სიახლეები >
საერთაშორისო გამოფენის ამბავი, რომელიც განსხვავებულ კულტურებს აკავშირებს
05.04.18

მოძრავმა გამოფენამ „დიალოგი იმპერატორ ცინთან“ სტარტი 2011 წელს ბრიუსელიდან აიღო და ჩინეთში გაემგზავრა, სადაც ერთი წლის განმავლობაში 8 დიდი ქალაქის მუზეუმში წარდგა დამთვალიერებლის წინაშე. ევროპაში დაბრუნებული ექსპოზიციის პირველი გამოფენა ტალინში შედგა. შემდეგ „დიალოგი იმპერატორ ცინთან“, საქართველოში, წინანდალში გაიმართა და აქედან მოგზაურობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გააგრძელა. 

იმპერატორი ცინის ტერაკოტის არმიამ მრავალი საუკუნის შემდეგ ახალი სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. ევროპელი და ჩინელი მოქანდაკეების მიერ შექმნილი 30 მამაცი მეომარი ევროპიდან ჩინეთში გაემგზავრა, არა ომის და დაპყრობის სურვილით, არამედ მშვიდობისთვის და შემოქმედებისთვის, დამეგობრებისთვის და დიალოგისთვის. 

ამბიციური საქველმოქმედო გამოფენა სახელწოდებით „დიალოგი იმპერატორ ცინთან: ჩინეთი-ევროკავშირი“, მიზნად ისახავდა საერთაშორისო კულტურული დიალოგის წახალისებას. პროექტი ხელოვნების ყველა იმ მოყვარულს ეძღვნება, ვისაც კულტურული დიალოგის საშუალებით მშვიდობის შენება სურს. ეს ღონისძიება დიდ ჩინეთსა და ევროპას შორის სახელოვნებო ხიდს აყალიბებს.

საქართველოს შემდეგ დიალოგი შედგა პორტუგალიაში, ჰოლანდიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, ლონდონში, საფრანგეთსა და ბელგიაში და მაშინვე მიიქცია ხელოვნების მოყვარულთა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან წარმოდგენილი ნამუშევრები მეტია ვიდრე უბრალო ექსპონატები, ისინი ჩვენი დროის მსოფლიო მშვიოდობას იცავენ. „როგორც იმპერატორ ცინის მარადიულ მშვიდობას იცავს ტერაკოტის არმია, ასევე თანამედროვე არმია დაიცავს ჩვენი დროის მსოფლიო მშვიდობას“, - აცხადებდნენ გამოფენის ბელგიელი ორგანიზატორები. 

მოძრავმა გამოფენამ მოგზაურობა ანტვერპენში დაასრულა.

ანტვერპენი, „ალმასის მსოფლიო დედაქალაქი“, ჩინეთსა და ევროპას შორის დიალოგისთვის

„ჩვენი საოცარი მოგზაურობა დავასრულეთ გამოფენით „დიალოგი იმპერატორ ცინთან“ ზაჰა ჰადიდის მიერ დაპროექტებულ „ალმასის ხომალდში“, ანტვერპენის პორტის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. უაღრესად მადლიერნი ვართ უდიდესი მხარდაჭერისთვის.“ - განაცხადა მარკ ვან პელიმ - ანტვერპენის პორტის სამმართველოს თავმჯდომარემ.

აბრეშუმის დიდ გზასთან ანტვერპენს ხანგრძლივი და გამორჩეული ტრადიცია აკავშირებს. 1722 წელს დაარსდა „გაერთიანებული საიმპერატორო ინდური კომპანია“, რომელსაც „ოსტენდის კომპანიასაც“ უწოდებდნენ. იგი რამდენიმე ცნობილ მეწილეს ეკუთვნოდა და, იმპერატორ კარლ VI-ის ავტორიტეტის წყალობით, სამხრეთ ნიდერლანდებსა და აზიას შორის ვაჭრობაზე მონოპოლიას ფლობდა. დღეს ანტვერპენი ამ სანაოსნო ტრადიციასთან ერთად ძალზე აქტიურად მონაწილეობს ვაჭრობაში, რომელიც ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელმა ახალმა სარკინიგზო-სახმელეთო ხიდმა გახადა შესაძლებელი.

მარკ ვან პელი - ანტვერპენის პორტის სამმართველოს თავმჯდომარე

„2010 წელს, როდესაც ჩვენ ჩინეთ-ევროკავშირის ამ სკულპტურულ გამოფენას ვქმნიდით, ანტვერპენის პორტი – ევროპის სიდიდით მეორე ნავსადგური – ჩინეთთან შემდგომი კავშირების დამყარებას იწყებდა ანტვერპენისა და გუანჯოუს პორტების დაძმობილებით. გუანჯოუ, ისტორიულ საზღვაო აბრეშუმის დიდ გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავსადგური, ცნობილია ასევე ჩინეთში უდიდესი მრავალჯერ მოყვავილე ვარდების ბაღით.

2011 წლის ზაფხულში ანტვერპენის პორტიდან ტიანძინში ზღვით გაიგზავნა კონტეინერი, რომელიც დატვირთული იყო ევროპელ ხელოვანთა 27 ქანდაკებით (თითო - ევროპის ყოველი ქვეყნიდან). ისინი იქიდან სიანში გადაიტანეს, ტერაკოტის მეომართა თავდაპირველ სამშობლოსა და უძველესი აბრეშუმის დიდი გზის საწყის წერტილში. აქ მათ 3 ჩინელი ხელოვანის 3 ქანდაკება ელოდათ. ეს 30 ჯარისკაცი, თითოეული თითქმის ორ მეტრამდე სიმაღლისა, განასახიერებს ჯარს, რომელიც არც იმუქრება და არც ისე გამოიყურება, თითქოს დასაპყრობად იყოს მზადყოფნაში. ეს ჯარი საზღვრებს შლის და ძლიერ აფასებს თავისუფლებას; ის სათანადოდ გადმოსცემს „მშვიდობისა და დიდსულოვნების ელჩების“ საყოველთაო პრინციპს.

ჩვენი მიზანია, ამ გამოფენით წარმოვადგინოთ და თვალსაჩინო გავხადოთ ის მრავალი კულტურა, რომელიც ერთობლივ ადამიანურ მემკვიდრეობას აყალიბებს.

2012 წელს ევროკავშირმა გამოფენას უწოდა „ევროკავშირ-ჩინეთის კულტურათაშორისი დიალოგი“ და 2011-2013 წლებში რვა ჩინური მუზეუმის მოვლის შემდეგ იგი თავის ევროპულ ფაზაში გადავიდა, რათა ემოგზაურა ტალინში, წინანდალში, ლისაბონში, ბუქარესტში, სოფიაში, ლონდონში, ედინბურგში, ბრიუსელსა და, ახლა, ანტვერპენში. ერთი ქანდაკება დაემატა, როდესაც ხორვატია ევროკავშირში შევიდა და ჩვენ მოხარულნი ვიყავით ამ ხანგრძლივი მოგზაურობის დასრულებით ორ სამეფოში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში, რომელთაგან ორივემ გამოფენა ორ-ორ ქალაქში მოაწყო. “ - მარკ ვან პელი.

„სამხედრო“ თემატიკის შესახებ

ზაჰა ჰადიდის მიერ დაპროექტებულ „საპორტო სახლში“ კურატორებმა „ძლიერი ძალისა“ და „რბილი ძალის“ მეშვეობით მსუბუქად წარმოადგინეს „ცივილიზაციათა შეჯახება“, რითაც ფართო საზოგადოებას საშუალება მისცეს, გაცნობოდნენ და დაეფასებინათ ორივე სამყარო, რომლითაც იყო შთაგონებული ნამუშევრების ანტვერპენში გამოფენა. ექსპოზიციის სცენოგრაფიასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ Inspiring Culture (შთამაგონებელი კულტურა) დამფუნძნებელსა და გამოფენის საერთაშორისო კურატორს, პიკ კეობანდითს ორი იმპერიის მდიდარი წარსულის მოხმობა სურს: რომის იმპერიისა და ცინისა და ხანის დინასტიების დროის უძველესი ჩინური იმპერიისა, რომლებიც თანადროულად არსებობდნენ. ეს ორი იმპერია მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების რანგში დედამიწის მთელი მოსახლეობის ნახევარს აკონტროლებდა, მაგრამ მათ უმცირესი ურთიერთშეხება ჰქონდათ და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ.

ალექსანდრე მაკედონლის დაპყრობებიდან 100 წელიწადში ჩინეთის პირველი იმპერატორის, ცინ შიხუანდის მიერ ქვეყნის გაერთიანებას მოჰყვა სავაჭრო მარშრუტების განვითარება შორეულ მანძილებზე, რასაც საზოგადოდ „აბრეშუმის დიდი გზის“ სახელით იცნობენ. კოლექცია, რომელიც ორივე ცივილიზაციის ელემენტებს შეიცავს, გამოფენაში „დიალოგი იმპერატორ ცინთან“ ორ სამყაროს შორის პარალელის გავლების ორიგინალურ გზას წარმოადგენს.

გამოფენის საერთაშორისო კურატორი, პიკ კეობანდითი:

„ნამუშევრების „საპორტო სახლში“ განთავსების იდეა ჩემი კვლევებიდან დაიბადა. ფრანგული ენის გასაუმჯობესებლად სკოლის დამამთავრებელ კლასებში ლათინურს ვსწავლობდი, რისთვისაც უამრავი ტექსტის თარგმნა მომიწია რომის არმიისა და მისი მხედართმთავრების შესახებ. ეს ძალზე უცხო იყო ჩემთვის, რომელსაც პრუსტი და მუზილი მიყვარს.

ძალიან მომწონდა მათი სტრატეგიისა და ტაქტიკის შესახებ კითხვა მიუხედავად იმისა, რომ არმიასთან დაკავშირებული ლექსიკონი მეტად მწირი იყო. ასევე საინტერესო იყო იმის შენიშვნა, რომ არც იმპერატორ ცინისა და არც რომის არმიაში არ იყვნენ ქალი ჯარისკაცები.

აღმოვაჩინე, რომ სიტყვა „სტრატეგი“ სათავეს ბერძნული „სტრატეგოსიდან“ იღებს, რაც „მხედართმთავარს“ ნიშნავს. „სტრატეგიასა და ტაქტიკაში“ სტრატეგის უფრო დაწვრილებითი განსაზღვრება მოიცავდა სიტყვას „Victori“, რომელიც ლათინურად „დამპყრობლებს“ აღნიშნავს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გონებაში ჩემეული სცენოგრაფია შევქმენი რომაული არმიის წყობის საფუძველზე, თითქოს ისინი ლაშქარს საბრძოლველად ამზადებდნენ. ეს თავისი დროის საუკეთესო ჯარი იყო და რომის იმპერიის ჯარისკაცების უმეტესობა იტალიის საზღვრებს გარეთ არსებული ქვეყნებიდან იყო: აფრიკიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბალკანეთიდან, ესპანეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

მოდი, ვთქვათ, რომ კარგი სტრატეგი ვარ და 31 მშვიდობის მაშენებელი ხელოვანისგან და მათი ქანდაკებებისგან შემდგარ ჩემს ლაშქარს წინ მივუძღვი ჩინეთსა და ევროპაში, ხოლო გზად საქართველოში, წინანდალში ვჩერდებით, რასაც „სილქ როუდ ჯგუფმა“ შეუწყო ხელი“.

საქართველო, ჩინეთი და ევროპა აბრეშუმის დიდი გზისთვის

„სილქ როუდ ჯგუფი“ - კერძო სექტორის საინვესტიციო კომპანია, რომელსაც ქართველი და ევროპელი პარტნიორები ფლობენ და მართავენ, აქტიურადაა ჩართული ენერგეტიკის, ტრანსპორის, სასტუმრო ინდუსტრიის, უძრავი ქონებისა და ტელეკომუნიკაციის სფეროებში.

„სილქ როუდ ჯგუფის“ ყოველი ბიზნესსაქმიანობა იმ მიდგომით დაფუძნდა, რომ საქართველო განუყოფელი ნაწილია აბრეშუმის დიდი გზის სავაჭრო მარშრუტისა, ამ უძველესი გეოპოლიტიკური ღერძისა, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას და რომელზეც აღმოსავლეთის ნაკადები დასავლეთისას უერთდება, მრავალფეროვანი იდეების გაცვლა-გამოცვლა ხდება.

ქართული მემკვიდრეობის ხელახლა აღმოსაჩენად ღვინის დაყენების ეროვნული ტრადიციების გაცოცხლების გზით „სილქ როუდ ჯგუფმა“ დააფინანსა პროექტი, რომლის მიზანია წინანდლის ცნობილი მამულისა და კახეთის რეგიონის ბაღების აღდგენა და პოპულარიზაცია. პროექტი მოიცავს წინანდალში მდებარე ალექსანდრე ჭავჭავაძის XIX საუკუნის საგვარეულო სახლს, მის ლანდშაფტურ ბაღს, ისტორიულ ღვინის ქარხანას, მარანას, სასტუმროს, მუზეუმსა და კაფეს. მთლიან კომპლექსს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია აქვს. წინანდალი მრავალრიცხოვან ღონისძიებასა და გამოფენას მასპინძლობს, მათ შორის მზარდი მნიშვნელობის მქონე კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს.

„სილქ როუდ ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი:

„მადლობელნი ვართ ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე ბიზნესი მსოფლიოს სოციალურ-კულტურული საზოგადოების ნაწილია და ვამაყობთ „მშვიდობისა და დიალოგის ლაშქრის“ ზღვით გადაყვანაში ჩვენ მიერ შეტანილი წვლილით.“

წინანდალში გამოფენამ 2013 წელს იმოგზაურა.

კულტურული დიპლომატიის ნიმუში

გამოფენა „დიალოგი იმპერატორ ცინთან“ ცდილობს, განსხვავებული მიდგომით ხელახლა განსაზღვროს და ჩამოაყალიბოს ჩინეთისა და ევროკავშირის სახე. ეს არის წამოწყება, რომელიც შესაძლებელს ხდის და აქტიურად უწყობს ხელს დიალოგს ორ ხელისუფლებას შორის, აგრეთვე სარგებლიან პროექტს სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ისინი ჩაერთონ კულტურულ დიპლომატიაში.

დოქტორ პიკ კეობანდითის მიერ 2011 წელს ინსპირირებულმა ამ მოძრავმა გამოფენამ გრძელი და რთული გზა განვლო, სანამ თავის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე, ანტვერპენის ნავსადგურამდე მიაღწევდა. ეს კულტურათაშორისი დიალოგი განსაკუთრებით დროულია დღევანდელ ამ ცვალებადსა და ხშირად, სახიფათო პოლიტიკურ ვითარებაში, რადგან ის ხელოვნების საშუალებით რეალურად უწყობს ხელს ურთიერთგაგებასა და დიალოგს.

ხელოვნებას ხშირად უნიკალურ ენად ახასიათებენ და, როგორც ყველა ენას, მასაც აქვს საკუთარი რითმი, საკუთარი სიღრმე და, რა თქმა უნდა, საკუთარი სირთულეებიც. ზოგჯერ ადვილია ხელოვნების გაგება; ის მყისიერად იკითხება, ყველასთვის ხელმისაწვდომია, ზოგჯერ კი მრავალჯერ ნახვა და დაჟინებული ყურადღებაა საჭირო ხელოვნების სათქმელის სრულად გაცნობიერებისთვის.

ხელოვნება, რომელიც სხვადასხვა ხალხებს საერთო ენით კრავს. ეს მართლაც რომ ზეიმია მრავალფეროვნებისა და მემკვიდრეობის თავმოყრისა, რომელსაც ყველანი ვიზიარებთ და რომლითაც მუდამ უნდა ვამაყობდეთ.

საერთაშორისო კულტურული დიალოგი ჩვენი დნმ-ის ნაწილია. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნება თავის სრულ პოტენციალს მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც პოლიტიკურ და კულტურულ საზღვრებს გასცდება, როდესაც ხელოვნების ნიმუშის არსი, ხელოვანის ძალიან პირადული და უნიკალური გამოხატულება, საყოველთაო ხდება და კაცობრიობასთან იწყებს საუბარს.

ჩვენ ჩვენი მომხმარებლების „კულტურული დიპლომატიის“ პოლიტიკას ვუწყობთ ხელს ან ვქმნით საკუთარ მოკრძალებულ „კულტურულ დიპლომატიას“, რომლის დროსაც მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიზმის ინტერესებს ვემსახურებით.

ამ დიპლომატიური მიზნების ღრმა გათვითცნობიერება გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს ჩვენი ინიციატივების წარმატების საქმეში. მრავალრიცხოვანი ელემენტების მეშვეობით, რომლებსაც ხანდახან მნახველთა უმეტესობა ვერც კი ამჩნევს, ჩვენ ვახერხებთ, გამოფენა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები ჩვენი პარტნიორების მიზნებს შევუსაბამოთ.

მისაღებია კი, მორალურად, ხელოვანთა ნამუშევრების ორგანიზაციებისა და ქვეყნების დიპლომატიური და, ხშირად, საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ინტერესებისთვის გამოყენება?

ჩვენ მუდმივად ვაწყდებით ამ შეკითხვას.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ პლანეტაზე ადამიანთა ჯგუფებს შორის მეტოქეობა მუდმივად იარსებებს და ამ პროცესში გავლენის მოსახდენად კულტურული დიალოგის გამოყენება უდავოდ პროგრესულია გაცილებით უფრო აგრესიულ სტრატეგიებთან შედარებით. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ჩვენი პარტნიორების ყველა შესაძლო ფარულ ჩანაფიქრს, მაგრამ რასაც ვაკონტროლებთ, ეს ჩვენ მიერ მართული კულტურული ინიციატივების გულწრფელობა და ის ფაქტია, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მოქალაქეს აძლევს საშუალებას, ხელი მიუწვდებოდეთ სახელოვნებო შეთავაზებების დიდ სიმრავლესთან. მხოლოდ ესეც კი უკეთეს ადგილად აქცევს ჩვენს პლანეტას.

მარკ ვან პელი - ანტვერპენის პორტის სამმართველოს თავმჯდომარე

თეგები: 
გამოფენა
კულტურები
მოძრავი გამოფენა
საქართველო
სილქ როუდ ჯგუფი
ღვინის ქარხანა
სასტუმრო
მუზეუმი
კაფე
წინანდალი
გამოფენა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია