ბლოგები >
ჩემი ხმა გადამწყვეტია
მათე ბროძელი
Shutterstock
21.09.15
გვჯერა, რომ მზეზე დაწვა კარგი არ არის, მაგრამ ძირითადად იმიტომ გვჯერა, რომ დამწვრობის დისკომფორტით არ შევწუხდეთ და დასვენება არ ჩაგვშხამდეს. ვიცით კი რეალურად რამდენად საშიშია ან, თუნდაც, რატომაა ეს საშიში?

„ვითხოვ ლეღვის ფოთლის კრიმინალიზაციას!“ - თვალში მომხვდა მოსწრებული ხუმრობა სოციალურ ქსელში, როდესაც მორიგი დამწვარი ქალების საავადმყოფოში მიყვანის ახალი ამბავი გავრცელდა. „ერთ-ერთი ჩემი მეზობელია. ექიმი ამბობს დიდი ფართი არ აქვს დამწვარი. თითქოს ადუღებული წყალი გადასხმოდესო. დაამუშავებენ და გამოუშვებენ, პრობლემა არ არისო“, - იყო „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებლის პასუხი. არ მინდა ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე, როდესაც ყოველ წელს, ლეღვით ამდენი დამწვრობის ფონზე ადამიანები მაინც „ითითხნებიან“ ამ ნაყენით. რაც მომხვდა თვალში, იყო კომენტარი - „დაამუშავებენ და გამოუშვებენ, პრობლემა არ არის“. ჩვეულებრივი დამწვრობა და მზით დამწვრობა ერთნაირად გამოიყურება, მაგრამ ბიოლოგიური პროცესის თვალსაზრისით, პრინციპულად სხვადასხვა რამ არის. და პრობლემა არამარტო არის, არამედ გაცილებით ღრმაა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), ვიდრე ჩვენ გვგონია.

ბავშვობიდან გვესმის ზღვაზე დედებისა და ბებიების შეძახილები - დაიწვები! ნუ ხარ მზეში! ვიცით, რომ დაწვა კარგი არ არის, მაგრამ ძირითადად იმიტომ, რომ დამწვრობის დისკომფორტით არ შევწუხდეთ და დასვენება არ ჩაგვშხამდეს. ხანდახან მეორე მიზეზიც გვესმის - არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის. ამას ხშირად გაიგონებთ ეთერიდან. ისიც გაგვიგია, რომ ზედმეტი გარუჯვა შეიძლება კანის კიბოს იწვევდეს. ასევე, გაგვიგონია, რომ ზედმეტი მზე კატარაქტის წინაპირობა შეიძლება გახდეს და იმუნური სისტემა მოგვისპოს. თუმცა ნაკლებად გვიხსნიან მართალია ეს თუ არა? ასევე არ გვაქვს ხოლმე პასუხი კითხვაზე - რეალურად რამდენად საშიშია? როგორ და რატომ ხდება ეს? ყოველთვის ასე იყო თუ ბოლო პერიოდში მოიმატა ამ დაავადებებმა? თუ კი, მაშინ რატომ?

მაღალი მთის მზე, ისევე როგორც ზღვის მზე, სასიკვდილო განაჩენის გამომტანი გამხდარა ბევრი ადამიანისთვის - ძირითადი მიზეზი კი კანის კიბოა.

ოზონის საკითხებზე დაწერილი ბლოგებიდან ერთ-ერთში დავწერე, რომ ეს პრობლემები მე-20 საუკუნემ მოიტანა. ჯერ კიდევ შორეულ 1974 წელს, Nature Magazine-ში პირველად გამოქვეყნდა საგანგაშო სტატია ატმოსფერული ოზონის შრის გათხელების შესახებ. პარალელურად, ონკოლოგებმა მთელ მსოფლიოში მიაქციეს ყურადღება, რომ კანის სიმსივნეების რაოდენობამ, რომელიც მანამდე ჩვეულებრივ, სტანდარტულ სტატისტიკაში ჯდებოდა, მთელ მსოფლიოში სწრაფად დაიწყო ზრდა. დღემდე არავინ ამტკიცებს, რომ ოზონის შრის გათხელება პირდაპირ და აუცილებლად კანის სიმსივნეს იწვევს, მაგრამ სტატისტიკა ჯიუტია - როგორც ჩანს, ხელს ნამდვილად უწყობს. თან ძალიან! საკითხის ღრმად შესწავლის შედეგად დაასკვნეს: შრემ დაიწყო შეთხელება და მოხდა დრამატული რამ - მომაკვდინებელმა ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, რომელსაც ჩვენი ოზონი შთანთქავდა, შრეში იმაზე მეტად დაიწყო „გამოპარვა“, ვიდრე ეს ჩვენი უსაფრთხოდ ცხოვრებისთვისაა საჭირო. მეტ დეტალს ამ დრამატული ცვლილებებისა და მიზეზების შესახებ სხვა ტექსტში იხილავთ, აქ კი იმას გეტყვით, რომ, საბედნიეროდ, ჩვენამდე მოღწეული ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობას არ მიუღწევია იმ ნიშნულამდე რომ სიცოცხლე პლანეტაზე ერთიანად მოესპო. თუმცა, საუბედუროდ შემოიჭრა იმ საკმარისი რაოდენობით, რომ დაიწყო ძალიან არასასურველი პროცესები დედამიწაზე - სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანება და ბევრ რეგიონში ისედაც გამეფებული შიმშილობის კიდევ უფრო „წახალისება“, ბიომრავალფეროვნების შემცირების ხელშეწყობა და, რაც მთავარია, ადამიანზე მძიმე ზეგავლენა - კანის კიბოს, კატარაქტის და იმუნური დაავადებების დინამიკის სწრაფი ზრდა მსოფლიოს დიდ ნაწილში.

როგორც ატყობთ, პრობლემა „სამდონიანია“:

1. ინდივიდუალური - მაღალი ალბათობაა, რომ რომელიმე დაავადება ჩვენ დაგვემართოს!

2. სახელმწიფოებრივი - რა უნდა ვქნათ, რომ არასასურველი პროცესი ჩვენ მოქალაქეებს არ ემუქრებოდეს?

3. გლობალური - რა უნდა ქნან სახელმწიფოებმა, რომ ოზონის შრის გათხელების გამო, პლანეტაზე სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას?

გარუჯვის შემდეგ “გატყავება” ბევრს გამოუცდია. უმრავლეს შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ მზისგან დამცავს და კანის დამატენიანებელს არ ვხმარობდით. ამით კი ჩვენი კანის უჯრედები, ჩვეულებრივი დამწვრობისგან განსხვავებით, არასასურველი მუტაციების სამიზნე გავხადეთ.

რატომ არის საშიში გარუჯვა?

როდესაც ცხელ საგანს ვკიდებთ ხელს ან ცხელი წყლით ვიწვებით, ჩვენი კანის უჯრედები ზიანდება, რაც იწვევს ძლიერი წვისა და ტკივილის შეგრძნებას. თუ დამწვრობა მაღალი ხარისხისაა, შესაძლოა, კანი სულ დანეკროზდეს კიდეც. ყველა შემთხვევაში, თუ სხეულის დიდ ფართს არ ეხება, ასეთი დამწვრობა ძალიან არასასიამოვნო, მაგრამ ლეტალური არაა და ის არაფერს იწვევს ორგანიზმში, გარდა იმისა, რომ ახალი უჯრედები ჩაანაცვლებენ ძველს ან მოხდება დანეკროზებული ქსოვილის ქირურგიულად მოცილება. მიუხედავად იმისა, რომ მზით დამწვრობა კანის დანახშირებამდე არასოდეს მიდის, ამ შემთხვევაში ჩვენი ჯანმრთელობისთვის პოტენციური გრძელვადიანი საფრთხე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო დამწვრობის დროს. საქმე ისაა, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება ჩვენი გენეტიკური მასალის (დნმ-ის) ცვლილების (მუტაციის) საუკეთესო წყაროა. როდესაც სხივები ღრმად აღწევს კანში, ხდება კანის უჯრედების არამარტო ფიზიოლოგიურ-ანატომიური (როგორც ჩვეულებრივი დამწვრობის დროს) დაზიანება, არამედ გენეტიკური ცვლილებაც - ანუ, ჩვენი კანის უჯრედების დიდი რაოდენობის დნმ-ი, მაღალი ალბათობით, იცვლება. მარტივად რომ ვთქვათ მუტანტი ხდება. ასეთი მუტაცია კი, ხშირად, სხვა არაფერია თუ არა სიმსივნური უჯრედი. ჩვეულებრივი დამწვრობის დროს, მკვდარი უჯრედები მალე ჩანაცვლდება ახლით, ხოლო უბრალოდ დაზიანებულები აღიდგენენ სასიცოცხლო ფუნქციებს. მზით დამწვრობის დროს, მკვდარი უჯრედები ასევე გვცილდება (ყველამ ვიცით, როგორ გვძვრება კანი რუჯის გადასვლისას), მაგრამ დნმ-დაზიანებული ცოცხალი უჯრედები ჩვენს კანში რჩება. უჯრედები მუდმივად იყოფა. ასევე კანის უჯრედებიც. დაზიანებულ დნმ-იანი (სიმსივნის პოტენციური მატარებელი) უჯრედებიც იყოფა და, რადგან ჩვენი იმუნური სისტემა მათ თავისად აღიქვამს, ისინი ორგანიზმიდან არ გამოიდევნებიან. გადის დრო და სიმსივნური უჯრედები სულ უფრო და უფრო მრავლდებიან. გაგრძელება ალბათ არც არის საჭირო, ხვდებით ალბათ შემდეგ რაც გვემართება. თუ მაინცდამაინც, ერთ დრამატულ ისტორიას ამ ბლოგში ნახავთ...

ზოგი ტიპის ნევუსი (კრებსითად ხალს რომ ვეძახით) ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით შესაძლოა ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას. მელანომა საკმარისად ვერაგი რამ არის და სწრაფად იწყებს ხოლმე გავრცელებას.

როგორ მოვიქცეთ, რომ კანის კიბოს საშიშროება მინიმუმამდე დავიყვანო?

ყველამ ვიცით, რომ საშიშია, მაგრამ რუჯიც კარგია და ძნელია მასზე უარის თქმა. კომპრომისი შესაძლებელია. უბრალოდ, გარუჯვის დროს უნდა ვეცადოთ რომ არ დავიწვათ! ცხადია, საშიშროება მაინც არსებობს, მაგრამ ალბათობა მაინც დაბლა იწევს. არაფერია იმაზე მარტივი, ვიდრე მზეზე გასვლამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე დამცავი საცხის წასმა მთელ კანზე, რომელიც მზის ზემოქმედებას განიცდის. ყურადღება მიაქციეთ, რომ საცხის მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF) მინიმუმ 30 იყოს და უნდა ეწეროს, რომ გვიცავს ულტრაიისფერი სხივების, როგორც A (UVA), ისე B (UVB) სპექტრისგან. კარგია თუ საცხს განმეორებით წავისვამთ ყოველ ორ საათში ერთხელ, ღრუბლიან ამინდშიც კი. აგრეთვე, ცურვის და გაოფლიანების შემდეგ. თუ ამ მარტივ წესებს დავიცავთ, კანი მაინც გაგვერუჯება, მაგრამ დამწვრობას და ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებას თავს უფრო ავარიდებთ. კარგია, თუ, შეძლებისდაგვარად, ვატარებთ დამცავ ტანსაცმელს: გრძელსახელოებიანი პერანგი, შარვალი, ფართოფარფლებიანი ქუდი და მზის სათვალე. შეძლებისდაგვარად ეცადეთ იყოთ ჩრდილში.

მზის სხივები ყველაზე ძლიერია დილის 10 საათიდან ნაშუადღევის 4 საათამდე. ვეცადოთ გამოვიყენოთ სიფრთხილის დამატებითი ზომები წყალთან და ქვიშასთან ახლოს: ისინი მზის სხივებს ირეკლავენ, რასაც შეუძლია გაზარდოს მზით დამწვრობის მიღების რისკი. კარგია თუ ამ დროს საკვებში გავზრდით D ვიტამინის ოდენობას.

არსებობს მარტივი „ჩრდილის წესი“, რომელიც ძალიან დაგვეხმარება ულტრაიისფერი გამოსხივების კონტროლში: შეხედეთ თქვენს ჩრდილს. თუ იგი თქვენზე მაღალია (დილით ადრე და გვიან საღამოს), სავარაუდოდ, ნაკლებ ულტრაიისფერ სხივებს ღებულობთ. თუ თვენი ჩრდილი თქვენზე დაბალია (დაახლოებით შუადღეზე), თქვენ მიერ მიღებული ულტრაიისფერი გამოსხივების დოზა მაღალია. ეცადეთ ჩრდილში ყოფნას და დაიცავით თვენი კანი და თვალები.

ცხადია, ეს ყოველივე მხოლოდ ინდივიდუალური პრევენციული ზომაა, მაგრამ, პრობლემის გამომწვევი სხვაგან „ძევს“ - ეს ოზონის შრის დრამატული გათხელებაა. ლოგიკურია, რომ სანამ პრობლემა არ აღმოიფხვრება, ჩვენი დამცავი ღონისძიებები მხოლოდ ნაწილობრივ იქნება ეფექტური. არადა, პრობლემა გლობალურია!

პასუხისმგებლიანი მოქალაქე აუცილებლად დასვამს კითხვას: მე როგორ მოვიქცე, რომ ხელი შევუწყო პრობლემის მოგვარებას? რა შემიძლია მე, ერთ ადამიანს? ხშირად გვავიწყდება, რომ ადამიანი, ერთი ინდივიდი არსებითად მნიშვნელოვანია ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში. არ დამავიწყდება ერთი სატელევიზიო სიუჟეტი, რომელსაც CNN-ზე ვადევნებდი თვალს ჯორჯ ბუშისა და ალ გორის საპრეზიდენტო მარათონისას. გახსოვთ ალბათ, რომ ხმები გაიყო და ბევრი საკამათო საკითხი წამოიჭრა. პირველად ამერიკის ისტორიაში ათობით მილიონმა ამომრჩეველმა ბოლო წუთამდე არ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა. საჭირო გახდა ფლორიდაში ხმების ხელმეორედ გადათვლა. ანუ, ამომრჩევლის რაოდენობასთან მიმართებაში მოქალაქეთა უმცირეს პროცენტს უნდა გადაეწყვიტა არამარტო არჩევნების და აშშ-ს, არამედ, ფაქტობრივად, მსოფლიოს განვითარების გეზიც.. ჟურნალისტმა საარჩევნო უბანთან რიგითი მოქალაქე გააჩერა და ჰკითხა, რა დასკვნა გამოიტანა მან ყოველივე ამისგან. ცხადია, ველოდი, რომ პასუხი იქნებოდა შემდეგი შინაარსის - საჭიროა საარჩევნო სისტემის დახვეწა, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი ორგანიზებულობა და ბლა, ბლა, ბლა... ახალგაზრდა ქალმა კამერაში გაიღიმა და თქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დავასკვენი არის ის, რომ „My vote counts!“ (სიტყვების თამაშია: to count - დათვლა (მათ შორის ხმებისაც) და it counts - ანგარიშგასაწევია). სხვანაირად რომ ვთქვათ: „ჩემი ხმა, ერთი ადამიანის, ერთი მოქალაქის ხმის დათვლა ამ წუთას წყვეტს ამხელა ქვეყნის და მსოფლიოს ბედს!“

და ეს მეტაფორა არ არის! ეს ფაქტია. ჩვენი ხმა წყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს. უბრალოდ, ამას არ ვაცნობიერებთ ხოლმე.

სხვა ბლოგში მიმოვიხილავდით, რომ ოზონის შრის გათხელება ოზონდამშლელი ნივთიერებების დიდი დროის განმავლობაში მოხმარებამ გამოიწვია. ამ საკითხის გარშემო დეტალები იმ ტექსტშია მოცემული, აქ კი უბრალოდ გეტყვით, რომ მსოფლიოში წარმოუდგენელი ოდენობის კონდიციონერები (სამრეწველო, სახლის, მანქანის), მაცივრები (კერძო თუ სამრეწველო) და სამრეცხაოებია, რომელთა გამართული მუშაობისთვის გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან სპეციალური ნივთიერებები იწარმოებოდა. ბედის ირონიით, სწორედ ეს ნივთიერებები აღმოჩნდნენ ოზონდამშლელნი და ატმოსფეროში მათმა დაგროვებამ გამოიწვია ის უბედურებები, რაც ზემოთ აღვწერეთ. ისიც ვთქვით, რომ მსოფლიოში უკვე გარკვეული ხანია ამ ნივთიერებების წარმოება დრამატულად შეიზღუდა. თუმცა, ჩვენნაირ მომხმარებელ ქვეყნებში ნარჩენის გამოყენება ჯერ კიდევ მიდის. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ავტომანქანაა საქართველოში (ზოგი მონაცემით 1 000 000 აჭარბებს). აქედან 10%-საც რომ ჰქონდეს დაზიანებული კონდიციონერი, რომელიც ოზონდამშლელებზე მუშაობს, ზაფხულის თვეებში ყოველ დღე ჩართული ასეთი დანადგარები, უკვე სასწაული რიცხვია ამ პატარა ქვეყნისთვის. იგივე ითქმის სახლის და საოფისე თუ სამრეწველო მაცივრებსა და კონდიციონერებზე. დავუშვათ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 10%-ზე ნაკლებს აქვს ეს დანადგარები; რიცხვი მაინც შთამბეჭდავია და მინიმუმ 250 000 იქნება. ხოლო რამდენია დაზიანებული, რომელიც ოზონდამშლელებს აფრქვევს, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ - ქართული მენეჯმენტის პირობებში, ეჭვი მაქვს, რომ ციფრი საკმარისად დიდი იქნება პატარა ქვეყნისთვის. რა შემიძლია მე, ერთ მოქალაქეს გავაკეთო? მარტივი რამ! გავაკონტროლო რა ტიპის ე.წ. „ფრეონზე“ მომუშავე მაცივარს და კონდიციონერს ვყიდულობ. წარმოიდგინეთ, რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას, სადაც მინიმუმ 100 000 მანქანა თუ 250 000 მაცივარი წლის განმავლობაში არ გამოყოს მავნე ნივთიერებებს. სად მოვიძიოთ ინფორმაცია უსაფრთხო ნივთიერებების შესახებ? ამისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ოზონის ეროვნული ჯგუფის ვებ-გვერდს: ozone.ge ან გაეროს განვითარების პროგრამის ქართული ოფისის შესაბამის პროექტს დაუკავშირდეთ. ეს ყოველივე გაცილებით მარტივია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მთავარია ვიგრძნოთ, რომ „My vote counts!“.

ზოგი მონაცემით საქართველოში მანქანების რაოდენობა 1 000 000 აჭარბებს. აქედან 10%-საც რომ ჰქონდეს კონდიციონერი, რომელიც ოზონდამშლელ ნივთიერებებზე მუშაობს, ზაფხულის თვეებში ყოველ დღე ჩართული კონდიციონერი, უკვე სასწაული რიცხვია ამ პატარა ქვეყნისთვის. იგივე ითქმის სახლის და საოფისე თუ სამრეწველო მაცივრებსა და კონდიციონერებზე.

1987 წლის 16 სექტემბერს მსოფლიოს უმეტესი მთავრობის მიერ ხელი მოეწერა, ე.წ. „მონრეალის ოქმს“ - ისტორიული მნიშვნელობის გლობალურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ხელმომწერი ქვეყნები თავიანთ ტერიტორიაზე კრძალავდნენ ან დრამატულად ამცირებდნენ ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების წარმოებას. ამ ოქმს საქართველოც შეუერთდა (1996 წ). მართალია, ჩვენ ოზონდამშლელი ნივთიერებების მწარმოებლები არ ვართ, მაგრამ მათ მოვიხმარდით და ახლაც კი მოვიხმართ (ცოტას, მაგრამ მაინც). ძალიან სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ შენი ქვეყანაც გლობალური ინიციატივის თანასწორი პარტნიორია და პლანეტის გადარჩენაში სიტყვა ეთქმის, თუმცა ეს სხვა ბლოგის საკითხია. მოკლედ კი იმის თქმა შეიძლება, რომ უკვე ბევრი რამ მებაჟეთა და მემაცივრე ტექნიკოსთა გადამზადების, საქართველოში არსებული დანადგარების რეციკლირება-გასუფთავებისთვის თუ ნარჩენების ქვეყნიდან გასატანად იმ ქვეყნებში, სადაც მათი გაუვნებელყოფა ხდება.

მართალია, ამ გლობალური პრობლემის აღმოფხვრის ტენდენცია სახეზეა, მაგრამ სრულიად უსაფრთხო გარემო, ალბათ 22-ე საუკუნემდე აღარ იქნება. მანამდე კი მოგვიწევს ფიქრი და დაჯერება, რომ „My vote REALLY counts!” – „ჩემი ხმა მართლა გადამწყვეტია!“

 

ოზონი და მისი შრე - რასთან გვაქვს საქმე? 

საინტერესო ამბები ოზონის შრეზე 

ოზონის შრე - რა კეთდება საქართველოში? 

სად მოვიძიო მეტი ინფორმაცია? 

თეგები: 
ჯანმრთელობა
რუჯი
ოზონის შრე
კონდიციონერი
"კვლევები ამ ბლოგის მომზადებისთვის ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით"
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია