ბლოგები >
ნარჩენიდან ღუმელამდე
ლევან ბუთხუზი
Shutterstock.com
03.05.15

საქართველოსთვის ეს შედარებით ახალი ბიზნესია! შინაარსითაც ახალი ტიპისა და, რაც მთავარია, სხვებისთვის სასარგებლო! სხვებში კი მარტო თქვენთან დასაქმებული არ იგულისხმება. არც მხოლოდ ის, ვინც თქვენი მუდმივი კლიენტი გახდება და თქვენი პროდუქტით ან სერვისით იქნება კმაყოფილი. აქ მთელი ქვეყნის სარგებელზეა საუბარი. ასე განსაჯეთ, მთელი პლანეტის სარგებელზეც, რადგან „ბიომასის“ სწორად დაგეგმილი და წარმართული ბიზნესი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ყველასთვის მომგებიანია. თუ ამავე თემატიკის სხვა მასალებს არ გაცნობიხართ და პირდაპირ აქ შემოხვედით, მაგრამ თემით მაინც დაინტერესდით (იმედია, დაინტერესდით), მაშინ ჯობია ჯერ ამ ბლოგს გაეცნოთ, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას მოგცემთ: რა არის ბიომასა და რატომ შეიძლება იყოს მისი ნარჩენების გამოყენება ყველასთვის ასე მიმზიდველი.

საქმეში უკვე ოდნავ ჩახედული ადამიანისთვის კი, ვფიქრობ, საინტერესო იქნება თავად წარმოების ზოგადი პროცესი, ანუ ამ ბიზნესის ფუნდამენტი - რა გზას გადის ბიომასის ნარჩენი გასაყიდ პროდუქტამდე და რა არის ბოლოს და ბოლოს ეს გასაყიდი პროდუქტი? გპირდებით, რომ ბევრი ტექნიკური ინფორმაციით თავს არ შეგაწყენთ და რამდენადაც შემიძლია, სქემატურ არსს მოგაწვდით, რათა უკეთ გაგაცნოთ პრინციპი. მითუმეტეს, რომ ზოგადად, ამ ბლოგის მიზანი ინფორმირებულობის ამაღლებაა - ასე ვთქვათ, საქმის პირველი სტადია. ხოლო მათ, ვისაც მეტი ტექნიკური დეტალი აინტერესებს, მსოფლიო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტში შეუძლია, ხოლო თუ რას აპირებს ჩვენი ქვეყანა უახლოეს მომავალში ამ კუთხით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ საქართველოში ახალდაწყებული პროექტიდან შეიტყობთ. პროექტის სახელწოდებაა „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“. ამ პროექტის მიზანია ყველა დაინტერესებულის საქმეში ჩართვა, მათი დახმარება, იქნება ეს ბიზნესი, მთავრობა, არასამთავრობო სექტორი თუ უბრალოდ, საკითხით დაინტერესებული საზოგადოება. პროექტის „კარი ღიაა“, თამამად დაუკავშირდით!

სხვა ბლოგში შევეცადე უფრო მეტი დეტალი მომეწოდებინა: ბიომასას შეუძლია მოგვცეს ენერგიის სამი ძირითადი წყარო. აქ მოკლედ შეგახსენებთ, რომ ესენია: სატრანსპორტო საწვავი (მათ შორის თხევადი და აიროვანი, ე.წ. ბიოგაზი), ელექტრობა და სითბური ენერგია, რომელიც მიიღება გადამუშავებული ბიომასის საწვავი პროდუქტების პირდაპირი წვით სპეციალურ ღუმელში. დღესდღეობით, საქართველოსთვის მხოლოდ მესამეა პერსპექტიული და მნიშვნელოვანი. თუ რატომ, ისევ ზემოხსენებულ ბლოგში გაიგებთ. აქ მოკლედ ვიტყვი: ჩვენთან ყველაზე გამოსადეგი ხე-ტყისა თუ სოფლის მეურნეობის ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების ნარჩენებია, რომელიც, არამარტო კარგად გამართული საშუალო ბიზნესისთვისაა საკმარისზე მეტი, არამედ განახლებადიცაა. ეს ნიშნავს, რომ მათი არსებობა პრაქტიკულად ულევადაა გარანტირებული - ნახერხი, ნამჯა, ნაჭუჭი, ჩალა, ფიჩხი, ასევე საგანგებოდ დარგული მაღალენერგეტიკული მცენარეულობა, რომელიც სწრაფად იზრდება და ყოველ წელს დიდი რაოდენობით რესურსს იძლევა.

ვამბობთ, რომ რესურსი საკმარისია, მაგრამ ნებისმიერ ბიზნესს შესაფერისი გარემო სჭირდება და რესურსის ქონა საკმარისი არ არის. ახალი ტიპის ბიზნესის წამოწყებას, რომელიც ენერგორესურსებს ეხება, საწყის ეტაპზე მთავრობის მხარდაჭერა სჭირდება (სანამ ბიზნესი, ასე ვთქვათ, „ლიანდაგებზე შედგება და დაიქოქება“) და, რაც ყველაზე მთავარია, გასარკვევია, არის თუ არა შემსყიდველი? მუდმივი კლიენტის გარეშე ბიზნესი რომ ვერ იარსებებს, ეს უკვე ანაბანაა.

გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე გამოავლინა, რომ საქართველოს ბაზარი ამ თვალსაზრისით, სავარაუდოდ, ორ ძირითად (მაგრამ არაერთადერთ) სეგმენტს მოიცავს - ერთი უკვე დაინტერესებულია ბიომასის მაღალენერგეტიკული ნარჩენი პროდუქტით და მეორე დასაინტერესებელია. დაინტერესების პოტენციალი კი საკმარისად მაღალია, რადგან საქმე თანხების მნიშვნელოვან დაზოგვას ეხება. პირველი არის მუნიციპალიტეტები, ხოლო მეორე - წვრილი და მსხვილი ფერმერები.

თბილისის მუნიციპალიტეტი, დაახლოებით, 2 მილიონ დოლარს ხარჯავს ყოველწლიურად ენერგორესურსებისთვის 196 მუნიციპალური შენობისათვის. გათბობა ამ რესურსის 50%-ია, რომელიც ზამთარში 80%-მდეც კი იზრდება. თან მუნიციპალური შენობების უმეტესობას (ძირითადად, საბავშვო ბაღები) არ გააჩნია ბოილერიანი გათბობის სისტემა და აქ უმეტესად გამოყენებულია ინდივიდუალური გაზის ან ელექტროგამათბობლები. გარდა იმისა, რომ ეს მუდმივად მზარდი ფინანსური ტვირთია, წიაღისეული საწვავის მუდმივ გამოყენებას თან სდევს სათბურის გაზების მნიშვნელოვანი ემისია (როგორც CO2- ისა, ბუნებრივი გაზის წვის შედეგად, ასევე CH4-ისა, გაზსადენებიდან გაჟონვების გამო). თბილისმა „მერების შეთანხმებას“ მოაწერა ხელი და იკისრა ვალდებულება, 2020 წლისათვის 20%-ით შეამციროს CO2-ის კვალი 2005 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ამის გამო, თბილისის მერია დაინტერესებულია ბიომასის წარმოების გაფართოების ხელშეწყობით (თუნდაც დაბალპროცენტიანი კრედიტებით), რადგან მოტივირებულია მუნიციპალური შენობების ნაწილის ხარჯის შემცირებით. ეს მუდმივ პოტენციურ კლიენტს აჩენს - მუნიციპალური შენობები! მარტო საბავშვო ბაღები თბილისში 200-ზე მეტია! რაც შეეხება ფერმებსა თუ ფერმერებს, აქ ჩვეულებრივმა ბიზნესინტუიციამ უნდა იმუშაოს. დადგა მომენტი, როდესაც საქართველოში გაჩნდა არც თუ მცირე რაოდენობის სხვადასხვა ზომის ფერმა, რომლებიც სერიოზულად ფიქრობენ გაფართოებასა და მოგების გაზრდაზე. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა კი, ხარჯის შემცირების ფონზე მეტი სითბური ენერგია შეიძლება იყოს.

მოკლედ, პირველ ეტაპზე ბიომასის ნარჩენი რესურსის მოპოვების მენეჯმენტია ასაწყობი. კარგი, ვთქვათ ავაწყე, მერე? როგორ ვიღებ ამ ნარჩენიდან იაფსა და ენერგოეფექტურ გასაყიდ საწვავ პროდუქტს?

პირველ რიგში, ხე-ტყისა და სხვა მცენარეული ბიომასის ნარჩენ პროდუქტს კონვერტაცია (გარდაქმნა) ესაჭიროება. ამ თვალსაზრისით, ველოსიპედის გამოგონება არაა საჭირო, რადგან ჩვენნაირ ქვეყნებში ეს ბიზნესი უკვე კარგა ხანია მუშაობს და მრავალი სახის ტექნოლოგიებია შემუშავებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. უბრალოდ, საჭიროა ყველაზე ეფექტური და ოპტიმალური ღირებულების დანადგარის შერჩევა.

„სრულიად რეალურია მათი ადგილზე წარმოებაც, რადგან დანადგარი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ ტექნოლოგიას, - ამბობს ენერგეტიკის საკითხების ანალიტიკოსი გიორგი მუხიგულაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციიდან „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“, - უბრალოდ, დაინტერესებულმა პირმა უნდა შეაფასოს, რომელი უფრო ოპტიმალური იქნება მისთვის, აქ წარმოება თუ, მაგალითად, ჩინეთიდან შემოტანა, რომელიც, იაფი, მაგრამ ხარისხიანი დანადგარების წარმოების ლიდერია და, სიიაფისა და საიმედოობის თვალსაზრისით, უკან ჩამოიტოვა ძვირადღირებული ევროპული დანადგარები“.

რა საჭიროა ეს წინასწარი დამუშავება და გარდაქმნა? საქმე ისაა, რომ წიაღისეული საწვავისგან განსხვავებით, საწვავ ბიომასას შედარებით დაბალი ენერგეტიკული სიმჭიდროვე გააჩნია და, ხშირ შემთხვევაში, მისი ფიზიკური მახასიათებლებიც უფრო ცვალებადია (უმეტესად არ არის მყარად შეკრული). თუ პროდუქტი მოცულობაში მცირე არ იქნება, გართულდება ტრანსპორტირება, შენახვა და ეს ყოველივე საქმეს გააძვირებს. მეწარმეს კი ზედმეტი სიძვირე არ სჭირდება. გარდა ამისა, პროდუქტი შეიძლება ტენის შემცველიც იყოს, რაც, დამეთანხმებით, საწვავს არანაირად არ წაადგება. ამიტომ, ეს სპეციალური დანადგარები (არ არის საჭირო, იყოს დიდი მოცულობის) ახდენს ბიომასის წინასწარ დამუშავებას, გაშრობას და მისი მასის შემჭიდროვებას (დაპრესვას). შედეგად, შესაძლოა, ორი სახის პროდუქტი მივიღოთ - ე.წ. პელეტი ან ბრიკეტი.

რა არის პელეტი?

ეს მერქნის დაწნეხილი მცირე ზომის (6-12 მმ სიგრძისა და 10-30 მმ დიამეტრის) მქონე ცილინდრებია. ისინი უპირატესად მერქნული ნახერხისა და ბურბუშელასაგან მზადდება, ზოგჯერ ნაერთის სახით მაღალი ხარისხის მერქნის ტიპის მასალასთან ერთად, მაგ. თხილის ნაჭუჭი, რომელიც იწნიხება მაღალი წნევის ქვეშ ყოველგვარი წებოს ან სხვა ხელოვნური დანამატების გარეშე. პელეტები ძალიან მაღალსტანდარტიზებული და ენერგოკომპაქტური საწვავია, რომლის სიმჭიდროვე 600-700კგ/მ3, მასში ტენის შემცველობა 10%-ზე დაბალია, ხოლო თბოუნარიანობა - 17 მეგაჯოული/კგ-საც კი აღემატება. ამიტომ, პელეტს დიდი უპირატესობა გააჩნია სხვა საშეშე მერქანთან შედარებით, რადგან არის ჰომოგენური, მჭიდრო, ადვილად მოსახმარი მყარი საწვავი, რითაც აიხსნება მისი მზარდი პოპულარობა ჩვენნაირ ქვეყნებში, როგორც საყოფაცხოვრებო (ავტომატური პელეტბოილერები), ასევე სამრეწველო (მსხვილი ელექტროსადგურები) სფეროში. ერთი კია, პელეტი უპირატესად გამოიყენება ავტომატური ჩატვირთვის ღუმელებსა და ბოილერებში, რომელთა შეძენა, მოცემულ ეტაპზე, უკვე შედარებით განვითარებული დიდი ფერმებისა თუ მუნიციპალური და კერძო ორგანიზაციებისთვის (სკოლები, ბაგა-ბაღები, ჯანდაცვის ობიექტები და სხვ.) ოპტიმალური იქნება.

რა არის ბრიკეტი?

ბიომასის ბრიკეტები შემჭიდროებული (დაპრესილი), კუბიკური ან ცილინდრული ფორმის მყარი ბიოსაწვავია, რომლებიც პელეტების ანალოგიურად მუშავდება და სიგრძით 30-100 მმ-ია. ბრიკეტების სიმჭიდროვეა 550-600 კგ/მ3 და ხასიათდება მაღალი თბოუნარიანობით (16 მეგაჯ/კგ-ზე მეტი). ბრიკეტები მზადდება როგორც წმინდა მერქნის მასალისაგან, ასევე ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენისგან. პელეტებისაგან განსხვავებით, რომელთა გამოყენება ავტომატური ჩატვირთვის ღუმელებსა და ბოილერებშია შესაძლებელი, ბრიკეტები ხელით შეიძლება ჩაიტვირთოს მცირე ენერგოეფექტურ ღუმელებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოსათვის ბრიკეტები მოსახერხებელია ნებისმიერი ტიპის შეშის ღუმელებისათვის, რაც დადებითი ფაქტორია ტრადიციული საშეშე მერქნის ჩასანაცვლებლად, იმ ადგილებში, სადაც ტყის რესურსები მწირია.

სად იწვის პელეტი და ბრიკეტი?

იმის მიხედვით, თუ რა ფართობზეა საუბარი, საქართველოსთვის ორი ტიპის სათბობი დანადგარია მისაღები. სპეციალური ღუმელი, რომელიც ზომით დიდად არ განსხვავდება საქართველოს რეგიონებსა და ქალაქების პერიფერიებში დღემდე ფართოდ გამოყენებული ღუმელებისგან. შედარებით დიდი შენობებისთვის (ფერმები, მუნიციპალური შენობები) უმჯობესია ცენტრალური გათბობის სისტემებისთვის სპეციალიზებული ბოილერების მიერთება, რომლებიც ასევე ზომით დიდად არ განსხვავდება იმ ბოილერებისგან, რაც ყველას გვინახავს. საქმე ისაა, რომ ორივე ეს დანადგარი ტექნოლოგიურად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი ღუმელებისგან. ამ საინტერესო დანადგარების ტექნიკურ-ტექნოლოგიური ინფორმაციით გაუცნობიერებელ მკითხველს თავს არ შევაწყენ, უბრალოდ ვიტყვი, რომ დანადგარი იყენებს ბიომასის თითქმის მთელ ენერგიას და ჩვეულებრივი ქართული ღუმელის 30-40%-იანი ეფექტურობისგან განსხვავებით, ეფექტურობა თითქმის 80%-მდე ადის. შესაძლოა, ეს ღუმელი ცოტა უფრო ძვირია ბაზარზე არსებულ უხარისხო ღუმელზე, მაგრამ, რადგან წარმადობა მაღალია, ის ეკონომიკურად უფრო მომგებიანია. ამავე დროს, გარემოზე ზეგავლენაც მინიმალურია.

ინტერნეტში უხვადაა მოცემული დეტალური ტექნოლოგიური ასპექტები დაინტერესებული მკითხველისთვის, მაგრამ თუ დაინტერესდით იმით, რა შეიძლება საქართველოში გაკეთდეს ამ ტექნოლოგიების ათვისების კუთხით და ხელშეწყობის რა საშუალებები არსებობს, შეგიძლიათ თამამად დაუკავშირდეთ! გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტს „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელიც მზადაა, მის ხელთ არსებული უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ და სხვადასხვა სახის საკონსულტაციო თუ ტექნიკური დახმარება აღმოგიჩინოთ. 

თეგები: 
ბლოგი
ბიომასა
UNDP
© საავტორო უფლებები დაცულია; გამოცემულია საქართველოში. წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია