სიახლეები >
"ავღანელი გოგონა" ყალბი პირადობის დამადასტურებელი საბუთის გამო დააკავეს
27.10.16
გულა 1985 წლის National Geographic-ის ყდაზე, ფოტო: სტივ მაკკური, National Geographic-ი, ავტორი: ბრაიან კლარკ ჰოვარდი

შარბათ გულას – ქალს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ფოტოზეა აღბეჭდილი, შესაძლოა, რამდენიმე წლით პატიმრობა მიესაჯოს.

1985 წელს National Georgaphic-ის ჟურნალის ყდაზე აღბეჭდილი „ავღანელი გოგონა“ დააპატიმრეს პაკისტანში არალეგალურად, ყალბი დოკუმენტებით ყოფნის გამო.

შარბათ გულა 12 წლის იყო, როდესაც ფოტოგრაფმა სტივ მაკკურიმ პაკისტანის დევნილთა ბანაკში გადაიღო. მწვანეთვალება გოგონას ფოტო მალე იქცა დევნილთა სიმბოლოდ და არაერთხელ გამოქვეყნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რამაც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ აქცია.

2002 წელს მაკკურიმ კვლავ გადაიღო შარბათ გულა და მსოფლიომ უკვე ზრდასრული ქალი იხილა.

ოთხშაბათს (26 ოქტომბერს) შარბათ გულა პაკისტანის საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ჟურნალისტისა და National Geographic-ის მთარგმნელის, არშად იუსუფზაის ინფორმაციით, მისი სახლი პეშვარში (ჩრდილო პაკისტანი) დაარბიეს: „შესაძლოა ის გაათავისუფლონ, მაგრამ შესაძლოა, 7-12 წლამდე პატიმრობაც მიუსაჯონ“.

იფტიხარ ფირდოუსმა თავის ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი: „სტივ მაკკურის ცნობილი „ავღანელი გოგონა“, რომელიც National Georgaphic-ის 1984 წლის ნომრის ყდაზე დაიბეჭდა დაპატიმრებულია ყალბი დოკუმენტის ქონის გამო“.

მისი წინასწარი პატიმრობა შეიძლება 14 დღე გაგრძელდეს, სანამ ხელისუფლება გადაწყვეტს აღძრას თუ არა საქმე მის წინააღმდეგ.

„ჯერჯერობით ფაქტების დაზუსტებას ვცდილობთ“, ამბობს National Geographic Society-ის მარკეტინგის მიმართულების უფროსი, ემა კარასო „ჩვენი მთავარი საზრუნავი მისი კარგად ყოფნაა“.

შაჰიდ ილიასი, პაკისტანის სახელმწიფო სტატისტიკის რეგისტრაციის სააგენტოს წარმომადგენელმა „გარდიანს“ უთხრა, რომ, გულა 2014 წელს მიღებულ, თითქოს არასანქცირებულ ეროვნულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს იყენებდა.

ილიასი ამბობს, რომ მისი სააგენტო ასევე იძიებდა იმ სამი მოხელის საქმიანობას, რომლებზეც ფიქრობენ, რომ წესების დარღვევით გადასცეს დოკუმენტი გულას, რადგან კანონით, უცხოელებზე ასეთი ბარათები არ გაიცემა.

მოხელეები სამსახურიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს ქრთამის აღების გამო. ამჟამად ისინი გირაოთი არიან გამოშვებულნი, თუმცა პარასკევს კვლავ უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში. 

მარცხნივ: გულა 1984 წელს, როდესაც ის სტივ მაკკურიმ გადაიღო პაკისტანში. მარჯვნივ: ხანგრძლივი ძიების შემდეგ, 2002 წელს სტივ მაკკურიმ მიაგნო გულას და კვლავ გადაიღო მისი პორტრეტი, ფოტო: სტივ მაკკური, National Geographic-ი

„კატეგორიულად ვაპროტესტებ მოხელეთა ასეთ საქციელს. გულა მთელი ცხოვრება იტანჯა და ახლა მისი დაკავება ადამიანის უფლებების საშინელი დარღვევაა“ - დაწერა მაკკურიმ თავის ინსტაგრამის გვერდზე.

მისი სოფელი უსფრთხო არ არის

საბჭოთა კავშირთან ომის გამო, ავღანეთი მილიონობით ადამიანმა დატოვა 1980-იან წლებში. ბევრი გადასახლდა პაკისტანში და დღეს მათი რიცხვი 2.5 მილიონს აღწევს.

2014 წელს პაკისტანმა განაცხადა, რომ დევნილებს დაფინანსებას შეუწყვეტდა, რამაც მხოლოდ ის გამოიწვია რომ 60 000 არასანქცირებული ეროვნული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უცხოელ დევნილებზე გაიცა.

ყალბი დოკუმენტაციის მქონე, ათასობით ავღანელი დააპატიმრეს. იუსუფზაის თქმით, შარბათს მთელ მსოფლიოში იცნობენ, ამიტომ გახმაურდა მისი დაკავების ამბავი.

გულას ბრალი ედება, რომ დაახლოებით 450 ამერიკული დოლარი გადაიხადა, რათა დოკუმენტი მიეღო.

2002 წელს, როდესაც მაკკურიმ გულასთან კონტაქტი აღადგინა, მას უკვე ხუთი შვილი ჰყავდა და პეშვარში ცხოვრობდა. მისი ერთი შვილი რამდენიმე წლის წინ მშობიარობას გადაყვა, მალე ქმარიც გარდაეცვალა.

იუსუფზაის თქმით, მის შვილებს ეშინიათ, რომ მათაც დააპატიმრებენ. „გულას ავღანეთში დაბრუნება არ უნდოდა, რადგან მისი სოფელი უსაფრთხო არაა“ - ამბობს იუსუფზაი.

ავღანელი გოგონას ძიებაში

გულას პოვნა ადვილი არ იყო. მაკკურიმ მისი ფოტო ძალიან ბევრ ადამიანს აჩვება პაკისტანში. ბოლოს ის ერთმა კაცმა ამოიცნო. ტორა-ბორას მთებშია გახიზნულიო, თქვა მან და რამდენიმე დღეში გულა ბანაკში დააბრუნა.

„ის ისეთივე სულის შემძვრელი იყო, როგორც 17 წლის წინ, მაშინ, როდესაც პირველად გადავიღე“, თქვა მაკკურიმ 2002 წელს.

არც კი იცოდა, რომ მისი ფოტო მილიონობით ადამიანმა ნახა და რომ მისმა პორტრეტმა ძალიან ბევრს აღუძრა სურვილი, დახმარებოდა დევნილებს.

თეგები: 
ავღანელი გოგონა
შარბათ გულა
national geographic
პირადობა
ფოტო
national geographic society
საბჭოთა კავშირი
პაკისტანი
ტორა–ბორა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია