ბლოგები >
ოზონი? არ წამიკითხავს, მაგრამ არ მჯერა!
მათე ბროძელი
Shutterstock
21.09.15
ბევრს ჰგონია, რომ ოზონის შრის გათხელება პირადი მოხმარების დეოდორანტებმა გამოიწვია. მათ თავისი წვლილი აქვთ შეტანილი ამ საქმეში, მაგრამ წამყვანი როლი მაინც ინდუსტრიის მიერ ათწლეულების განმავლობაში გამოტყორცნილი ოზონდამშლელი ნივთიერებების კოლოსალურ რაოდენობას აქვს.

„ეს ყველაფერი ბოდვა და კონსპირაციაა“ - მითხრა ერთხელ ჩემმა განსწავლულმა (ამ სიტყვას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ) მეგობარმა, როდესაც ოზონის შრის გათხელებაზე ჩამოვარდა სიტყვა - „ხელოვნურად მოგონილი თეორიებია იმიტომ, რომ ვიღაც მეცნიერებმა გრანტები იშოვონ გლობალური დათბობის „გაპრავებისთვის“... ოზონის ხვრელი არა ისა... გინდა დავიჯერო, იღლიაში რომ დეზოდორს ვისხამ, იმან კოსმოსში „დირკა“ გააჩინა ხო?“ - მიაყოლა ბოლოს კმაყოფილი სახით, რადგან „დამამარცხა“ კამათში, რომელიც არც კი შემდგარა. სევდიანია ეს ყველაფერი. ორმაგად სევდიანი, როდესაც განსწავლული (ხაზს ვუსვამ - განსწავლული!) ადამიანი ამას ამბობს და ვერც ამჩნევს, რომ ამ მოკლე წინადადებაში მინიმუმ ოთხ შეცდომას უშვებს:

1. ოზონის შრის გათხელება თეორია არ არის. ეს ფაქტია, რომელიც ბებიაჩვენის სამზარეულოში არსაიდან წარმოშობილი მონაცემებით კი არა, არც მეტი, არც ნაკლები, NASA-ს მრავალწლიანი მონაცემებით მყარდება.

2. ოზონის შრის გათხელება და გლობალური დათბობა ერთი და იგივე მოვლენა არ არის.

3. ოზონის „დირკა“ მხოლოდ მეტაფორაა (თან, „ქართული გენის“ არ იყოს, ძალიან უგვანი მეტაფორა) - არავითარი ხვრელი, „ქართული გენივით”, ბუნებაში არ არსებობს!

4. ოზონის შრე მხოლოდ პირადი მოხმარების დეოდორანტებს არ გაუთხელებია.

ცხადია, არ ვამართლებ „აროგანტულ“ ტონს, მაგრამ, სამართლიანობის გამო, უნდა ითქვას, რომ საქართველოში (თუმცა არამარტო საქართველოში) ამ მითების გავრცელების ლომის წილი გარემოს დამცველების ბრალიცაა. ქართულ ინტერნეტში (ინფორმაციის ყველაზე ხელმისაწვდომ და პრაქტიკულად უფასო სამეფოში) ვერ იპოვით სინთეზურად მოთხრობილ, მარტივ და ფაქტებზე დაყრდნობილ ამბავს ოზონის „დირკის“ შესახებ. არადა, ამბავი საკმაოდ საინტერესოა. ყველაფერი კი ასე დაიწყო....

ოზონის აღმოჩენა

მე-19 საუკუნის 40-იან წლებში, მეცნიერმა ქრისტიან ფრიდრიხ შონბეინმა (Christian Friedrich Schönbein) შეამჩნია, რომ მისი სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის დროს, წარმოიქმნება რაღაც აირი, რომელსაც აქვს ლურჯი ფერი და მძაფრი სუნი. აღმოჩენის შესახებ მან მიუნხენის უნივერსიტეტში გააკეთა მოხსენება და აირს ბერძნული სიტყვა „ozein“ უწოდა, რაც „სუნიანს“ ნიშნავს. ოდნავ მოგვიანებით, მეცნიერებმა დაადგინეს ოზონის შემადგენლობა და სურათი უფრო ნათელი გახდა. ქიმიის სკოლის წიგნიდან ყველას გვახსოვს, რომ ჟანგბადის მოლეკულის ფორმულა O2-ია. ანუ, ჟანგბადის ორი ატომი, - O და O (Oxigen – „ჟანგის წარმომქმნელი“) რომ ერთდება, წარმოიქმნება ჟანგბადის ორატომიანი მოლეკულა. ეს აირია, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. გარკვეულ პირობებში (მაგ. მაღალი ელექტრული ძაბვის განმუხტვის არეალში) შეიძლება ამ ორ ატომს მესამეც დაემატოს და სამატომიანი მოლეკულა წარმოიქმნას, რაც უკვე ოზონია (ქიმიური ფორმულა O3).

ჟანგბადის ორი ატომის შეერთებისას წარმოიქმნება აირი, რომლითაც ვსუნთქავთ. მაღალი ელექტრული ძაბვის განმუხტვის არეალში შეიძლება ამ ორ ატომს მესამეც დაემატოს - ეს უკვე ოზონია.

მე-19 საუკუნეშივე გაირკვა, რომ ოზონს დეზინფექციის უნარი აქვს და მცირე დოზებით არამარტო უვნებელია, არამედ სასარგებლოც კია. მალე კვლევები და ექსპერიმენტები მთელ ევროპას მოედო. საქმეში ინდუსტრიაც ჩაერთო და დაიწყო წყლის გასაწმენდი ოზონის აპარატების სერიული წარმოება. პირველ მსოფლიო ომში ოზონი განგრენის და სანგრის ტერფის სამკურნალოდ და ჭრილობების სადეზინფექციოდ გამოიყენებოდა. უნდა ითქვას, წარმატებულადაც. „ოზონის წყლის გამწმენდი აპარატების ბუმი“ კი მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც აღმოაჩინეს, რომ ქლორს, უფრო იაფ და ხელმისაწვდომ ნივთიერებას, წყლის უფრო ეფექტური გაუვნებელყოფა შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ოზონმა დაკარგა წყლის მასობრივად გამწმენდი ფუნქცია, მას, როგორც სამედიცინო დანიშნულების ნივთიერებას, დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და წარმატებით გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი დერმატო-კოსმეტოლოგიაში, ასევე საცურაო აუზების წყლის დეზინფექციისა და სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ოზონი წარმატებით გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი დერმატო-კოსმეტოლოგიაში.

როგორ წარმოიქმნება ოზონი ბუნებაში?

ძლიერი ელექტრული განმუხტვები (მაგ. ელვა) და სხვა პირობები, რომელიც ოზონის წარმოქმნისთვისაა საჭირო ჩვენ გარშემო (დედამიწის ზედაპირზე) არც ისე ხშირია. აი, როდესაც თვითმფრინავით მაღლა ავდივართ, ვხვდებით, რომ დედამიწიდან მოშორებით, მაღლა სივრცეებში არის შრეები, სადაც ელვა ხშირია. ელვა კი სხვა არაფერია, თუ არა ძლიერი ელექტრული განმუხტვა. ამ პირობებში ოზონი ბუნებრივად წარმოიქმნება ატმოსფეროში, თუმცა ეს უფრო მოგვიანებით აღმოაჩინეს.

სად მიდის ბუნებრივად წარმოქმნილი ოზონი?

ატმოსფეროში წარმოქმნილი ოზონი დედამიწიდან 15-30 კმ-ის სიმაღლეზე გროვდება და პლანეტის გარშემო ქმნის თხელ შრეს (ფენას). ჟანგბადის მოლეკულა საკმაოდ მდგრადია და ჩვეულებრივ პირობებში არ იშლება ბუნებაში. ოზონის მოლეკულა კი ადვილად იშლება. მისი სამი ატომიდან, მარტივი არითმეტიკით, ორი ჟანგბადის მოლეკულად რჩება და ერთი ატომი კი სცილდება. მერე რა ხდება ამ თხრობისთვის საინტერესო აღარაა. მთავარია ის, რომ ოზონი სტრატოსფეროში მუდმივად იშლება. მიუხედავად ამისა, დაშლის პარალელურად, ელვა და სხვა ფაქტორები იქვე ქმნიან ახალ მოლეკულებს და მთელი ეს სისტემა დინამიკურ წონასწორობაშია - რამდენიც იშლება, იმდენი იქმნება. ამიტომ, ოზონის შრე უკვე ასობით მილიონობით წელია მეტნაკლებად ერთი სისქისაა.

სხვადასხვა შრე დედამიწის გარშემო სხვადასხვა სიმაღლეზე

რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს?

ახლა, ყველაზე მთავარი - ოზონს, გარდა დეზინფექციისა, რომელსაც საყოფაცხოვრებო დანიშნულება აქვს, ერთი ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი თვისება გააჩნია - ის შთანთქავს ულტრაიისფერ გამოსხივებას, რომლის შესახებაც ყველას გაგვიგია, მაგრამ შესაძლოა მთლად ბოლომდე არც კი ვიცოდეთ, რა არის. ალბათ, ყველას გინახავთ Pink Floyd-ის 1973 წელს გამოშვებული ლეგენდარული ალბომის, Dark Side of the Moon-ის ყდა.

სინათლის სხივი პრიზმაში 7 ხილულ ფერად იშლება, რომლებიც ყოველთვის შემდეგ თანმიმდევრობაში არიან: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი.

ეს სხვა არაფერია, თუ არა ისააკ ნიუტონის სინათლის სპექტრად დაშლის ექსპერიმენტის ილუსტრაცია. თუ სინათლეს გამჭვირვალე კრისტალის პრიზმაში გავატარებთ, ის 7 სხვადასხვა ულამაზეს ფერად დაიშლება. ცისარტყელა სწორედ ჰაერში შეწონილ წყლის წვეთებში (რომლებიც პრიზმასავით იქცევიან) „დაშლილი“ სინათლის სხივებია. ამ სპექტრში განირჩევა წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. თან საინტერესო ისაა, რომ ამ ფერებს მუდმივად ასეთი თანმიმდევრობა აქვს. აი, რაც არ განირჩევა, ესაა წითელთან ახლოს, მაგრამ მის „მიღმა“ მყოფი ფერი, რომელსაც ინფრაწითელს უწოდებენ და იისფერის „მიღმა“ მყოფი, რომელსაც ულტრაიისფერი ჰქვია.

ჩვენ ვერ ვხედავთ ვერცერთ ამ „მიღმა ფერების“ სხივებს სპექტრში. ინფრაწითელი ამ ბლოგის თხრობისთვის არ გვაინტერესებს. ულტრაიისფერი კი ძალიან, რადგან ის, პირდაპირი მნიშვნელობით, კლავს! დიახ, კლავს ადამიანს, კლავს ცხოველს, კლავს მცენარეს, კლავს სიცოცხლეს. მოკლედ, არცერთ უჯრედს არ შეუძლია მზის მიერ გამოსხივებულ ულტრაიისფერში სიცოცხლე. არადა, ჩვენ ვცოცხლობთ, არა?! რაშია საქმე? აი, სწორედ აქ არის ოზონის შრის მნიშვნელობა - მას აქვს უნიკალური თვისება შთანთქოს და თან (თუ მთელ შრეზეა საუბარი) აირეკლოს ულტრაიისფერი გამოსხივების უდიდესი ნაწილი ისე, რომ ჩვენამდე ჩამოღწეული ინტენსივობა უკვე სრულიად უსაფრთხო ხდება. დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ასეული მილიონობით წლის წინ, პლანეტის გარშემო 15-30 კმ სიმაღლეზე ოზონის შრე წარმოიქმნა. მოკლედ, ოზონის შრე გვიცავდა მილიონობით წელი და ასე „ბედნიერად“ ვცხოვრობდით მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე…

წინაპირობა

ტექნოლოგიები ვითარდებოდა და გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება მაცივრებისა და აეროზოლების წარმოების მსოფლიო „ბუმი“. ამ დანადგარების გამართული მუშაობისათვის კი სპეციალური ნივთიერებები - ქლორ-ფტორ-ნახშირწყალბადები (ე. წ. ქფნ) იყო საჭირო. ცხადია, მზარდი მოთხოვნის საფუძველზე, ქფნ-ების წარმოებამაც არ დაახანა და წარმოიდგინეთ, 30-იანი წლებიდან წარმოებული მაცივრების (სახლისა თუ ინდუსტრიისთვის საჭირო), აეროზოლებისა თუ ქიმიური წმენდის დანადგარების და მათთვის საჭირო ქფნ-ების რაოდენობა. წარმოუდგენელი ციფრია! ახლა მთავარი - როგორც ზემოთ აღვნიშნე, ოზონს, ჟანგბადისგან განსხვავებით, აქვს ერთი თვისება - ის ძალიან არამდგრადია და მალე იშლება. ქფნ-ებს კი აღმოაჩნდათ ოზონის სწრაფი დაშლის უნარი. ამიტომ, ქფნ-ებს, ასევე ოზონის დამშლელ ქიმიურ ნივთიერებებსაც (Ozone Depleting Substances, ODSs) უწოდებენ. ამ კოლოსალური რაოდენობის ODS-ებმა კი 30-იანი წლებიდან დაიწყეს სტრატოსფეროში კონცენტრირება. სწორედ იქ, სადაც ოზონის შრეა! და დაიწყო ჩვენი დამცავი ფენის აგრესიული დაშლის პროცესი. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ODS-ებმა ოზონის შრე ბუნებრივი დაშლა-შევსების დინამიკური წონასწორობიდან გამოიყვანეს, რადგან შლიდნენ (და შლიან) უფრო მეტ ოზონს, ვიდრე ბუნება მას წარმოქმნის ატმოსფეროში.

ატმოსფეროს მაღალ შრეებში მიმდინარე ელექტრული განმუხტვისას ოზონი მუდმივად წამოიშვება და დედამიწის გარშემო გროვდება, ქმნის რა ოზონის შრეს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში ულტრაიისფერი გამოსხივებისგან გვიცავს.

განგაში

1974 წელს, Nature Magazine-ში პირველად გამოქვეყნდა საგანგაშო სტატია სტრატოსფერული ოზონის შრის გათხელების შესახებ. პარალელურად, ონკოლოგებმა მთელ მსოფლიოში მიაქციეს ყურადღება, რომ კანის სიმსივნეების რაოდენობამ, რომელიც მანამდე ჩვეულებრივ, სტანდარტულ სტატისტიკაში ჯდებოდა, მთელ მსოფლიოში სწრაფად დაიწყო ზრდა. დღემდე არავინ ამტკიცებს, რომ ოზონის შრის გათხელება პირდაპირ და აუცილებლად კანის სიმსივნეს იწვევს, მაგრამ სტატისტიკა ჯიუტია - როგორც ჩანს, ხელს ნამდვილად უწყობს. თან ძალიან! საკითხის ღრმად შესწავლის შედეგად კი დაასკვნეს: შრემ დაიწყო შეთხელება და მოხდა დრამატული რამ - მომაკვდინებელმა ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, რომელსაც ჩვენი ოზონი შთანთქავდა, შრეში იმაზე მეტად დაიწყო „გამოპარვა“, ვიდრე ეს ჩვენი უსაფრთხოდ ცხოვრებისთვისაა საჭირო. საინტერესო ის იყო, რომ გაუგებარი მიზეზებით ოზონის შრის შეთხელება მხოლოდ პოლუსების (განსაკუთრებით სამხრეთი პოლუსის) თავზე შეინიშნებოდა (მიზეზე ცოტა მოგვიანებით დაადგინეს).

მართალია, ჩვენამდე მოღწეული ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობას არ მიუღწევია იმ ნიშნულამდე რომ სიცოცხლე პლანეტაზე ერთიანად მოესპო, მაგრამ შემოიჭრა იმ საკმარისი რაოდენობით, რომ დაიწყო ძალიან არასასურველი პროცესები დედამიწაზე - სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანება და ბევრ რეგიონში ისედაც გამეფებული შიმშილობის კიდევ უფრო „წახალისება“, ბიომრავალფეროვნების შემცირების ხელშეწყობა და, რაც მთავარია, ადამიანზე მძიმე ზეგავლენა - კანის კიბოს, კატარაქტის და იმუნური დაავადებების დინამიკის სწრაფი ზრდა მსოფლიოს დიდ ნაწილში.

სკეპტიკური კითხვები

როგორც ყოველთვის, ქიმიური ნივთიერებების მწარმოებლებმა და მომხმარებელმა კომპანიებმა 70-იანებში ეს მიგნებები არასერიოზულად ჩათვალეს და წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმ მეცნიერთა დისკრედიტაციისთვის, ვინც განგაშს ტეხდა. ამან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებსაც მისცა ამ მეცნიერთა იგნორირების საშუალება - გარკვეული დროით მაინც. წლების განმავლობაში დაგროვილი ძირითადი კონტრ-არგუმენტები შემდეგი იყო: საიდან ვიცით, რომ ოზონის შეთხელებაში ბუნებრივი მიზეზები არ არის დამნაშავე? ვულკანები და ოკეანეები ხომ დიდი რაოდენობით ქლორს გამოყოფენ, რომელსაც შეუძლია ოზონი დაშალოს და რაღა მაინცდამაინც ინდუსტრიის მიერაა პრობლემა პროვოცირებული? რატომ და როგორ მოხდა პოლუსების თავზე ODS-ების კონცენტრირება? საქმეში აქტიურად ჩაერთო მრავალი მეცნიერი და კვლევითი ორგანიზაცია, მაგრამ წამყვანი სიტყვა მაინც NASA-ს ეკუთვნოდა. სწორედ NASA-ს დაწყებული მონიტორინგის შედეგები და ექსპერტული დასკვნები გახდა საფუძველი, გაეფანტათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის სკეპტიკური დამოკიდებულება.

მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული მთელ მსოფლიოში ინდუსტრიისთვის საჭირო მაცივრების, აეროზოლებისა თუ ქიმიური წმენდის დანადგარების მიერ გამოფრქვეული ოზონდამშლელების რაოდენობამ წარმოუდგენელ ციფრს მიაღწია.

პასუხები სკეპტიკურ კითხვებზე

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ბუნებრივი წყაროებიდან მომავალი ქლორი (ვულკანები, ოკეანეები და ა.შ.) ადვილად იხსნება წყალში და ატმოსფეროდან წვიმის საშუალებით გამოირეცხება. ამის საპირისპიროდ, ქფნ-ები არ იშლება ატმოსფეროს ქვედა ფენებში და არ იხსნება წყალში. NASA-ს მონაცემები აჩვენებს, რომ, 1985 წლიდან, სტრატოსფეროში ქლორის მატება გასაოცარი სიზუსტით ემთხვევა ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ქფნ-ების და ოზონის ფენის გამათხელებელი სხვა ნივთიერებების გამოყოფილ რაოდენობას. ამიტომ, არგუმენტი იმის შესახებ, რომ ქლორის მატება შესაძლოა ბუნებრივი პროცესის შედეგი იყოს, 80-იანების შუაშიც კი აღარ განიხილებოდა სერიოზულად.

რჩებოდა მეორე კითხვა: როგორ მიაღწიეს ODS-ებმა სტრატოსფეროს და რატომ დაზიანდა ოზონის შრე ყველაზე მეტად მაინცდამაინც პოლუსების თავზე და არა ყველგან? აქაც, NASA-ს მეცნიერებმა იმარჯვეს.

საქმე ისაა, რომ ანტარქტიდა ყველაზე ცივი ადგილია დედამიწაზე. მის თავზე ტემპერატურა ხშირად - 80 გრადუსამდეც ეცემა. ამავე დროს ეს ყველაზე ქარიანი ადგილია დედამიწაზე. ეს პირობები ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფერულ მოვლენას - მაისსა და ივნისში კონტინენტის თავზე საათის ისრის მიმართულების უძლიერესი ქარები წარმოიქმნება და აყალიბებს უზარმაზარ მოძრავ წრეს, რომელსაც ანტარქტიკის პოლარული გრიგალი ქვია. ეს გრიგალი (ცხადია სხვა ფაქტორებთან ერთად) „მტვერსასრუტის“ ეფექტით ითრევს დედამიწის ატმოსფერულ ჰაერს თავისკენ. მის თავზე ხდება დედამიწაზე გამოტყორცნილი ოზონდამშლელი ნივთიერებების მუდმივი გადანაცვლება და გრიგალი თითქოს „იწოვს“ ამ ნივთიერებებს, რომლებიც მასში კონცენტრირდებიან და იწყებენ ოზონის შრეზე აგრესიულ შეტევას, რომელიც წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო თხელდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით იგივე ეფექტი შეინიშნება სამხრეთ პოლუსზეც, თუმცა შედარებით ნაკლები ინტენსივობით. ამიტომ, თავიდან ოზონის შეთხელება ყველაზე უფრო მეტად სწორედ პოლუსებზე იყო გამოხატული. გარკვეულ კლიმატურ პირობებში ანტარქტიდის თავზე დაახლოებით აშშ-ის კონტინენტური ნაწილის ზომის „ხვრელი“ ჩნდება ხოლმე (რეალურად, ეს ნამდვილი ხვრელი არაა, ეს უბრალოდ შეთხელებული ფენაა). თუმცა, მოგვიანებით შენიშნეს, რომ შეთხელება მარტო პოლუსებზე არ მომხდარა. სამწუხაროდ, ოზონის შრემ შეთხელება ჩრდილოეთის და სამხრეთის ზომიერი სარტყლების თავზეც დაიწყო. ზუსტად იქ, სადაც დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს. სწორედ ამ დროს დაიწყეს სხვადასხვა სახის უარყოფითი გავლენის სტატისტიკა ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობასა და მცენარეების მდგომარეობაზე.

სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ვულკანები დიდი რაოდენობით ქლორს გამოყოფენ, რომელსაც შეუძლია ოზონი დაშალოს და რაღა მაინცდამაინც ინდუსტრიის მიერაა პრობლემა პროვოცირებული?

საღი აზრის გამარჯვება - მონრეალის ოქმი

წლების განმავლობაში პრობლემა იმდენად ცხადი გახდა, იმდენი ადამიანი დაავადდა კანის სიმსივნის სხვადასხვა ფორმით, იმდენი სასოფლო-სამეურნეო სავარგული განადგურდა, რომ სკეპტიკოსების მხრიდან კორელაციის უარყოფას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ყველა გრძნობდა, რომ რადიკალური ზომებია მისაღები - წინააღმდეგ შემთხვევაში პლანეტას შეუქცევადი ცვლილებები ემუქრებოდა. არადა, ოზონდამშლელი ნივთიერებების მწარმოებელი და მომხმარებელი კომპანიების გადარწმუნება ერთობ ძნელი საქმე იყო. დღის წესრიგში დადგა არა რომელიმე ერთი ქვეყნის მყარი გადაწყვეტილება ODS-ების წარმოების შეწყვეტის შესახებ, არამედ პლანეტის უმეტესი მწარმოებელი და გამომყენებელი ქვეყნის კეთილი ნება. ამის მიღწევა მსოფლიოს დომინანტი ინდუსტრიული ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე კი, შეუძლებელი იქნებოდა. და რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს ეს დღეს, პრობლემის რეალური გადაჭრა დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ მინისტრმა მარგარეტ თეტჩერმა მოითხოვა სრული სამეცნიერო ანგარიში. უცნაურობა იმაშია, რომ მემარჯვენე პოლიტიკოსები, ტრადიციულად, გარემოს დაცვითი რეგულაციების მგზნებარე მხარდამჭერებად არ მოიაზრებიან. არავინ ელოდა მხარდაჭერას იმდროინდელი სუპერ-სახელმწიფოების მემარჯვენე მმართველი ადმინისტრაციებისგან. მიუხედავად ამისა, თეტჩერმა, განათლებით ქიმიკოსმა, მისთვის ჩვეული სკრუპულოზურობით შეისწავლა საკითხი და სრულად გააცნობიერა საფრთხე. საჭირო გახდა აშშ-ის ადმინისტრაციის დარწმუნებაც. თეტჩერსა და რონალდ რეიგანს შორის რამდენიმე შეხვედრა საკმარისი გახდა იმისთვის, რომ აშშ-ი ODS-ების წარმოების შეწყვეტის აგრესიული მხარდამჭერი გამხდარიყო.

ცხადია, ამ ფონზე ვერავინ დააკნინებს საზოგადოების, მედიისა და მეცნიერების როლს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მეთოდურად უტევდნენ პოლიტიკოსებს, რის გამოც სამყაროში ის იშვიათი შეთანხმება შედგა, რომელსაც მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკოსების უმრავლესობა ეთანხმებოდა. ეს იყო საღი აზრის პოლიტიკურ შეხედულებებზე გამარჯვების საყოველთაო ტრიუმფი, რომელმაც პლანეტა გადაარჩინა. არადა, დღეს, არც თავიდან აცილებულ მომაკვდინებელ რისკებზე საუბრობენ ბევრს, არც უამრავ მეცნიერზე, რომლებიც უკომპრომისოდ ებრძოდნენ გამეფებულ სისულელეს და არც პოლიტიკოსთა დამსახურებაზე. მოგვწონს ჩვენ ეს უკანასკნელნი თუ არა, ფაქტი ჯიუტია - ისინი რომ არა, დღეს პლანეტა გაცილებით მძიმე დღეში იქნებოდა, ვიდრე არის. ბოლოს და ბოლოს პრაქტიკული შედეგის მომტანი გადაწყვეტილება ხომ მათზე იყო!

მემარჯვენე პოლიტიკოსები გარემოს დაცვითი რეგულაციების მგზნებარე მხარდამჭერებად არ მოიაზრებიან. არავინ ელოდა მხარდაჭერას იმდროინდელი სუპერ-სახელმწიფოების მმართველი ადმინისტრაციებისგან, თუმცა, ეს მოხდა - პრეზიდენტი რეიგანი და პრემიერ-მინისტრი თეტჩერი „კემპ დევიდში” (აშშ); 1984 წ.

გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, მსოფლიოს უმეტესი მთავრობის მიერ, 1987 წლის 16 სექტემბერს ხელი მოეწერა ე.წ. „მონრეალის ოქმს“ - შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ხელმომწერი ქვეყნები თავიანთ ტერიტორიაზე კრძალავდნენ ან დრამატულად ამცირებდნენ ოზონის ფენის დამშლელი ნივთიერებების წარმოებას.

ამ ოქმს საქართველოც შეუერთდა (1996 წ). მართალია, ჩვენ ოზონდამშლელი ნივთიერებების მწარმოებლები არ ვართ, მაგრამ მათ მოვიხმარდით და ახლაც კი მოვიხმართ (ცოტას, მაგრამ მაინც). ძალიან სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ შენი ქვეყანაც გლობალური ინიციატივის თანასწორი პარტნიორია და პლანეტის გადარჩენაში სიტყვა ეთქმის, თუმცა ეს სხვა ბლოგის საკითხია. აქ კი, ჩვენდა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ ინდუსტრიულმა ქვეყნებმა პირნათლად დაიცვეს შეთანხმება და წლების განმავლობაში მართლაც მოხდა ამ ნივთიერებების წარმოების მნიშვნელოვანი შემცირება. შედეგმაც არ დააყოვნა და ოზონის შრემ ნელ-ნელა, მეთოდურად, წლიდან წლამდე დაიწყო აღდგენა.

შედეგები და მომავალი - გვეშველება რამე?

პირდაპირ გაგცემთ პასუხს და გეტყვით - დიახ! შეიძლება ითქვას, რომ ცოტათი უკვე „გვეშველა“. „მონრეალის ოქმის“ წყალობით, დღეისათვის ოზონის დამშლელი ქიმიური ნივთიერებების წარმოება უკვე 90%-ით არის შემცირებული მსოფლიოში. სხვა ოზონდამშლელი ნივთიერებების წარმოების ეტაპობრივი შეწყვეტა კი 2030 წლისთვის არის დაგეგმილი. შედეგმაც არ დააყოვნა და 2014 წელს, NASA-ს მონაცემებმა გვაუწყა, რომ ოზონის შრემ ნელ-ნელა აღდგენა დაიწყო. თუ დამცავი ღონისძიებები იმავე ინტენსივობით გაგრძელდა, პრობლემა მეტნაკლებად მოგვარდება 2050 წლისთვის. მეტნაკლებად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სასიხარულო დადებითი ტენდენცია პრინციპში სახეზეა, ოზონის შრის სრული აღდგენა დროს მოითხოვს სულ ცოტა, 22-ე საუკუნემდე. ეს გამოწვეულია ოზონის დამშლელი სხვადასხვა ნივთიერების ხანგრძლივმოქმედი ეფექტით. მაგალითად, როდესაც ქფნ-ები სტრატოსფეროში ხვდებიან, ისინი აქტივობას დაახლოებით 100 წელი ინარჩუნებენ და პერიოდულად მაინც იჩენენ ხოლმე თავს.

ამიტომ, მაინც გრძელდება უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებასა თუ სოფლის მეურნეობაზე. გეოპოლიტიკური სტანდარტებით, მიუხედავად თავდაპირველი წინააღმდეგობებისა, „მონრეალის ოქმი“ შედარებით სწრაფად გაფორმდა. და მაინც, მოკლე დროის განმავლობაში კანის კიბოს, კატარაქტისა და ადამიანის იმუნური სისტემის დასუსტების ასობით ათასი დამატებითი შემთხვევა გახდა საჭირო პრობლემების აღიარებისა და მასზე რეაგირებისთვის. ჯერ ისევ რჩება პასუხგაუცემელი მნიშვნელოვანი კითხვები - არ ვიცით, მოხდა თუ არა სასიცოცხლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკოსისტემის დაზიანება, რომელიც მომავალში იჩენს თავს? არ ვიცით, რა გავლენას იქონიებს ის სხვა სფეროებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება? არ ვიცით, კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება კანის კიბოს, კატარაქტისა თუ იმუნური დაავადებების დინამიკის ზრდის ხელშეწყობა?

რა მოხდებოდა მონრეალის ოქმის გარეშე?

დღეს, უამრავი მონაცემის დაგროვების ფონზე, უკვე ძალიან მარტივია კომპიუტერული მოდელირებით ზედმიწევნით აკურატული სურათის წარმოგენა, თუ რა მოხდებოდა ოზონდამშლელი აირების წარმოება რომ არ შეწყვეტილიყო. ბევრი დეტალით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ გერმანელი და ამერიკელი ექსპერტების ორ ანალიზს მოვიყვან: 2065 წლისთვის დედამიწის დღეს დასახლებული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი საცხოვრებლად სრულიად გამოუსადეგარი გახდებოდა. ულტრაიისფერი გამოსხივება ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) ან სამხრეთ გერმანიაში 650%-ს მიაღწევდა, რაც საკმარისი იქნებოდა მზის მომაკვდინებელი დამწვრობის გამოსაწვევად სულ რაღაც ხუთ წუთში.

სქემატური ილუსტრაცია ხატოვან პასუხს სცემს კითხვას - რა მოხდებოდა მონრეალის ოქმის ხელმოწერა რომ არ შემდგარიყო?

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი განსწავლული მეგობარი, ვისი მონოლოგითაც თხრობა დავიწყე, ამ ბლოგს წაიკითხავს. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ დარწმუნდება - ოზონის შრის გათხელება თეორია არ არის. ეს ფაქტია, რომელიც ბებიაჩვენის სამზარეულოში არსაიდან წარმოშობილ მონაცემებს არ ეყრდნობა, რომ ოზონის შრის გათხელება და გლობალური დათბობა ერთი და იგივე მოვლენა არ არის, რომ ოზონის „დირკა“ მხოლოდ მეტაფორაა და ოზონის შრე მხოლოდ პირადი მოხმარების დეოდორანტებს არ გაუთხელებია... „მონრეალის ოქმი“, საბედნიეროდ, ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი მიღწევაა სამყაროს ისტორიაში, მაგრამ საუბედუროდ - ერთადერთი. სხვა გლობალური საფრთხეების მოგვარებას ჯერ პირი არ უჩანს. თუმცა, კმაყოფილების გაცნობიერებისას სიფრთხილეც საჭიროა. ულტრაიისფერი გამოსხივების დღეს არსებული ფონი მაინც ჯიუტად უწყობს ხელს სიმსივნეების, კატარაქტებისა თუ იმუნური დაავადებების ზრდას. არადა, როგორ დავიცვათ თავი? 

 

ოზონი და მისი შრე - რასთან გვაქვს საქმე? 

როგორ დავიცვათ თავი? 

ოზონის შრე - რა კეთდება საქართველოში? 

სად მოვიძიო მეტი ინფორმაცია? 

თეგები: 
ქრისტიან ფრიდრიხ შონბეინი
ოზონის შრე
"კვლევები ამ ბლოგის მომზადებისთვის ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით"
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია