რედაქტორისგან

იტალიაში, პრატოში მეორადი ტექსტილი ახალი სამოსის შესაქმნელად გამოიყენება, რაც წრიული ეკონომიკის თვალსაჩინო მაგალითია. ფოტოგრაფი: ლუკა ლოკატელი

ნაგვის ბოლო ჟამი
წრიული ეკონომიკის დაპირება

ავტორი: ნათია ხულუზაური

გამონათქვამი „გონივრული ხარჯვა“ჯერ კიდევ 1500-იანი წლებიდან იღებს სათავეს, თუმცა ჩვენ ხშირად სულაც არ ვხარჯავთ გონივრულად და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, თუ სად ხვდება საბოლოოდ გადაყრილი ნაგავი ან რა გავლენას ვახდენთ ჩვენ მიერ მოხმარებული რესურსებით გარემოზე. ჩვენი გულგრილობის შედეგად, სურსათის, წიაღისეულისა და სხვადასხვა ნედლეულისგან შექმნილი პროდუქტის ორი მესამედი ნაგვად იქცევა,

„პლასტმასის ნაგავი მდინარეებსა და ოკეანეებში ჩაირეცხა, ისევე როგორც ნიტრატები და ფოსფატები – სასუქებით გამდიდრებული ნიადაგებიდან. სურსათის მესამედი დალპა, არადა, ამაზონი გაჩეხეს მეტის საწარმოებლად“, – წერს ეკოლოგი და უფროსი რედაქტორი რობერტ კუნციგი ჟურნალის ნომრის მთავარ სტატიაში „ნაგვის დასასრული“.

იქნებ ნარჩენები სხვა რამედ ვაქციოთ? გარემოს დამცველები 1970-იანი წლებიდან უჭერენ მხარს გადამუშავების იდეას. იტალიაში, პრატოს პროვინციაში, მაგალითად, ძველ სვიტრებს არღვევენ, ძაფს თავიდან რთავენ და ახალ სამოსს ქმნიან.

კუნციგმა და ფოტოგრაფმა, ლუკა ლოკატელიმ, მსოფლიოში წრიული ეკონომიკის უამრავი მაგალითი იპოვეს. ნიუ-იორკში კომპოსტირებადი პარკების შესაქმნელად სოკოს ძაფი გამოიყენება. ლონდონში ლუდის ნარჩენებს მწერების გამოსაკვებად მოიხმარენ, რომლებსაც შემდგომში ცხოველებს აჭმევენ და მზარეულები ნარჩენების შესამცირებლად ნაგვის საზომ ურნებს იყენებენ.

კუნციგის თქმით, ჩვენ მიერ წარმოქმნილი მთელი ეს ნაგავი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბოროტები ვართ. წრიული ეკონომიკა უამრავ ადამიანს შთააგონებს მაგარი რაღაცების კეთებას. ალბათ ჯერ ძალიან შორსაა დრო, როდესაც ნარჩენის ცნება საერთოდ აღარ იარსებებს, თუმცა, ვინ იცის, იქნებ ოცნებად ღირდეს.

გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს.

სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია