერთი ფუნდამენტური კითხვა:

მიერთება კარგია, მაგრამ კეთდება რამე?

სანამ პასუხს გავცემდე, ალბათ მნიშვნელოვანია ვიცოდე რა უნდა გაკეთდეს. საკითხის კვლევისას ნათელი სურათი ჩამომიყალიბდა. პირველ რიგში, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც “მონრეალის ოქმის” მოთხოვნებთანაა სინქრონიზებული. სხვანაირად მთავრობა ბოლომდე ეფექტური ვერ იქნება ოზონდამშლელი ნივთიერებების მენეჯმენტში. მეორე - უნდა მოხერხდეს ყველა მოქმედი დანადგარიდან (საწარმოების დიდი მაცივრები იქნება ეს თუ დიდი ქიმწმენდები) მათი ამოღება და უსაფრთხო შემცვლელი ნივთიერებებით მათი ჩანაცვლება. მესამე - უნდა მოხდეს ამოღებული და ოდესღაც გამოყენებულ-მიმოფანტული ოზონდამშლელი ნივთიერებების შეგროვება, ტრანსპორტირება და ლიკვიდაცია. მეოთხე - საქართველომ არ უნდა დაუშვას ოზონდამშლელი ნივთიერებების ქვეყანაში შემოტანა. მეხუთე - უნდა არსებობდეს მეცნიერთა და გარემოს დამცველთა პროფესიული გუნდი, რომელიც არამარტო ექსპერტული ცოდნით დაეხმარება სახელმწიფოს ამ ვალდებულებების შესრულებაში, არამედ იზრუნებს მეტი ინფორმაცია გაავრცელოს მოსახლეობაში და აამაღლოს მოქალაქეების ცნობიერების დონე ოზონის შრის გათხელების საკითხზე.

სამწუხაროდ, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენი ბიუჯეტი ყველაფერ ამას და პარალელურად უამრავი გარემოს დაცვითი თუ სხვა კონვენციით აღებულ ვალდებულებას ვერ გასწვდება. ამიტომ, მონრეალის ოქმის მრავალმხრივმა ფონდმა (MLF) მრავალწლიანი პროექტისთვის გარკვეული თანხები გამოყო, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. ჰოდა, კეთდება რამე?

ჩამოვწერე ყველა შესაბამისი უწყება თუ ოფიციალური პირი და შევუდექი... ჯობია ბოლოდან დავიწყო; აღმოჩნდა, რომ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელებაზე პასუხისმგებელ ორგანოს და იგი მეთვალყურეობას უწევს ოზონთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ქვეყანაში. გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით სამინისტროში შექმნილია ოზონის ეროვნული ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს და ახორციელებს ოზონდამშლელების მოხმარებიდან ამოღების პოლიტიკასა და პროექტებს. სწორედ ეს ერთეულია, რომელიც აგრეთვე ზრუნავს მეტი ინფორმაციის გავრცელებაზე მოსახლეობაში და ცდილობს აამაღლოს მოქალაქეების ცნობიერების დონე ოზონის შრის გათხელების საკითხზე. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ ეწვიოთ საკმაოდ ინფორმატულ ვებსაიტს და მიიღოთ ამ ბლოგებზე გაცილებით უფრო კვალიფიციური ინფორმაცია ოზონის შრესთან დაკავშირებით - www.ozone.ge

განათლება და კოორდინაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ რა ვუყოთ ოზონდამშლელ ნივთიერებებს, რომლებზედაც ჩვენში გავრცელებული დანადგარები მუშაობენ და ისინი საზღვარგარეთიდან შემოაქვთ?

პასუხი მარტივია - უნდა აიკრძალოს მათი შემოტანა. სათქმელად ადვილია. შესრულება არც ისე. როგორ გინდა მებაჟემ, რომელსაც სპეციფიკური განათლება არ აქვს, გაარკვიოს შემოტანილი ნივთიერება მისაღებია თუ კონტრაბანდაა? ამიტომ, უკვე მრავალი წელია, საქართველოში მოქმედებს მებაჟეთა გადამზადების კურსები, სადაც მათ რეგულარულად უტარდებათ ტრენინგები ოზონდამშლელ ნივთიერებებზე. როდესაც ამ საკითხით დავინტერესდი და ინტერვიუზე ლალი თევზაძეს (მონრეალის ოქმის ვალდებულებათა ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი) ვეწვიე. ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაც თავში მიტრიალებდა იყო ე. წ. “ბრეინ დრეინი - ტვინების გადინება”. ვიცოდი, რომ ტრეინინგები ტარდება, მაგრამ სხვა რამ მაინტერესებდა - ყველასთვის ცნობილია, რა კატასტროფული სისწრაფით ხდება საქართველოში პერსონალის ცვლილება. ატარებ ტრეინინგს, კვალიფიკაციას ამაღლებ და ჰოპ! ზეგ თანამშრომელი მიდის და ცოდნა, რომელიც ახალ სამსახურში სრულიად არ სჭირდება, “თან მიაქვს”. ყველაფერი წყალშია ჩაყრილი. რადგან ბევრი წელი ბიომრავალფეროვნების დაცვა-შესწავლაში ვარ ჩართული, ზუსტად ვიცი, რომ ეს დიდი პრობლემაა, მაგალითად დაცულ ტერიტორიებში, სადაც მომზადებული რეინჯერები უკეთესი შემოსავლის იმედით (ან სხვა მოტივით) მარტივად ტოვებენ სამსახურს. ამიტომ, უფრო მდგრადობა მაინტერესებდა, ვიდრე ე.წ. “კონტენტი” და კონკრეტული ციფრები თუ რას ასწავლიან და რამდენ ადამიანს წვრთნიან.

“ფინანსთა სამსახურს აქვს აკადემია, - ყვება ლალი - აქ ტრეინინგების სერია ჩავუტარეთ მებაჟეებს, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვამზადეთ “ტრენერები”, სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია”.

შეირჩა 5 ადამიანი დასავლეთ საქართველოში და 5 - აღმოსავლეთში, რომლებსაც აქვთ ვალდებულება, რომ ყოველ ახალ მოსულს თავის მხრივ ჩაუტარონ ტრენინგი. სავარაუდოდ, ე. წ. “ბრეინ დრეინი” ნაკლებად საშიში ხდება. მგონია, რომ ვერავინ დამწამებს კრიტიკულობის დეფიციტს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მე, როგორც მოქალაქე, ამ ფაქტით კმაყოფილი დავრჩი! იმავეს ვისურვებდი დაცულ ტერიტორიებშიც. იმედი მაქვს, რომ მათგან ამ ბლოგს ვინმე წაიკითხავს და რეინჯერთა კორპუსის უფრო ეფექტურ გადამზადებაში ამ წარმატებულ მაგალითს გამოიყენებს.

კი ბატონო, მებაჟეები მუდმივ მზადყოფნაში არიან, მაგრამ...

“ფინანსთა სამსახურს აქვს აკადემია, აქ ტრეინინგების სერია ჩავუტარეთ მებაჟეებს, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვამზადეთ “ტრენერები”, სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია”. - ლალი თევზაძე.

“ქვეყანაში არსებულ მოქმედ დანადგარებს, რომლებიც ოზონდამშლელებზე მუშაობენ რას უშვებით?”

ეს იყო “ჩამჭრელი კითხვა”, რომლითაც გაეროს განვითარების პროგრამის ”ოზონის პროექტს” მივმართე. მშვიდი, კვალიფიციური და მეტად საინტერესო პასუხი მივიღე. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ, ზოგადად, მიყვარს პატარა პილოტ-პროექტები. ყოველთვის ეჭვით ვუყურებ ქართულ სინამდვილეში “მეგა-ინიციატივებს”, სადღეგრძელოსავით რომ იწყება და აღარასოდეს მთავრდება. თან ბოლოში რომ გავიწყდება, თავში რა გინდოდა. ჰოდა, ქიმწმენდებში ოზონდამშლელების ჩანაცვლება ერთი კოხტა, შედეგიანი და კარგად ორგანიზებული ასეთი პილოტი აღმოჩნდა.

გაეროს ამ პროექტმა, ოზონის ეროვნულ ჯგუფთან ერთად, შექმნა სპეციალური ქმედითი კომისია (ოღონდ ისეთი ტრადიციულ-ქართული არა, დროის აღსასრულამდე რომ “მუშაობენ” და ზოგადი ფრაზებით სავსე 400-გვერდიან დასკვნებს რომ დებენ, რომელსაც, სხვათა შორის, კაციშვილი არ კითხულობს არსად და არასდროს). ჰოდა, ამ კომისიამ სწრაფად ჩამოაყალიბა კრიტერიუმები, თუ როგორი ქიმწმენდები უნდა მოეძებნათ. გამოავლინეს კიდეც ხუთი მათგანი - 4 თბილისში და 1 რუსთავში. ყველა ძველი დანადგარებითა და ძველი ქიმიკატებით (ცხადია, ოზონდამშლელებით) მუშაობდა. სამეცნიერო და პრაქტიკული კრიტერიუმებით მათგან გამოიყო 2 პრიორიტეტული (მათ შორის ერთი რუსთავში). შეთავაზება ძალიან უჩვეულო იყო - ჩვენ გავწევთ თქვენს კაპიტალურ ხარჯებს, გიყიდით ახალ ტექნიკას, რომ ბიზნესში წყვეტა არ გქონდეთ, თქვენ კი… მხოლოდ გვთანხმდებით. მეწარმეები უცებ მიხვდნენ შემოთავაზების მთელ ხიბლს და პროექტი შედგა! ახალი ტექნიკა ახალ, არაოზონდამშლელ ნივთიერებებს მოიხმარდა. გაჩნდა თუ არა ამ ახალი ნივთიერების მოთხოვნა, ძველის შემოტანამ აზრი დაკარგა. გარდა ამისა, ახალი დანადგარი ძველ ოზონდამშლელებზე არც მუშაობს, ასე რომ კონტრაბანდული ან სადღაც “ჩაწოლილი” საქონელი ისედაც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა! წინ ვასწრებ სკეპტიკოსი მკითხველის შემხვედრ კითხვას და ვპასუხობ - საეჭვოა, რომ მსგავსი დიდი ქიმწმენდა 5-ზე მეტი იყოს საქართველოში. დანარჩენ სამს, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ რეტროფიკაცია (ე. წ. “აფგრეიდი”) დასჭირდა და ისინიც ქიმწმენდისთვის საჭირო ახალ, უსაფრთხო ნივთიერებებზე გადავიდნენ.

კარგი, ვთქვათ ასეთმა პროექტმა ხელი შეუწყო ჯერაც აღმოუჩენელი ქიმწმენდების ახალ ნივთიერებებზე გადასვლას (ძველი ოზონდამშლელები სულ უფრო ძნელი საშოვნელი და არამომგებიანი გახდება) და ჩვენი მცირე ბაზარი პილოტ-პროექტის მიერ მიცემული ამ ბიძგის გამო, უკვე თავად დაარეგულირებს პროცესს. ერთი საკითხი, რომლითაც მოპასუხეებს ვუკირკიტებ, მაინც ღია რჩება.

რას უშვებიან წლების მანძილზე დაგროვილ ოზონდამშლელებს?

“ყველაფერი ასე ერთბაშად და სწრაფად არ ხდება. მესმის, ყველა შედეგი უცებ გინდა მაგიდაზე - მეუბნება ლალი თევზაძე და კითხვას მიბრუნებს - იცი რა მწირი ბიუჯეტი აქვს პროექტს?”.

მეღიმება, რადგან ჩვეულ ხარბობაში გამომიჭირეს. უნდა ვაღიარო, რომ მართალს ამბობს და ისიც უნდა ვაღიარო, რომ სიამოვნებით ვათვალიერებ ერთი პროექტის ანგარიშს. ოზონდამშლელების საფრანგეთში გატანას რომ ეხება. ყველაფერი კი გამოძიებასავით დაიწყო. საჭირო იყო საქართველოში ყველა იმ ადგილის იდენტიფიცირება, სადაც ოზონდამშლელები შეიძლება ყოფილიყო. ამ საქმეში ლომის წილი ორ ძალიან ქმედუნარიან და კომპეტენტურ ორგანიზაციას აქვს შეტანილი. ერთს საქართველოს სამაცივრო, კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაცია ჰქვია (www.garcae.org.ge), მეორეს კი საქართველოს მაცივარაგენტების შეგროვებისა და რეციკლირების ცენტერი (www.grrrc.ge) სწორედ მათ დაიწყეს ინვენტარიზაცია - ჩამოიწერა სად რამდენი კილოგრამია. ასე გამოიკვეთა სურათი მთელი საქართველოს მასშტაბით. არავინ ელოდა, მაგრამ 2 ტონამდე აღიწერა! შესაბამისი კანონმდებლობა ამ კუთხით არავის ზღუდავს. ჰოდა, თურმე შეიძლება ეს ქიმიკატები გამოიყენო და გარეთ მიყარო. არც არავინ მოგთხოვს პასუხს.

გაგიკვირდებათ და, დაუხვეწავი კანონმდებლობით, დღემდე ასეა. თუმცა კანონმდებლობაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. აქ კი ერთ საინტერესო დეტალზე მინდა გითხრათ - მოგვიანებით, ხელმეორე აწონვისას აღმოჩნდა, რომ ეს გარეთ დაყრილი აირიანი ბალონები თურმე “აპარებს”! მოგვიანებით, ერთ ადგილას შეგროვებისას მთელ ოდენობას უკვე დაახლოებით 500 კილო აკლდა. პარალელურად, ამ ნაგავს უკვე გადამზადებული მებაჟეების მიერ ამოღებული კონტრაბანდული ოზონდამშლელი ნივთიერებებიც შეემატა (დაახლოებით 700 კილოგრამი) და საქართველოდან გასატანი ოდენობა ისევ 2 ტონას დაუახლოვდა. შემდეგ, გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივმა ოფისმა ტენდერი გამოაცხადა - საჭირო იყო სპეციალიზირებული საერთაშორისო კომპანიის საქმეში ჩართვა - საქართველოში ხომ ამ მავნე ნივთიერებების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებისა და განადგურების გამოცდილება არ იყო. მთელი ეს ოზონდამშლელები, ხელმეორედ რომ არ გაპარულიყო ჰაერში, განსაკუთრებულ ბალონებში გადაიტვირთა და სპეციალიზირებულ “ტრაილერებში” ჩაეწყო, რომლებმაც ფოთის გავლით საფრანგეთს მიაშურეს, სადაც სპეციალიზირებული გამანადგურებელი ქარხანაა. ამხელა ჭირის მოშორებით და უვნებელყოფით ბევრი ჩვენნაირი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის.

ოზონდამშლელების უსაფრთხო ტრანსპორტირება იოლი საქმე არ არის. საქართველოში დაგროვილი 2 ტონამდე ოზონდამშლელი ნივთიერება განსაკუთრებულ ბალონებში გადაიტვირთა, სპეციალიზირებულ “ტრაილერებში” ჩაეწყო და ფოთის გავლით საფრანგეთში გავიდა, სადაც საბოლოოდ განადგურდა.

რა არის საბოლოო მიზანი? როდის იქნება საქართველო ოზონდამშლელი ნივთიერებებისგან სრულიად თავისუფალი ქვეყანა?

გეგმა ასეთია - მონრეალის ოქმის მოთხოვნით, საქართველოში 2013 წლისთვის სახეზე უნდა ყოფილიყო ოზონდამშლელების მოხმარების საბაზო დონეზე გაყინვა (საბაზო წლებად მიღებული იყო 2009-2010 წლები). 2015 უნდა ყოფილიყო 10%-იანი, ხოლო 2020 წლისთვის - 35%-იანი შემცირება. 2030 წელს საქართველოში უნდა მოხდეს ოზონდამშლელი ნივთიერებების სრული ამოღება. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველომ 2008 წელს (დადგენილ ვადაზე 2 წლით ადრე) შეწყვიტა მთავარი ოზონდამშლელების მოხმარება. ახლა ჯერი შედარებით ნაკლებად საშიშ ოზონდამშლელებზეა, რომელთა მოხმარების შემცირების განრიგიც ზემოთა წინადადებაშია ჩამოყალიბებული.

სასიამოვნოა, როდესაც წარმატებულ ციფრებს უყურებ. აღმოჩნდა, რომ ის 10%-იანი შემცირება რაც 2015 წლისთვის უნდა ყოფილიყო, უკვე 2013 წელს გვქონდა, ყოველ წელს ხდება საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონში თითოეული საწარმოს შემოწმება, სპეციალურად შერჩეული პროფესიონალების მიერ. საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ ყოველ წელს ოზონის ეროვნული ჯგუფის საშუალებით, მონრეალის ოქმს წარუდგინოს ეს გადამოწმებული და დადასტურებული მონაცემები. საქმის გასამარტივებლად ჯგუფსა და გაეროს განვითარების პროგრამის შესაბამის პროექტს გაუჩნდათ იდეა შეექმნათ სპეციალური კომპიუტერული პროგრამა - ელექტრონული აღრიცხვის სისტემა. მონრეალის ოქმის ხელმძღვანელობას იმდენად მოეწონა კომპიუტერული პროგრამა, რომ საქართველოს სთხოვეს გაგვეკეთებინა იმავე მონრეალის ოქმში შემავალი სხვა ქვეყნებისთვის და სპეციალური თანხაც კი გამოგვიყვეს. ელექტრონული სისტემა სხვა ქვეყნებისთვის უკვე შექმნილია და გაგზავნილია სათავო ოფისში.

“ლალი, ყველაფერი ასე “დავარცხნილი” ვერ იქნება” - ვეუბნები და ვთავაზობ თავად აღიაროს სად აქვთ პრობლემა და ჩამორჩენა. ცხადია, ასეთი არსებობს - აბა, ქართველები ტყუილად ვართ?!

კანონმდებლობა! აქ პრობლემა თუ არა, მცირე შეფერხება არის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯებიც არსებობს - ოზონის შრის დაცვას დამოუკიდებელი მუხლები ეთმობა (საქართველოს კანონები „გარემოს დაცვის შესახებ“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ”; 52-ე და 54-ე მუხლები). ამ კანონებით ქვეყანაში აკრძალულია ყველა ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება. იზღუდება ძირითადი ოზონდამშლელების მოხმარება. გარდა ამ კანონებისა არსებობს მთავრობის დადაგენილელბა (2006 წ.) რომელიც არეგულირების ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტ/ექსპორტს და რომლის საფუძველზეც ძალიან კარგად ფუნქციონირებს იმპორტ/ექსპორტისა და კვოტირების სანებართვო სისტემა. ეს უზრუნველყოფს მონრეალის ოქმის უმთავრესი მოთხოვნების შესრულებას - ოზონდამშლელები მოხმარების ეტაპობრივ შემცირებას. მცირე შეფერხება გამოიხატება კანონმდებლობის კიდევ უფრო დავხვეწით, რომ მან მოიცვას მემაცივრე ტექნიკოსების სერტიფიცირება და მომსახურების სტანდარტის სავალდებულოდ შესრულება. სანამ ეს არ ხდება, გინდა არ გინდა, გიხდება პროცესის სამინისტროს ბრძანებებით რეგულირება, არადა, მხოლოდ ამით ვერც იოლად გახვალ და ვერც შორს წახვალ. ამ საკითხების დახვეწა აღმოფხვრის ერთ მნიშვნელოვან პრობლემას - ნებისმიერმა, ვისაც მოუნდება, სამაცივრე თუ ქიმწმენდის დანადგარები ვერ დაგიმონტაჟოს (და კაცმა არ იცის რა ნივთიერებების გამოყენება შემოგთავაზოს) ეს ვერ უნდა შეძლოს. კანონმა მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი უნდა “მიუშვას” საქმესთან. დღეს კი თქვენი კომპანიის სამაცივრე თუ საწმენდი სისტემები, შესაძლოა სრულიად არაკვალიფიციური ადამიანის ხელში აღმოჩნდეს და უვარგისი, სადღაც “სარდაფში ნაპოვნი” ქიმიური საშუალებებით გააჯეროს. ეს ერთი მხრივ თავად ბიზნესისთვისაა ცუდი, მეორე მხრივ იმ გარემოსთვისაა დამღუპველი, სადაც ჩვენ ვართ და ჩვენი შვილები იზრდებიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბევრი უბედური შემთხევაც ხდება, როცა არაკვალიფიციური ადამიანი დანადგართან მუშაობს. ოზონდამშლელები ძალიან მაღალი წნევით არის ჩატუმბული ბალონებში და მათი არასწორი გაღება, თუ არასწორი მონტაჟი და ფუნქციონირება, უბრალოდ იქვე, ადგილზეა ძალიან საშიში. აღმოჩნდა, რომ ზოგ დამყენებელს სხეულის ნაწილებიც კი დაუკარგავს.

მოქმედი კანონმდებლობა დასახვეწია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კვალიფიცირებული მუშახელია - მხოლოდ სერტიფიცირებული სპეციალისტს უნდა ჰქონდეს ოზონდამშლელ ნივთიერებებზე მომუშავე დანადგარების მანიპულირების უფლება.

“ძალიან ბევრი იმუშავა ბევრმა ადამიანმა დიდი ხნის მანძილზე. მთელი პაკეტია შეკრული. მხოლოდ გატანას და მიღებას ელის”, - ამბობს ოზონის ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი და ატმოსფერული ჰაერის დაცვის მთავარი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი და ამატებს - “იმედი მაქვს, რომ 2015 წლის ბოლომდე მაინც მოხერხდება ეს”.

კაცი იმედით ცოცხლობსო, წინაპარს უთქვამს. ოღონდ, იმ წინაპრის დროს ოზონის შრე ოზონის შრეს ჰგავდა და არა ქოლგის ნახვრეტებიან პროფანაციას, რომელიც კიბოს გმართებს, გაბრმავებს, მოსავალს გისპობს და ზოგადად სიცოცხლეს ემუქრება მთელ პლანეტაზე.

ამ ფონზე მხოლოდ იმედით ვერ იცოცხლებ. ოღონდ, პირდაპირი მნიშვნელობით ვერ იცოცხლებ!

ჩემს იმედს კი აქცენტი მაინც მიზეზთან აქვს და არა შედეგთან. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა ბოლოს და ბოლოს ერთმანეთის ცხვირის ნაყვას შეეშვებიან და უფრო პრაქტიკული საქმისთვის დახარჯავენ დროს. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი 1987 წლის მსოფლიოს ბრწყინვალე გამოცდილებას გაიზიარებს - მაშინ, სამყაროში თითქმის უპრეცედენტო შეთანხმება შედგა, ყველა ჯურის პოლიტიკოსების უმრავლესობა გაერთიანდა და დაიბადა “მონრეალის ოქმი!” ეს იყო საღი აზრის სრული გამარჯვება და საყოველთაო ტრიუმფი, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ქოლგის ნახვრეტების მეთოდურად დაკემსვა.

ერთ-ერთი ნახვრეტი საქართველოს თავზეა (მეტაფორულად, რა თქმა უნდა). ჩვენ მაგივრად მას ვერავინ გაკერავს. არადა, მარტივია, რადგან გაკერვას მხოლოდ გადაწყვეტილება უნდა!

უნდა პარლამენტში!

და უნდა დღეს!

 

ოზონი და მისი შრე - რასთან გვაქვს საქმე? 

საინტერესო ამბები ოზონის შრეზე 

როგორ დავიცვათ თავი? 

სად მოვიძიო მეტი ინფორმაცია? 

თეგები: 
ოზონის შრე
ჯანმრთელობა
ოზონდამშლელები
"კვლევები ამ ბლოგის მომზადებისთვის ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით"
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია