ბლოგები >
ულტრა-სერიული იისფერი მკვლელი
მათე ბროძელი
Shutterstock
21.09.15
ნევუსი, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, შესაძლოა ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას.

„თავიდან ჩვეულებრივი ხალი მეგონა. რას ვიფიქრებდი რომ კანის კიბო იყო. ერთმა კანის ექიმმა მეორეს რომ გადაულაპარაკა, მგონი მელანომააო, არც ვიცოდი რას ნიშნავდა ეგ მელანომა“ - უხალისოდ მიყვება ზურა. ვაკის პარკში ვსეირნობთ. ზურას ამ ბლოგის დასაწერად ჩატარებული წინასწარი კვლევებით მივაგენი. ცხადია, მისი სახელი გამოგონილია. ერთი შემიძლია ვთქვა, ის 23 წლისაა და, როგორც ყველა ჯან-ღონით სავსე შეძლებული თბილისური ოჯახის შვილს, სულ სხვა მიზნები ჰქონდა ცხოვრებაში. ბიზნესის კეთება უნდოდა და მთელი ცხოვრების გეგმა ჰქონდა ჩამოყალიბებული. ყველაფერი შეიცვალა. „მთავარი ისაა, ზუსტად ვიცი არ მოვკვდები. ისრაელში ექიმმა მითხრა არ მოკვდები თუ დარწმუნდები, რომ არ მოკვდებიო. ჰოდა, მეც დავრწმუნდი. „მოშნი“ ორგანიზმი მაქვს, მოვერევი, - იღიმება, თან კევს ღეჭავს, - მთელი ცხოვრება სპორტზე დავდივარ, თხილამურებზე ვდგავარ. ნუ... ახლა, რომ გითხრა ვსწავლობდი და რამე-მეთქი, არ იყო ეგრე, მარა ბავშვობიდან მევასებოდა თხილამურები და ცურვა. მაგრად ვაქცევ ყურადღებას ტანსა და ტანსაცმელს. გოგოები... და რამე. 14-15 წლიდან მივხვდი, გიჟდებოდნენ ქერა რომ ვარ და „ზაგარი“ რომ მაქვს. რაც თავი მახსოვს სულ პლაჟზე ვეგდე, კაი „ზაგარი“ მაგრად მიხდება. გუდაურშიც თხილამურებზე სულ „ვიზაგრებოდი“. ბავშვობიდან დავყავდი მამაჩემს. ისე, სულ ვიწვებოდი თეთრი კანი რომ მაქვს, მარა მეკიდა. ხომ იცი, მერე თუ დამწვრობის კრემს წაისვამ და კანს მოუვლი ყავისფრდება და არ ტყავდები, სამაგიეროდ ქალები ბუზებივით ხდებიან“. უცებ ღიმილი ეყინება, რეალობას უბრუნდება, კევს აფურთხებს, ფიჭვის ხიდან წიწვს წყვეტს, პირში იდებს და ამატებს - ექიმებმა მითხრეს, აქაც და ისრაელშიც, მაგან დაგმართაო...”

შორეულ 1974 წელს, Nature Magazine-ში პირველად გამოქვეყნდა ერთი საგანგაშო სტატია ოზონის შრის გათხელების შესახებ. პარალელურად, ონკოლოგებმა მთელ მსოფლიოში მიაქციეს ყურადღება, რომ კანის სიმსივნეების რაოდენობამ, რომელიც მანამდე ჩვეულებრივ, სტანდარტულ სტატისტიკაში ჯდებოდა, მთელ მსოფლიოში სწრაფად დაიწყო ზრდა. დღემდე არავინ ამტკიცებს, რომ ოზონის შრის გათხელება პირდაპირ და აუცილებლად კანის სიმსივნეს იწვევს, მაგრამ სტატისტიკა ჯიუტია - როგორც ჩანს, ხელს ნამდვილად უწყობს. თან დრამატულად! სანამ ამ პრობლემის პოპულარულ ენაზე ახსნას შემოგთავაზებთ, მინდა, საქმეში ჩაუხედავი მკითხველი საბაზისო საკითხებში გავარკვიო - რა არის ოზონი? რა საჭიროა? კარგია? ცუდია? რატომ და როგორ იშლება და რატომაა ეს ცუდი? რას იწვევს ეს პროცესი?

სასკოლო ქიმიის წიგნიდან ყველას გვემახსოვრება, რომ ჟანგბადის მოლეკულის ფორმულა O2-ია. ანუ, ჟანგბადის ორი ატომი, - O და O (Oxigen – „ჟანგის წარმომქმნელი“) რომ ერთდება, წარმოიქმნება ჟანგბადის ორატომიანი მოლეკულა. ეს აირია, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. გარკვეულ პირობებში (მაგ. მაღალ ელექტრულ ველში) შეიძლება ამ ორ ატომს მესამეც დაემატოს და სამატომიანი მოლეკულა წარმოიქმნას. მას ოზონი (ქიმიური ფორმულა O3) ქვია. ძლიერი ელექტრული განმუხტვები (მაგ. ელვა) და სხვა პირობები, რომელიც ოზონის წარმოქმნისთვისაა საჭირო ჩვენ გარშემო არც ისე ხშირია. მაგრამ ეს ჩვენ გარშემო. აი, როდესაც თვითმფრინავით მაღლა ავდივართ, ვხვდებით, რომ დედამიწიდან მოშორებით, მაღალ სივრცეებში არის შრეები, სადაც ელვა ხშირია. ელვა კი არაფერია თუ არა ძლიერი ელექტრული განმუხტვა. ამ პირობებში ოზონი ბუნებრივად წარმოიქმნება ატმოსფეროში.

ატმოსფეროს ზედა შრეებში შესაბამისი პირობებია ოზონის წარმოქმნისთვის - ელვა (ძლიერი ელექტრული განმუხტვა) ჟანგბადის სამ ატომს აერთებს და ოზონს წარმოქმნის

ჟანგბადის მოლეკულა საკმაოდ მდგრადია და ჩვეულებრივ პირობებში არ იშლება. ბუნებაში. ოზონის მოლეკულა კი ძალიან არამდგრადია და ადვილად იშლება. ბუნებრივად წარმოქმნილი ოზონი დედამიწიდან 15-30 კმ-ის სიმაღლეზე გროვდება და პლანეტის გარშემო ქმნის თხელ შრეს. ახლა, ყველაზე მთავარი - ოზონს ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს, ის შთანთქავს ულტრაიისფერ გამოსხივებას. უფრო დეტალური ინფორმაცია თუ რა არის ეს, შემდეგ ბლოგშია მოცემული, მაგრამ მჯერა, რომ ყველას გაგვიგია - დიდი ოდენობით ულტრაიისფერი გამოსხივება უბრალოდ კლავს, ზედმეტი კი კანს წვავს და შემდეგ რუჯავს. სიცოცხლის წარმოშობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ასეული მილიონობით წლის წინ, დედამიწის გარშემო 15- 30 კმ სიმაღლეზე ოზონის შრე წარმოიქმნა. ასე „ბედნიერად“ ვცხოვრობდით ასობით მილიონი წელი მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე. ტექნოლოგია წინ მიდიოდა და სწორედ ამ პერიოდში განვითარდა მაცივრებისა და აეროზოლების ინდუსტრია. მათი გამართული ოპერირებისთვის კი სპეციალური ნივთიერებები, ე.წ. ქლორ-ფტორ-ნახშირწყალბადები (ე. წ. ქფნ) იყო საჭირო. ცხადია, ქფნ-ების წარმოებამაც არ დაახანა და წარმოიდგინეთ, 30-იანი წლებიდან წარმოებული მაცივრების (სახლისა თუ ინდუსტრიისთვის საჭირო), აეროზოლებისა თუ ქიმიური წმენდის დანადგარების და მათთვის საჭირო ქფნ-ების რაოდენობა. წარმოუდგენელი ციფრია! ახლა მთავარი - ხომ გახსოვთ, ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ოზონს, ჟანგბადისგან განსხვავებით, აქვს ერთი თვისება - ის ძალიან არამდგრადია და მალე იშლება. ქფნ-ებს კი აღმოაჩნდათ ოზონის სწრაფი დაშლის უნარი. ამიტომ, ქფნ-ებს ოზონის დამშლელ ნივთიერებებსაც (Ozone Depleting Substances, ODSs) უწოდებენ. ODS-ებმა კი უკვე 30-იანი წლებიდან დაიწყეს ჩვენი დამცავი ოზონის შრის აგრესიული დაშლა. ოზონის შრემ დაიწყო შეთხელება და მოხდა დრამატული რამ - მომაკვდინებელმა ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, რომელსაც ჩვენი ოზონი შთანთქავდა, შრეში იმაზე მეტად „გამოპარვა“ დაიწყო, ვიდრე ეს ჩვენი უსაფრთხოდ ცხოვრებისთვისაა საჭირო. მართალია, ჩვენამდე მოსულ ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობას არ მიუღწევია იმ ნიშნულამდე რომ სიცოცხლე ერთიანად მოესპო, მაგრამ შემოიჭრა იმ საკმარისი რაოდენობით, რომ დაიწყო ძალიან არასასურველი პროცესები დედამიწაზე - სასოფლო-სამეურნეო ნარგავების დაზიანება და ბევრ რეგიონში ისედაც გამეფებული შიმშილობის კიდევ უფრო „წახალისება“, ბიომრავალფეროვნების შემცირების ხელშეწყობა და, რაც მთავარია, ადამიანზე მავნე ზეგავლენა. სწორედ 70-იანი წლების შუიდან შეამჩნიეს მეცნიერებმა, რომ კანის სიმსივნეების რაოდენობამ, რომელიც მანამდე ჩვეულებრივ, სტანდარტულ სტატისტიკაში ჯდებოდა, მთელ მსოფლიოში სწრაფად იმატა.

სხვადასხვა შრები დედამიწის გარშემო სხვადასხვა სიმაღლეზე

„იცი რა, აი რაღაც ლაქა მქონდა რა ამ ადგილას, - ლოყის ზედა ნაწილზე, უფრო ჰაიმორის ადგილას იდებს ხელს ზურა, - პიგმენტური ლაქააო ადრე, ბავშვობაში მითხრა ექიმმა. იქნებოდა ასე უჯრედებიანი რვეულის ორი უჯრის ტოლი. არ მითხრეს მაშინ, რო მზეს უნდა ვერიდო. ერთი კისერზე მქონდა კიდევ, უფრო პატარა და ერთიც ბარძაყზე, შიგნიდან, ნუ… იმასთან ახლოს რა (უხერხულად იცინის). მოკლედ, ხალიანი ვარ“. ზუსტად არ იცის ეს თანდაყოლილია თუ ზრდასრულ ასაკში შეძენილი, თუმცა ოჯახის წევრებმა ბავშვობაშივე მიაქციეს ყურადღება. მისი ლაქებისა თუ ხალების (აკადემიურად ნევუსი ქვია) ფორმა, ზურას თქმით, ასიმეტრიული იყო, თითქოს დაკბილული არათანაბარი კიდეები ჰქონდა. თინეიჯერობის ასაკიდან ასეთი ინტენსივობით დასხივებამ (ზღვა, გუდაური) კი ამ ნევუსებს ფერი შეუცვალა და ნელ-ნელა სულ უფრო გახშირდა ქავილი, წვა და ოდნავ ტკივილიც, განსაკუთრებით კისრის მიდამოში. რაც შემდეგ მოხდა, გასაოცრად დაემთხვა სამედიცინო სახელმძღვანელოებში აღწერილ ქრესტომათიულ შემთხვევებს: სამივე ნევუსი ჩამოყალიბდა მელანომად და გაიზარდა ორი მიმართულებით: კანის ზედაპირის პარალელურად და ღრმად კანქვეშა ქსოვილებში. სამედიცინო ლიტერატურა კი, ზურასთვის ძალიან უსიამოვნოდ და შეუბრალებლად ამბობდა - რაც უფრო ღრმად ვრცელდება სიმსივნური უჯრედები, მით უფრო მეტად მძიმეა პროგნოზი! სასწრაფოდ გადააფრინეს ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში. საქართველოში მიღებული ანალიზების პასუხი 100%-ით დადასტურდა. „უცებ დაიწყო ჩემი შეჭმა“ - ტრაგიკული ხმით ამბობს ზურა და სახეში მიყურებს. ცხადია, გული გამეგლიჯა, მაგრამ არცერთი წამით არ დამიკარგავს ჩემი მყარი რწმენა - დღეს, 21-ე საუკუნეში, უკვე 10-15 წელია მაინც, სიმსივნე აღარაა სასიკვდილო განაჩენი! უბრალოდ, ძალიან მძიმე დაავადებაა, რომელსაც უნდა გაუმკლავდეთ შენ და მედიცინა. ამიტომ, სულაც არ მქონია ყალბად მშვიდი სახე.

მელანომა საკმარისად ვერაგი რამ არის. ნევუსი ხანდახან ავთვისებიანი ხდება და სწრაფად იწყებს გავრცელებას.

„ჰოდა, დაიწყო მეტასტაზირება, გაჭირვებისა და გაქცევის ამბავში ეს ტერმინები მაგრად ვისწავლე, - აგრძელებს ღიმილით, - ამბობენ, კისრის ლიმფურ კვანძებშიაო და კანის ქსოვილებშიო. მეტასტაზები შეიძლება ყველა ორგანოში გავიდესო, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ფილტვებში, ღვიძლში, თავის ტვინსა და თირკმელშიო. ჰოდა, ახლა მთავარია ამ შინაგან ორგანოებში არ გავიდეს, თორემ დამატებითი ოპერაციები დამჭირდება…“ აღარ მინდა მისი მეტად შეწუხება და ვცდილობ ოზონზე დაველაპარაკო. რაღაცები კი წაკითხული ჰქონდა, მაგრამ მაინც ბევრი რამ არ ესმოდა. სიამოვნებით მისმენდა. ერთი საინტერესო კითხვაც დამისვა - გვეშველება რამე? და ცხადია, მრავლობითში დასმული კითხვა უკვე ეგოისტური არ იყო. ის პლანეტას გულისხმობდა.

ალბათ, ეს კითხვა მკითხველსაც გაუჩნდა. ბევრი რომ არ გაწვალოთ, პირდაპირ გაგცემთ პასუხს - დიახ! შეიძლება ითქვას, რომ ცოტათი უკვე „გვეშველა“. NASA, რომელიც ოზონის „ხვრელის“ მონიტორინგისა და ანალიზის მსოფლიოს წამყვანი სააგენტოა, იუწყება, რომ ოზონის შრემ ნელ-ნელა აღდგენა დაიწყო და თუ დამცავი ღონისძიებები იმავე ინტენსივობით გაგრძელდა, პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება 2050 წლისთვის. დამცავი ღონისძიებებიო? - ჩამეკითხა ზურა - კი მაგრამ, რამით დავიცავით თავიო? შემდეგ ბლოგში მოთხრობილია საინტერესო ამბავი, თუ როგორ შეძლო ადამიანების კონსოლიდაციამ უდიდესი კატასტროფის თავიდან აცილება, თუმცა, სამწუხაროა, რომ ამ წარმატებულ ისტორიას ნაკლებად ვიცნობთ. ჩვენ ხომ ნეგატიური ამბები უფრო გვხიბლავს, ვიდრე პოზიტიური. მთავარი კი ისაა, რომ მთავრობები დარწმუნდნენ რადიკალური ზომების მიღების აუცილებლობაში. საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე (ე.წ. „მონრეალის ოქმი“), რომელსაც მსოფლიოს უმრავლესი მთავრობის მიერ მოეწერა ხელი 1987 წლის 16 სექტემბერს) აიკრძალა ოზონის შრის დამშლელი უამრავი ნივთიერების წარმოება და მოხმარება. ამ ოქმს საქართველოც შეუერთდა 1996 წელს. მართალია, ჩვენ ოზონდამშლელი ნივთიერებების მწარმოებლები არ ვართ, მაგრამ მათ მოვიხმარდით და ახლაც კი მოვიხმართ (ცოტას, მაგრამ მაინც). ძალიან სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ შენი ქვეყანაც გლობალური ინიციატივის თანასწორი პარტნიორია, თუმცა ეს სხვა ბლოგის საკითხია, სადაც მეტადაა გაშლილი საქართველოს როლის შესახებ ოზონის შრის დაცვის საქმეში. აქ კი, ჩვენდა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ ინდუსტრიულმა ქვეყნებმა პირნათლად დაიცვეს შეთანხმება და წლების განმავლობაში მართლაც მოხდა ამ ნივთიერებების წარმოების მნიშვნელოვნად შემცირება. შედეგმაც არ დააყოვნა და ოზონის შრემ ნელ-ნელა, მეთოდურად, წლიდან წლამდე დაიწყო აღდგენა.

NASA-ს მიერ წლების მანძილზე ერთი და იგივე წერტილში გადაღებული დედამიწის სურათები ოზონის შრის მდგომარეობის დინამიკას თვალნათლივ ასახავს.

მიუხედავად იმისა, რომ სასიხარულო დადებითი ტენდენცია პრინციპში სახეზეა, მიუხედავად საერთაშორისო შეთანხმებების წარმატებით შესრულებისა, ოზონის შრის სრულ აღდგენას დრო ჭირდება, სულ ცოტა 22-ე საუკუნემდე მაინც. ეს გამოწვეულია ოზონის შრის დამშლელი სხვადასხვა ნივთიერების ხანგრძლივმოქმედი ეფექტით (ისინი აქტივობას დაახლოებით 100 წელი ინარჩუნებენ). მოკლედ, პრობლემა ჯერაც ბევრია, მაგრამ მისი მოგვარების არსებული ტემპი თუ არ დავარდა, ბოლოს ნამდვილად გვეშველება და ეს იქნება გლობალური კატასტროფის თავიდან აცილების ყველაზე წარმატებული მსოფლიო პროექტი. ცხადია, ეს მშვენიერია და იმედით გვავსებს, მაგრამ რა ეშველება ზურას და მილიონობით ადამიანს, რომელთა სიმსივნური დაავადებების ჩამოყალიბებას, მაღალი ალბათობით, სწორედ ოზონის ფენის შეთხელებამ შეუწყო ხელი? იქნებ, წლები რომ არ დაგვეკარგა 70-იანებში და დაგვეჯერებინა სამეცნიერო ფაქტებისთვის, დღეს ზურა ისევ იუმორით სავსე ბედნიერი თბილისელი ბიჭი ყოფილიყო?

მეცნიერება, და შედეგად მედიცინა, დიდი სისწრაფით მიიწევს წინ. მკურნალობის სულ ახალ-ახალი მეთოდები ჩნდება ოდესღაც „უკურნებელ სენად“ შერაცხული დაავადებების ამოსაძირკვად. მწამს, რომ ზურა კარგად იქნება. ისევ ხალისიან ადამიანად დაბრუნდება ისრაელიდან და მისი მიზანი, გახდეს წარმატებული ბიზნესმენი, ისევ დადგება დღის წესრიგში...

 

საინტერესო ამბები ოზონის შრეზე

როგორ დავიცვათ თავი?

ოზონის შრე - რა კეთდება საქართველოში?

სად მოვიძიო მეტი ინფორმაცია?

თეგები: 
ოზონის შრე
ჟანგბადი
Nature Magazine
ატმოსფერო
"კვლევები ამ ბლოგის მომზადებისთვის ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით"
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია