ბლოგები >
ბიომასაზე, ბიზნესზე და გარემოს დაცვაზე
ლევან ბუთხუზი
Shutterstock.com
03.05.15

გიფიქრიათ, რამდენი ორგანული ნარჩენი იყრება ან არაეფექტურად გამოიყენება სამყაროში - ნახერხი, წალამი, ნამჯა, ჩალა, ფერმის ნარჩენები, წარმოიდგინეთ, თხილის ნაჭუჭიც კი? ცხადია, იტყვით, რომ ბიომასის ამ პროდუქტებიდან ბევრი იწვება და სახლები თბება (განსაკუთრებით სოფლად), მაგრამ აქ ორი მომენტია. პირველი: მოსახლეობა ამ ბიომასის მხოლოდ ნაწილს წვავს. მეორე: დიდი ნაწილი მაინც იყრება. ასევე, თუ გიფიქრიათ, რომ ჩვეულებრივ ღუმელში ამ ნარჩენების დაწვა ზღვაში წვეთია, იმ ენერგიასთან შედარებით, რაც შეიძლება „სწორმა“ დაწვამ გამოყოს? ეს ყოველივე, ბიზნესისა და გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით, ორმაგად მომგებიანია.

ლოგიკურია - თუ აღმოჩნდება, რომ რესურსს თითქმის იმავე დანახარჯის ფონზე რამდენჯერმე მეტი ამონაგების მოტანა შეუძლია, ვიდრე აქამდე გვეგონა, ადამიანის ბიზნესინტუიციაც არ ახანებს ხოლმე. ამიტომ ნარჩენი ბიომასიდან ენერგიის მიღება სულ უფრო მომხიბვლელი ხდება საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყნებში, რომ არაფერი ვთქვათ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაზე. მარტივი ფორმულაა - ბიზნესიც კმაყოფილია და მომხმარებელიც. ფაქტობრივად, საქმე გადაყრილი რესურსის გამოყენებას ეხება. მისგან მიღებული ენერგიის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე წიაღისეულიდან (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი). მეტიც - ნარჩენი ბიომასა იაფ საწვავსაც კი იძლევა. საინტერესოა? უდავოდ!

სანამ თხრობას გავაგრძელებთ, მინდა მკითხველმა არსი სწორად გაიგოს. ამიტომ, მინდა შევთანხმდეთ ტერმინებზე. რამდენჯერმე იყო ნახსენები „ბიომასა“. ტექნიკურ განმარტებებს შევეშვათ და უბრალოდ განვმარტოთ, რომ ბიომასა არის ყველაფერი ის, რაც ცოცხალია ან რაც ცოცხალი იყო ცოტა ხნის წინ და არა გეოლოგიურ წარსულში. ამ გაგებით, ტყე ბიომასაა. უხეშად რომ ვთქვათ, ხეებიც და ტყის „ცხოველქმედების პროდუქტი“ - ჩამოცენილი ტოტებიც, ფოთლებიც, კუნძებიც და სხვ. ბიომასაა. იმავე ლოგიკით, ყველა შინაური ცხოველიც და მათი ცხოველქმედების პროდუქტიც ბიომასაა. საოჯახო ნაგვიდან თუ საკვებ პროდუქტებს განვაცალკევებთ, ესეც ბიომასა გამოვა. ცხადია, ცელოფნის პარკი, თუნუქის ქილა და გატეხილი ჭიქა ამაში არ შევა. „ბიო“ ხომ „ცოცხალს“ ნიშნავს და ცელოფანი კი, არასდროს ყოფილა ცოცხალი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ტრადიციულად ცნობილი ენერგომატარებლები (ქვანახშირი, ნავთობი და ბუნებრივი საწვავი აირი) ოდესღაც ცოცხალმა ორგანიზმებმა წარმოქმნეს, არ ითვლება ბიომასად, რადგან მათი გარდაქმნა მრავალი მილიონი წლის წინ მოხდა და, დღეს, მაინც არაცოცხალ სამყაროს ეკუთვნიან.

რადგან ტყე ვახსენეთ, ცხადია, ბევრი იტყვის - არაფერია აქ გაუგონარი და არატრადიციული. სად იყო ქვანახშირი, ადამიანი რომ შეშას მოიხმარდა გასათბობად და საკვების მოსამზადებლად? კი ბატონო, შევთანხმდით, რომ არაფერია იმაში ახალი და უცნაური. არც ისაა გასაოცარი, რომ ადამიანს ოდითგანვე გამოჰქონდა ტყიდან ნარჩენები (კუნძები, ფიჩხი) დასაწვავად. უფრო მეტიც, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა სოფელში, უნახავს, რომ ნებისმიერი გლეხი ან ფერმერი შეშის პარალელურად ხშირად ფერმის ნარჩენებს უკეთებს ღუმელს, იქნება ეს თხილის ნაჭუჭი თუ ნებისმიერი ორგანული ნაგავი, რომლის გადასაყრელად გარეთ გასვლა ეზარება. მარტივი დაკვირვება რომ ჩაატაროთ, დაინახავთ, რომ ჩვენს დახვრეტილსა და დაბრეცილ ღუმელში ან ბუხარში შეყრილი ეს ნარჩენი (თუ მშრალია) უცებ აგიზგიზდება, საკმარისად დიდ სითბოს გამოყოფს და მალე იწვება. სწორედ ესაა საკვანძო ფენომენი - დიდი სითბოს გამოყოფა და „მალე დაწვა“. ამის გამო, ნარჩენს გათბობის რესურსად სერიოზულად არავინ აღიქვამს; უფრო ნაგვის თავიდან მოშორების გზაა.

და აი, სწორედ აქ მინდა გავიმეორო ზემოთ დასმული კითხვებიდან ერთ-ერთი: გიფიქრიათ იმაზე, რომ წარმოუდგენელი რაოდენობის ორგანული ნარჩენი იყრება ან არაეფექტურად გამოიყენება სამყაროში? გიფიქრიათ, რომ ნარჩენი, რომელიც ასეთ ღუმელებში სწრაფად იწვის, გარკვეული გადამუშავებისა და მომზადების შემდეგ, შესაძლოა, რამდენიმე საათის განმავლობაში დაიწვას, გამოყოს გაცილებით დიდი რაოდენობის ენერგია; უკეთესადაც გავთბეთ და თანხაც დავზოგოთ - ერთი გლეხის ოჯახში, მცირე საწარმოში, ბაგა-ბაღში, სკოლაში, სამკურნალო დაწესებულებაში ანდა მეცხოველეობის ფერმაში?

გარდა ამ ეფექტისა (ბიზნესის თვალსაზრისით აშკარად მომგებიანი), პროცესს გარემოსთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ცხადია, აქ საუბარი არაა ნარჩენების გადაყრით გარემოს დაბინძურებაზე. ორგანული ნარჩენი გარემოს მხოლოდ ესთეტიკური კუთხით აბინძურებს, თორემ ის მაინც გარდაიქმნება ბუნებაში და ნივთიერებათა წრებრუნვის ნაწილი გახდება. აქ კულტურის საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარემოსდაცვითი. გარემოსდაცვითი კუთხით საკითხი უფრო გლობალურ ასპექტს ეხება.

ქვანახშირისა და ნავთობის ბიომასით ჩანაცვლება ნიშნავს, რომ ჩვენ ზუსტად იმ რაოდენობით ნახშირორჟანგს (CO2) ვაბრუნებთ ჰაერში (თან ყოველგვარი მავნე მინარევების გარეშე), რაც ოდესღაც მცენარემ ჰაერიდან შეითვისა. ამას ნახშირბად-ნეიტრალური სისტემა ჰქვია. ამ „ნეიტრალიტეტის“ (უფრო სწორად - ბალანსის) შენარჩუნება კი ჯანსაღი გარემოს ნომერი პირველი პრობლემაა.

ისევ კომერციულ მხარეს რომ დავუბრუნდეთ, ამ თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბიომასის რესურსი, განსხვავებით ქვანახშირის, გაზის ან ნავთობისგან, განახლებადია! მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია საკვებად უვარგისი მაგრამ მაღალენერგეტიკული მცენარეების გარკვეულ ფართობებზე თესვა, თიბვა/ჭრა, გადამუშავება, საწვავად გამოყენება და კვლავ თესვა. ჩვენ შეგვიძლია ტყეებიდან გონივრული ოდენობით მეორადი პროდუქტების გამოტანის ეფექტური მენეჯმენტი ჩამოვაყალიბოთ. თუ მდგრადობის პრინციპს არ დავარღვევთ, რესურსი ძირითად ბიზნესს უსასრულოდ მიეხმარება: იქნება ტყე, ულევი იქნება რესურსიც. თუმცა, ჩემი აზრით, ტყიდან გამოტანილი ბიომასა ჩვენი ბიომასის ბიზნესის მხოლოდ დამხმარედ (და ხარჯების შემამცირებელ) საშუალებად უნდა წარმოვიდგინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „მადა ჭამაში მოდის“ ტყესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან გარდაუვალ კონფლიქტში მოგვიყვანს. ეს კი, საბოლოო ჯამში, ისევ ჩვენ დაგვაზიანებს.

ასევე შეგვიძლია ჩვენი ფერმების ნარჩენების (მათ შორის ცხოველქმედების ნარჩენების, ანუ ექსკრემენტების) გადამუშავება, სითბოს მიღება, იმავე სითბოთი ფერმის წარმადობის გაზრდა, ბიზნესის განვითარება, კიდევ მეტი ბიომასის მიღება და ამ „პერპენტუუმ მობილეში“ მისი ხელახალი ჩართვა. ბიომასა ხომ მზის ენერგიით სულდგმულობს. მცენარეები ფოტოსინთეზით გარდაქმნიან ამ ენერგიას, აბანდებენ ორგანიზმში. ცხოველები იკვებებიან მცენარეებით და იღებენ ამ ენერგიას, გადაადგილდებიან, იზრდებიან, ნიადაგს ანოყიერებენ და ხელს უწყობენ ახალი მცენარეების ზრდას. ახლები, ძველებთან ერთად, პროცესს არ აჩერებენ. ასევე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მეტი ბიომასის მიღება მოკლე დროში. ჩვენ, ბუნებრივი პროცესის პარალელურად, ყოველთვის შეგვიძლია მეტი მცენარის გაზრდა ბიომასის მისაღებად. ეს მდგრადი და, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, უსაფრთხო რესურსია.

საინტერესოა, რომ ზემოაღწერილი მოდელები არც ზღაპრებია და არც მომავლის თეორიული გეგმები. ყველაფერი ეს უკვე მუშაობს მსოფლიოში და იმედია, მალე საქართველოშიც ამუშავდება.

ბევრ ქვეყანაში ბიომასა უკვე ფართოდ გამოიყენება მაღალენერგეტიკული საწვავის მისაღებად - ამას ბიოგაზი ჰქვია. ზუსტად ისეთი აირია, როგორიც ბუნებრივი გაზი, რომელსაც ოჯახში მოვიხმართ. მსოფლიოში მრავალი წარმატებული მცირე საწარმო მოიხმარს ბიოგაზს და ეს ფაქტებით გამყარებული რეალობაა.

ბევრი ქვეყანა ბიომასით დღეს შთამბეჭდავი ოდენობის ელექტროენერგიასაც იღებს. უკვე ბევრი საწარმო წვავს ორგანულ ნაგავს სპეციალურ სადგურებში ელექტროენერგიის მისაღებად და ქალაქებსა და დაბებს იაფად აწვდის.

ბიომასა იძლევა მაღალენერგეტიკულ თხევად საწვავსაც. ჩვეულებრივი სიმინდი, ხორბალი თუ ვაშლი (სხვა რესურსებზე რომ არაფერი ვთქვათ) იძლევა ეთანოლს. ეთანოლი კი ისეთივე მაღალენერგეტიკული საწვავია, როგორც ბენზინი ან დიზელი. განსხვავება ისაა, რომ ეთანოლი თითქმის არ შეიცავს მავნე არაორგანულ ნივთიერებებს და მისი წვა გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის.

ბიზნესისთვის დამატებითი ხიბლი ერთ გარდაუვალ (თუმცა, მორალურ-ეკონომიკური შეფასებების კუთხით, საკმაოდ კომპლექსურ) ფაქტშია - მოსახლეობის განუხრელი ზრდის პარალელურად, იზრდება ენერგიაზე მოთხოვნილებაც. წიაღისეული საწვავი კი სასრულია. მოთხოვნა ბიომასაზე დღითიდღე გაიზრდება და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია განვითარებად ქვეყნებში. რადგან მოსახლეობას შევეხეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ბიომასის მზარდი მოთხოვნილება უკვე ქმნის ბევრ სამუშაო ადგილს, განსაკუთრებით რეგიონებში, რაც, თავის მხრივ, ურბანიზაციის შერბილების საშუალებაცაა. მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ბიომასასთან დაკავშირებული წარმოება იწყება იქ, სადაც ბიომასა ფიზიკურად არსებობს - მარტივად რომ ვთქვათ, სოფლად. ამიტომ, საწარმოში ადამიანთა დასაქმებაც, უმეტესწილად, სწორედ სოფლად ხდება, ეს კი საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

და ბოლოს, პერსპექტივაზეც ღირს ორიოდ სიტყვის თქმა - ითვლება, რომ ბიომასა ერთ-ერთი მთავარი განახლებადი რესურსია და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტად შეიჭრება ენერგობაზარზე. ის უკვე მსოფლიოს ენერგიის პირველადი მოხმარების 14%-ს იკავებს, ეს პატარა ციფრი  ნამდვილად არ არის.

აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და დაინტერესებულ ადამიანებს მოგახსენებთ - გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოში, ცოტა ხნის წინ დაიწყო პროექტი: „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის მიზანია, ყველა დაინტერესებულის საქმეში ჩართვა, მათი დახმარება - ბიზნესი იქნება ეს, მთავრობა, არასამთავრობო სექტორი თუ უბრალოდ საკითხით დაინტერესებული საზოგადოება. პროექტის კარი ღიაა, თამამად დაუკავშირდით:

თეგები: 
ბლოგი
ბიომასა
გარემოს დაცვა
ბიზნესი
© საავტორო უფლებები დაცულია; გამოცემულია საქართველოში. წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია