სიახლეები >
ნუ დაველოდებით ომს
18.09.17

მიმდინარე წლის 16 სექტემბერს National Geographic საქართველოს საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის შიდა ეზოში გაიმართა, გენერალი უესლი კლარკის წიგნის „ნუ დაველოდებით მორიგ ომს“ პრეზენტაცია მოეწყო, რომლის თარგმანი ქართველ მწერალს, აკა მორჩილაძეს ეკუთვნის.

გენერალი კლარკი ნატო-ს მოკავშირე ჯარების ყოფილი მთავარსარდლი და აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატია, ის თავის წიგნში მსოფლიოს წინაშე წამოჭრილი პრობლემებისა და საფრთხეების ყოვლისმომცველ სრუათს გვიხატავს და მათი გადაწყვეტის გზებსაც გვთავაზობს. გთავაზობთ მის მიერ ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვის ჩანაწერს:

- მინდა მადლობა გადავუხადო ყველას აქ მობრძანებისთვის, ასევე მათ, ვინ შესაძლებლი გახადა ჩემი წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა და დღეს მასზე საუბრის საშუალება მომცა. მადლობას ვუხდი ეროვნულ მუზეუმს და მის დირექტორს, ბატონ დავით ლორთქიფანიძეს და ჩემს მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოში გიორგი რამიშვილს და გიორგი რცხილაძეს. გმადლობთ, აქ მობრძანებისა და გამოთქმული თბილი სიტყვებისთვის. დიახ, მეც ვიყავი ჟურნალ National Geographic-ის მკითხველი და მინდა მივულოცო ჟურნალის ქარტულ გამოცემას ხუთი წლის იუბილე. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩემი წიგნის მთარგმნელს, აკა მორჩილაძეს, ვინაიდან ის იყო პირველი, ვინც წაიკითხა ჩემი წიგნი ქართულ ენაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ის მხატვრული ლიტერატურის ცნობილი მწერალია და ვუთხარი კიდეც, რომ იმედი მქონდა, რაღაც ცვლილებას შეიტანდა ჩემს წიგნში - შეიძლება პერსონაჟებიც დაამატა, არ ვიცი.

ჩემს წიგნში საქართველოსა და შეერთებულ შტატებზეცაა საუბარი და მინდა რამდენიმე სიტყვა გითხართ: საქართველო განსაკუთრებული მნიშვნელობის ქვეყანაა, ვინაიდან ის დგას აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შესაყარზე. დღევანდელ მსოფლიოში, ძალიან პატარა მსოფლიოში, ფინანსური სახსრების მოზღვავებამ ჩინეთსა თუ სხვა ქვეყნებში გამოიწვია მსოფლიოს პოტენციური დაახლოება, თუმცა, თუ ევროპიდან ანდ რუსეთიდან ჩინეთში გამგზავრება გინდათ ეს ისევ და ისევ საქართველოს გავლით შეძლებთ ამას და თუ მოგინდებათ ჩინეთში მოგზაურობა შეერთებული შტატებიდან, თქვენ აღარ მოგიწევთ წყნარი ოკეანის გადაკვეთა, უბრალოდ წახვალთ საქართველოს გავლით. ასე რომ, ამ ორმილიონიან ქვეყანას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ისეთი მნიშვნელოვანი, რამდენადაც ამას იმსახურებს, მას სჭირდება უსაფრთხოება. არა მარტო ადამიანების უსაფრთხოება, არამედ საერთაშორისო დონის უსაფრთხოება, როდესაც საერთაშორისო სამრეწველო სექტორის წარმომადგენლები თავს დაცულად იგრძნობენ, დაიჯერებენ, რომ უსაფრთხოა საქართველოში რესურსებისა და ინვესტიციების განხორციელება.

როდესაც „ნატოს“ შეიარაღებული ძალების მეთაური ვიყავი, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით იმაზე, რომ საზღვრები აღმოსავლეთისკენ გაგვეფართოებინა, გერმანიიდან აღმოსავლეთ ევროპისკენ, ბალკანეთის ნახევარკუნძულისკენ. ამან ხელი შეუწყო ინვესტიციების განხორციელებას, საშუალება მისცა მილიონობით ადამიანს ესარგებლათ კულტურასთან დაკავშირებული ღირებულებებისა და კეთილდღეობის უპირატესობებით, რომელიც აღმოცენდა სამრეწველო რევოლუციის შედეგად დასავლეთში.

ჩემს წიგნში ვეცადე ამეხსნა, რომ ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც ჩამოყალიბდა ორი ძალის მეშვეობით: პირველი ეს არის იდეალების ძალა და მეორე - მისი სამხედრო სიძლიერის ძალა. ქვეყნის ფორმირების დროს, ჩვენ გვჯეროდა და ვაღიარებდით, რომ გვჯეროდა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველა ადამიანი შექმნა თავისუფალი და ჩვენ ვხვდებოდით ადამიანებს, ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც თანაბრად თავისუფალნი იყვნენ. მათ ჰქონდათ ღმერთის მიერ მინიჭებული უფლებები და არავის შეეძლო ამ უფლებების წართმევა მათთვის. ჩვენ ვიბრძოდით იმისათვის, რომ მოგვეპოვებინა დამოუკიდებლობა ინგლისისგან, მაგრამ არ დაგვეკარგა მთავარი ღირებულებები; ჩვენ გვყავდა მილიონობით მონა, რომლებსაც ვიპარავდით, ვიტაცებდით და ძალისმიერი, საშინელი მეთოდებით გადმოგვყავდა საზღვარზე აფრიკიდან და ზოგჯერ, კარიბის კუნძულებიდან და ვამყოფებდით მათ მონობაში შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვერ ვახერხებდით ჩვენივე სიტყვების შეთავსებას ქმედებასთან. ამ დროს ჩვენი ქვეყანა სულ რაღაც ოთხი მილიონი მოსახლეობისგან შედგებოდა ატლანტიკის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, რომელიც მძლავრ გავლენას განიცდიდა ადგილობრივი ამერიკელებისგან, ესპანელებისგან და ბრიტანელებისგან. საუკუნეების განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სამხედრო სტრატეგიის გამოყენება და გააფართოვა კონტინენტის საზღვრები. ჩვენ გავხდით ერი, რომელიც ჩამოყალიბდა ომის შედეგად, მოქალაქე-სამხედროს შეხედულებით და შედეგად, ამერიკამ განახორციელა თავისი დანიშნულება. სხვა ევროპული სახელმწიფოების მსგავსად, ამერიკაზე გავლენა იქონია იმპერიალიზმის აღმოცენებამ მე-19 საუკუნეში. უკვე აღარ გვჭირდებოდა აფრიკაში წასვლა, სამაგიეროდ შეტევა განვახორციელეთ ესპანეთზე და დავიკავეთ კუნძული კუბა. და შევაჩერეთ ესპანეთს ბატონობა ფილიპინებზე. მოგვიანებით ძალიან მძიმე ბრძოლა მოგვიწია ფილიპინელების წინააღმდეგ, რომლებსაც უნდოდათ ჰქონოდათ საკუთარი ქვეყანა და არ სურდათ შეერთებული შტატების ბატონობის ქვეშ ყოფნა.

მე-20 საუკუნეში ევროპის მხრიდან გაისმა მოწოდება შეერთებული შტატების მიმართ და ჩვენ ჩავერთეთ ორ მსოფლიო ომში ევროპაში და ასევე იაპონიაში. მოგვიანებით, მივხვდით, რომ მსოფლიო, რომელიც თავისუფალი გვეგონა, მარქსიზმითა და ლენინიზმით იყო განმსჭვალული საბჭოთა კავშირში და ჩვენ შევიმუშავეთ ეროვნული სტრატეგია ცივი ომისთვის. მაგრამ ჩვენი სტრატეგიის მიზეზი სწორედ რომ კონფლიქტი იყო; როდესაც არ იყო კონფლიქტი, მაგალითად, 30-იან წლებში, შეერთებულ შტატებს არ გააჩნდა სტრატეგია; როდესაც არ იყო კონფლიქტი 90-იან წლებში, ამერიკას მართლაც რომ არ ჰქონდა სტრატეგია. ჩემი მოსაზრებით, სამყარო იმდენად პატარაა ახლა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია დაელოდოს შემდგომ ომს და შემდეგ შეიმუშავოს სტრატეგია. ამის სანაცვლოდ, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სტრატეგია ომების პრევენციის მიზნით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის განვითარებაში. ამისათვის კი, ჩვენ გვჭირდება მეგობრების დახმარება, მეგობრების, რომლებიც გვყავს საქართველოში. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ იმის მიხვედრაში თუ ვინ ვართ ჩვენ - ამერიკელები, რადგან, ხშირად, ჩვენ გვგონია, რომ ყველაზე კარგად გამოგვდის ადამიანების მოლოდინების გამოხატვა. ასე რომ, თუ წაიკითხავთ ჩემს წიგნს, ზუსტად მიხვდებით, რა გამოწვევების წინაშე დგას ამერიკა.

მე ვხედავ 5 ძირითად პრობლემას, რომელთა შორის გამოვყოფდი ტერორიზმის პრობლემას, რომლის მოგვარებაც არც ისე მარტივია, იმის ფონზეც კი, რომ ISIS გავაძევეთ ერაყიდან და კიბერ უსაფრთხოების პრობლემას, ვინაიდან იმ ტექნოლოგიებმა, რომლებმაც თითქოს სამყარო უნდა დააკავშიროს ერთმანეთთან, მსოფლიოს ნგრევას უქადის. დიდი პრობლემაა ფულადი სახსრების მოზღვავებაც, რამაც განაპირობა საერთაშორისო საბანკო სისტემის შექმნა, რომელიც თითქმის არ რეგულირდება.

რაც შეეხება თქვენს ქვეყანას გლობალურ სურათში - მართალია, თქვენ პოტენციურად ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე დგახართ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე საქართველოს საოცრად სტრატეგიული მდებარეობა აქვს; ის არის მაკავშირებელი რგოლი დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, რამაც შეიძლება განაპირობის ის ფაქტი, რომ თქვენ გახდეთ წარმოუდგენლად მდიდარი, გავლენიანი და ნამდვილად საინტერესო ქვეყანა. საქართველოს პირველი მისია უნდა იყოს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომ ინვესტორებმა იგრძნონ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და სწორედ ამიტომ არის საქართველოსთვის „ნატოს“ წევრობა ასეთი მნიშვნელოვანი. არა იმიტომ, რომ აუცილებლად ომი მოხდება, შეიძლება ომი საერთოდ არ მოხდეს, მაგრამ ჩვენ გვინდა ეკონომიკური განვითარება, ადამიანების დაახლოება და ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა თავს დაცულად იგრძნობს.

თეგები: 
ომი
national geographic
საიუბილეო ღონისძიება
ეროვნული მუზეუმი
პრეზენტაცია
აკა მორჩილაძე
გენერალი კლარკი
იუბილე
საქართველო
ამერიკა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია