ბლოგები >
Hello darkness, my old friend!
 
ტბელ აბუსერიძე
GeoAstro
18.09.15
ირმის ნახტომი; კაკაბეთი, აპრილი, 2015; "გადაღება სულ არ ვიცოდი. ჯგუფის წევრი ლევან ვერძეული დამეხმარა - მასწავალა პარამეტრების დაყენება Canon D6-ზე. ცხადია, ფოტო წუნიანია, რაც სხვა დეფექტებთან ერთად ფოკუსზეც აისახა. თუმცა, სწავლის პროცესი მაინც ძალიან სასიამოვნოა" - ტბელ აბუსერიძე


რედაქტორის მინაწერი
სიამოვნებით წარმოგიდგენთ National Geographic საქართველოს ბლოგების რუბრიკა "NatGeo სტუდენტების" კონტრიბუტორ, ტბელ აბუსერიძეს. ტბელი 19 წლისაა და შავი ზღვის უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. ახლა ის მესამე კურსზეა. გატაცებულია ასტროფოტოგრაფიით და ლაშქრობებით. ამ სფეროებში საკმაო გამოცდილებაც დააგროვა და გვპირდება, რომ ჩვენი ვებსაიტის მუდმივი კონტრიბუტორი იქნება.


ცხრამეტი წელია ჩვენს სიცოცხლით სავსე დედამიწაზე ვცხოვრობ - „მკრთალ ლურჯ წერტილზე“ (როგორც კარლ სეიგანი უწოდებდა). ასტრონომიამ ბავშვობიდან გამიტაცა. მშობლების მითითებული მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ცოტა არ იყოს, მეზარებოდა; რატომღაც თვლიდნენ, რომ მეხუთე კლასში უკვე ქართველი კლასიკოსები უნდა წამეკითხა. მე კი დასურათებული ენციკლოპედიის ფურცვლა მიყვარდა...

ერთ მშვენიერ დღეს, მამამ მოიტანა ენციკლოპედია კოსმოსზე. აქედან დაიწყო ყველაფერი. ამ პირველი წიგნის გადათვალიერება Facebook-ის კედლის „სქროლს“ ჰგავდა. ჩქარ-ჩქარა ჩავუყვებოდი, რაც საინტერესოდ მიმაჩნდა და თვალში მხვდებოდა ვინიშნავდი, შემდეგ ვიწყებდი მის ძირფესვიან შესწავლას. მახსოვს, პირველად მაშინ გავიგე, რომ არსებობს საოცრად ლამაზი ფერადი რაღაც და ამ რაღაცას ნისლეული ჰქვია. თუმცა აღმოჩნდა, რომ მას ჩვენი თვალი ასე ადვილად ვერ აღიქვამდა, რადგან ფოტოგრაფიაში „ექსპოზიციის“ სახელით ცნობილი დაყოვნების უნარი, თვალს არ გააჩნია

ამან ვერ შემაკავა. პირველი უღრუბლო ცა და ჩემი გარეთ გავარდნა ერთი იყო. ამოვირჩიე ცის სპეციფიკური უბანი და მანამდე მივშტერებოდი, სანამ ცრემლები არ წამომივიდა, მაქსიმალურად შევეცადე დაყოვნებას, თუმცა ამაოდ. მერე გავიაზრე რას ნიშნავდა ფრაზა „შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია“. სოფელში ჩვენს ერთ ნათესავს ძალიან კარგი ტელესკოპი ჰქონდა, საბჭოური წარმოების. მე და მამა მასთან წავედით ცის „სანახაობების“ სანახავად. მთვარეს გავხედე და... კრატერების დანახვამ ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე ჩემი ახალდაბადებული ძმის ნახვამ საავადმყოფოში. მახსოვს ჩემი გულუბრყვილოდ დასმული შეკითხვა, შევძლებდი თუ არა ამერიკის დროშის დანახვას. კითხვა უპასუხოდ დატოვეს; დაიწყეს ჩემთვის უინტერესო მსჯელობა, საერთოდ დაჯდა თუ არა აპოლო მთვარეზე და ხომ არ იყო ეს „სანატრელი“ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა. მე კი დროშას ვეძებდი, არ მეცალა... უკვე 11-12 წლის ასაკში გადავწყვიტე შემეგროვებინა ფული და ამერიკულ ფილმებში ბავშვებს ოთახში რომ უდგათ, ისეთი ტელესკოპი მეყიდა (რატომღაც ისინი მასში არასდროს იხედებიან). ნანატრი დღე კი პირველი კურსის მიწურულს დადგა: მე ვიყიდე ტელესკოპი! ასტრონომიისადმი სიყვარულიც განმიახლდა. მივხვდი, რომ ვიყავი სრულიად უცოდინარი და დამწყები არა მარტო ასტრონომიაში, არამედ თავად ტელესკოპებთან მიმართებაშიც კი. ყველგან თან დამქონდა, ლაშქრობებში მივდიოდი და ტანსაცმლის მაგივრად ტელესკოპს ვტენიტი ჩანთაში, ყველა ჩემს მეგობარს ვახედებდი, თუმცა მაშინ ღამის ცაზე მეტად, მეზობლების საძინებლებს ვუთვალთვალებდი.

ერთ დღეს, ორიონის თანავარსკვლავედის მიდამოებს ვათვალიერებდი და უცებ რაღაც ნაცრისფერს მოვკარი თვალი. ხელახლა გავხედე და ჰოი, საოცრებავ! სრულიად შემთხვევით, ორიონის ნისლეულისთვის მიმიშვერია, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იმავე ღამეს M31-ანდრომედას გალაქტიკაც დავინახე, რა უნდა მეფიქრა?! საკუთარ თავს ვუთხარი: „ტბელ, ღმერთმანი, NASA-ში CV არ შეგიტანია ჯერ?“ პირველად აღმოჩენილი ციური სხეული პირველ ხელფასს ჰგავს, დახარჯვა რომ გენანება.

ორიონი; თბილისი, თებერვალი 2015; "ეს ჩემი პირველი ფოტოა, რომელიც დამოუკიდებლად დავამუშავე. გადაღებულია დავით დვალის ტელესკოპით (TS80APO) და ლევან ვერძეულის ფოტოაპარატით (Nikon D750). ფოტო იმით მომწონს, რომ დამუშავების თვალნათელმა დეფექტებმა, დათოს მისცა საშუალება ზუსტად მიეთითებინა ჩემთვის თუ რა უნდა გამეთვალისწინებინა შემდეგში.” - ტბელ აბუსერიძე

 

აღმოაჩენ და უყურებ, არ გინდა მოაშორო ტელესკოპი. ძალიან კი დამწყდა გული, ფერებს ვერ ვხედავდი... ჰოდა ვიყავი ასე, სანამ ჩემი მეგობრის, ლევან ბუთხუზის პოსტს არ გადავაწყდი: National Geographic საქართველო, გეგმავდა ინტერვიუს პირველ ქართველ ასტროფოტოგრაფ დავით დვალთან და მისი ფოტოების გამოქვეყნებას. გადავწყვიტე ამ პოსტზე გამეკეთებინა კომენტარი, გამიხარდა, რომ ამ სფეროში ვიღაც მუშაობდა. რაღაც მსუბუქი კითხვები დავუსვი დავითს, თუმცა მივხვდი ის პოსტი „საჩატაო“ ადგილი არ იყო. შევწყვიტე წერა. უცებ ვკითხულობ ლევანის მიმართვას: „დვალ, მიაქციე რა ყურადღება“. ამ ფრაზას წამში „Like” მივეცი... დავით დვალი დაეთანხმა. ამის შემდეგ გავხდი მისი „ფეისბუქ-მეგობარი”; მივწერე და ვკითხე ყველაფერი, რაც მაინტერესებდა. ისიც დაუზარებლად მიხსნიდა. აშკარად ასტროფოტოგრაფიისთვის სპეციფიკური ტერმინოლოგიით მესაუბრებოდა. 10 სიტყვიდან მხოლოდ ორს ვიგებდი და ისიც მხოლოდ ტელესკოპი და ლინზა იყო. პირადად უნდა შევხვედროდი. მითხრა, ბათუმიდან როცა ჩამოხვალ მოდიო.

დამავიწყდა მეთქვა - იურიდიულზე ვსწავლობ. არ გაგიკვირდეთ, შინაგან სურვილებს ხომ ვერაფერს უზამ. ჩავედი თუ არა თბილისში, სადგურიდან ტაქსისი ჩავჯექი და წავედი „ვაკის ობსერვატორიაში“, სადაც ახლად შემოკრებილი (შემდგომში ჩემი ძალიან ახლო მეგობრები) ადამიანები დამხვდნენ, ჩემი ასაკის და ჩემზე დიდებიც. გამიხარდა, რადგან, ჯგუფში იყვნენ ასტრონომიის კარგი მცოდნე, ჩემი თანატოლი ბექა მამუკაშვილი, დავით დვალი და გამოცდილი ფოტოგრაფი ლევან ვერძეული. პირველ დღეს მხოლოდ ის გავიგე, რომ დათო დვალის საუბრიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო. უბრალოდ, ამ სფეროში „ტყემალზე ვისხედით” და არა იმიტომ, რომ დათომ ცუდად აგვიხსნა. დათო დამეხმარა, წიგნი მომცა - „Long exposure astrophotography – Allan Hall”. დავიწყე კითხვა. რასაც ვერ ვიგებდი - ვთარგმნიდი. ფაქტობრივად, ეს წიგნი ჩემი ორგანული ნაწილი გახდა - ხშირად მასში ფულსაც კი ვინახავდი. დროთა განმავლობაში ყოველი ჩვენგანი ჩამოყალიბდა კარგ, დამწყებ ასტროფოტოგრაფად და სამოყვარულო დონეზე ამ საქმის თეორიულ მცოდნედ.

დავიწყეთ გასვლები. მათზე მომდევნო ბლოგებში გიამბობთ. ვისაც აინტერესებს ასტროფოტოგრაფია და ასტრონომია, მისთვის ჩვენი კარი ღიაა. თუმცა, ჩვენს ჯგუფს ასტრონომიული კამერების მსგავსი ფილტრი აქვს: პასიურობა ნიშნავს ჯგუფიდან ავტომატურად გასვლას. ხშირად დავდივართ კაკაბეთში, საგურამოში, გომბორზე და სხვა მცირედ ბნელ-ბნელ ადგილებში; ვამოწმებთ სიბნელის ხარისხს და ვეძებთ უკეთესს; ვუღებთ ფოტოებს მშვენიერი ცას და ე.წ. Deep space object-ებს.

ყოველი ახალი შეხვედრა ავტომატურად ახლის გაგებაა და ერთი დღის ჩაგდებაც კი ინფორმაციულ ჩამორჩენას ნიშნავს. აი, ასე დაიწყო ჩემი კავშირი ასტრონომიასთან, რომელიც ალბათ ძალიან დიდხანს გაგრძელდება.

ცხენისთავი; თბილისი, თებერვალი 2014; “გადაღებულია დათო დვალის მიერ. მე მხოლოდ დამუშავებაში ვმონაწილეობდი და ჩემ მიერ დამუშავებული ეს ფაილიც “არ წყვეტს ციდან ვარსკვლავებს”. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ დამწყებისთვის მაინც კარგი გამოვიდა და გამოცდილ ასტროფოტოგრაფთა ვერდიქტმა - მშვენიერიაო - ფრთები შემასხა”. - ტბელ აბუსერიძე
თეგები: 
ბლოგი
NatGeo სტუდენტები
ასტროფოტოგრაფია
ასტრონომია
კოსმოსი
ნისლეული
ტელესკოპი
NASA
National Geographic საქართველო
დავით დვალი
ობსერვატორია
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია