ბლოგები >
იარსებოს თუ არა ზოოპარკებმა?
ლევან ბუთხუზი
Shutterstock Images
01.07.15
დიდი პანდის ბელი. მე-20 საუკუნის შუა წლებში დიდი პანდა, კატასტროფულად მაღალი დონის ბრაკონიერობის გამო, განწირულ სახეობად გამოცხადდა. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ლიდერობით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ზოოპარკებმა ფასდაუდებელი როლი ითამაშეს მის გადარჩენაში. ახლა, ჯერ კიდევ იშვიათი ეს სახეობა განწირული აღარაა. პანდის არეალი და საბინადრო გარემო: დასავლეთ ჩინეთის ბამბუკის ტყეები; კონსერვაციული სტატუსი: გადაშენების პირას მყოფი; რაოდენობა ბუნებაში: მხოლოდ 1826 ინდივიდი.


დიდი პანდის ბელს, როგორც ყველა ჩვილს, რძის სუნი ასდის, თვალით ფოკუსს ვერ ასწორებს და საოცარი ხმით ღრუტუნებს.

„სახესთან არ მიიტანოთ და გულში არ ჩაიკრათ, ცოტა გასწიეთ თქვენგან და ისე დაათვალიერეთ”, - მითხრა ვაშინგტონის ზოოპარკის თანამშრომელმა, როდესაც ეს საოცრება ხელში მომაწოდა. მანამდე ხელთათმანები ჩამაცვეს და პირბადე გამიკეთეს. „ჯანმრთელი ვარ, არაფერი გადამედება”, - ვუპასუხე ირონიულად. ირონიაზე სარკაზმით მიპასუხა, თქვენი ჯანმრთელობა არ მაწუხებს, ბელს არაფერი გადასდოთო. პაუზის შემდეგ, ცოტა გაღიზიანებულმა დამამადლა - „თქვენი ორგანიზაციის მადლობელი იყავით, რომ აქ შემოსვლის უფლება მოგცეს. 5 წუთი გაქვთ”. უნდა ვაღიარო, რომ National Geographic-ში მუშაობას მართლაც აქვს გარკვეული პრივილეგიები. ეს რომ არა, ცხოვრებაში არავინ მომცემდა უფლებას სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ძუძუმწოვრის პატარა ხელში ამეყვანა. განცდა კი, მართლაც დაუვიწყარი იყო. ეს სრულიად გამაოგნებელი ცხოველი თვალების დონეზე ავწიე და დავფიქრდი - მსოფლიოში, ზოოპარკებს რომ ველური ბუნების კონსერვაციის პროგრამა არ ჰქონოდათ, ეს სახეობა უბრალოდ აღარ იარსებებდა. და ეს ხატოვანი გამოთქმა არ არის. მართლა აღარ იარსებებდა!

სუმატრული ორანგუტანის ნაშიერი ზოოპარკში. სუმატრაზე ტყეების კატასტროფულმა ჩეხამ და ცხოველზე ბრაკონიერობამ თითქმის სრულად მოსპო ეს ქვესახეობა. დღეს, ძირითად გენოფონდს მსოფლიო ზოოპარკების ქსელი ინახავს, რადგან მიჩნეულია, რომ ველური პოპულაციის სიცოცხლისუნარიანობა უკვე კრიტიკულად დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა. არეალი და საბინადრო გარემო: დღეს შემორჩენილი კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ პროვინციის ტროპიკული ფართოფოთლოვანი ტყეები; კონსერვაციული სტატუსი: გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი; რაოდენობა ბუნებაში: მხოლოდ 7000 ინდივიდი.

 

კითხვა - უნდა იარსებოს თუ არა ზოოპარკმა - ყოველთვის ისმებოდა, თუმცა დღეს, თბილისის სტიქიის ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოში. როგორც ყოველთვის, საზოგადოება სამ ნაწილადაა დაყოფილი: მომხრები, მოწინააღმდეგენი და ისინი, ვისაც ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ. თუმცა, საკითხი იმდენად სპეციფიკურია, რომ ძნელია გამართული მოსაზრება გქონდეს ადამიანს.

მსოფლიოში არსებობს მრავალი სამხეცე, რომელიც თავის თავს ზოოპარკს უწოდებს. ისინი, სამწუხაროდ, უფრო განვითარებად ქვეყნებში გვხვდება. შევთანხმდეთ, რომ ჩვენთვის ზოოპარკი და სამხეცე, სადაც ცხოველი გაუსაძლის პირობებშია, სხვადასხვა რამ არის და ამ ბლოგში ჩვენ სამხეცეებს არ მიმოვიხილავთ. ისინი არ უნდა არსებობდნენ და მორჩა!

ასევე, ფუნდამენტური განსხვავებაა ცირკსა და ზოოპარკს შორის. ზოოპარკებში ცხოველებს პრაქტიკულად არასდროს წვრთნიან და პუბლიკისთვის ტრიუკებს არ აკეთებინებენ. ამ ბლოგში ასევე არ ვეხებით ცირკებს.

აქ ვიხილავთ დაწესებულებას, რომელსაც აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც აკმაყოფილებს ევროპის (EAZA) ან მსოფლიო ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციების (WAZA) მიერ დადგენილ შემდეგ მინიმალურ წესებს:

1. ზოოპარკს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი საკვების ნორმები თითოეული სახეობისთვის
2. ზოოპარკს უნდა ჰქონდეს საკვების მიწოდების გამართული მენეჯმენტი
3. ზოოპარკს უნდა ჰქონდეს თითოეული სახეობისთვის და ინდივიდთა რაოდენობისთვის საჭირო სპეციფიკური ვოლიერები, რომელთა ფართობი სწორედ ამ სახეობის ცხოველზეა მორგებული და მისი ნირის შესაბამისადაა გამდიდრებული სხვადასხვა საგნებით (ანუ ახლოს ბუნებრივ პირობებთან), რომ ცხოველმა არ მოიწყინოს, არ დაავადდეს და საჭიროების შემთხვევაში, ნორმალურად გამრავლდეს.

შავი მარტორქის ნაშიერი. 1961 წელს შავი მარტორქა განწირულად გამოცხადდა. დღეს, გადაშენების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაა სამყაროში. მსოფლიო ზოოპარკების ქსელის საშუალებით, შენარჩუნებულია გარკვეული გენოფონდი, თუმცა, ბუნებაში ჯერ კიდევ სავალალო მდგომარეობაა - უმოწყალოდ ხოცავენ შავ ბაზარზე რქის მოთხოვნილების გამო. არეალი და საბინადრო გარემო: ცენტრალური აფრიკის სავანები და ტროპიკული ტყეები; კონსერვაციული სტატუსი: გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი; რაოდენობა ბუნებაში: დაახლოებით 4800 ინდივიდი.

 

ცნობისთვის, საქმეში ჩაუხედავ მკითხველს, შესაძლოა, მოეჩვენოს, რომ, მაგალითად ლომს, სჭირდება უზარმაზარი ვოლიერი, ხოლო მგელს, ზომით გაცილებით მცირეს კი მცირე. ეს არ არის მართალი და აქ, სწორედაც რომ, სახეობის ცხოვრების ნირია გასათვალისწინებელი. ლომი ბუნებაში დღე-ღამის დიდ ნაწილს ძილში ატარებს და საკმარისად „ზანტია”, როდესაც მგელი პრაქტიკულად სულ მოძრაობაშია. ამიტომ, ლომი შედარებით მომცრო ვოლიერშიც „კმაყოფილია”, ხოლო მგელს, პირიქით, შედარებით დიდი სივრცე სჭირდება. კვებისას კი, საჭიროა ყველა მტაცებელმა საკვები მოიძიოს (ნადირობის იმიტაცია). ამისთვის ზოოპარკმა უნდა უზრუნველყოს ხორცის (თუ მტაცებლებზეა საუბარი) დამალვით ან სხვა დაბრკოლებებით მიწოდება. იაგუარებსა და ლეოპარდებს, მაგალითად, ხორცს ჭერზე უკიდებენ ხოლმე. ასე ვთქვათ, საქმეს ურთულებენ, რომ ცხოველმა „იწვალოს”, იხტუნოს, „თავს დაესხას” ხორცის ნაჭერს და ბუნებრივი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს. მაიმუნებს საკვებს უმალავენ და იარაღებს აძლევენ, რომ საკვების მოპოვება მაქსიმალურად იყოს დაახლოებული ბუნებრივ პირობებთან. ძალიან მნიშვნელოვანია თამაში (ზრდასრულთათვისაც კი). ამისთვის გამოიყენება ბევრი უსაფრთხო საგანი. მაგალითად საბურავები და მორები კატისებრებისთვის - საბურავები სათრევად და მორები სამალავად ერთმანეთზე „თავდასხმისთვის” რაც ნადირობის იმიტაციაა და კატებს ასეთი თამაში ძალიან უყვართ. მაიმუნებისთვის, ცხადია, გაბმული თოკებია მნიშვნელოვანი, დათვებისთვის მორები და აუზები და ასე შემდეგ.

აფთრისებრი ძაღლის ლეკვი. ეს საოცრად ინტელექტუალური ცხოველი ეკოლოგიურად, თითქოს მგლის ანალოგია აფრიკაში. საარსებო გარემოს შემცირების გამო, მისი პოპულაცია მუდმივად იკლებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ზოოპარკების მსოფლიო ქსელი მათი გადარჩენის საქმეში ჩაერთო. თბილისის ზოოპარკს გენოფონდის შენახვაში წვლილი შეჰქონდა. სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი ინდივიდები შეიწირა. არეალი და საბინადრო გარემო: სამხრეთი და სამხრეთ აღმოსავლეთი აფრიკის სავანები; კონსერვაციული სტატუსი: გადაშენების პირას მყოფი; რაოდენობა ბუნებაში: სულ 5500 ინდივიდი.

 

თბილისის ზოოპარკი, არსებული ფინანსების, სივრცისა და ინფრასტრუქტურის პირობებში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა ამ სტანდარტების დაცვას, რის გამოც ის სწრაფად გახდა ევროპული ასოციაციის (EAZA) წევრობის კანდიდატი და ისეთი პასუხისმგებლობებიც კი ანდეს, რაც მხოლოდ წევრების პრეროგატივაა.

და მაინც, უდავოდ არსებობს ძლიერი არგუმენტი იმისა, თუ...

რატომ არ უნდა იარსებოს ზოოპარკებმა.
ეს მოსაზრება ჰუმანურ საწყისებს ეფუძნება. ამ მოსაზრების მხარდამჭერი ადამიანები თვლიან, რომ არაბუნებრივ, ტყვე გარემოში ნებისმიერი ცხოველის ყოლა გაუმართლებელია. ხშირად, ადამიანები ზოოპარკებს სამხეცეს ან ცირკს ადარებენ. ხშირად, მას სადიზმის პროპაგანდის მანქანად მოიხსენებენ. როგორი დრამატული სიტყვებითაც არ უნდა იყოს დამძიმებული, არგუმენტი სავსებით გასაგებია:

ტყვეობა ცუდია და არცერთი ცხოველი მას არ იმსახურებს!

სუმატრული სპილოს ნაშიერი - მიუხედავად იმისა, რომ ინდური სპილოს ამ ქვესახეობას პატარა ეშვები აქვს, ეს საკმარისი აღმოჩნდა ბრაკონიერებისთვის, რომ ველური პოპულაცია თითქმის სრულიად მოესპოთ. სუმატრული სპილო ზოოპარკებშიც კი დიდი იშვიათობაა. არეალი და საბინადრო გარემო: კუნძულ სუმატრას ტროპიკული ტყეები; კონსერვაციული სტატუსი: გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი; რაოდენობა ბუნებაში: სულ 2800 ინდივიდი.

 

ამას ემატება ეკონომიკური არგუმენტიც - მსოფლიოში არ არსებობს სრულფასოვანი დიდი ზოოპარკი, რომელიც მომგებიანი იქნება ან თუნდაც თავის თავს შეინახავს. მაშ, რატომ უნდა ხარჯოს სახელმწიფომ თუ ქალაქმა გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან რეგულარულად ამოღებული უზარმაზარი თანხები ზოოპარკის აშენებასა და შენახვაზე?

ბუნებრივია, ზოოპარკებს მხარდამჭერებიც ჰყავს და მათ თავიანთი არგუმენტაცია აქვთ, თუ…

რატომ უნდა იარსებონ ზოოპარკებმა.
ქართველები არ ვართ განებივრებულები მსოფლიო, გლობალური მნიშვნელობის მქონე რაიმე საქმეში მონაწილეობით. არ გამიკვირდება, რომ ბევრმა ჩვენგანმა არც იცოდეს - თბილისის ზოოპარკი სწორედ რომ გლობალური მნიშვნელობის საქმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და თავისი სიტყვა ეთქმოდა ამ მასშტაბებზე. ახლა რაშია საქმე.

სამყაროში ძალიან ბევრი სახეობა გადაშენების პირასაა მისული ბრაკონიერობის და/ან საარსებო გარემოს შემცირების გამო. ყველამ იცის, რამდენი ფული და ძალისხმევა იხარჯება ამ სახეობების დაცვასა და აღდგენაზე სამყაროს მასშტაბით. სამწუხაროდ, არსებობენ სახეობები, რომლებიც სულ თითზე ჩამოსათვლელები დარჩნენ ბუნებრივ გარემოში და ბუნებაში მათი დაცვითი ღონისძიებები უკვე აღარაა ეფექტური. მე-20 საუკუნის შუაში უკვე ყველამ გააცნობიერა, რომ ბევრი სახეობა განწირულია და მათ ვეღარაფერი გადაარჩენს. სწორედ აქ გამოჩნდა გამართული ზოოპარკების (და არა სამხეცეების ან ცირკების) უმნიშვნელოვანესი როლი. ზოოპარკების მსოფლიო ქსელი აღმოჩნდა ერთადერთი სტრუქტურა, რომელმაც ამ სახეობების გენოფონდი შეინახა, როგორც საკუჭნაოში. სწორედ მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება ზოოპარკების, როგორც გასართობი ცენტრების ფუნქციის მეორე პლანზე გადაწევა და წინ მოდის მათი უმთავრესი ფუნქცია - კონსერვაცია, ანუ ვალდებულება გადაარჩინონ პლანეტის უიშვიათესი სახეობები.

ამურული (შორეული აღმოსავლეთის) ლეოპარდის ბოკვერი ზოოპარკში. ეს პრაქტიკულად განწირული ქვესახოებაა ბუნებაში არასიცოცხლისუნარიანი პოპულაციის გამო. პოპულაცია ამ დღეში ბრაკონიერობამ ჩააგდო. ზოოპარკების როლი მის გადარჩენაში გადამწყვეტი იქნება. არეალი და საბინადრო გარემო: რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ტყიანი ზოლი; კონსერვაციული სტატუსი: გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი; რაოდენობა ბუნებაში: დარჩა სულ 60-მდე ინდივიდი.

 

მე-20 საუკუნის შუაში, დიდი პანდა განწირულ სახეობად გამოცხადდა. ვეღარაფრით ხერხდებოდა მათი ბუნებაში დაცვა და კაცობრიობა ფაქტობრივად დაემშვიდობა ამ საოცარ ცხოველებს. და აი, სწორედ აქ იმარჯვეს ზოოპარკებმა. ჩინეთიდან გამოთხოვილმა ბოლო ინდივიდებმა ჯერ ჩინეთის გარეთ ზოოპარკებში შექმნეს სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია და შემდეგ თავად ჩინეთის ზოოპარკებმაც დაიწყეს მათი გამრავლება. პარალელურად, ჩინეთის მთავრობამ თითქმის ამოძირკვა ბრაკონიერობა პანდას ბუნებრივ ადგილსამყოფელში და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (რომელთა ლიდერია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, იგივე WWF) დახმარებით, მსოფლიო საგანმანათლებლო და აღდგენითი ღონისძიებები დანერგა. ახლა პანდებს უკვე გადაშენების საფრთხე აღარ ემუქრებათ, თუმცა დღემდე მაინც ერთ-ერთ უიშვიათეს სახეობას განეკუთვნება! მთავარია, რომ სახეობა დიდი პანდა გადარჩა!

უამრავ სხვა უიშვიათეს და მნიშვნელოვან სახეობებზე, იქნებიან ისინი თევზებიდან, ამფიბიებიდან, ქვეწარმავლებიდან თუ ფრინველებიდან, არ გავამახვილებ ყურადღებას. ასევე, არ შეგაწყენთ თავს უამრავი ძუძუმწოვარი სახეობის ტრაგიკულ ბედზე. მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ, რომლებიც დღეს ისეთივე საშინელ დღეში არიან, როგორშიც ოდესღაც პანდა იყო და მათი გადარჩენა პრაქტიკულად მხოლოდ ზოოპარკებს შეუძლიათ. ესენია ამურული (შორეული აღმოსავლეთის) ლეოპარდი, სუმატრული სპილო, იავური მარტორქა, გორილების ორი სახეობა (მთის და ბარის), უსურიის ვეფხვი, ფართეცხვირა ლემური, სუმატრული ორანგუტანი თუ შავი მარტორქა. სიის გაგრძლება შეიძლება, მაგრამ ეს ის ძუძუმწოვრებია, რომელთა ინდივიდები ბუნებაში უკვე „თითზე ჩამოსათვლელები” დარჩნენ და ფაქტობრივად განწირულები არიან. მათი ბედი, ლომის წილად, ზოოპარკების ხელშია!

უსურიის ვეფხვის ბოკვერი ზოოპარკის იზოლატორში: არეალი და საბინადრო გარემო: რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ტყიანი ზოლი, ჩინეთ-რუსეთის საზღვარი, შესაძლოა ჩრ. კორეის მცირე ტერიტორიაც; კონსერვაციული სტატუსი: გადაშენების პირას მყოფი; რაოდენობა ბუნებაში: სულ 400 ინდივიდი.


მავანი იტყვის: იშვიათი სახეობების აღდგენაში მათი როლი გასაგებია. მაშ, რატომღა ჰყავთ ზოოპარკებში გლობალურად არაიშვიათი სახეობები (მაგ. ლომი, დათვი, მგელი, ირემი)? ნუთუ, არ შეიძლება მათ მივანიჭოთ თავისუფლება?

არგუმენტი, ერთი შეხედვით, გამართულია და ლოგიკური. თუმცა, აქაც არის სპეციფიკა, რომელიც საქმეში ჩაუხედავ მკითხველისთვის, სამწუხაროდ, უცნობია.

პირველი - ხშირად, სახეობა გლობალურად არ არის გადაშენების პირას, მაგრამ კონკრეტული სახელმწიფოს უკუღმართობის გამო, ამ ქვეყანაში გაქრობის წინაშე დგას. ამის საუკეთესო მაგალითია კეთილშობილი ირემი. ევროპა „მიაქვს” ირემს. ისინი ყველგან არიან. საქართველოში კი, ირემი მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალშია რამდენიმე შემორჩენილი და იმდენად ცოტაა ბორჯომ-ხარაგაულსა თუ გარდაბანში, რომ სიცოცხლისუნარიანი პოპულაციისთვის სათვალავში ჩასაგდებიც კი არაა. პარადოქსია, მაგრამ ასეა! ირემი, ფაქტობრივად, საქართველოს პანდაა! აგრეთვე, 80-იან წლებში, იმავე მიზეზით (ბრაკონიერობა) მოვკალით საქართველოს ბოლო ჯეირანი. არადა, ეს გრაციოზული ცხოველი არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოს ჩვეული მშვენება იყო. აქაც, ბუნებაში მათი აღდგენა (თუ ოდესმე ბრაკონიერობას და საარსებო გარემოს შემცირებას სახელმწიფო სერიოზულად მიხედავს) ისევ ზოოპარკების, როგორც ერთ-ერთი (თუმცა, ცხადია არა ერთადერთი) მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალების გამოყენებით მოხდება.

ფართოცხვირა ლემურის ნაშიერი. მადაგასკარის ეს უიშვიათესი ენდემი პრაქტიკულად გადაშენებულია. მსოფლიოს ზოოპარკებში უფრო მეტი ინდივიდია (150) ვიდრე ბუნებაში. არეალი და საბინადრო გარემო: მადაგასკარის ტროპიკული ტყეები; კონსერვაციული სტატუსი: გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი; რაოდენობა ბუნებაში: მხოლოდ 60 ინდივიდი.


მეორე - იშვიათი სახეობების შენახვა ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ვერცერთი გამართული ზოოპარკი მომგებიანი ვერაა და ტრადიციულად ქალაქების ბიუჯეტებს აწევს. ზოოპარკი უნდა ეცადოს, რომ როგორმე დოტაციური ხარჯები შეამციროს, რადგან თუ უსაშველოდ ძვირი დაჯდა, მას ბოლო-ბოლო დახურავენ. ამიტომ, ზოოპარკში ჰყავთ ე.წ. „კომერციული ვარსკვლავები”, რომლებიც ხშირად კონსერვაციას არ საჭიროებენ, მაგრამ ისინი ხალხს იზიდავენ. რიგით დამთვალიერებელს არ აინტერესებს მხოლოდ გადაშენების პირას მყოფი სახეობები და ეს გასათვალისწინებელია (თუ ეს მაინცდამაინც უსურიის ვეფხვი ან პანდა არაა).

„სამწუხაროდ, დამთვალიერებლისთვის ლომი უფრო მიმზიდველია, ვიდრე – კავკასიური სალამანდრა ან რომელიმე იშვიათი სახეობის გარეგნულად „უსახური” ბაყაყი (თუმცა, მე თუ მკითხავთ, უინტერესო და უსახური ცხოველი არ არსებობს). „კომერციული ვარსკვლავების” წყალობით შემოსული თანხები არამარტო ამცირებს ქალაქის ხარჯს, არამედ, ტრადიციულად, ხმარდება სწორედ იშვიათი სახეობების გენოფონდის შენარჩუნებას” - ჩვენთან ერთ-ერთ ადრეულ ინტერვიუში ამბობდა თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი აფრიკელი ლომები ეხმარებოდნენ ჩვენ კავკასიურ ირმებს, ისე რომ არც კი იცოდნენ ამის შესახებ.

2007 წლის ბოლოსკენ თბილისის ზოოპარკმა ახალი „კომერციული ვარსკვლავები” შემოიყვანა. იმ დროს ზოოპარკის წლიურ შემოსავალში ვიზიტორებისგან შემოსული თანხა 280 000 ლარს არ აღემატებოდა. 2012 წელს კი მხოლოდ ვიზიტორებისგან შემოსულმა თანხამ 820 000 ლარს მიაღწია. ცხადია, ასეთ ზრდას სწორედ „ვარსკვლავური” სახეობები განაპირობებენ. ეს კი ზოოპარკს აძლევდა საშუალებას მასთან მსოფლიოსთვის დაცული უიშვიათესი სახეობები შემოენახა: თეთრი მარტორქა (საბედნიეროდ, გადაურჩა სტიქიას), ინდური სპილო (გადაურჩა სტიქიას), აფთრისებრი ძაღლები (სამწუხაროდ, დაიღუპნენ სტიქიის დროს), წინააზიური ლეოპარდები (გადაურჩნენ სტიქიას), აფრიკული პინგვინები (ნაწილი დაიღუპა) და აბისინიური რქაცხვირა (დაიღუპა სტიქიის დროს).

მთის გორილის ნაშიერი. მიუხედავად მსოფლიოს დიდი ძალისხმევისა, ეს საოცარი ცხოველი ბუნებაში პრაქტიკულად გადაშენებულია. ზოოპარკების მნიშვნელობა მათ გადარჩენაში შეუცვლელია. არეალი და საბინადრო გარემო: კონგოს აუზის ტროპიკული ტყეები; კონსერვაციული სტატუსი: გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი; რაოდენობა ბუნებაში: 800 ინდივიდი. 


მესამე - ზოოპარკების ერთ-ერთი ძირითადი მისია არამარტო ახალი თაობის განათლებაა (რომელზედაც ბევრი გსმენიათ და აღარ განვავრცობ), არამედ ე.წ. პრობლემური სახეობების (მგელი, აფთარი, ყველა მტაცებელი...) „იმიჯზე” ზრუნვაცაა. რთულია, როდესაც ადამიანს ელაპარაკები რაღაც აბსტრაქტულ არსებაზე, რომელიც თვალით არ უნახავს, მაგრამ სულ სხვაა, როცა ამ არსებას აჩვენებ. „როდესაც დამთვალიერებლები ნახულობდენ აფთარს, არც კი იჯერებენ, რომ ეს ნამდვილად აფთარია (ის არც ისე საშინელი ყოფილა, თბილიცაა და საოცრად მოსიყვარულე ცხოველია) და ადამიანის დამოკიდებულებაც იცვლება” - ამატებს იგივე ინტერვიუში ზურაბ გურიელიძე.

ესეც ზოოპარკის დიდი ფუნქციაა - განათლება იმისთვის, რომ ბავშვში მოქალაქე აამეტყველო. მოქალაქე, რომელიც ზრდასრულ ასაკში ბრაკონიერობას არ დაიწყებს და ბუნებას არ გაანადგურებს.

ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ თბილისის ზოოპარკი ყველა ზემოთჩამოთვლილს არ აკეთებდა. ცხადია, ხარვეზები ყველგან არსებობს, მაგრამ არსებული უგვანი სივრცისა და წინა საუკუნის 20-იანი წლებში გაკეთებული დღეს მიუღებელი სივრცული დაგეგმარების ფარგლებში, ზოოპარკი მაინც მაქსიმალურს აღწევდა სამივე მიმართულებით. ალბათ იცით თუ რამდენი წელია რაც თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ახალი ტერიტორიისთვის იბრძვის. კამათი კი ყოველთვის უსასრულო წრეზე მიდიოდა:

- ახალი ტერიტორია გვჭირდება!
- ვიცით, „ორშაბათს გამოიარეთ” და მოგხედავთ, გპირდებით! თუმცა არ მოგვწონს, როგორიც ხართ!
- რაც გვაქვს იმ ფარგლებში ეს მაქსიმუმია. უკეთესი რომ ვიყოთ ახალი ტერიტორია გვჭირდება!
- ვიცით, "ორშაბათს გამოიარეთ” და მოგხედავთ, გპირდებით! თუმცა არ მოგვწონს, როგორიც ხართ!

ოთხი დღის იავური მარტორქა დედასთან ერთად ზოოპარკში. მთის გორილის მსგავსად, ეს საოცარი ცხოველი ბუნებაში პრაქტიკულად გადაშენებულია და ზოოპარკების მნიშვნელობა მათ გადარჩენაში შეუცვლელია. არეალი და საბინადრო გარემო: კუნძული იავა (ინდონეზია); კონსერვაციული სტატუსი: გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი; რაოდენობა ბუნებაში: მხოლოდ 35 ინდივიდია შემორჩენილი იავის Ujung Kulon-ის ეროვნულ პარკში.

 

ბლოგის მთავარ კითხვაზე - უნდა იარსებოს თუ არა ზოოპარკებმა ზოგადად და თბილისის ზოოპარკმა კონკრეტულად, პასუხი ისევ საზოგადოებამ უნდა გასცეს. ხალხმა, რომელიც ფულს იხდის. ჩვენ ვირჩევთ მთავრობებს და ამით რწმუნებას ვაძლევთ ჩვენი სახელით განკარგონ ჩვენი ფული. თუ უმრავლესობა ჩვენგანს ზოოპარკი არ უნდა, მთავრობა ზოოპარკს გააუქმებს. თუ უმრავლესობას უნდა და მის მნიშვნელობას ხედავს, მთავრობა ეცდება ჩვენი მოთხოვნა (ისევე, როგორც სხვა მოთხოვნები) დააკმაყოფილოს. ბოლო-ბოლო, ყველა მთავრობას უნდა, რომ ხელმეორედ ავირჩიოთ.

მე კი სულ ის ბედნიერი პანდის ბელი მახსენდება ვაშინგტონის ზოოპარკში ხელში რომ მეჭირა. ალბათ, უკვე „დიდ და კარგ გოგოდ” გაზარდეს დედამ და ზოოპარკის ძიძებმა. მან, ალბათ, უკვე დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება. იმდენად დამოუკიდებლად, რომ სავარაუდოდ, შტატებიდან ჩინეთში გასამგზავრებლადაც კი ემზადება. ჩინეთში, ბიოლოგიურ სამშობლოში, მას ნაკრძალში, ალბათ, „პანდა-მზეჭაბუკი” ელის, რომ შეწყვილდეს და პანდების აღდგენაში თავისი დედობით უზარმაზარი წვლილი შეიტანოს…

 

თეგები: 
WWF
ზოოპარკი
ძუძუმწოვარა
მტაცებელი ცხოველები
კონსერვაცია
ბრაკონიერობა
პანდა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია